Home რუბრიკები პოლიტიკა “ნაცმოძრაობა” გზაგასაყარზე და მოთხოვნა მესამე ძალაზე

“ნაცმოძრაობა” გზაგასაყარზე და მოთხოვნა მესამე ძალაზე

2201
სააკაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ორი კვირა გავიდა. დაძაბულობამ მნიშვნელოვნად იკლო. მართალია, 16 დეკემბერს შეიძლებარეციდივიმოხდეს იმ შემთხვევაში, თუნაცმოძრაობაინაუგურაციის ადგილის სიახლოვეს ხმაურიან აქციას გამართავს, მაგრამ ემოციების ამოფრქვევას, სავარაუდოდ, ერთჯერადი, ხანმოკლე ხასიათი ექნება. ფაქტია, _ არჩევნები დასრულდა, საზოგადოება მალე საახალწლო პაუზას აიღებს, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა მიეცემათ, ტაქტიკურიდან სტრატეგიულ პრობლემებზე გადაერთონ.

პოსტსაარჩევნო დღეების დაძაბული ფსიქოლოგიური ფონი ნაწილობრივ 2 დეკემბერს განიმუხტა, როდესაც “ნაცმოძრაობამ”, დაანონსებული “დაუმორჩილებლობის” მიუხედავად, შთამბეჭდავი, ხალხმრავალი აქცია ვერ გამართა. ამ მცირერიცხოვანმა მიტინგმა ერთგვარი წყალგამყოფის როლი შეასრულა. 2 დეკემბრამდე სააკაშვილის ოპონენტები ნაციონალების ნებისმიერ ნაბიჯს შიშითა და უნდობლობით, ანუ სავსებით სერიოზულად უყურებდნენ, ხოლო მიტინგის შემდეგ დასცინოდნენ მათ. ეს, პრინციპში, გასაგები რეაქციაა _ ტრაგედია, რომელსაც ისინი ელოდნენ, მოულოდნელად გადაიქცა ფარსად, ხოლო მათი წარმოსახვით შექმნილი ურჩხული _ ჭიანჭველად. ამ სიცილში, რასაკვირველია, იყო რაღაც ისტერიკული, მაგრამ ფაქტია _ მან დაძაბულობა ასე თუ ისე განმუხტა.

ფარსის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ეგზისტენციური სიცარიელეა. ძნელი სათქმელია, რა შეიძლება შესთავაზოს მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს ამ ეტაპზე, 2 დეკემბერს ეკრანიდან წარმოთქმული ფრაზის გარდა: როგორც კი დამიძახებთ, ფიზიკურად გავჩნდები თქვენთან. სხვათა შორის, ამას მეორედ ამბობს. 13 ნოემბერს მან თქვა: “როგორც კი დამიძახებთ, ეგრევე ჩამოვალ ყვარელში” და იწინასწარმეტყველა, რომ ყვარელში “ქართული ოცნება” მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებდა (არადა, გაიმარჯვა, თუმცა შედარებით მცირე სხვაობით: 9333/8357). ალბათ, არის ამ ფორმულაში რაღაც კვაზირელიგიური, მაგრამ ის აშკარად არასაკმარისია იმისთვის, რომ “ნაცმოძრაობამ” მოახერხოს საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული მხარდაჭერის კონვერტირება პოლიტიკურ წარმატებაში _ ამას ახალი სტრატეგია და რესურსები დასჭირდება.

2008 წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ის მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა და ნაკლებად ფიქრობდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. ოპოზიციურმა საზოგადოებამ დიდი იმედგაცრუება განიცადა, როდესაც დაინახა, რომ ლიდერები, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ენერგიის კონცენტრირება მოახდინეს (13 და 20 იანვარს მიტინგებზე დამსწრეთა უპრეცედენტო რაოდენობა გამოვიდა), ვერ ბედავდნენ რევოლუციის დაწყებას და, ამავე დროს, ვერ ახერხებდნენ უდავოდ უსამართლო, გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმების მიღწევას. მუხტი დაიკარგა და საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ მიიღო გაცილებით ნაკლები ხმა, ვიდრე ვარაუდობდა.

“ნაციონალური მოძრაობა” ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. მისი ლიდერები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, მას გაყალბებულს და მოპარულს უწოდებენ, მაგრამ 2008 წლის მაგალითი ცხადყოფს, რომ ახლო წარსულზე ზედმეტი კონცენტრაცია საზიანოა, იმ პირობებში, როდესაც რევოლუციას (ალბათ, მაინც) ვერ მოაწყობენ, ხოლო მსოფლიო, ხარვეზების მიუხედავად, არჩევნებს დემოკრატიულად აღიარებს.

