მთავარი ახალი ამბები “ნაციონალები ციხეში უნდა იყვნენ გამომწყვდეულნი, მაგრამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხედან და შეურაცხყოფენ...

“ნაციონალები ციხეში უნდა იყვნენ გამომწყვდეულნი, მაგრამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხედან და შეურაცხყოფენ საზოგადოებას”

1728
გააზიარეთ

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. იდეა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობაძიხეს ეკუთვნის, მაგრამ კომისიას სათავეში გიგა ბოკერიას გუნდი ჩაუდგა, კომისიის უმრავლესობაც “ევროპული საქართველოს” წევრებით დაკომპლექტდა. ამან საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ხალხი თვლის, რომ გიგა ბოკერიასა და მის გუნდს უფლება არ აქვთ, ვინმეს დანაშაული გამოიძიონ. შევეცადეთ, ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულისთვის გადაგვეხედა და წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან ყველაზე სკანდალური საქმეები გაგვეხსენებინა. მათ შორის ერთ-ერთია “ციხის ბუნტის” გახმაურებული საქმე.

2006 წლის 27 მარტს პატიმრების ადვოკატებმა ერთმანეთს დაურეკეს და სასწრაფოდ ორთაჭალის ციხესთან მივიდნენ. ადგილზე ისეთი სურათი დახვდათ, “რაიხსტაგის აღების” სცენას ადარებდნენ. ციხეს სამმაგი ალყა ჰქონდა შემორტყმული. პირველ წრეზე იყო სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, მეორე წრეზე _ პოლიციის სპეცრაზმი და მესამე წრეზე _ თავდაცვის სამინისტროს ესკადრონი. სპეცრაზმები ნაკადებად შედიოდნენ ციხეში, საიდანაც ისმოდა ყვირილი, წივილი, ახლა ამბობენ, იქ მაშინ იარაღი არ იყოო… არადა, ბევრმა საკუთარი თვალით ნახა იარაღიც და ბევრი სხვა რამეც.

სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში, სპეცრაზმთან ერთად, ავტომატით ხელში შევარდნენ ძმები ახალაიები და გიგა ბოკერია. ჩაფხუტიანი ბოკერია პატიმრებს ესროდა. ერთ-ერთმა პატიმარმა ხელჩართულ ბრძოლაში წაჰგლიჯა ეს ჩაფხუტი და ხელში შერჩა ბოკერია. ეს 2013 წელს “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში ადამიანის უფლებათა დამცველმა ელენე თევდორაძემაც დაადასტურა.

ოფიციალური მონაცემებით, ბუნტის ჩახშობისას დაიღუპა 7, დაიჭრა ათეულობით ადამიანი.

ბოკერიას პრინციპი იყო ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, შიშზე დამყარებული ბატონობა”

 გელა ნიკოლაიშვილი, “ციხის ბუნტის” საქმის ადვოკატი:

_ “ციხის ბუნტის” საქმეში გიგა ბოკერიას მონაწილეობაზე, ძირითადად, ელენე თევდორაძე საუბრობდა, ის იყო პირველწყარო. ამბობდა, რომ ბოკერია კარნახობდა ბაჩო ახალიასაც და ვანო მერაბიშვილსაც, როგორ მოქცეულიყვნენ. ბოკერიას პრინციპი იყო ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, შიშზე დამყარებული ბატონობა. ბოკერიას სურდა, ძალადობა კანონის ფარგლებში მოექცია. ეს ყველამ იცოდა, ამიტომ გამორიცხული არ იყო, ციხის ბუნტის დროს ბოკერიას გაეცა სროლის ბრძანებაც და იარაღით ხელში დარეოდა პატიმრებს.

თქვენ გახსოვთ, ალბათ, მისი გამოსვლა 2007 წლის ნოემბრის აქციების დროსაც: ღმერთი არ გაგიწყრეთ, თორემ, რაც მოგივათ, ნახავთ”...

გიგა ბოკერია განსაზღვრავდა სისასტიკეს.

_ აქვს თუ არა ბოკერიას მორალური უფლება, გამოიძიოს მკვლელობის საქმე და ვინმე რამეში დაადანაშაულოს?

_ საზოგადოების ნაწილმა ის პარლამენტარად აქცია. კანონით აქვს უფლება, მაგრამ მორალზე თვითონ იფიქროს. თუ ისევ იმ აზრზეა, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, მაშინ მას უფლება არ აქვს.

