Home რუბრიკები საზოგადოება ოპოზიციის ბოღმისგან დახრჩობა და მერიის მიერ 3 მილიონად შეძენილი ილუმინაციები

ოპოზიციის ბოღმისგან დახრჩობა და მერიის მიერ 3 მილიონად შეძენილი ილუმინაციები

კახა კალაძის მერად არჩევამდე თბილისს მერი არ ჰყავდა და მერია არ არსებობდა?!

1742
ილუმინაციები

ძალიან მინდა, ოპოზიცია ბოღმით არ დაიხრჩოს და მიაღწიოს ახალ წლამდე. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, წლევანდელი თბილისი იქნება საუკეთესოდ განათებული. მე მესმის, რომ ეს პარტიულ ტელევიზიას და გაკოტრებულ პარტიას არ სიამოვნებს, მაგრამ ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოება, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხი.

შესაბამისად, თბილისი არის კმაყოფილი და გაძლევთ პირობას, რომ ქალაქი იქნება საუკეთესოდ განათებული. მომავალ წლებში კი უკეთესი იქნება, რადგან დრო იყო ძალიან ცოტა. სულ რაღაც, ერთი თვეა, დავიწყეთ მუშაობა, რაც მოვახერხეთ ეს იყო”, _ ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებულ განათებებს ნაწილები სცვივა.

შეგახსენებთ, რომ საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ეჭვობს, რომ პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე, მილანური კომპანიისგან ილუმინაციების შეძენა კორუფციული გარიგებით მოხდა.

თბილისის მერი ამბობს, რომ მომავალში უკეთესად გაანათებს თბილისს და დასძენს, წელს ცოტა დრო იყო, ერთი თვის წინ დავიწყეთ მუშაობა და, რაც მოვახერხეთ, სულ ეს იყოო. კი მაგრამ, კახა კალაძის მერად არჩევამდე თბილისს მერი არ ჰყავდა და მერია არ არსებობდა?! თუ ამით კალაძე მისი წინამორბედის უუნარობას უსვამს ხაზს?! ან იქნებ, სააკაშვილის მსგავსად, რომელიც ხშირად გვიკიჟინებდა მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე “პირველად საქართველოს ისტორიაშიო”, კალაძის ათვლის წერტილიც (სულ მცირე, თბილისის განვითარების თვალსაზრისით) მისი მერობიდან იწყება?! არადა, ეს ილუმინაციები უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვის წესით, სწორედ ნარმანიას მერობის პერიოდში იქნა შეძენილი. ასე რომ, წესით, სამტრედიელ კალაძეს არაფერი უნდა აკავშირებდეს მილანურ კომპანიასთან, რომლისგანაც კოკელმა ნარმანიამ საახალწლო ილუმინაციები შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ ახალი საახალწლო განათება თბილისის მერიას 3 მილიონი ლარი დაუჯდა, დაახლოებით სამჯერ მეტი, ვიდრე ოდესმე დახარჯულა განათებაზე. თბილისის მერმა კი ბრძანა, ხალხი კმაყოფილია და ოპოზიცია გადაშენდით აქედანო (ეს სიტყვები კალაძემ ოპოზიციაში ყოფნისას უთხრა ჟურნალისტებს, თუმცა არსებულ ვითარებასაც მშვენივრად ესადაგება), მაგრამ საეჭვოა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ხალხი აღტაცებული იყოს ახალი საახალწლო განათებით. ნაკლებად სარწმუნოა, ბატონო მერო, რომ პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, რომლებმაც, შესაძლოა, ერთი კილოგრამი ტკბილეულის ყიდვაც კი ვერ მოახერხონ შვილებისთვის, ბედნიერებით ანთებული თვალებით შეჰყურებდნენ მერიის მიერ სამ მილიონად შეძენილ ილუმინაციებს… ასე რომ, თუ მთავარი საზოგადოებაა და ხალხზე ზრუნვა, მათ, ვინც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ვისთვისაც სადღესასწაულო დღეებშიც კი საკვები სანატრელია, ახალი ილუმინაციებით ნამდვილად ვერ მოხიბლავთ… იქნებ, სჯობდა, ეს სამი მილიონი უფრო ისეთ პროექტებზე მიემართა მერიას, რომლითაც ამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს გაუსაძლის ყოფას შეუმსუბუქებდა…

P.S ოპოზიციის ბოღმისგან დახრჩობასიკვდილისა რა მოგახსენოთ, მაგრამ უკვე ნაწილები სცვივა ამ 3-მილიონიან ილუმინაციებს. იმედია, ახალ წლამდე არ დაიშლება და თბილისი საახალწლო განათების გარეშე არ დარჩება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here