თუ რიგგარეშე არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება, “ქართული ოცნება”, ხელისუფლებას, სავარაუდოდ, არ დაკარგავს, რადგან მაჟორიტარულ ოლქებში ათეულობით მანდატს მიიღებს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კი თითქმის შეუძლებელი ჩანს, რადგან მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების პერიოდში განაცხადა, რომ მისი მაჟორიტარები ამას ეწინააღმდეგებიან, შესაბამისად, მას, უბრალოდ, არ ეყოფა ხმები იმისთვის, რომ არსებული სისტემა 2024 წლამდე შეცვალოს.

ამ თემის გამოყენება ოპოზიციისთვის მომგებიანია, რადგან შესაძლებლობას აძლევს, “ქართული ოცნება” უსამართლოდ მოპოვებული პრივილეგიების დამცველად წარმოაჩინოს; ამასთანავე, შეაგროვოს ხელმოწერები, გამართოს რეფერენდუმი და, დიდი ალბათობით, მოიგოს ის, რადგან საზოგადოების უმრავლესობა, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, მაჟორიტარულ სისტემას ხელისუფლებისათვის უსამართლოდ მინიჭებულ ფორად აღიქვამს. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების პერიოდში, “ოცნებისტების” მნიშვნელოვანი ნაწილი ამას უსამართლობად აღიქვამდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ პარტიას საპირისპირო პოზიცია ჰქონდა.

ძნელი სათქმელია, წამოწევს თუ არა “ნაცმოძრაობა” მაჟორიტარული ოლქების გაუქმების მოთხოვნას წინა პლანზე თუ დაელოდება (ან მოაწყობს) სხვა თემასთან დაკავშირებულ კრიზისს, ხოლო შემდგომ, მისი განმუხტვის პირობად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაასახელებს. ამ ეტაპზე მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მოთხოვნის გარშემო “მცირე” ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, რათა შინ და გარეთ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა “მთელ ოპოზიციას” სურს.

ნაციონალებთან თანამშრომლობაზე 99%-იანი ალბათობით არ წავლენ “პატრიოტთა ალიანსი” და სხვა კონსერვატიული პარტიები. “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი, პირიქით, ემხრობა სასწრაფო გადასვლას პროპორციულ სისტემაზე. დიდი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობის” პოზიციას, რომლის პრეზენტაცია გასულ პარასკევს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი პარტიაა და მისი რესურსი მცირეა, მას შეუძლია გავლენის მოხდენა ამომრჩეველთა იმ კლასტერებზე, რომლებთანაც “ნაცმოძრაობას” არ მიესვლება, და ხელი შეუწყოს “ქართული ოცნების” იზოლირებას ამ საკითხის მიმართ. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს ელისაშვილს, ალბათ, არ დააინტერესებს _ მას სჭირდება დრო იმისთვის, რომ პარტია ფეხზე დააყენოს, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” ერთმანეთს რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ და მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისთვის არა მხოლოდ ძნელად ასატანი, არამედ აუტანელი გახდნენ.

მოთხოვნა “მესამე ძალაზე” ძალიან დიდია. პოტენციურად “სამოქალაქო მოძრაობას” შეუძლია მიიღოს ყველა იმ ამომრჩევლის ხმა, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში, ზიზღის მიუხედავად, აიძულეს საკუთარი თავი, ხმა “ნაკლები ბოროტებისთვის” მიეცათ ან სახლში დარჩნენ. მთავარი საფრთხე “მესამე ძალისთვის” არის წარმოჩენა “პირველის” ან “მეორის” სატელიტად, მათი დაკვეთის შემსრულებლად. შესაბამისად, ელისაშვილი მალე აღმოჩნდება რთული არჩევანის წინაშე _ რა ფორმით დაუჭიროს მხარი საარჩვენო რეფორმას და ვისთან ერთად.

ხელისუფლებისთვის სასურველია, არ დაუშვას საზოგადოების კონცენტრირება მაჟორიტარული ოლქების პრობლემაზე, თუმცა ამისთვის სხვა, ერთი შეხედვით არანაკლებ აქტუალური თემები უნდა შესთავაზოს. ვინაიდან “ქართული ოცნება” პროაქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა. ეს, სავარაუდოდ, არ გამოუვა. ერთადერთი შეღავათი მისთვის ისაა, რომ თემა ვიწრო-პოლიტიკურია და ყველას როდი აინტერესებს.

