Home რუბრიკები საზოგადოება ოკუპანტი და ოკუპაცია

ოკუპანტი და ოკუპაცია

2061
ოკუპანტი და ოკუპაცია

მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო”.

ხალხური

ოკუპაცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის ძალადობრივი გზით მიერთებას, დაკავებას.

საქართველო ოდითგან მდებარეობს ევროპააზიის გზაგასაყარზე. ამის გამო უამრავი მომხვდური ცდილობდა და ცდილობს ჩვენი მიწის დაკავებამითვისებას. ვისი ცხენების ფლოქვებს არ გადაუთელია ჩვენი ტანჯული მიწა _ თუ ოსმალოს, თუ სპარსის, თუ მონღოლისა და არაბის… ყველამ საკმარისზე მეტი დაღვარა ქართული სისხლი. იყო ქართული სოფლების დედა-ბუდიანად აყრა და უცხოეთში (ფერეიდანში) გადასახლება; იყო და არის ქართული მიწების მცხოვრებლებიანად დაპყრობა-მითვისება. და ეს ყოველივე ხდებოდა (მოხდა) ჩვენი, ქართველების, ნების საწინააღმდეგოდ. “ისტორიული მეგობრის”, თურქეთის, მიერ მიტაცებულია ტაო-კლარჯეთის (ართვინ-არტაან-ოლთისი) 12 ათას კვ კმ-ზე მეტი ქართული მიწა მოსახლეობით. დღეს ამ მიწაზე სავალალო მდგომარეობაშია უნიკალური ეკლესია-მონასტრები. ჩვენი გამყიდველი ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილის გამო ვკარგავთ (თუ უკვე არ დავკარგეთ) აჭარას. თბილისი უკვე გახადეს ოსმალო-სპარსი-არაბი-ჩინელი და უამრავი შემოხეტებული ვიგინდარის სათარეშო ადგილად. ხალხნო, რომელი საუკუნეა, ხომ ვერ მეტყვით? რა ჰქვია ამას? არ არის ეს ოკუპაცია და არ არიან ამ ვაიხელისუფლების ისტორიული მეგობრები ისტორიული ოკუპანტები?! გადმოვინაცვლოთ აქეთ! რა მდგომარეობაში არიან ჩვენი მოძმე ინგილოები თავიანთ ძირძველ მიწაზე _ ჰერეთ-საინგილოში? რატომ არ აქვთ უფლება, ილაპარაკონ თავიანთ მშობლიურ, ქართულ, ენაზე? თუ აზერბაიჯანელებს აქვთ სრული უფლება, აქ იცხოვრონ ისე, როგორც მათ უნდათ, ჰქონდეთ სალოცავი მეჩეთები, ჰქონდეთ განათლების (საშუალო, უმაღლესი) მიღების უფლება მშობლიურ ენაზე, ჰქონდეთ აზერბაიჯანული თეატრი და, რაც მთავარია, მათ მიმართ არავის არასოდეს გამოუხატავს უკმაყოფილება _ იმ უბანში, ხარფუხში, ვარ გაზრდილი და შესანიშნავად ვიცი და მახსოვს ყოველივე, ჩვენ რა გვემართება? რატომაა, რომ ეს უბედურ დღეზე გაჩენილი ხელისუფლება ხმას არ იღებს? რა ხდება? 