Home რუბრიკები სპორტი ომი და… ბურთი

ომი და… ბურთი

2987
გერმანელებისა და ბრიტანელების მატჩი
გერმანელებისა და ბრიტანელების მატჩი

ბელგიის ქალაქ იპრში, რომელიც 60 კმით არის დაშორებული ბრიუგეს და ახლოსაა საფრანგეთის საზღვართან, დღეს დაახლოებით 35 ათასი კაცი ცხოვრობს. I მსოფლიო ომის წლებში (1914-1918) იპრი მთლიანად განადგურდა, შემდეგ კი ხელახლა ააშენეს. სახელწოდებაიპრიბევრს გაახსენებს .. “მდოგვის აირს” _ დიქლორდიეთილსულფიდს _ მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც გერმანელებმა 1917 წლის 12 ივლისს ინგლისელებისა და ფრანგების წინააღმდეგ გამოიყენეს და რომელსაც იპრიტი უწოდეს.

საშობაო საჩუქრები მოწინააღმდგეებისთვის
საშობაო საჩუქრები მოწინააღმდგეებისთვის

საშობაო სასწაული

ისტორიის სცენაზე იპრიტის გამოჩენამდე სამი წლით ადრე ქალაქ იპრის გარშემო კოლოსალური დაძაბულობა იყო. I მსოფლიო ომის პირველივე დღეებში გერმანიის არმიამ პარიზზე შეტევა წამოიწყო ბელგიის გავლით. 1914 წლის დეკემბერში პარიზიდან 40 კილომეტრში მდინარე მარნთან ბრძოლის შემდეგ ძლივს შეძლეს გერმანელთა შეჩერება. ამის შემდეგ ანტანტის ჯარების კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ მალე ორივე მხარეს ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო რეზერვი ამოეწურა. ქალაქი იპრი აღმოჩნდა ე.წ. იპრის რკალის ცენტრში: ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ის გარშემორტყმული იყო გერმანელი ჯარისკაცებით, მაგრამ თვით იპრსა და ახლომდებარე ტერიტორიებზე გამაგრებულნი იყვნენ ბელგიელი, ფრანგი და ინგლისელი სამხედროები. ძალების ასეთი განლაგება შენარჩუნებული იყო ომის ოთხი წლის განმავლობაში და ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად ქალაქი მიწასთან იყო გასწორებული. ქალაქი დიდ წინაღობას ქმნიდა სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით და იცავდა პა-დე-კალეს სრუტის მნიშვნელოვან პორტებს.

1914 წლის ოქტომბერში ბელგიელები იძულებულნი იყვნენ, რაბებიც კი გაეხსნათ და დაბლობი დაეტბორათ გერმანელთა შეტევის შესაჩერებლად. 22 ნოემბერს გერმანელთა შეტევა შეჩერდა, ომი გადავიდა პოზიციური ბრძოლების სტადიაზე. ჯარისკაცებმა მავთულხლართები გააბეს და სანგრები გათხარეს მოწინააღმდეგის არტილერიისგან თავის დასაცავად, შეტევას კონტრშეტევა ცვლიდა და თითოეული შეტევა-კონტრშეტევის შემდეგ დაპირისპირებული მხარეები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, მავთულხლართებთან ასობით მოკლულს ტოვებდნენ.

მემორიალი კომინ-ვარნეტონთან
მემორიალი კომინ-ვარნეტონთან

შობის ღამეს ასიათასობით გერმანელმა, ფრანგმა და ინგლისელმა ერთმანეთის ხოცვაჟლეტა შეწყვიტა, კაპელანებმა დაიწყეს საშობაო მსახურება.

