მთავარი პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1200
გააზიარეთ
“ოქროს კვეთა”

მეთოთხმეტე გადაცემა

ქაოსის ამერიკული პანდემია და მსოფლიო წესრიგის სტალინური ბასტიონი

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო, ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

წინა გადაცემაში დავსვით შეკითხვა _ საით მიექანება კაცობრიობა? ვთქვით, რომ აშკარაა კულტურათა, რასათა, რელიგიათა, იდეოლოგიათა, კლასთა დაპირისპირების ყველა ნიშანი. დაინგრა მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი, ახალი კი ვერ ჩამოყალიბდა. მსოფლიო, იურიდიული თვალსაზრისით, ჰაერში გამოეკიდა. მართალია, ძველი მსოფლიო წესრიგის მთავარი ინსტრუმენტების ნარჩენები (გაერო, ეუთო და სხვ.) ჯერ კიდევ, ასე თუ ისე, მოქმედებს, მაგრამ რეალური ძალა დაკარგული აქვს. მსოფლიოს მრავალი რეგიონი ქაოსმა მოიცვა.

* ახლო აღმოსავლეთში, დიდი ხანია, ქაოსია;

* მიგრაციის ტალღამ ლამის წალეკოს ევროპა;

* პოსტსაბჭოთა სივრცის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ჩაიძირა ქაოსში;

* დაძაბულია ვითარება ლათინური ამერიკაში;

* ქაოსის მეორე ტალღა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა უკრაინისთვის, სადაც ფაშისტურმა ტენდენციებმა წამოყო თავი;

* აშშში რასიზმმა იფეთქა და არეულობამ ევროპასაც გადაუარა.

* საომარი მოქმედებები განახლდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რამაც შესაძლებელია არამარტო კავკასია, რუსეთი და თურქეთიც კი ომში ჩაითრიოს.

* აშშსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია;

* ურთიერთობები რთულდება თვით ნატოს წევრ სახელმწიფოებს (ამერიკა-ევროპა, ამერიკა-თურქეთი) შორის.

მოკლედ, პლანეტა ზამბარასავით დაიჭიმა. აღარ არსებობს ნდობისა და პარტნიორობის ფაქტორი. აღარ არსებობს გრძელვადიანი პერსპექტივა. ძველმა შეთანხმებებმა და ხელშეკრულებებმა ძალა დაკარგა. აშშ (განსაკუთრებით, ტრამპის არჩევის შემდეგ) ერთმანეთის მიყოლებით გადის ფუნდამენტური მნიშვნელობის ხელშეკრულებებიდან. აზრი აღარ აქვს ახალ მოლაპარაკებას, ვინაიდან მიღწეული შეთანხმების შესრულების გარანტია არ არსებობს.

პრობლემების თავიდათავი უთანასწორობაა. უთანასწორობა, რომელსაც გამოვლენის ძალიან ფართო სპექტრი გააჩნია _ დაწყებული, ადამიანთა შორის ურთიერთობებით, დამთავრებული სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებით; დაწყებული საწარმოო ძალთა ურთიერთობებით და დამთავრებული კლასთა შორის ურთიერთობებით. დიახ, თავიდათავი მსოფლიოში არსებული ყველა უბედურებისა უთანასწორობაა, უთანასწორობა, როგროც უსამართლობის ზოგადი და უმაღლესი გამოვლენა.

უთანასწორობამ საშიშ ზღვარს მიაღწია. ეს იქიდანაც ჩანს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავკაცი ანტონიუ გუტერიში 18 ივლისს ნელსონ მანდელას ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექციაზე მასშტაბური ინიციატივით გამოვიდა _ ახალი გლობალური ხელშეკრულება უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

ანტონიუ გუტერიში, გაეროს გენერალური მდივანი: _ სოციალური ხელშეკრულების ძველი მოდელი პრაქტიკულად აღარ მუშაობს.

