Home რუბრიკები სპორტი ნიჰაო,* ჩინეთო! პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიადა გაიხსნა

ნიჰაო,* ჩინეთო! პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიადა გაიხსნა

55

4 თებერვალს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები, რომელშიც

91 ქვეყნის 2871 მონაწილე სპორტსმენს შორის საქართველოს

9 წარმომადგენელიცაა.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა არა მხოლოდ სპორტული, არამედ პოლიტიკური მოვლენაა, რადგან ოლიმპიური თამაშები, უკვე დიდი ხანია, მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებად იქცა. ოლიმპიადა გეოპოლიტიკური ბრძოლის სრულფასოვან ინსტრუმენტად 1980 წელს იქცა, როცა დასავლეთმა ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, საპასუხოდ საბჭოთა სპორტსმენები არ გაემგზავრნენ 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე. მსგავსი პრაქტიკა XXI საუკუნეშიც გაგრძელდა, ოღონდ ამჯერად ლაპარაკია არა ტოტალურ, არამედ დიპლომატიურ ბოიკოტზე. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც 2008 წელს, მსგავს მეთოდს დასავლეთი იყენებს. დასავლური ქვეყნები ჯერ შეეცადნენ პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირებას, შემდეგ _ სოჭის 2014 წლის ზამთარის ოლიმპიადის.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას 2021 წლის დეკემბერში გამოუცხადა აშშ-მა ბოიკოტი, მას მიბაძეს ავსტრალიამ, ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, კანადამ, კოსოვომ, ლიეტუვამ და იაპონიამ. ამ ქვეყნების ომაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელები, სპორტსმენებისგან განსხვავებით, ჩინეთში არ ჩავიდნენ. ბოიკოტის მიზეზად აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთის პროვოკაცია სინძიანში მუსლიმი უიღურების უფლებების შელახვა დაასახელეს, ჩინეთი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. პეკინის ოლიმპიადაზე მთავარი სტუმარი იყო ვლადიმერ პუტინი, რომლის მოლაპარაკებება ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და ერთობლივმა განცხადებამ საერთაშორისო ურთიერთობებზე დიდი რეზონანსი გამოიწვია.

დიდი ფიფქი

რუსეთის პრეზიდენტის გარდა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სერბეთის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ეგვიპტის სახელმწიფო მეთაურები.

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონია პეკინის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა, რომელიც ცნობილია, როგორც “ჩიტის ბუდე”. ეს სტადიონი პირველია ისტორიაში, რომელზეც ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიები გაიმართა. ცერემონიის რეჟისორი, ისევე, როგორც 2008 წელს, იყო იმოუ ჩჟანი. ცერემონიის ერთ-ერთი თავისებურება იყო ის, რომ მასში არ მონაწილეობდნენ პროფესიონალი მსახიობები, მომღერლები და მოცეკვავეები _ ყველა მონაწილე იყო სტუდენტი, სკოლის მოსწავლე ან პეკინისა და პროვინცია ჰებეის მცხოვრები.

ცერემონიის თემა იყო “ერთი მსოფლიო, ერთი ოჯახი”. ჩინურ კულტურაში აღიარებულია, რომ ბრძენი ადამიანი მსოფლიოს ერთ ოჯახად განიხილეს. ოლიმპიადის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პეკინის ოლიმპიადა გააერთიანებს მსოფლიოს და ერთად, როგორც ერთი ოჯახი, გაატარებს ჩინურ ახალ წელს. ცერემონიის მთავარი სიმბოლო იყო ფიფქი, იდეა კი _ ის, რომ ფიფქები სხვადასხვანაირია და ერთად ლამაზ ზამთარს ქმნის, ისევე, როგორც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები, რომლებიც ჩავიდნენ ოლიმპიადაზე, ქმნიან საერთო სახლს. ცერემონიის მიმდინარეობისას პატარა ფიფქებისგან შეიქმნა დიდი ფიფქი, რომელიც შედგებოდა პლაკატებისგან. პლაკატებზე კი ეწერა იმ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელწოდებები, რომლებიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობენ.

თავის მიმართვაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა შეაქო სპორტსმენები სიმშვიდისა და აღმაფრენისთვის, რომლებიც მათ სპორტის მეშვეობით მოაქვთ მსოფლიოსთვის.

“თქვენ აქ ჩამოხვედით მას შემდეგ, რაც გამოიარეთ ბევრი გამოცდა. მაგრამ ახლა თქვენი მომენტი დადგა. მომენტი, რომელსაც დიდხანს ელოდით, მომენტი, რომელსაც ყველა ველოდით. ჩვენ თქვენთან ვართ, მხარს გიჭერთ. ყველა გქომაგობთ თქვენ!”

განსაკუთრებული აზრი ჰქონდა ხის ფორმის ფოიერვერკს. ჩინეთის მთებში ხარობს 1300-წლოვანი ფიჭვი. მას აქვს ლამაზი და უნიკალური ფორმა _ თითქოს ადამიანივით ხელის ჩამორთმევას აპირებს. აქედან მომდინარეობდა ფოიერვერკის სახელწოდება “სტუმრებთან მისალმების ფიჭვი”.

ჯონ ლენონის სიმღერა Imagine-ს ფონზე მოციგურავეთა ჯგუფმა თოვლისგან გაასუფთავა დიოდური იატაკი და გამოაჩინა ოლიმპიური დევიზი: : „Citius, Altius, forties communiter!“ – “სწრაფად, მაღლა, ძლიერად _ ერთად!”

აღლუმის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი, რომელმაც ოფიციალურად გახსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები. “ჩიტის ბუდეში” კვლავ გაისმა სალუტის ხმა და აინთო ოლიმპიური ჩირაღდანი.

საქართველოს დელეგაცია პეკინის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე

საქართველო ზამთრის ოლიმპიადებზე

დამოუკიდებელი საქართველოს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორია 1994 წლიდან იწყება _ ლილეჰამერის (ნორვეგია) ოლიმპიურ თამაშებში 5 ქართველი მონაწილეობდა.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადამდე ქართველი სპორტსმენები 7 ოლიმპიურ თამაშში მონაწილეობდნენ. საუკეთესო შედეგს მიაღწიეს 2006 წლის ტურინის ზამთრის თამაშებზე, როცა ელენე გედევანიშვილმა ფიგურულ ციგურაობაში მეათე ადგილი დაიკავა. არც მანამდე და არც შემდეგ ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენი ათეულში არ შესულა.

ჩინეთის დედაქალაქში 9 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს 3 დისციპლინაში ფიგურულ ციგურაობაში: მორის ყვითელაშვილი (ერთეულთა თანრიგი, ვაჟები); ანასტასია გუბანოვა (ერთეულთა თანრიგი, ქალები); მარია კაზაკოვა და გიორგი რევია (ყინულზე ცეკვა, შერეული წყვილები); კარინა საფინა და ლუკა ბერულავა (ფიგურული სრიალი, წყვილები); სამთო-სათხილამურო სპორტი: ნინო წიკლაური, სოსო ჯაფარიძე და ციგაობაში _საბა ქუმარიტაშვილი (ციგაობა).

* ნიჰაო ჩინურად გამარჯობას ნიშნავს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here