მთავარი პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: არანაირი ევროკავშირი, არანაირი ნატო არ არსებობს, დღეს ყველას თავისი გასჭირვებია

ნიკოლოზ მჟავანაძე: არანაირი ევროკავშირი, არანაირი ნატო არ არსებობს, დღეს ყველას თავისი გასჭირვებია

2910
გააზიარეთ
ნიკოლოზ მჟავანაძე

ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის, მიერ ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ორგანიზებულმა აქციამ, რომელიც პანდემიის პირობებში მოსახლეობისთვის დახმარების გაწევით გარკვეული პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურებოდა, საქართველოში ეპიდემიის უფრო ფართო მასშტაბით გავრცელების საფრთხე შექმნა. პარტიამ, რომლის ლიდერებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებდნენ და ეკლესიებში ღვთისმსახურების ძალის გამოყენებით შეჩერებას ითხოვდნენ, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის საგანგებო მდგომარეობის არც ერთი აკრძალვა თუ რეკომენდაცია არ დაიცვა. მეტიც, იმ უარყოფითი რეაქციის შემდეგ, რომელიც რულოვსის პოლიტიკურ დივერსიას მოსახლეობისგან მოჰყვა, “ნაცმოძრაობისლიდერებმა თითი ხელისუფლებისკენ გაიშვირეს. მათი შეფასებით, ის, რომ ქალაქის ცენტრში სამედიცინო ნიღბების მისაღებად მისულ ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა, არა მათი, არამედ სამართალდამცველების არაეფექტიანი მუშაობის შედეგი იყო

მოკლედ, სააკაშვილის ინიციატივა, რომ საკუთარი კონტაქტებით შეუძლია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, ერთგვარ წინასაარჩევნო კამპანიად იქცა. ყველაფერთან ერთად, ეს განცხადება რევოლუციურ ქვეტექსტებსა და მოწოდებებსაც შეიცავდა.

რას ცდილობს დღესნაციონალური მოძრაობა” “კოვიდ-19”-ის საფრთხეებზე აპელირებით, ახდენს თუ არა საზოგადოებაზე ზეგავლენას ეს პროპაგანდა და ადეკვატურია თუ არა თავის მხრივ ხელისუფლება ამ კამპანიის მიმართ, რომელიც ქვეყანაში ისედაც ურთულეს პერიოდში ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაუფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, ერთადერთი პარტია, რომელიც დღეს კორონავირუსის მძვინვარების ჟამს პოლიტიკურ აქტივობას არ ანელებს და პიარს ეწევა, “ნაციონალური მოძრაობაა”. უკვე მოაწყვეს ერთი ხალხმრავალი შეკრება, მოსახლეობისთვის ვითომ სადეზინფექციო საშუალებების დარიგების მიზნით ზუგდიდში, რომელიც ინციდენტით დასრულდა. ფაქტია, რომ ნებისმიერი მსგავსი ნაბიჯი პოლიტიკური კამპანიაარა საფრთხეები შეიძლება მსგავსმა პროვოკაციებმა შექმნას დღეს ქვეყანაში, როცა ისედაც უკიდურესად დაძაბული სოციალური ფონია?

_ უმთავრესი საკითხი დღეს, რა თქმა უნდა, არის კორონავირუსი, რომელმაც, გარდა იმისა, რომ უმოკლეს დროში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, მსოფლიოში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ეს ურთულესი გამოწვევაა კაცობრიობისთვის, მაგრამ განსაკუთრებულ საფრთხეს მაინც ჩვენისთანა ქვეყნებისთვის წარმოადგენს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენ არასდროს არ გვქონია მძლავრი ეკონომიკა, მრეწველობა და ძალიან ვიყავით დამოკიდებული ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულზე. რაც შეეხება “ნაცმოძრაობას” და მის ბინძურ პროვოკაციებს, არსებობს ასეთი ანდაზა: კუზიანს სამარე გაასწორებსო. ნაცების გამოსწორება გამორიცხულია, იმიტომ, რომ ისინი არიან წევრები სექტისა, რომელიც ყოველთვის, ყველა ვითარებაში ორიენტირებული იქნება თავისი ინტერესების დაკმაყოფილებაზე. მორჩა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მშვიდობიანი, ობიექტური და დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვთ, ამიტომ არიან ახლა რაღაც სასაცილო პიარზე გადასული და კარდაკარ დარბიან ადამიანების ვითომ დასახმარებლად. საერთოდ, სააკაშვილი არ მალავს, რომ მისი დაბრუნება საქართველოში მოხდება რევოლუციურად. აი, ეს არის მათი კრედო, რაც, სხვათა შორის, მერაბიშვილმაც გაიმეორა ციხიდან გამოსვლისას და, ბუნებრივია, ასეთ პროცესებზე ორიენტირებულ ძალას ნებისმიერი სახის კრიზისი აძლევს ხელს. ახლა ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, _ ვირუსითა და ეპიდემიით ვინ რას მოიგებსო. ჯერ ერთი, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ კამპანიას თუნდაც პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარის დემონსტრაციულად დარიგებით და მეორე, ძალიან მაინტერესებს, საიდან მოიტანეს ნაციონალებმა ამდენი პირბადე თუ ხელთათმანი, როცა მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში, ამ ყველაფრის დეფიციტია?