ვალერი კვარაცხელია: _ გლობალური სოციალური ხელშეკრულება სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკურეკონომიკური ფორმაცია, სისტემა. დღეს მსოფლიოში წამყვანი სისტემა ბურჟუაზიულკაპიტალისტური ფორმაციაა. ეს სისტემა რომ ვეღარ მუშაობს, აქამდეც ვიცოდით, მაგრამ გაეროს გენერალური მდივნის ნათქვამს სხვა მნიშვნელობა აქვს. ეს ათვლის წერტილია. იმიტომ კი არა, რომ რაკი გუტერიშმა თქვა, ხვალიდან ყველაფერი ავტომატურად შეიცვლება, არამედ იმიტომ, რომ მის მიერ გაკეთებული ეს განცხადება რეალობის კონსტატაცია და უმაღლეს დონეზე გაკეთებული აღიარებაა. გენერალურმა მდივანმა პრობლემის გამამჟღავნებელ ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად კორონავირუსი გამოიყენა.

ანტონიუ გუტერიში
ანტონიუ გუტერიში

ანტონიუ გუტერიში: _ კორონავირუსმა გამოამჟღავნა უფსკრული კერძო და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის, აგრეთვე, არსებითი ხასიათის ნაკლოვანებანი მართვის მექანიზმებსა და ზნეობრივ ჩარჩოებში.

ვალერი კვარაცხელია: _ კარგად დააკვირდით გენერალური მდივნის ამ ნათქვამს: უფსკრული კერძო და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის”, “არსებითი ხასიათის ნაკლოვანებანი ზნეობრივ ჩარჩოებში”. არ მინდა, ჩემი აზრი მოგახვიოთ თავს, მაგრამ მარქსისტული და სოციალისტური ინტონაციები ხომ არ ჩაგესმათ ბატონ გუტერიშის ამ წინადადებაში? არა? შეიძლება მე მომეჩვენა ასე, მაგრამ ეს ნათქვამიც ნახეთ.

ანტონიუ გუტერიში: _ ამ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად ჩვენ გვჭირდება ახალი გლობალური ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების, სიმდიდრისა და შესაძლებლობების სამართლიან გადანაწილებას საერთაშორისო დონეზე.

ვალერი კვარაცხელია: _ გენერალური მდივნის ეს ნათქვამი წმინდა წყლის მარქსისტული მსოფლმხედველობა არ არის? ხელისუფლების, სიმდიდრისა და შესაძლებლობების ხალხის ხელში გადასვლა და სამართლიანი გადანაწილება ხომ მხოლოდ კაპიტალიზმის მგლური პრინციპების ნგრევითა და სოციალიზმის მშენებლობითაა შესაძლებელი?! ამ ნათქვამის სხვა ინტერპრეტაცია, უბრალოდ, შეუძლებელია. არა, არ ვამტკიცებ, რომ ბატონი გუტერიში მის ნათქვამში მაინცდამაინც ამას გულისხმობდა, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ადამიანი თუკი იმას იტყვის, რასაც ახლა ბატონ გუტერიშისგან მოისმენთ, მაშინ ის კაპიტალისტური სისტემის ნგრევის აუცილებლობის იდეით გამოდის, რადგან ამ ნათქვამის სხვაგვარი გაგება შეუძლებელია.

ანტონიუ გუტერიში: _ ანტირასისტული განწყობა, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ აშშ-დან მსოფლიოში გავრცელდა, არის იმის ნიშანი, რომ ხალხი დაიღალა უთანასწორობითა და დისკრიმინაციით… ხალხი დაიღალა სტრუქტურული რასიზმითა და მუდმივი, სისტემური უსამართლობით, რომლებიც ადამიანებს თავიანთ ძირითად უფლებებს ართმევს. ეს მოძრაობა მიუთითებს უთანასწორობის ორ ისტორიულ წყაროზე _ კოლონიალიზმსა და პატრიარქატზე.