1914 წლის 24 დეკემბერს ინგლისელებმა შენიშნეს, რომ გერმანელებმა თავიანთ ტრანშეებზე რამდენიმე ადგილას ტყვიამფრქვევების ნაცვლად ნაძვის ხეები დადგეს და ომის პირობების შესაბამისად მორთეს: სათამაშოების ნაცვლად ვაზნები და ქაღალდისგან გამოჭრილი ფიგურები ჩამოკიდეს, გირლანდები კი ბინტისა და ტელეგრაფის ლენტისგან იყო დამზადებული. მალე ბრიტანელებს შემოესმათ გერმანული საშობაო სიმღერა Stille Nacht-ი. მას ინგლისელთა მხრიდან მოჰყვა ფსალმუნების შესრულება. შემდეგ გერმანელი ჯარისკაცები ნეიტრალურ ზონაში გავიდნენ _ ხელში იარაღის ნაცვლად საჩუქრები ეჭირათ. ამის დანახვაზე ინგლისელებმაც მიატოვეს სანგრები და გერმანელების შესახვედრად გაემართნენ სამშობლოდან გამოგზავნილი საჩუქრებით ხელში. იმ ღამით ასიათასზე მეტმა გერმანელმა, ფრანგმა და ინგლისელმა სროლა შეწყვიტა _ მათ დროებით დაივიწყეს მტრობა, მიწას მიაბარეს დაღუპულთა ცხედრები, შემდეგ კი ერთად ილოცეს.

ჯოჯოხეთი დედამიწაზე
ჯოჯოხეთი დედამიწაზე

შობის მეორე დღეს მეომრებმა კვლავ დატოვეს სანგრები და ნეიტრალურ ზოლში ფეხბურთი ითამაშეს. კარის ძელებად გამოიყენეს სარები, რომლებსაც მუზარადები ჩამოაცვეს. ბურთის მაგივრობას კი სხვადასხვა საგანი სწევდა, მაგალითად, კონსერვის ქილა. თითოეულ გუნდში იმდენი კაცი თამაშობდა, რამდენსაც მოესურვებოდა _ წესებს იქ არავინ იცავდა.

ერთ-ერთი ასეთი მატჩი მოგვიანებით გაიხსენა გერმანელმა ლეიტენანტმა იოჰანეს ნიმანმა, რომლის ჯარისკაცებმაც 3:2 დაამარცხეს ინგლისელები. ინგლისელი ალბერტ უინის თქმით კი, სხვა მატჩში შოტლანდიელების გუნდმა პრუსიელები 4:1 დაამარცხა.

ამ უცნაურმა საფეხბურთო შეხვედრებმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა მონაწილეებზე, რომ ომის დასრულებიდან ათწლეულების შემდეგ ადგილზე, სადაც ის შეხვედრები გაიმართა, ბელგიის ქალაქ კომინვარნეტონთან, რომელიც იპრის რკალზე მდებარეობდა, ბურთის ძეგლი დადგეს. ეს მსოფლიოში ერთადერთი მემორიალია, რომელთანაც მოაქვთ ყვავილები და ბურთები.

სხვათა შორის, ამ ომში მონაწილეობდა ბავარიის ქვეითთა პოლკის იმხანად უცნობი, მაგრამ შემდგომ მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებელი ეფრეიტორი ადოლფ ჰიტლერი.

შეტევამდოგვის აირით

იპრის რკალზე პირველად გამოიყენეს მომწამვლელი ნითიერება. 1915 წლის 22 აპრილს იპრთან გამაგრებული ფრანგი სამხედროების პოზიციებზე მოაფრქვიეს 168 ტონა ქლორის მომწამვლელი აირი. დაახლოებით 6 ათასი ფრანგი სამხედრო დაიღუპა, დანარჩენები კი იძულებული იყვნენ, პოზიციები დაეტოვებინათ, რადგან თავს ვერ იცავდნენ (სხვათა შორის, მსოფლიოში პირველი აირწინაღი რუსმა ნიკოლოზ ზელინსკიმ გამოიგონა 1915 წლის ბოლოს).

1917 წლის 12-დან 13 იანვრის ღამით კი გერმანელებმა ანტანტის ჯარები დაბომბეს უცნაური ჭურვებით, რომლის შიგთავსიც ტანსაცმელში აღწევდა და სხეულის დამწვრობას იწვევდა. ამ მომწამვლელი ნივთიერებით, რომელსაც იპრიტი უწოდეს და რომელიც ადამიანის დნკ-ს აზიანებს, 3 ათასამდე ადამიანი მოიწამლა, მათგან 87 დაიღუპა, I მსოფლიო ომის დასრულებამდე კი იპრიტმა 400 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საფეხბურთო მატჩი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულმა ჯარისკაცებმა შობის დღესასწაულზე გამართეს, ერთადერთი ნათელი წერტილია იმჟამინდელი ევროპის ცხოვრებაში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here