Home რუბრიკები სამართალი ორი შეკითხვა პროკურორ ღონღაძეს

ორი შეკითხვა პროკურორ ღონღაძეს

1533
მერგელ მელტონიანი

განვაგრძობთ წერილების გამოქვეყნებას საზარელ მკლელობაზე, რომელიც 2016 წლის 30 ივლისს წალკის რაიონის სოფელ ნარდევანში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ იმ დღეს წალკის საკრებულოს წევრმა სამსონ თამარიანმა მანქანა დააჯახა თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის _ აიკ მელტონიანის არასრულწლოვან შვილს _ მერგელ მელტონიანს, ფეხი მოტეხა მას და მიიმალა. 30-40 წუთის შემდეგ კი სამსონ თამარიანის ვაჟმა ანდრანიკ თამარიანმა “ვინჩესტერის” ტიპის დაურეგისტრირებული თოფიდან გასროლით მოკლა აიკ მელტონიანის ძმისშვილი, საქართველოს ჩემპიონი მძლეოსნობაში _ ანდრანიკ მელტონიანი. აღსანიშნავია, რომ მკვლელი მკვლელობის ადგილზე “ფორდ ტრანზიტით” მიიყვანა ბიძამ, სამსონ თამარიანის ძმამ _ სამველ თამარიანმა, რომელმაც მკვლელობის შემდეგ მანქანა დაძრა, დაახლოებით, 20 მეტრში მდგომ მელტონიანებისა და მათი თანასოფლელების მიმართულებით. მათ შორის იყო აიკ მელტონიანის მეორე შვილი, არასრულწლოვანი ამბარცუმ მელტონიანი. მისმა განწირულმა ყვირილმა: “მამა, მიშველე!”, აიძულა აიკ მელტონიანი, გამოეყენებინა ტაბელური იარაღი, შედეგად ხელში დაჭრილი სამველ თამარიანი “ფორდ ტრანზიტით” გაიქცა სოფელ აიაზმას მიმართულებით. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. განზრახ მკვლელობის მუხლით სასამართლოს წინაშე წარდგა ანდრანიკ თამარიანი, ხოლო აიკ მელტონიანი გასამართლდა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. მოგვიანებით, მელტონიანების ბრძოლის შემდეგ, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა იძულებული შეიქნა, აღეძრა საქმე სამსონ თამარიანის წინააღმდეგ. მიუხედავად თვითმხილველთა ჩვენებისა, რომ სამსონ თამარიანმა განზრახ დააჯახა თავისიმერსედესიარასრულწლოვან მერგელ მელტონიანს, ფეხი მოტეხა და სცადა მეორედ დაჯახება, სამხარეო პროკურატურამ სამსონ თამარიანის მიმართ საქმე აღძრა სსკის 124- მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სხეულის დაზიანებას გაუფრთხილებლობით და ისჯება მხოლოდ ფულადი ჯარიმით, რაც ყოვლად უსამართლოა და აბსურდული. სამსონ თამარიანის მიერ მარგელ მელტონიანისთვის მანქანის დაჯახებით მიყენებულმა მძიმე დაზიანებამ მხარეთა შორის ურთიერთობის უკიდურესი გამწვავება გამოიწვია, რაც ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობით დასრულდა. ეს ორი დანაშაული ერთი საქმის შემადგენელია, ურთიერთდაკავშირებული რგოლები, რაც, სხვათა შორის, სასამართლო სხდომებზე არაერთხელ დაადასტურა ამ საქმის პროკურორმა გიორგი ღონღაძემ, მაგრამ სამხარეო პროკურორის _ ლევან გეგეჭკორის ზემოქმედებით, სამსონ თამარიანის დანაშაული გამოიყო ცალკე წარმოებაში და მიმდინარეობს ცალკე სასამართლო პროცესი. ამით სამხარეო პროკურორმა მიზანმიმართულად მოუსპო დაზარალებულ მერგელ მელტონიანს თავის დაცვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლება. როცა მელტონიანების ადვოკატებმა, თემურ და დიანა გვიშიანებმა, სასამართლოს წინაშე საქმის გაერთიანების საკითხი დააყენეს, რომელიც დაშვებული შეცდომების ნაწილს მაინც გამოასწორებდა, სამხარეო პროკურატურა წინააღმდეგი წავიდა; არადა, ამ ორ პროცესზე ერთი და იგივე მოწმეები იკითხებოდნენ.

