მთავარი პოლიტიკა ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი და ელჩი დეგნანის ქცევა, რომელიც არაფრით არ შეეფერება დიპლომატის...

ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი და ელჩი დეგნანის ქცევა, რომელიც არაფრით არ შეეფერება დიპლომატის სტატუსს

საქართველოს გარდა ერთ ქვეყანასაც ვერავინ დაასახელებს, რომლის ლიდერსაც ელჩები კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ, მიუთითებენ, ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს

604
გააზიარეთ

5 ივლისს საქართველოში მომხდარი მთელი კვირის განმავლობაში განხილვის თემა იყო არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ლამის სრულიად მსოფლიოში. კანადაში, ამერიკაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები რიგითი ადამიანები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ კარგი იქნებოდა, მათ ქვეყანაშიც თუ გამოჩნდებოდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავსმოხვეულ ლიბერალიზმს აღკვეთდა და ნორმალურ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა. ჩვენთან კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა _ ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიკროფონი სჭერია ხელში, ან ერთხელ მაინც რომელიმე გაზეთში ფრაზა დაუბეჭდეს, ყველამ გაიხსენა, რომჟურნალისტიიყო და ნაცემ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა

რა თქმა უნდა, ყოველგვარ ძალადობას ვემიჯნებით, რა თქმა უნდა, ვგმობთ ძალადობას არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, არამედ სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანზე. ვუსამძიმრებთ “ტვ პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის მეგობრებს… თითოეული ქართველის გარდაცვალება ტრაგედიაა ქვეყნისთვის. ისიც ვთქვათ, რომ ამაზრზენია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბოლო ხმაზე ყვირილი, ლაშქარავას ორი შვილი დარჩაო, და ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა. ამაზრზენია სხვის ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაწერა და, თუ შვილებზე მიდგა საქმე, კობა დავითაშვილს ხუთი შვილი დარჩა, სულხან მოლაშვილს _ სამი და ვაი, რომ ეს სია ძალიან გრძელია. ამას კონკრეტულად ნაციონალების გასაგონად ვწერთ… კიდევ ვიმეორებთ: ძალიან, ძალიან ცუდია, ახალგაზრდა კაცის ამქვეყნიდან წასვლა და ძალიან საინტერესოა ობიექტურად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მოსმენა.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, რომელთა მიმართაც აგრესია წამოვიდა, ხომ არ ფიქრობთ, კოლეგებო, მეგობრებო, რომ ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის ბრალიც არის, რომლის კეთებასაც გაიძულებენ ტელევიზიების ხელმძღვანელები და დამფინანსებლები? არ ფიქრობთ, რომ აგრესია მას შემდეგ წამოვიდა, რაც, აგერ უკვე მერამდენე წელია, რიგით ადამიანებს საცხოვრებელში უცვივდებით, მათ ტრაგედიებზე სიუჟეტებს აწყობთ, კერძო საკუთრებაში დაუკითხავად იჭრებით და შემდეგ ბოლო ხმაზე გაჰყვირით, რომ მუშაობაში, .., სხვის კერძო საკუთრებაში შეჭრაში ხელს გიშლიან? იმის ბრალიც ხომ არ არის ეს ყველაფერი, 5 ივლისის აქციაზე გამოსულ ათიათასობით ადამიანს უკან რომ მისდევდით, პუტინის მონებს ეძახდით და ამას პირდაპირ ეთერში გადასცემდით? სწორედ 5 ივლისს ჟურნალისტებმა საკითხი დააყენეს ასე: ან ლგბტ თემის მხარდამჭერი უნდა ყოფილიყავი, თუ არა და ხარ პუტინის მონა. ჰო, აქ გაავლეს ჟურნალისტებმა წითელი ხაზი და მის ერთ მხარეს “ქვიარ თემი” დატოვეს, მეორე მხარეს _ “პუტინის მონები”. თვითონ როგორ განწყობაზე დადგებოდით, ვიღაც მთელი დღის განმავლობაში ყურთან რომ ჩაგყვიროდეთ _ ან მონა ხარ, ან გეი და ლესბოსელიო? როგორ მოგეწონებოდათ არჩევანი?