ვალერი კვარაცხელია: _ ამ კაცმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. მოცემულ კონტექსტში კარგად არ ჩანს, ცნება “პატრიარქატი” მამაკაცური საწყისის დომინანტური მდგომარეობის გამოსახატავადაა მოხმობილი თუ, საერთოდ, ძველი რუდიმენტებისადმი მიჯაჭვულობის აღსანიშნავად, მაგრამ ეს არაა არსებითი. ამ კონტექსტში მთავარიკოლონიალიზმისცნების შემოტანაა, რომლითაც გაშიფრულია და მხილებულია დღევანდელი დასავლური პოლიტიკის ვერაგი ბუნება და მტაცებლური ხასიათი. ისტორიულადკოლონიალიზმისცნება ევროპასთანაა დაკავშირებული და იდენტიფიცირებული. თითქმის მთელი მსოფლიო ერთ დროს ევროპის კოლონია იყო. ევროპული სახელმწიფოები (ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია) უზარმაზარ კოლონიებს ფლობდნენ. არაფერს ვამბობ აშშ-ზე, რომელიც დღემდე მსოფლიოში ერთადერთი მეტროპოლიის როლს ებღაუჭება და რომელსაც მთელი პლანეტა თავის კოლონიად მიაჩნია. გაეროს გენერალურმა მდივანმა სიტყვაკოლონიალიზმისხსენებით დასავლურ სამყაროს, პირველ რიგში, აშშ, დემოკრატიისა და ცივილიზებულობის ნიღაბი ჩამოხსნა და მსოფლიოზე მოძალადე მონსტრის აგრესიული და შემზარავი სახე მთელი მისი სიმახინჯით წარმოგვიდგინა.

ბატონმა გენერალურმა მდივანმა პირდაპირ განაცხადა, რომ “სოციალური ხელშეკრულების” ძველი ფორმა (ე.ი. კაპიტალიზმი _ ვ.კ.), ფაქტობრივად, აღარ მუშაობს. კორონავირუსს იგი რენტგენის სხივებს ადარებს, რომელმაც გააშუქა დღევანდელი საზოგადოების სუსტ ჩონჩხზე არსებული ბზარები. მან გააშუქა საყოველთაო სიცრუე…

ანტონიუ გუტერიში: _ სიცრუეა ის, რომ თავისუფალ ბაზარს შეუძლია ჯანმრთელობის დაცვით ყველას უზრუნველყოფა.

ვალერი კვარაცხელია: _ ბრწყინვალეა, დიდებულია, ბრავო! მეტი რაღა უნდა მოხდეს, გაეროს გენერალური მდივანი ამხელს მსოფლიოში გავრცელებულ ეპოქალურ, გრანდიოზულ, უსინდისო ტყუილს, რომ თავისუფალი ბაზარი ყველაფრის პანაცეაა, რომ ბაზარი განაპირობებს მოსახლეობის უზრუნველყოფას, რომ სიცრუისა და თაღლითობის ეს უზარმაზარი ბუდე (ბაზარი) თურმე გეგმიან ეკონომიკას სჯობს ეფექტიანობითა და თვით სამართლიანობითაც კი და ა.შ. ერთი სიტყვით, მიუშვი ბაზრის მიერ დაქირავებული ეს მოლაყბე თუთიყუშები და ქაოსს წესრიგად, ძარცვას ქველმოქმედებად, სიბინძურეს სისუფთავედ, უსამართლობას სამართლიანობად, შიმშილს ნაყროვანებად, დიქტატურას დემოკრატიად დაგისახავენ და მოგაჩვენებენ, მაგრამ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბატონმა გუტერიშმა ვითარება პირუთვნელად წარმოაჩინა და უმძიმესი რეალობა მთელი მსოფლიოს გასაგონად და დასანახად გააშიშვლა. იგი არც ამაზე შეჩერდა და მსოფლიოში გავრცელებულ იმ კაპიტალისტურ მითებსაც გადასწვდა, ხალხს რომ თავგზას უბნევს.

ანტონიუ გუტერიში: _ მითია ის, რომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოსტრასისტულ ეპოქაში; მითია ის, რომ ჩვენ, ყველა, ერთ ნავში ვსხედვართ… სინამდვილეში კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ყველა, ერთ ზღვაში ვიმყოფებით, აღმოჩნდა, რომ ერთნი მას სუპერიახტებით მიაპობენ, მეორენი კი ნაფოტებს არიან ჩაბღაუჭებულნი.

