Home რუბრიკები საზოგადოება ნოდარ მგალობლიშვილი: მიძინების დრო არ არის!

ნოდარ მგალობლიშვილი: მიძინების დრო არ არის!

1178
ნოდარ მგალობლიშვილი

გასულ შაბათს, 30 მარტს საქართველოს საზოგადოებრიობამ უკანასკნელ გზაზე გააცილა საქართველოს სახალხო არტისტი, თეატრისა და კინოს თვალსაჩინო მსახიობი, მამულიშვილი და სპეტაკი ადამიანი ნოდარ მგალობლიშვილი. “საქართველო და მსოფლიოსრედაქცია მწუხარებით ემშვიდობება ბატონ ნოდარს და აქვეყნებს ჩვენი გაზეთის 2011 წლის 34- ნომერში დაბეჭდილ მისთვის ჩამორთმეულ ინტერვიუს, რომელიც დღესაც აქტუალურად ჟღერს.

იყო დრო, როცა მაყურებლები თბილისიდან რუსთავში დავდიოდით გიგა ლორთქიფანიძის დადგმული სპექტაკლების სანახავად. სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით. კოროსტილოვისასი წლის შემდეგ”, ედმონდ როსტანისსირანო დე ბერჟერაკი”… იყო თეატრის დრო.

_ ნოსტალგია თუ გაქვთ იმ დროის, ბატონო ნოდარ? _ ვეკითხები საქართველოს სახალხო არტისტს, შესანიშნავ ადამიანსა და განუმეორებელ შემოქმედს ნოდარ მგალობლიშვილს, რომლის სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ქართული (და არა მარტო ჩვენი ქვეყნის) თეატრისა და კინოს ისტორიაში.

_ რასაკვირველია, მაქვს. წარსულის ნოსტალგია ადამიანს ყოველთვის აქვს _ წუხილის გრძნობა წარსულზე, თავისი დადებითით და უარყოფითით, ფიქრი და განსჯა.

1967 წელს გაიხსნა რუსთავის თეატრი. ყოველი ჩვენი სპექტაკლი იყო სადავო, მაგალითად, “დეკაბრისტების” შესახებ გვეუბნებოდნენ, რომ ეს სპექტაკლი გარკვეულ ასოციაციებს იწვევს, თითქოს საბჭოთა კავშირი არის იმ იმპერიის მსგავსი სისტემა, როგორიც დეკაბრისტების დროინდელი რუსეთის სახელმწიფოს რეჟიმი იყო.

მე მგონია, რომ თეატრი იმ დროს ადამიანების ფიქრისა და სურვილის გამოხატვის ასპარეზი იყო, ამიტომაც იზიდავდა მაყურებელს.

იმ პერიოდის მიმართ მაქვს ნოსტალგია. იყო კომუნისტების პერიოდი, მაგრამ შინაგანად თავისუფალი იყო ადამიანი.

_ სამოციანი წლებია.

_ მეოცე საუკუნის სამოციანელების დრო. ქართული პოეზია გაიხსენეთ, ან “დათა თუთაშხია” ჭაბუა ამირეჯიბის, როცა “ცისკარმა”, ჯანსუღ ჩარკვიანისა და მისი სარედაქციო გუნდის გამბედაობამ, მზის სინათლე ახილვინა ამ შედევრს…

ნოსტალგია სურვილიცაა _ ძველი დროიდან გამოყოლილი სურვილების გამეორების.

თუნდაც ერთი დეტალი: კიროვის ბაღში, ვერაზე თბილისელთა შეკრებები,  ბჭობის, განათლების წარმოჩენის, ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის ერთგვარი საფიხვნო რომ იყო, აზრების გაცვლისა და პოზიციების შეჯერების ერთგვარი ასპარეზი.

_ ახლაფეისბუქიაინტერნეტში.

_ იმ უშუალო შეხვედრებსა და ადამიანურ ურთიერთობებს სხვა ხიბლი ჰქონდა და ასეთი უშუალო კონტაქტებით იქმნებოდა ადამიანების თანაცხოვრების თბილისური ფენომენი.