სამსონ თამარიანის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში სამსონ თამარიანი ამბობს, რომ მას, მანქანით მიმავალს, სოფლის ცენტრში დახვდნენ მერგელ მელტონიანი და მისი ბიძაშვილი _ ჰაიკ მელტონიანი. ბიჭებმა დაუწყეს გინება და ცემა. მანქანაში მჯდომს, ღია ფანჯრიდან მერგელი და ჰაიკი ისე ძლიერად მირტყამდნენ სახესა და თავში, რომ ტკივილისგან კინაღამ გონება დავკარგე. ჩემს მანქანას ეს ბიჭები მთელი ძალით ურტყამდნენ წიხლებს, ჩაამტვრიეს წინა მარცხენა კარის მინა. ამის შემდეგ შეშინებული გავიქეცი შემთხვევის ადგილიდან, მერგელ მელტონიანი კი მომდევდა და ქვებს ესროდა ჩემს მანქანას”, _ ყვება სამსონ თამარიანი.

იმავე დღეს, მკვლელობიდან ერთი საათის შემდეგ, სამსონ თამარიანის მანქანა დაათვალიერა წალკის პოლიციის გამომძიებელმა მერაბ ყულოშვილმა. მან დაზიანებები ვერ იპოვა. თამარიანის “მერსედესის” სრული ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.

დასკვნა: მანქანა იდეალურ მდგომარეობაშია. საკვირველია, რატომ არ მიმართა “ნაცემმა” სამსონ თამარიანმა წალკის საავადმყოფოს ან პოლიციას? მას ხომ ბიჭები ძლიერ ურტყამდნენ “სახესა და თავში”? კანონზომიერი პასუხია: იმიტომ არ მიმართა, რომ მისი სახე ისეთივე იდეალურ მდგომარეობაში იყო, როგორც მისი ძვირადღირებული “მერსედესი”. აი, 5 ივლისს სასამართლოზე დაკითხულმა ალვარდ კარაპეტიანმა კი განსხვავებული ჩვენება მისცა და ეს მიუხედავად იმისა, რომ კარაპეტიანი სამსონ თამარიანის ადვოკატების მოწმეა. ქალბატონი ალვარდი ამტკიცებდა, რომ “საწყალ სამსონს” არა მხოლოდ მერგელი და ჰაიკი, არამედ ხუთი მელტონიანი თავს დაესხა “მთვრალი” მორლენ მელტონიანის მეთაურობით და ეს მან “საკუთარი თვალით იხილა”… აშკარაა, რომ ალვარდ კარაპეტიანმა თავისი ჩვენებით სამსონ თამარიანს დათვური სამსახური გაუწია.

წალკის საკრებულოს წევრის ადვოკატების _ ცოლ-ქმარ თამარ სადრაძისა და მუხრან ღურწკაიას მრავალი მცდელობის მიუხედავად (ჯერ თქვეს, სამსონი შემთხვევის ადგილას არ ყოფილაო, შემდეგ, მაინც, იყოო, მაგრამ მერგელისთვის მანქანა არ დაუჯახებიაო, უფრო მეტიც, ის მელტონიანებმა სცემეს და დაზარალებულიაო), საერთოდ აარიდონ თამარიანს პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისთვის, თვითმხილველების, სხვა მოწმეების ჩვენებებიდან და პროკურორ გიორგი ღონღაძის კვალიფიციური ქმედებებიდან გამომდინარე, იკვეთება სურათი: არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამსონ თამარიანმა განზრახ დააჯახა მანქანა არასრულწლოვან მერგელ მელტონიანს, მოტეხა ფეხი და გაიქცა. აღსანიშნავია სამსონ თამარიანის ერთ-ერთი ადვოკატის _ თამარ სადრაძის ყოვლად მიუღებელი ქცევა და, გნებავთ, გამოხდომები სასამართლო პროცესებზე. ეს ქალბატონი პიროვნულად შეურაცხყოფდა არა მხოლოდ მელტონიანების ოჯახის წარმომადგენლებს, მისთვის არასასურველ მოწმეებს, არამედ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსაც კი, მაგალითად, ალექსანდრე ანჯაფარიძეს. მიზეზი? ბატონმა ალექსანდრემ სასამართლოს არ მისცა სადრაძისთვის სასურველი ჩვენება. ამის გამო, სადრაძემ ექსპერტს მატყუარა უწოდა, რაც ნებისმიერი ადვოკატის მხრიდან დაუშვებელია, ბოლოს და ბოლოს, უზრდელობაა. საერთოდ, თამარ სადრაძე თავისი “ფსიქოლოგიური” ზეწოლით მისთვის არასარწმუნო მოწმეებზე ჰგავს კენ კიზის რომანის “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” პერსონაჟს (ოღონდ, პრიმიტიულ ვარიანტში) _ მედდა რეთჩედს. ევროპული იურისპრუდენციის ერთ-ერთი გრანდის, პროფესორ ჰოოგერსის წერილში, რომელიც მან საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მისწერა, ვკითხულობთ: “თამარიანის ოჯახის ადვოკატმა თამარ სადრაძემ, რომელიც პარლამენტში მდივნად არის დანიშნული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, რამდენჯერმე მიზანმიმართულად დაარღვია საქართველოს ადვოკატთა ეთიკის კოდექსი მოცემული საქმის მიმართ. მაგალითად, თარჯიმანს _ სამანტა განდიევას, რომელიც თამარ სადრაძემ დაიქირავა თამარიანის ოჯახისთვის, არ აქვს საჭირო სერტიფიკატი და არც კი საუბრობს სომხურ ენაზე. გარდა ამისა, მოწმეები განზრახ არიან შეცდომაში შეყვანილი და მოწმის ჩვენება ფალსიფიცირებულია თამარ სადრაძის მიერ. ეს დასტურდება მოწმეთა გამოკითხვით (სარქის მაზმანიანი და ტირუნ აივაზიანი _ ავტ.). ყოველივე ზემოთ აღნიშნული არის მიუღებელი”.