ვალერი კვარაცხელია: _ აღმოჩნდა, რომ ბატონი გუტერიში არამხოლოდ მეცნიერულად, არამედ მხატვრულადაც აზროვნებს, თანაც _ შესანიშნავად. გაშლილ ოკეანეში ჩაყრილი ხალხი, რომელიც წყლში ალალბედზე შემხვედრ ნაფოტებზე მოჭიდებით ცდილობს ზედაპირზე დარჩენას, და მდიდართა მცირერიცხოვანი კასტა, რომელიც მათ შორის მსუბუქად მსრბოლი სუპერიახტების ოქროთი მოვარაყებული კაიუტებიდან და მდიდრული გემბანებიდან დანაშაულებრივი გულგრილობითა და საკუთარი სიმაძღრით მოგვრილი ზანტი სიამოვნებით გადაჰყურებს სიკვდილსიცოცხლის მიჯნაზე მყოფ უპოვართა მსოფლიო მასას, შესანიშნავი მხატვრული გააზრებაა გლობალური უსამართლობისა, რომელშიც თანდათანობით ვიძირებით. ხოლო, საკუთარი სუპერიახტის ფუმფულა სავარძელში ჩაფლული რომელიღაც ზემდიდარი, რომელსაც იმ საშინელ წუთებშიც კი, როცა ოკეანე ავად იფოფრება და ნაფოტების ანაბარა დარჩენილ მთელ ამ უზარმაზარ ხალხის მასას შთანთქმით ემუქრება, არ ტოვებს საკუთარ საბანკო ანგარიშებზე ფიქრით მოგვრილი მსუბუქად მომთენთავი ნეტარება და, კბილების საჩიჩქნ ჩხირმომარჯვებული, გულგრილად გაჰყურებს ჰორიზონტს, რომელიც ოთხივ მხარეს მას ეკუთვნის, მართლაც დიდებული განზოგადებული სახეა იმ გლობალური უსამართლობისა, მთელ პლანეტას მსოფლიო რევოლუციისკენ რომ მიაქანებს…

გულწრფელად ვამბობ, მომეწონა ბატონი გუტერიშის პოზიცია, ძალიან მომეწონა. მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ მის ამ ნათქვამში გარკვეულ ეშმაკობას ვხედავ. ეს თუ ასე არ არის, ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ მაქვს საფუძველი ამგვარი ფიქრისთვის…

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის მთავარი ორგანო უშიშროების საბჭოა მისი მუდმივმოქმედი ხუთი წევრით _ საბჭოთა კავშირით (დღეს _ რუსეთი), ჩინეთით, აშშით, დიდი ბრიტანეთითა და საფრანგეთით. თითოეულ მათგანს აქვს ვეტოს უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხი, რომელსაც უშიშროების საბჭოს თუნდაც ერთი წევრი ხმას არ აძლევს, ჩავარდნილია. ეს კი, თავისთავად, იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ ხუთ სახელმწიფოს შორის სრული კონსენსუსით მიიღება, სხვა სახელმწიფოთა როლი და აზრი კი მეორეხარისხოვანია, ანუ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დღემდე მსოფლიოს სწორედ ამ ხუთი სახელმწიფოს ნება მართავს. ერთი საკითხია ის, რამდენად სამართლიანია ასეთი პრინციპი; მეორე საკითხი კი ისაა, აძლევს კი ხელს აშშ-ს ეს პრინციპი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მისი სამართალმემკვიდრე დღევანდელი რუსეთი გახდა, ანუ მისაღებია აშშ-ისთვის მსოფლიო წესრიგის ის მოდელი, რომელშიც მისი და ნატოს ფარგლებში მისი პარტნიორების (დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის) გადაწყვეტილებების დაბლოკვა რუსეთსა და ჩინეთს შეუძლიათ, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. აშშ-ისთვის ეს ვითარება, რა თქმა უნდა, მისაღები არ არის, რადგან სწორედ ეს არის მსოფლიოზე გაბატონებისკენ მიმავალ გზაზე მისთვის ხელისშემშლელი უმთავრესი ფაქტორი.