იყო ურთიერთობის კულტურა, მორიდება, სიყვარულის მალვის ჟამი…

_ თეატრი? თეატრზე რას იტყვით?

_ ხშირად მეკითხებიან ამას და პირდაპირ გეტყვით: მერიდება ამ პრობლემაზე საუბარი.

რაც დღეს არის თეატრში, მე მგონი, უნდა განვიხილოთ როგორც ეტაპი, წინა თაობის მონაპოვრის თანამედროვეობაზე გადაბმისა და პერსპექტივის განსაზღვრის.

გასავლელია ეს გზა.

ბევრი რამ, რაც დღევანდელ თეატრში ხდება, არ მომწონს.

მიმბაძველობისკენ ვისწრაფით, ჯერ ვერ გაგვირჩევია, რა არის მისაღები, სარგებლის მომტანი და რაზე უნდა ვთქვათ უარი.

თეატრი ხელის გულზე დევს. ცუდია, როცა მსახიობი კეკლუცობს თავისი ნიჭიერებით, ნიჭიერება თავისთავადაა გამობრწყინება.

არც დამცირება ვარგა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. ეგეც კეკლუცობაა.

_ კონკრეტული პიროვნებები გყავთ მხედველობაში?

_ კი, მაგრამ არ დავასახელებ. არის პერიოდები, როცა კონკრეტულ საუბარს ვიწყებ. არჩევნებისწინა პერიოდებია ასეთი. ამ დროსაა კონკრეტიკა ყველაზე მეტად აუცილებელი _ ხმის მიცემის დროს, თორემ ეზოში ლუდის სმითა და ჭადრაკის თამაშით ვერაფერს შევცვლით.

_ დაველოდოთ არჩევნებსმანამდე კი ასეთი შეკითხვა: თეიმურაზ ხევისთავის სახე, რომელიც თქვენ თემურ ჩხეიძის დადგმულჯაყოს ხიზნებშიტელეეკრანზე განასახიერეთ, შეიძლება ითქვას, საეტაპოა თქვენს შემოქმედებაში. მეთანხმებით?

_ მაშინ 14 კოლეგასთან ერთად უკვე დაბრუნებული ვიყავი მარჯანიშვილის თეატრში.

კარგად მახსოვს, ქუთაისში გასტროლებზე ყოფნისას, როგორ შემოიჭრა ჩემთან ოთახში ცხონებული კოტე მახარაძე და მომილოცა წარმატება ამ ტელესპექტაკლში: ვნახე და ძალიან მომეწონაო.

ეს დადგმა ხმაურიანი განხილვების, განსჯის, გინების საგანი იყო და უსიამოვნო დანალექი დამრჩა ამ ყველაფრისგან.

მაგრამ, მე მგონია, ძალიან საინტერესო იყო. თემურმა შემდეგ “ჯაყო” მოსკოვში დადგა, მერე _ ჩვენთან თეატრში.

ისეთ ფსიქოლოგიურ ნაწარმოებს, როგორიც მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნებია”, ძალიან მოუხდა ტელეეკრანის მსხვილი ხედები, საერთოდ გამოსახვის ის სატელევიზიო საშუალებები, რომლებიც თემურ ჩხეიძემ ოსტატურად გამოიყენა. ამან განაპირობა ტელესპექტაკლის წარმატება, თუმცა არც თეატრალური დადგმა იყო წარუმატებელი.

_ ეკლესიასტე ამ ცისქვეშეთში ყველაფრის თავის დროსა და ჟამზე რომ მსჯელობს, გვეუბნება, რომარის ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა” (ეკ. 3,7).

დგას საქართველოში ჟამი უბნობის?

_ ადამიანს მოჭარბებული აქვს ცდუნების თვისება, ამიტომ ხშირად ავიწყდება, რომ მის ზევით არსებობს ძალა, რომელიც მართავს ყველაფერს _ ღმერთი, უფალი. ზოგს ჰგონია, რომ ეს ძალა ეშმაკია, ზოგი დარწმუნებულია, რომ თვითონაა ყველაფერი.

მე მგონია, რომ ადამიანმა დროს უნდა დაუცადოს, და, როცა იგი დადგება, მაქსიმალურად გამოიყენოს.