თავისი მეუღლისგან განსხვავებით, მუხრან ღურწკაია ნამდვილად ტოვებს თავშეკავებული, განათლებული და კულტურული ადამიანის შთაბეჭდილებას. თუმცა, აი, რა მომიყვა მასზე პროცესზე დაკითხვის შემდეგ მოწმე ბარსეღ იგიტიანმა: “შარშან გოგო მოვიტაცე, ცოლად რომ შემერთო. პოლიციამ დამაკავა. წალკის რაიონის პოლიციის იმჟამინდელმა უფროსმა ნიკოლოზ გადელიამ შემომთავაზა ადვოკატად მუხრან ღურწკაია. ბატონ მუხრანთან შევთანხმდით, რომ მომსახურებაში გადავუხდიდი ორმოც ათასს ლარს. მან აიღო ე.წ. ბე _ 4500 ლარის ოდენობით. რამდენიმე დღეში კი მითხრა, ცხრაწლიანი “სროკი” გემუქრებაო და თანხა ასი ათასს ლარამდე გამიზარდა, ამიტომ უარი ვუთხარი. ის წავიდა და აღარც დაბრუნებულა. ვიქირავეთ სხვა ადვოკატი, რომელმაც საქმე ბოლომდე მიიყვანა”. თუ იგიტიანი სიმართლეს ამბობს, წალკის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ნიკოლოზ გადელიამ და ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ, სავარაუდოდ, სარფიანი ტანდემი შექმნეს. იჭერს ვიღაცას წალკის პოლიცია, მიჰყავს განყოფილებაში, დაპატიმრებულს ხვდება გადელია და სთავაზობს ადვოკატს. დაპატიმრებულიც კმაყოფილია, რადგან ეს ადვოკატი პოლიციის უფროსის “პროტეჟეა” და ამით იმედი ეძლევა, რომ თავს დაიხსნის განსაცდელისგან.

დასასრულ, მინდა ორი კითხვა დავუსვა პროკურორ გიორგი ღონღაძეს:

პირველი _ სამსონ თამარიანს პროკურატურამ წაუყენა სსკ-ის 124-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს გაუფრთხილებლობით სხეულის დაზიანების გამო. თქვენივე ძალისხმევით სასამართლოზე გამოიკვეთა სხვა სურათი: სამსონ თამარიანი განზრახ დაეჯახა არასრულწლოვან მერგელ მელტონიანს და დააინვალიდა. ნუთუ, დატოვებთ 124-ე მუხლს?

მეორე _ დავუშვათ, სამსონ თამარიანმა გაუფრთხილებლად მიაყენა მძიმე ტრავმა მერგელს. მაშინ რატომ არ დაეხმარა, რატომ არ წაიყვანა საავადმყოფოში ან არ გამოიძახა “სასწრაფო”? როგორც ვიცი, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიტოვება თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გიორგი კორძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here