_ რისი თქმა გინდათ?

_ იმის, რომ, როგორც ჩანს, ეს ჩვენი ფარმაცევტული კომპანიები შეკრულები არიან “ნაცმოძრაობასთან” და ისინი ამარაგებენ მათ პირბადეებით. სხვა, აბა, აგვიხსნან: საიდან აღმოჩნდა ამდენი პირბადე თუ ხელთათმანი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, როცა აფთიაქებში ამ ყველაფრის დეფიციტია? რაც შეეხება ხელისუფლებას: ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ “ნაცმოძრაობაზე” და მისგან მომდინარე საფრთხეებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს სათავე ამ ყველაფრისა. სათავე კი არის ხელისუფლების უსუსური პოლიტიკა და ხალხის მოტყუება, რაც თავის დროზე გამოიხატა იმაში, რომ დანაშაულებრივ პარტიას შესაბამისი სამართლებრივი განაჩენი არ გამოუტანეს. საერთოდ, დაუსჯელობის სინდრომის ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე არის ის, რომ მას მოსდევს უფრო მძიმე დანაშაული. სააკაშვილის სექტას დღეს არა მხოლოდ დაუსჯელობის სინდრომი ამოძრავებს, მათ ერთგვარი პოლიტიკური ჟანდარმის ნიშაც დაიკავეს. ამდენი დანაშაული რომ შერჩათ, ამდენი წამება, რეკეტი და აგერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც, ჩათვალეს, რომ თვითონ არიან კანონიც და ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი მათ უნდა აკონტროლონ. აი, ეს არის სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბოკერიასა და მათნაირი ნამუსგარეცხილი ნეონაცისტების მამოძრავებელი ძალა, როცა გამოდიან და ამ ურთულეს პერიოდში ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის ფასად პოლიტიკურ პიარს იკეთებენ, თუმცა კიდევ ვიმეორებ: დამნაშავე ამ ყველაფერში არის ხელისუფლება… დავუბრუნდეთ ისევ პანდემიას. ვფიქრობ, დღეს საქართველოს ერთადერთი რეალური გამოსავალი აქვს: მოსახლეობა (განსაკუთრებით სოფლებიდან ქალაქებში გადასულ ხალხზეა ლაპარაკი) სოფელს უნდა დაუბრუნდეს. ამას სჭირდება სერიოზული ხელშეწყობა და ხელისუფლებას ძალიან დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოუწევს ამისთვის…

_ რას შეცვლის სოფლებში ხალხის დაბრუნება?

_ ჩვენ არ ვართ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, არ გვაქვს მრეწველობა, დიდი საწარმოები და ტექნიკური ინდუსტრია. ჩვენი ერთადერთი გადარჩენის გზა არის სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენება, რაც ხალხს შიმშილისგან მაინც იხსნის. სხვათა შორის, ამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსეთმა, რომელიც ენერგორესურსებით მსოფლიოში უმდიდრესი ქვეყანაა და სამუშაო ადგილები ნამდვილად არ უჭირს, ციმბირის მხარეს საუკეთესო ნაკვეთები გადასცა მოსახლეობას უფასოდ. ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს მასობრივად მისცეს მიწის დამუშავების სტიმული. ჩვენ რა გვაქვს ასეთი, რომ სოფელი დავივიწყოთ, მიწაზე არ ვიფიქროთ და ყველამ ერთად თავი მოვიყაროთ თბილისში, რომელიც ბოლოს დამშეული, გაღატაკებული ადამიანებით გავსებულ თავკომბალად იქცევა?

ხელისუფლებამ, მასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა, ეს არ ეხება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ადამიანები მასობრივად დაბრუნდნენ ქალაქიდან სოფლებში და დაიწყონ მიწის დამუშავება. ამისთვის შეიძლება გაიცეს გრძელვადიანი კრედიტები, შემუშავდეს ვაუჩერული სისტემა ან სხვა რამ და ეს უნდა იყოს საყოველთაო. მოკლედ, მიზანი უნდა იყოს ერთი: კრიზისის პირობებში უმუშევრად, უშემოსავლოდ დარჩენილ ადამიანებს ჰქონდეთ საარსებო წყარო. სხვანაირად, ამის წარმოდგენაც არ მინდა, მაგრამ, მერწმუნეთ, შორს არ ვართ 90-იანი წლების მსგავსი უბედურებისგან, როცა დამშეული და გაუბედურებული ადამიანები საკვების გამო უვარდებოდნენ ერთმანეთს სახლებში

_ ფიქრობთ, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა და მძიმე სოციალურმა ფონმა შეიძლება კრიმინოგენული ვითარება დაძაბოს?