_ ესე იგი, დავუცადოთ დროს?!

_ უნდა ჩაუსაფრდე ხმის ამოღების დროს. თორემ მე დავიძინებ და, როცა ის დრო მოვა, გამაღვიძეთო, ეგრე არ შეიძლება.

არჩევნებისადმი დამოკიდებულებით ჩანს საზოგადოების დონე…

ხშირად დავდივარ ქუჩაში და ვაკვირდები ადამიანებს, განსაკუთრებით, იმათ, ვინც კაფეებიდან ქუჩებში გამოტანილ მაგიდებს უსხედან. კმაყოფილი სახე, ბედნიერი გამომეტყველებადა ამ დროს რამდენი აქვს სადარდებელი! მივა შემდეგ შინ და ეტყვიან, ეს არ გვქონდა, იმის ფული ვერ ვიშოვეთ, ვერ გადავიხადეთო გადასახადიგადავა მთელი მისი ყურადღება ამ საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე. თუმცა რაღა წვრილმანებიააი ის მომენტი, როცა საზოგადოებას სჭირდება ხმის ამოღება, თვალსა და ხელს შუა გაეპარება, რადგან გადატვირთულია სხვა საწუხარით.

_ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა ერთერთი ტელევიზიით გამოსვლისას (“კავკასიაანმაესტრო”), დღევანდელი ხელისუფლების მემკვიდრეობითობაზე რომ ლაპარაკობდა, ასე მიმართა ედუარდ შევარდნაძეს: ბატონო ედუარდ, თუ იცოდით, ესენი (ნაცები) ვინ იყვნენ, სახლში რატომ წახვედითო.

ამ ჭრილში მინდა გკითხოთ: რომ გცოდნოდათ, ვინ მოდიოდა შევარდნაძის კვალზე, დაუბრუნებდით ღირსების ორდენს იმდროინდელ პრეზიდენტს?

_ რომ მცოდნოდა, მისი შთამომავალი ვინ მოდიოდა, შეიძლება ტექსტიც მიმეყოლებინა.

ორდენი კულტურის სამინისტროში ახალ მინისტრს, სესილი გოგიბერიძეს დავუტოვე.

მივედი თეატრში და იქ დამხვდა ნინო ქაჯაია “რუსთავი 2”-დან თავისი ოპერატორით. ორი სიტყვით მითხარით, რატომ დააბრუნეთ ორდენიო. ვიუარე. ამ კერძო შემთხვევიდან სკანდალის აგორება არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად. მეხვეწა: ასეთ საქმეზე პირველად ვარ და გამიწიეთო ანგარიში. იძულებული გავხდი და ვთქვი, რომ ღირსების ორდენს ვუბრუნებ არა ბატონ ედუარდს, არამედ _ რეჟიმს.

სულ ეს იყო.

_ თქვენ მიერ ბრწყინვალედ შესრულებული კალიოსტროს კინოროლი ზახაროვის ფილმში კრიტიკამ თქვენი შემოქმედების გამორჩეულ მიღწევად შეაფასა.

ეს ცნობილია.

დღეს რომ მიგიწვიონ კინოფილმის გადაღებაზე რუსეთში, შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურა დაგაბრკოლებდათ თუ არა?

_ არა! რა სისულელეა! ეს მეშჩანობაც კი არ არის. იმ ყველაფრის გაუბრალოებაა, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობას შეეხება. სომხეთში ან აზერბაიჯანში რომ მიმიწვიონ, არ უნდა წავიდე?

არ ვიცი, რა საფუძველს შეიძლება ემყარებოდეს ადამიანი, მით უფრო, სახელმწიფოს სათავეში მდგარი, როცა ხელოვნებაში საზღვრების დადგენას შეუდგება.

რა თქმა უნდა, არ წავალ ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც ჩემი სამშობლოს დისკრედიტაციისთვის იქნება გამიზნული: საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა, რას ჰგავს და ა. შ.