სამწუხაროდ, სიტუაციის დაძაბვას ხელი ყველაზე მეტად დასავლელმა ელჩებმა შეუწყვეს. ყველაფერი იმით დაიწყო, 2 ივლისს მოწყობილი ფილმის ჩვენებაზე რომ მივიდნენ _ ამით მთელი სახელმწიფო რესურსი, პრაქტიკულად, მათი უსაფრთხოების დაცვაზე მიიმართა. ამან შეაგულიანა ლგბტ თემი და ძალიან გააბრაზა მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. გამოჩნდა კიდეც, რეალურად რამდენი იყვნენ ისინი და რამდენი _ დანარჩენი საქართველო, თუმცა ისე ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგალითად, ამერიკის ელჩისთვის. კელი დეგნანმა ურცხვად (ჰო, ურცხვად) განაცხადა: ქუჩაში გამოსული ადამიანები უმცირესობაში არიან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ლგბტ თემის მხარესააო. არის თუ არა ეს ცეცხლზე ნავთის დასხმა? რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ამერიკის ელჩმა არც ეს იკმარა და ირაკლი ღარიბაშვილს ლიდერობა დაუწუნა, აქაოდა, პრემიერისგან ბევრად მეტს ველოდით, მან ლიდერის თვისებები ვერ გამოავლინაო. საზოგადოდ, ღარიბაშვილსა და მის მთავრობაზე იერიში, დეგნანთან ერთად, არაერთმა ევროპელმა ელჩმა მიიტანა და არავის უფიქრია, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პრემიერს ეთანხმებოდა, რომ ე.წ. ღირსების მარში არ უნდა გამართულიყო.

აურზაური გამოიწვია პარლამენტის წინ ჯვრის აღმართვამაც. თურმე, თვეების განმავლობაში, პარლამენტის წინ უაზროდ დაცემული და ცარიელი კარვები ხელს არავის უშლიდა და ჯვარი თურმე ხელისშემშლელი და გამაღიზიანებელია. შუა რუსთაველი საპირფარეშოდ რომ აქციეს ვითომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, არაფერს ნიშნავდა და ჯვარია სასწრაფოდ ასაღები? კარგად ხვდებიან დასავლეთში, რომ სწორედ ჯვრისა და ეკლესიის გამოა, ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვერ შეძლეს ერის დაჩოქება და დამონება და ამიტომაც, უპირველესად, სწორედ მას ებრძვიან. რაც შეეხება დასავლელი დიპლომატების პოზიციას, დაგვისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომლის ელჩიც სხვა ქვეყანაში ამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს? გვითხარით ერთი ქვეყანა, რომლის ლიდერსაც ელჩები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ და ხელისუფლებას მიუთითებენ, ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს?! არ არსებობს ასეთი ქვეყანა, საქართველოს გარდა და ერთი, ერთადერთი პოლიტიკოსიც არ გამოჩნდა, ხმამაღლა, მკაფიოდ რომ უთხრას ელჩებს: თქვენი განცხადებები ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაა და გაჩერდითო. თუმცა, როგორ გინდა, რომ უთხრა, როცა იმავე ელჩების მიერ შემუშავებული დოკუმენტის განხილვის გარდა, ბოლომდე, სულ ბოლომდე, აგერ უკვე მერამდენე თვეა, სხვა საქმე არ აქვს ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს და სწორედ ამ დოკუმენტის განსახილველად მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესია გაიმართება. დასავლეთი უკვე არანაირ მორიდებას ან დიპლომატიურ პროტოკოლს აღარ იცავს და სახის შენაჩუნებასაც აღარ ცდილობს. ჩვენ თუ გვკითხავთ, დასავლეთი ყველაზე მეტად იმან გააღიზიანა, რომ ჯვრის აღმართვამდე აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს. ამით ერმა პოლიტიკოსების ნაცვლად გასცა პასუხი ყველა ელჩს და თქვა, რომ ქართველები არათუ მონობის უღელს არ დავიდგამთ, არამედ აღარც იმის აღარ გვჯერა, რომ ევროპა ტოლსწორად გვიყურებს და ჩვენი მიღება ნატოში ან ევროკავშირში სურს. წინა ნომერში დავწერეთ, რომ 5 ივლისი იყო უსიტყვო რეფერენდუმი და სწორედ ამ უსიტყვო რეფერენდუმით შეიტყო დასავლეთმა იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე ესმოდა. ეს იყო შეშფოთებააღშფოთების მიზეზი და რეალურად დასავლეთმა მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მათ არ სურთ ისეთი მთავრობა, რომელიც ხალხის მხარეს იქნება, რადგან ნათლად გამოჩნდა _ ხალხი არ არის დასავლეთის მხარეს. უფრო მეტიც, საქართველოში ლგბტ თემის წინააღმდეგ აგორებულმა ტალღამ სწორედ დასავლური ქვეყნები მოიცვა და იქაც მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილმა ქართველებს ტაში დაუკრა, ამან ევროკავშირის ბოსებს თვალნათლივ დაანახვა, რომ თავსმოხვეული ლიბერალიზმი არც დასავლეთში არ მოსწონთ.