_ არათუ შეიძლება, ვფიქრობ, უკვე არის ამის გარკვეული ნიშნებიც, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ეს საგანგაშოა. ზუსტად ამიტომ არის დღეს აუცილებელი გადამჭრელი ზომების მიღება და მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ხელისუფლებას:

სანამ ქვეყანაში მართლა 90-იანი წლები დაიწყება, სანამ ადამიანები შიმშილის ზღვრამდე მივლენ და თავდაყირა დადგება ყველაფერი, დაეხმარეთ სოფელს; მილიონად ნაძვის ხეს რომ ყიდულობთ და უაზრო ტაშფანდურებს აწყობთ, მაგას ჯობია, კრედიტები მიეცით ხალხს, თორემ, კრიმინალი თუ წავიდა და ხოცვაჟლეტა, ერთ წელიწადში შეიძლება 20 და 30 წლით უკან აღმოვჩნდეთ. აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ზოგიერთი ვაიეკონომისტის შეფასებებს, რომ თურმე საქართველო ტურისტული ქვეყანაა და ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია. ტურიზმი მაშინ არის კარგი, როცა იმ ტურისტს საკუთარი სოფლის მეურნეობის ნაწარმით კვებავ, თორემ სასტუმროებში თურქულ ვაშლს რომ შეიტან, სომხურ ატამს თუ ჩინეთიდან იმპორტირებულ გაყინულ ხორცს, ეს შენი კი არა, თურქეთის, სომხეთისა და ჩინეთის მოგებაა.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დახმარებას, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან კარგი იქნება, თუ ქართველი ბიზნესმენები გაერთიანდებიან და შექმნიან ფონდს, რომელიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობით დაიწყებს კონკრეტულ გეგმაზე მუშაობას…

_ დახმარება რადგან ახსენეთ, “დემოკრატიული დასავლეთისმხარდაჭერაზე რას ფიქრობთ, საკმარის დახმარებას გვიწევს დღეს?

_ დემოკრატიულმა დასავლეთმა ნატოსა და ევროკავშირის წევრი იტალია მიატოვა, და რომელ მხარდაჭერაზეა ლაპარაკი?! არანაირი ევროკავშირი, არანაირი ნატო არ არსებობს, დღეს ყველას საკუთარი გასჭირვებია. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ არც უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ ასეთ ურთულეს ვითარებაში ვინმე მოგვხედავდა. ისე, მაინტერესებს, რას ფიქრობენ ხელისუფლების და არა მხოლოდ ხელისუფლების, მთლიანად პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები იმაზე, რომ ყველამ დაგვივიწყა. სად არიან ის ჩვენი დასავლელიმეგობრები”, რომლებზეც ამდენს ლაპარაკობდნენ?! ეს არის ტესტი ერთგვარი, რომელიც ცხადყოფს, რომ ნებისმიერ მსგავს დაძაბულ ვითარებაში, გნებავთ, ომში, ზუსტად ასე მიგვატოვებენ. აი, ამას ნიშნავს დღევანდელი დასავლური გაგებით პარტნიორობა. ასე რომ, საქართველოს აქვს ერთადერთი გამოსავალი _ ქალაქში თავმოყრილი ჭარბი მოსახლეობა უნდა დაბრუნდეს სოფლებში, თუმცა გავიმეორებ, რომ უსახსროდ, უშემოსავლოდ დარჩენილი მოქალაქეები ამას ხელშეწყობის გარეშე ვერ შეძლებენ. საერთოდ, შესაცვლელია ბევრი პოლიტიკური მიდგომა. მათ შორის გასაუქმებელია კვირიკაშვილის მიერ თურქეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც დამღუპველია საქართველოსთვის და ამ ხელშეკრულების გაფორმებით კვირიკაშვილმა მილიონები წაიღო სახლში… სხვა აუცილებელ ცვლილებებზე არაფერს ვამბობ, რადგან ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ეს არის ვრცელი, კომპლექსური თემა, რომელზეც სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. „რა დაეცეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდეს“ (არჩილ მეფე). და აი, დაძაბუნდა. მართალს ამბობს ბ-ნი ნიკოლოზი: „საქართველოს აქვს ერთადერთი გამოსავალი _ ქალაქში თავმოყრილი ჭარბი მოსახლეობა უნდა დაბრუნდეს სოფლებში, თუმცა გავიმეორებ, რომ უსახსროდ, უშემოსავლოდ დარჩენილი მოქალაქეები ამას ხელშეწყობის გარეშე ვერ შეძლებენ“. უნდა დაბრუნდეს ჯგუფურად, რომ აღდგეს სოფელი და შექმნან,- რახან ვიღაცებს სიტყვა „კოლმეურნეობა“ არ მოსწონთ,- კოლექტიური მეურნეობა. მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო. მით უმეტეს, მარტო შრომაში. ამიტომ მოიგონეს „მამითადი“. „კოლმეურნეობა“ უბრალოდ მთელი სოფლის მამითადია. „სოფელო, ჩემო სოფელო, ლამაზო ჩემო მხარეო, მინდოდა შენთვის მომევლო, დღეს შენით გავიხარეო“.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here