მთავარი პრობლემა ხელისუფლებისთვის ამ ეტაპზე არის ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს, “შური იძიოსიმისთვის, ივანიშვილმა თავისი მაინც რომ გაიტანა და სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა; ან იმისთვის, რომ ნაციონალების დაბრუნების შიშით იძულებული იყო, ხმა ზურაბიშვილისთვის (“ქართული ოცნებისთვის”) მიეცა, მაშინ, როდესაც ეს არ უნდოდა. ეს განწყობა ნაწილობრივ განეიტრალდება “საახალწლო პაუზის” პერიოდში, თუმცა აქტუალური, სავარაუდოდ, გაზაფხულზეც იქნება. ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ამა წლის 31 მაისის და შემდგომი დღეების საპროტესტო აქციები _ მაშინ საზოგადოების ნაწილმა არა მხოლოდ დაუჭირა მხარი ზაზა სარალიძეს, არამედ გამოხატა მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლების პოლიტიკის და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიმართ. შემდეგ მიტინგების ორგანიზებაში ღიად ჩაერთო “ნაციონალური მოძრაობა”, ამის გამო მონაწილეების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და საბოლოოდ, ზაზა სარალიძე იძულებული შეიქნა, აქციების ძველ ფორმატზე უარი ეთქვა. ამ მაგალითიდან კარგად ჩანს _ საკმარისია გაჩნდეს მნიშვნელოვანი საბაბი პროტესტისთვის და ხელისუფლება თავს ცუდად იგრძნობს. ნაცმოძრაობისთვისმნიშვნელოვანია, უახლოეს მომავალში იპოვოს მსგავსი საბაბი და მოახდინოს მისი კონვერტირება პოლიტიკურ კრიზისში, ვინაიდან აქცენტის სასწრაფოდ გადატანა მაჟორიტარული ოლქების პრობლემაზე და მით უმეტეს წაგებული არჩევნებისგადათამაშებაზემისთვის შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს.

საპროტესტო მუხტის დაცემას ბოლო დღეებში უცნაური ახალი ამბებიც უწყობდა ხელს. გაირკვა, რომ სააკაშვილი აპირებს, უკრაინაში წინასაარჩევნო პოლიტიკური ტელეგადაცემა წაიყვანოს. გიორგი ვაშაძე სააკაშვილის დაუძინებელი ოპონენტის, პეტრე პოროშენკოს, შტაბთან თანამშრომლობას გეგმავს. რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა, რომელიც ორიოდე კვირის წინათ აქტიურად უჭერდა მხარს ნაციონალების კანდიდატს, “პალიტრანიუსის” ეთერში სააკაშვილზე შემდეგი რამ თქვა: “ის აქ არ ჩამოვა იმიტომ, რომ ტრაპზევე დააპატიმრებენ. საერთოდ, დახურული სივრცე მისთვის არ არის კომფორტული. ორი დღე იჯდა ის “კა-პე-ზეში” უკრაინაში და პოროშენკოს მისწერა შემრიგებლური, შეცდომების აღიარების წერილი, რბილად რომ ვთქვათ”. ყოველივე ამის უკან ნაკლებად იგრძნობა თავდაუზოგავი ბრძოლის პათოსი, სამოკავშირეო ერთობა და რევოლუციური აღმაფრენა, ეს უფრო ფარსისთვის დამახასიათებელი ეგზისტენციური სიცარიელეა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს სურს, შეინარჩუნოს ის მხარდაჭერა, რომელიც მისი პარტიის კანდიდატმა მოიპოვა, მუხტის შემცირება იმედგაცრუების ფონზე თითქმის გარდაუვალი ჩანს. უპირველესად, იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებმა პირველად ექვსი წლის განმავლობაში დაიჯერეს, რომ გამარჯვების მიღწევა შეუძლიათ, მაგრამ ვერ მიაღწიეს მას საპრეზიდენტო არჩევნებზე, საპარლამენტოსგან განსხვავებით, “ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი”, წარმომადგენლობითი ფრაქციის შექმნის სახით, არ არსებობს. ამიტომ, “საახალწლო პაუზის” შემდეგ, სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” აქტიური მოქმედების განახლება შეცვლილი ფსიქოლოგიური ფონის პირობებში, ფაქტობრივად, სუფთა ფურცლიდან მოუწევთ, ისევე, როგორც თავის დროზე გაერთიანებულ ოპოზიციას 2008 წლის უიღბლო საარჩევნო მარათონის დასრულების შემდეგ.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here