30 ვერცხლის ბრწყინვალებამ ხომ არ მოგჭრათ თვალი თუ ვიღაცის შიშით ცახცახებთ და ამიტომ ხართ გატრუნულნი? არის თუ არა ეს ქართული ისტორიული მიწების ოკუპაცია? აი, კიდევ ერთი ასეთივე მტკივნეული მაგალითი _ უკვე ნაქართველარად წოდებული ლორეტაშირის მხარე, ლორეტაშირი, სადაც შემორჩენილია ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები და საფლავები. ეს ძეგლებია: ახტალა, ლორესციხე, ქობერი, ოსკაპრი და სხვ. მათგან რამდენიმე მონასტერი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი. ამჟამად ლორე-ტაშირი სომხეთის ტერიტორიაზეა. არც ეს არის ოკუპაცია? მოგმართავთ თქვენ, ზრდასრულ ასო-ებს, საქართველოს საზიანოდ “განათლებულ” ვაიპოლიტიკოსებსა და სოროსის ძღვენით გამაძღართ _ რა არის ის, რაც მე ზევით მოგახსენეთ, თუ არა ოკუპაცია? თუ თქვენთვის მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვაა ოკუპაცია? აბა, ჩადით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ჰკითხეთ აფხაზებსა და ოსებს _ ძალით დაიპყრო რუსეთმა თუ ეს ყველაფერი მათი ნება-სურვილით მოხდა? თუ არასწორად გატარებული პოლიტიკის ბრალია, ამაშიც ხელისუფლებაა დამნაშავე და არა მოსახლეობა. თქვენ, ყველა ერთ თარგზე მოჭრილო ბნელეთის მოციქულებო, რუსეთმა, რომელსაც დღეს “ძალა შესწევს ქადილისა”, რამდენჯერ გაგაფრთხილათ, ჩემი საზღვრების სიახლოვეს არ დავუშვებ არავითარ ნატო-კატოებსო?! კისერიც გიტეხიათ სტრატეგიული პარტნიორებიანად, ნატოიანად, მაგრამ ჩვენ, ხალხს, რას გვერჩით? იმდენს იძახებთ: “მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოშიო”, რომ რუსეთს აიძულებთ, როგორც იმ დივერსანტმა სააკაშვილმა აიძულა და ამის გამო დაგვეკარგა სამაჩაბლო, აფხაზეთი, მოვიდეს და ქვა-ქვაზე დაადუღოს. ფეხებსაც ვერავინ მოსჭამს, ისე, როგორც 2008-ში ვერ აუფრინეს ბუზი. გეუბნებიან და არ გინდათ, შეიგნოთ, რომ ამ სახელმწიფოს არ სურს თავისი საზღვრების სიახლოვეს უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მით უმეტეს, ნატო. გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს აღარ არის ელცინისდროინდელი რუსეთი. სჯობს, დღეს მასთან უშნო ხუმრობას თავი დავანებოთ, სანამ ქვეყანაში არ მომხდარა დიდი უბედურება თქვენი მცდელობით. ეს ეხება როგორც ხელისუფალთ, ისე გაზრდილ ასოებსა და ქვეყანაზე შემთხვევით გაჩენილ მოპოლიტიკოსო სუბიექტებს.