ჩვენთან შემიძლია ვითამაშო ისეთი როლი, რომლითაც დავუპირისპირდები რეჟიმს. სხვაგან ამას არ ვიზამ. იმიტომ კი არა, რომ მე ეს მთავრობა მომწონს, მისი მეხოტბე და მოტრფიალე ვარ, უბრალოდ, იმიტომ, რომ სხვას არ ვეტყვი: შენთან რომ ვარ, იმიტომ ვაგინებ ჩვენს უღირს ხელისუფლებას.

ეს სახელმწიფო ჩემი შვილია, მეც შვილი ვარ მისი. მამისა და შვილის დავა, როგორც ქვეყანასა და მის მოქალაქეს შორის დავა, საშინაო საქმეა.

სხვა არ უნდა ჩარიო. ეს ხომ ნათელია. ამიტომ, თუ რამე სათქმელი გაქვს, შინ უნდა თქვა.

_ რუსეთის ისტორიიდან ვისი როლის განსახიერებას ისურვებდით?

_ დეკაბრისტებისადმი მაქვს განსაკუთრებული სიმპათია. ძალიან საინტერესო ეპოქაა, რომელშიც ყველაფერი გარკვეული არ არის _ ვინაა მართალი, ვინაა მტყუანი? მაგრამ თავისთავად ის მუხტი, რომელიც ადამიანში ან საზოგადოების ნაწილში გროვდება, რომელიც ებრძვის რაღაც ძალას, თუნდაც პროგრესულს, მაგრამ ებრძვის რაღაც მიზნის მისაღწევად, ამის გარკვევაა საჭირო. აი, ასეთ კოლიზიებთან დაკავშირებულ როლს, რა თქმა უნდა, ვითამაშებდი.

_ გქონიათ თუ არა შემთხვევა, რომ მიუწვევიხართ რომელიმე როლზე, სინჯებიც გადაუღიათ და არ დაუმტკიცებიხართ?

_ ბულგაკოვის მიხედვით “Мастер и Маргарита”-ზე ვოლანდის როლზე სინჯები გადამიღეს. ვუთხარი გადამღებ ჯგუფს, თუ გინდათ, რომ ვითამაშო, ორი დღე მომეცით, რათა როლი კარგად გავიაზრო-მეთქი. მივხვდი, რომ ეს ჩემი როლი არ იყო. უარი მითხრეს. მეც ზერელედ მოვეკიდე და შედეგად ჩემს ნაცვლად ოლეგ ბასილაშვილი დაამტკიცეს.

მართალი რომ გითხრათ, მინდოდა ამ როლის თამაში… ჩემმა მოძღვარმა კი მითხრა _ გადარჩენილი ხარო.

_ ბელზებელის როლის შესრულება იგულისხმა უთუოდ.

_ დიახ. მაგრამ ფილმი რომ ვნახე, მაინც და მაინც გული არ დამწყვეტია.

_ ბოლოსკენ მივდივართ, ბატონო ნოდარ, და მითხარით _ ხომ არ გაგონებთ დღევანდელი საქართველო თეიმურაზ ხევისთავს, ღირსებააყრილს, ნაკაცარს?

_ ეს არის მუდმივი თემა, რომელსაც კაცობრიობა ვერასოდეს მოიცილებს. მეტ-ნაკლებად ეს პრობლემა ყოველთვის იქნება.

მე არ მომწონს ისეთი პოზიცია, როცა იტყვიან: მივყვეთ ამ დროს და, რაც იქნება, იქნება.

თუ ყოველ წუთში არ შეახსენებ რეჟიმს იმ უკეთურებას, რაც მას ახასიათებს, თუ არ შეებრძოლები, არ შეეცდები, შეცვალო, მაშინ დამთავრებულია ყველაფერი.

მიძინების დრო არ არის!

_ ეკლესიასტეთი დავიწყეთ და მისითვე დავამთავროთ. ეთანხმებით, ბატონო ნოდარ, ბიბლიურ სენტენციას _ “როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს”?

_ ესაა ჭეშმარიტება! ამის არშემცნობ საზოგადოებას ძინავს. რამე გააკეთე, ადამიანო! ვისაც გინდა, იმის მხარეს დადექი, ოღონდ დადექი!

ხომ უნდა მივიდეს იქ? არ ფიქრობს, რა იქნება იქ? _ ჰამლეტის საოცარი შეკითხვა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here