კარგად მახსოვს, როგორ დადიოდა საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და დასავლეთის ემისარი, იმხანად კი უკვე საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მსოფლიოში და მოუწოდებდა ყველას, რომ გერმანია და იაპონია გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებად აერჩიათ. ეს ამერიკული გეგმა იყო, მიმართული იქით, რომ მათ მეტი გავლენა ჰქონოდათ მსოფლიოს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანიზაციაში, მაგრამ ეს საკითხი თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული, რადგან იგი ვერასოდეს მოიპოვებდა კონსენსუსს ორგანოში, სადაც რუსეთი და ჩინეთი იყო წარმოდგენილი. თანაც, ეს ვერ წყვეტდა ვეტოს პრობლემას. რამდენი მომხრეც უნდა ჰყოლოდა ამერიკას უშიშროების საბჭოში, ვეტო, რომლის დადების უფლება ამ ორგანიზაციის ნებისმიერ მუდმივ წევრს ჰქონდა და აქვს, ამერიკელებისთვის გადაულახავ წინააღმდეგობად და ბარიერად დარჩებოდა. სწორედ ამ ვეტოს გამო იქცა უკანონო ქმედებად ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა; სწორედ ამ ვეტოს გამო იქცა თვითნებობად და სამხედრო აგრესიად ამერიკული ოპერაციები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. რადგან ამერიკელები ვერ იღებდნენ მხარდაჭერას გაეროს უშიშროების საბჭოში, მათი მოქმედება ამ რეგიონებში იყო უკანონო სამხედრო აგრესია, რომელსაც იურიდიული საფუძველი არ გააჩნდა. ამიტომაა, რომ ამერიკას სწორედ ეს ვეტო აქვს ყელში გაჩხერილი ყველგან და ყველაფერში; ამიტომაც ცდილობს იგი, რომ 1945 წლის მსოფლიო წესრიგი თავისი გაეროთი, თავისი უშიშროების საბჭოთი, თავისი მუდმივი წევრებითა და ვეტოთი თავიდან მოიშოროს და შექმნას ახალიმსოფლიო წესრიგი”, რომელიც უკანონო ქმედებებში ხელფეხს გაუხსნის და თავისუფლად პარპაშის უფლებას მიანიჭებს.

როგორი და რა ფორმის შეიძლება იყოს ამერიკელთა პარპაში მსოფლიოში? აქ ბევრი ნიმუშისა და მაგალითის მოხმობა შეიძლება, ჰიროსიმათი და ნაგასაკით დაწყებული და სლობოდან მილოშევიჩის მკვლელობით, სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობით ან მუამარ კადაფის ლინჩის წესით გასამართლებით დამთავრებული, მაგრამ, ჩემი აზრით, მსოფლიოში სრულიად განუკითხავი პარპაშის ისეთი მძაფრი სურვილი, როგორიც აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, აგერ, ოცდამეერთე საუკუნეში გაამჟღავნა, მგონი, არ მოგვისმენია.

მადლენ ოლბრაიტი, აშშის სახელმწიფო მდივანი 1997-2000 ..: _ რომელ სამართლიანობაზე შეიძლება ლაპარაკი მაშინ, როდესაც ისეთი უმდიდრესი ტერიტორია, როგორიც ციმბირია, ერთი ქვეყნის საკუთრებაა?!

ვალერი კვარაცხელია: _ დააკვირდით, რა ბრძანა იმხანად ამერიკული დიპლომატიის დედამ, _ რა უფლება აქვს რუსეთს, მარტო ფლობდეს იმ უზარმაზარ სიმდიდრეს, რომელიც ციმბირში ულევი წიაღისეულის სახით არსებობს, მსოფლიოში არსებულ ნებისმიერ სიმდიდრეზე ჩვენ უნდა მიგვიწვდებოდეს ხელიო. სადამდე მიიყვანდა ქალბატონ ოლბრაიტის ლოგიკა მსოფლიოს, ძნელი წარმოსადგენი არ არის. ამგვარი უტაქტო და უტიფარი განცხადება მსოფლიოში პირველი ზესახელმწიფოს პირველ დიპლომატს კი არა, მწყემსსაც არ უნდა წამოსცდეს მთაში.

ასეთი განცხადებები და ასეთი ქმედებები აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში იშვიათი არ არის. რით არის ნაკლები აშშ-ის დღევანდელი სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომლითაც მან რუსეთის გაზის ჩრდილოეთისა და თურქეთის ნაკადების მშენებლობაში დაკავებულ ევროპულ კომპანიებს მიმართა და კონტრაქტის გაწყვეტისკენ მოუწოდა.

მაიკ პომპეო, აშშის სახელმწიფო მდივანი: _ დროზე წაეთრიეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს დიდი ხიფათის წინაშე დააყენებთ!

