Home რუბრიკები საზოგადოება ოროსანი თაობის გაზრდას ვაპირებთ?

ოროსანი თაობის გაზრდას ვაპირებთ?

765
მარიამ ჯაში-მიხეილ ბატიაშვილი

პარლამენტმა მე-11 და მე-12 კლასებში გამოცდების გაუქმების კანონის მიღება ჩააგდო _ იმიტომ კი არა, რომ გადაიფიქრა, არამედ იმიტომ, რომ კვორუმი არ შედგა. დარბაზში მყოფმა 53-მა პარლამენტარმა გამოცდების გაუქმებას მხარი დაუჭირა (წინააღმდეგი ერთიც არ წასულა), მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, რადგან კანონის მიღებას 63 ხმა სჭირდებოდა.

“გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა და შესაბამისად, საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის აღარ ჩატარდება. 16 აპრილიდან უკვე კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის”, _ განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.

როგორც ქალბატონი მარიამი ამბობს, ჯერ სკოლის, შემდეგ კი ეროვნული გამოცდები მოსწავლეებს ძალიან ღლის და მათ ერთთვიან პერიოდში პრაქტიკულდ იდენტური საგნების ჩაბარება უწევთ. ალბათ, იკითხავთ: მე-11 კლასის მოსწავლეები რაღა შუაში არიანო? ნურას უკაცრავად! მოქმედი კანონის მიხედვით, მე-11 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ტექნიკურ საგნებში აბარებდნენ გამოცდებს, მე-12 კლასის დასრულების შემდეგ კი _ ჰუმანიტარულებში. ახლა ეს მოხსნილი იქნება, რადგან, იმავე ჯაშს თუ დავუჯერებთ, ცენტრალიზებულად დარჩება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც უმაღლეს საფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველი…”

სკოლის დასრულების შემდეგ აბსოლუტურად ყველა მოსწავლე უპრობლემოდ მიიღებს ატესტატს და… ყველა მოსწავლე უპრობლემოდ გახდება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და ახლავე აგიხსნით, რატომაც. ჯერ ერთი, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ ეროვნული გამოცდებიც უნდა მოიხსნას ან მინიმალური ზღვარი უნდა დაწესდეს და ერთი წლის შემდეგ სასწავლებელი თვითონ გადაწყვეტს, უნდა გააგრძელოს თუ არა სტუდენტმა სწავლა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება აკადემიური მოსწრების მიხედვით. ჩვენი აზრით კი, გადაწყვეტილება სტუდენტის გადახდისუნარიანობით იქნება მიღებული და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ თვითონ ბატიაშვილი ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალური მეწილეა.

ამას გარდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტები წელს სტუდენტად გახდომას შეძლებენ. მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური ზღვარი 18 ქულაა 80 შესაძლებლიდან, ე.ი. აბიტურიენტებს კითხვების მეოთხედზეც კი არ მოეთხოვებათ სწორი პასუხი, რათა ზღვარი გადალახონ. უცხო ენაში მინიმალური ზღვარი 17 ქულაა. 18 ქულაა ისტორიაში დაწესებული მინიმალურ ზღვრად, ხოლო ამ მიმართულებით “ჩემპიონი” მათემატიკაა _ 15 ქულა ორჯერ ორი თუ იცი, ზღვარი უნდა გადალახო. სხვათა შორის, ქართულთან არის გათანაბრებული აფხაზური და ოსური ენები და ორივე შემთხვევაში მინიმალური ზღვარი 18 ქულაა. შედეგად, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ბატიაშვილმა პრაქტიკულად დააკანონა ის, რასაც აქამდე ამბობდა: უმაღლესში მოხვედრა მინიმალური ცოდნითაც შესაძლებელია, მთავარია, გადახდისუნარიანი იყოს მშობელი და ცოდნის შესამოწმებლად სკოლას მინიმალური ბერკეტიც აღარ აქვს. ძალიან მარტივ კითხვას დავსვამთ _ რა საჭიროა სკოლა, თუ არ ექნება მექანიზმი, აკონტროლოს მის მიერ მიცემული ცოდნა? ან განათლების სამინისტრომ როგორ უნდა გააკონტროლოს, როგორ მუშაობს კონკრეტული სკოლა? იქნებ პედაგოგებს სულ არ აინტერესებთ ბავშვების ცოდნა, იქნებ ბავშვები და მასწავლებლები შეთანხმდნენ, რომ არ ასწავლონ, არ ისწავლონ და მერე რა, წლის ბოლოს ატესტატი მაინც ჯიბეშია. გააკეთებს ბავშვი გრძელვადიანი ავადმყოფობის ცნობას (არ თქვათ ახლა, არ კეთდებაო), არ ივლის სკოლაში, მოემზადება რეპეტიტორთან კონკრეტულად 3-4 საგანში, შემდეგ აიღებს ატესტატს და მორჩა, ნახვამდის სკოლავ და ნახვამდის მასწავლებლებო. პარალელურად, ისიც ვთქვათ, რომ სკოლის გაცდენისა და შატალოს მოწყობის გადასარევი მაგალითი მოსწავლეებს პარლამენტარებისგან აქვთ _ 150-დან სხდომას მესამედი ესწრებოდა და კანონი ჩავარდა.

იცით, რა ვერ გავიგეთ კიდევ? ქართულ ენასა და ლიტარატურაში, ამ ზღვა მასალაში, 80 კითხვა რომ ამოარჩიეს, ამ 80 კითხვიდან აბიტურიენტებს მხოლოდ 18-ზე რატომ სთხოვენ სწორ პასუხს? გვინდა ასეთი განათლების მქონე მომავალი თაობა? რას ჰქვია, კითხვების ერთ მეოთხედსაც რომ არ უნდა უპასუხო სწორად? ათბალიანი სისტემით დაახლოებით ორიანზე სწავლა მისაღებია უმაღლესი სასწავლებლისთვის თურმე და რეალურად, სწორედ ოროსანი თაობის გაზრდას ვაპირებთ. და რაც მთავარია, ამ ყველაფერს ხმამაღლა ამბობს მინისტრი და დანარჩენები ტაშს უკრავენ.