დაწყებული “მოქალაქეთა კავშირით”, გაგრძელებული ნაცებით და დასრულებული თქვენით, ქოცებო, ყველანი ქართველი ხალხის ოკუპანტები ხართ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუსპეთ არსებობის საშუალება, ქვეყანაში მძვინვარებს ტოტალური უმუშევრობა, რომლის გამოც ასევე მძვინვარებს ნარკომანია, შიმშილი, ხალხს არ აქვს პურისა და წამლის საყიდელი ფული. ქვეყანამ, რომელსაც საკუთარ გამგებლობაში არ აქვს საავადმყოფოები და აფთიაქები, როგორ შეიძლება იარსებოს?! ზოგი მეტყვის: ხომ არის ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვაო? _ კი, არის, მაგრამ საავადმყოფოების სახელმწიფოს გამგებლობაში არსებობის შემთხვევაში დაიზოგება (თუ ჩემი არ გჯერათ, დაჯექით და იანგარიშეთ) სახელმწიფო სახსრები და, რაც მთავარია, დასაქმდება ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი; ბევრი ოჯახი გაიჩენს საარსებო წყაროს, თუმცა ამის გამკეთებელი დღეს საქართველოში, არა მგონია, გამოჩნდეს იმ მარტივი მიზეზით, რომ ასეთ შემთხვევაში საკუთარ მეწველ ძროხას გამოუსვამენ ყელში დანას. საქართველოში არ არის მცირე და საშუალო ბიზნესი და, თუ სადმე რამე არის, ისიც ან თქვენიანისაა, ანდა იმ უცხოელის, რომელსაც წილში უზიხართ. უსაქმურ მაღალჩინოსნებს არაფრის კეთებაში აქვთ დანიშნული უზარმაზარი ხელფასები პრემია-დანამატებითურთ. ბატონო ბიძინა ივანიშვილო, სანამ აგირჩევდნენ, ხალხს რომ დაჰპირდით, თუ მოვალთ ხელისუფლებაში, დაუყოვნებლივ დავიწყებთ სასმელი წყლის პროგრამის განხორციელებასო, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან რა ხანია გასული, ხომ ვერ მეტყვით? თქვენ ფინანსებთან გაქვთ მჭიდრო კავშირი და თვლა კარგად გეცოდინებათ, ამიტომ დაიანგარიშეთ: რამდენი დღეა, რაც ქართველ ხალხს ამყოფებთ ტყუილების ტყვეობაში? ძაღლის ნაკბენივით მახსოვს 2012 წლის 27 მაისი, თავისუფლების მოედანი, როცა ხალხს თვალში ბევრი ნაცარი შეგვაყარეთ თქვენი ზღვარგადასული დაპირება-ტყუილებით. რუსებს, იმ რუსებს რომლებთანაც (ასე ამბობენ) ბიზნესი გქონდათ და რომელთა ქვეყანაშიც თვალებში გამოიხედეთ, აქვთ ასეთი სიტყვა: Живодер, რაც ნიშნავს ცოცხლად გამტყავებელს. ნაცების მერე ესენი ხართ თქვენ _ დღევანდელი ხელისუფლება, ქოცები. ახლა უკვე გადმოვერთვები თქვენკენ და გთხოვთ, თუ მოძებნით შესაბამის სიტყვებს, მიპასუხეთ: რა დაგიშავათ ქართველმა ხალხმა ისეთი, რომ ყველა ელჩი, აშშ-ის ელჩის თამადობით, თავზე დაგვასვით? საქართველოს ყველა მტრის ნაბრძანებს (დიახ, ნაბრძანებს) უსიტყვოდ რომ ასრულებთ? ხელისუფლებაში (პარლამენტი, მთავრობა) შეყარეთ ყველა ჯურის უვიცი და უსაქმური, საქართველოს საგარეო ვალი კი იზრდება და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანაში არ ხდება პროდუქციის წარმოება. თუ მაინცდამაინც თქვენ უნდა იყოთ მაძღარი და დანარჩენი საქართველო შიმშილით სულს ღაფავდეს? ღმერთი აღარ გწამთ? და კიდევ ერთი ფრიად მტკივნეული კითხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი: 2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას, რომელიც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ქართველი ხალხის თავზე. აჭარა რომ დაიკარგოს, იცოდეთ, სამარადისო წყევლა-კრულვა არ აგცდებათ თქვენ და თქვენს მოდგმას! აქ ერთადერთი საშველი არის რუსეთის კეთილი ნება, რომელიც დამოკიდებულია არსებული ხელისუფლების გონიერებაზე. გაახილეთ თვალი, მოეგეთ გონს და ის, რაც ქართველ ხალხს არ გვინდა, ძალით ნუ გვახვევთ თავს. ნუ გახდით ხალხს იძულებულს, გამოვიდეს ქუჩაში და ყველა, თქვენით დაწყებული, “უპრაგონოდ” შემოხეტებული უცხოელებით დამთავრებული, კინწისკვრით გაგყაროთ აქედან, ვინც გადაურჩებით ქართულ სამართალს. არ გვინდა კიდევ ერთი “ბახტრიონის” მოწყობა. საქმე საშურია, დრო აღარ ითმენს. ნუ აიძულებთ ხალხს ამის გაკეთებას. მალე ვიზეიმებთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობას და იმედია, უფალი, როგორც ყოველთვის, ახლაც შეგვეწევა! ამინ!

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში წარმოებული ძმათამკვლელი ბრძოლების მონაწილე, ორი დაღუპული მებრძოლის მამა

ანზორ დანელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here