ვალერი კვარაცხელია: _ ასეთია მსოფლიოში განუკითხავი პარპაშის ამერიკული დაუოკებელი წყურვილი. პარპაშის ამ დაუოკებელი წყურვილითაა განპირობებული ამერიკელთა დაინტერესება გაეროს რეფორმირებით.

ამერიკის პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, გაეროს 72-ე სესიაზე ტრამპმა გაეროში განსახორციელებელ აუცილებელ რეფორმებზე ისაუბრა. შეკითხვაზე, რა არის მისი გზავნილი გაეროს მიმართ, მან განაცხადა.

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი: _ გაერო უნდა გავხადოთ დიადი.

ვალერი კვარაცხელია: _ განცხადებას ვერაფერს დაუწუნებ, მაგრამ ერთია განცხადება იმის შესახებ, რა სახის რეფორმების გატარების მომხრე ხარ გაეროში, მეორე კი ის, როგორ აფასებ ამ ორგანიზაციის საქმიანობას. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას თეთრ სახლში ტრამპმა დაუფარავად განაცხადა.

დონალდ ტრამპი: _ გაერო ვერ წყვეტს საკითხებს!

ვალერი კვარაცხელია: _ ამით ყველაფერი ითქვა. ტრამპისთვის, ისევე, როგორც ზოგადად ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის გაერო ხელისშემშლელი და მიუღებელი ორგანიზაციაა, რომელსაც თავი როგორმე უნდა დააღწიონ. გაეროსგან თავის დაღწევის ერთი ნაცადი გზა არსებობს _ მისი დისკრედიტაცია, რომელიც დღის წესრიგში ორგანიზაციის რეფორმირების საკითხს დააყენებს, რეფორმირება კი, მოგეხსენებათ, ზოგჯერ ლიკვიდაციის ტოლფასია.

ასეთია ამერიკული ჩანაფიქრი. ამ შემთხვევაში, ამერიკელთა გაგებაც შეიძლება. გაერო ხომ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების შედეგი და პირმშოა. დღეს აღარც საბჭოთა კავშირი არსებობს და აღარც საბჭოთა სოციალისტური სისტემა, მსოფლიო წესრიგი კი მაინც სტალინურია, რაც ამერიკელთა გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ ცდილობენ, თავი დააღწიონ ძველ საბჭოთა წესრიგს და შექმნან მათთვის ხელსაყრელი ახალი ამერიკული მსოფლიო წესრიგი, ანუ სტალინური მსოფლიო წესრიგის რეჟიმიდან დასავლური მსოფლიო წესრიგის რეჟიმში გადაგვიყვანონ.

ბატონმა გუტერიშმა ამერიკელთა სწორედ ამ ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის სამსახურის გასაწევად ხომ არ თქვა (ან ხომ არ ათქმევინეს) ის, რაზეც ზემოთ აღვნიშნე?!

ამგვარი დაეჭვების საფუძველს გუტერიშის მიერ გაკეთებულ განცხადებაშივე ჩადებული მისი ერთი წინადადება მაძლევს.

ანტონიუ გუტერიში: _ სახელმწიფოები, რომლებმაც ჯერ კიდევ 70 წლის წინათ თავიანთი გაინაღდეს, უარს აცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციებში რეფორმების განხილვაზე. სამაგალითოდ შემიძლია დავასახელო გაეროს უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, აგრეთვე, ბრეტონვუდსის სისტემა და ხმის უფლება ამ სისტემაში.

ვალერი კვარაცხელია: _ ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ განცხადება, რომელიც ბატონმა გუტერიშმა, ერთი შეხედვით, მარქსისტული პოზიციებიდან გააკეთა და, რომელმაც, მოწონებასთან ერთად, გაკვირვებაც გამოიწვია, ის სატყუარა ხომ არ არის, რომლითაც მან გაეროს რეფორმირების საქმეში მსოფლიო მასების მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, მაგრამ, რომელმაც სოციალისტური პოზიციების განმტკიცების ნაცვლად, გაეროს, როგორც მსოფლიო წესრიგის სტალინური ბასტიონის, დაცემა უნდა გამოიწვიოს?!

დრო ყველაფერს გაარკვევს…

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. დიდებულია! სრული სინათლით წარმოაჩენს მსოფლიო რეალობას. კაცობრიობა დიდი გამოწვევების წინაშე დგას!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here