სერიოზული ეჭვი გვაქვს, 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ დასავლეთმა ხელისუფლების ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმასაც დაიწყებს. კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამის საუკეთესო შესაძლებლობაა, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტში გასაგებად წერია _ თუ მმრთველი გუნდი 43%-იან ბარიერს ვერ დაძლევს, მომავალი წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. შესაბამისად, დასავლეთი მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომოცნებამეს ბარიერი ვერ დაძლიოს და ხელისუფლებაში მოვიდეს კონკრეტული ძალა კი არა, კოალიციური მთავრობა, რომელშიც ნებისმიერ მომენტშიც შეიძლება განხეთქილების შეტანა, ჩამოშლა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, კონტროლს უფრო დაქვემდებარება.

მანამდე კი დასავლეთი ძალიან შეეცდება, საქართველო ლგბტ თემის მომხრეებად და დანარჩენებად დაყოს, ის დანარჩენი კი აუცილებლად სამშობლოს მოღალატე და “პუტინის მონა” იქნება _ თუ გარყვნილებას ტაშს არ დაუკრავ, ქვეყნის მოღალატედ გამოგაცხადებენ. ერთ საინტერესო ისტორიას გავიხსენებთ. გოლდა მეირი ისრაელის პრემიერად 1960-იანი წლების მიწურულს და 70-იანების დასაწყისში იყო. მან ისრაელში ვიზიტად მყოფ ამრიკის სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერს სთხოვა: ისრაელს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარე, აღიარე, ბოლოს და ბოლოს, ებრაელი ხარო. ამერიკაში დაბრუნებულმა კისინჯერმა წერილი გაუგზავნა ისრაელის პრემიერს: მე ჯერ ამერიკელი ვარ, მერე _ სახელმწიფო მდივანი და ბოლოს _ ებრაელიო. მეირის პასუხმაც არ დააყოვნა: ჩვენ ისრაელში მარჯვნიდან მარცხნივ ვკითხულობთო, მაგრამ ამან არ გაჭრა _ არც კისინჯერს და არც მის შემდგომ სახელმწიფო მდივნებსა თუ პრეზიდენტებს არაფერი არ გაუკეთებიათ. სამაგიეროდ, 2017 წელს დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და, საზოგადოდ, ტრამპი რადიკალური ლიბერალიზმის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ვერც ის ხვდებოდა, რისთვის სჭირდებოდა ნატოს მილიარდობით დოლარი და… ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი კი არ დამარცხდა, ლიბერალებმა გაიმარჯვეს. სწორედ ეს გამარჯვებული ლიბერალიზმი უტევს დღეს მსოფლიოს და საქართველოს გადაყლაპვით ემუქრება.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here