“კანონპროექტის თანახმად, არსებული და მომავალი ხელისუფლებები ვალდებული იქნებიან, ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის 6%, ანუ ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი, ყოველთვის მიმართონ განათლების სფეროს დასაფინანსებლად. ამასთანავე, ვიღებთ ვალდებულებას, რომ 2020 წელს განათლების ბიუჯეტმა შეადგინოს 2 მილიარდი ლარი, ხოლო 2022 წელს ბიუჯეტი გაუტოლდეს მთლიანი შიგა პროდუქტის 6%-ს და გახდეს 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი”, _ ეს განცხადება პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ორი კვირის წინათ გააკეთა.

რა გამოდის? ხელისუფლება საკანონმდებლო დონეზე ამტკიცებს იმას, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს რამდენიმე მილიარდი განათლებისთვის და… რომელი განათლებისთვის, ბატონებო? იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც გამოცდებს არ ვაბარებინებთ; იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთაც მინიმუმის მინიმუმს ვთხოვთ მისაღებ გამოცდებზე; იმ ნიჭიერი, მაგრამ ღარიბი სტუდენტებისთვის, რომლებსაც მინისტრის ინიციატივით უფასო ფაკულტეტები გავუუქმეთ? მათთვის ვდებთ მილიარდობით ლარს? რას ნიშნავს განათლებაში ჩადებული ფული, თუ რეალურად ახალგაზრდებს არაფერს ვასწავლით? რომ თქვათ, ინფრასტრუქტურისთვისო, უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა კერძოა და თვითონვე მიხედავენ საკუთარ თავს; სკოლების რემონტს ერთი წლის ბიუჯეტი ეყოფა და რისთვის ვხარჯავთ ამ ფულს, ბატონებო?!

ხელისუფლებამ ამ პროექტს საუკუნის დაარქვა, თუმცა საუკუნის პროექტი გამანადგურებელიც შეიძლება იყოს. ერთი ხელით ფულს ვდებთ განათლებაში, მეორე ხელით კი მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა განათლება არ მიიღონ. აბა, სხვა რა დავარქვათ იმ ინიციატივებს, აქამდე, უბრალოდ, მუქარა რომ გვეგონა, ახლა კი რეალობის წინაშე დავდექით _ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის პირველი პირი მოსწავლეებს ამშვიდებს: ნუ გეშინიათ, გამოცდებს საკანონმდებლო დონეზე გაგიუქმებთო. და კაცი (ქალიც) არ გამოჩნდა პარლამენტში მმართველი გუნდიდან, რომელიც იტყოდა: რას აკეთებთ, ხალხო, ასე არ შეიძლებაო. სამაგიეროდ, პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც სასწავლო დაწესებულებებიდან 200 მეტრზე ახლოს აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავდა. ისე, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ 2012 წელს მომავალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ კაზინოების პოპულარიზაციის შემცირება და მათი ქალაქგარეთ გადატანა იყო, მაგრამ მერე, როცა დაიანგარიშეს და ნახეს, რომ საქართველოში აზარტულ თამაშებში წლიურად 10 მილიარდზე მეტი (თითქმის საქართველოს ბიუჯეტი) ტრიალებს, ეს თემა დაივიწყეს და, ქალაქგარეთ გატანას ვინ ჩივის, რეკლამის შეზღუდვაზეც აღარ ფიქრობენ.

ადრეც გითხარით და ახლაც გეუბნებით: ეს ყველაფერი ერის ღალატია, მომავლის ღალატი. ახალგაზრდებს აჩლუნგებენ, მინიმალურ განათლებასაც აღარ აძლევენ და ყველა დუმს. როგორ შეიძლება ჩუმად იყოს მეცნიერებათა აკადემია, როგორ შეიძლება ჩუმად იყოს დედაუნივერსიტეტის რექტორატი?! მაგრამ პრივილეგიების დაკარგვის შიშით, ხელფასის დაკარგვის შიშით ყველა ჩუმადაა, კულუარებში კი საუბრობენ აქტიურად, რომ ეს დამღუპველია, მაგრამ ხმამაღლა ამას ვერავინ ბედავს”, _ გვითხრა განათლების სისტემის მაღალჩინოსანმა, რომელიც თვითონაც ვერ ბედავს საჯაროდ რამის თქმას, რადგან უსამსახუროდ დარჩენის ეშინია.

რეალურად კი ამ ყველაფერს არც ყვირილი უნდა და არც კულუარებში საუბარი. ყველაფერი ხელის გულზე დევს, ნათლად ჩანს, რომ განათლების რეფორმა ჩანასახშივე მკვდარია, რომ ახალგაზრდების განათლებაზე არ არის ორიენტირებული და უფლებას ვიტოვებთ, სერიოზული ეჭვი შევიტანოთ განათლებაში მილიარდების ჩადების მართებულობაზე, ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ ეს ფული განათლების ასამაღლებლად კი არა, სხვა რამისთვის არის გამიზნული და ახლა საინტერესო ისაა, რა არის ის სხვა რამ და რა ჩაიფიქრა ხელისუფლებამ.

P.S. 8 აპრილს პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას მხარი დაუჭირა და დასამარხად გამზადებული განათლების სისტემის კუბოში კიდევ ერთ ლურსმანს ჩააჭედებენ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here