ბოკერიამ დაიწყო ხელისუფლებაში ყოფნისას დაშვებულ შეცდომებზე საუბარი. სააკაშვილისგან განსხვავებით, ის თავზე ნაცარს არ იყრის და ხშირად ამბობს, რომ შეცდომებს უშვებდნენ. ის აღიარებს, რომ მასაც მიუძღვის წვლილი გადაცდომებში, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა…

_ ამით უფრო საშიში არ ხდება ბოკერია?

_ რა თქმა უნდა, ბოკერია საშიში ხდება, მაგრამ მისი პოლიტიკაში ყოფნა მაინც ხალხის გადასაწყვეტია.

_ ციხის ბუნტის” საქმეზე ბოკერიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა?

_ არა, რადგან მის მონაწილეობაზე მხოლოდ ელენე თევდორაძე საუბრობდა, პატიმრებსა და მათ ახლობლებს ფაქტები არ ჰქონდათ, თუმცა ელენე თევდორაძე ტყუილს არ იტყოდა, რადგან ამის მოტივაცია არ ჰქონია.

აფრასიძეების ოჯახს თავს დაესხა 1200 სპეცრაზმელი და 8 ვერტმფრენი. ეს იყო ბარბაროსობა”

 2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებულ სპეცოპერაციას აფრასიძეების ოჯახის ორი წევრის სიცოცხლე შეეწირა. ბევრი ფიქრობს, რომ სპეცოპერაცია განსაკუთრებული სისასტიკითა და უსამართლობით გამოირჩეოდა.

“აფრასიძეებს მსხვერპლად ნათლავს ის, ვისაც ამ ქვეყანაში სიმშვიდე, სიწყნარე და კრიმინალის დამარცხება არ სურს…” _ განმარტავდა იმხანად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, მინისტრი, რომელიც “აფრასიძეების საქმის” შემოქმედია, ამჟამად ის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრია.

თუკი რაიმე შეიძლება დაეშავებინა სახელმწიფოს ერთი ოჯახისთვის, ყველაფერი დაუშავა. 2004 წლის 24 მარტის სპეცოპერაციისას გოჩა და შმაგი აფრასიძეების ძმასთან, ვამეხ აფრასიძესთან, ერთად, სამართალდამცველებმა მოკლეს ოჯახის მამა _ ევგენი აფრასიძე, რომლის გვამიც დაბომბილ სახლთან ერთად დაიწვა. ფსიქიკურად დაავადდა ოჯახის რძალი, რომელსაც მუდმივი მკურნალობა ესაჭიროება. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს 2012 წლის 28 დეკემბრით დათარიღებულმა ამნისტიამ სასჯელი გაუნახევრა, ხოლო შემდეგ _ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, მათ რამდენიმე თვით ადრე დატოვეს საპატიმრო.

გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ არ ყოფილა ძალის გადამეტება პოლიციის მხრიდან და სპეცოპერაციის მასშტაბი ეჭვმიტანილებისგან მოსალოდნელი საფრთხის შესაბამისი იყო.

ბარამიძე დღეს იმ გუნდის წევრია, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმის დეტალებზე უნდა იმუშავოს და “ქართული ოცნების” ძალოვანი სტრუქტურის დამნაშავე წევრები დაჰკითხოს.

სამწუხაროა, რომ აფრასიძეების საქმეს ხანდაზმულობის 15-წლიანი ვადა ეწურება და მთავარი პროკურატურა არაფერს აკეთებს _ ბარამიძეს ბრალი არ წაუყენა”

ირმა ჭკადუა, “აფრასიძეების საქმის” ადვოკატი:

_ სამწუხაროა, რომ ამ ხელისუფლებამ გიორგი ბარამიძეს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი არ მოსთხოვა და არა მხოლოდ მას. აფრასიძეების წინაშე სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, რომელიც განსაკუთრებული შემთხვევა იყო. აფრასიძეების ოჯახს თავს დაესხა 1200 სპეცრაზმელი და 8 ვერტმფრენი. ეს იყო ბარბაროსობა. ცოცხლად დაწვეს ოჯახის ერთი წევრი, დაკავებული კი ადგილზე დახვრიტეს. სპეცოპერაციას, რომელშიც მონაწილეობდნენ ადეიშვილი და მერაბიშვილი, ხელმძღვანელობდა გიორგი ბარამიძე. ეს ყველამ იცის, მაგრამ გამოცხადებული კოაბიტაციის შედეგია, რომ ბარამიძე სასჯელს არ იხდის.

სამწუხაროა, რომ აფრასიძეების საქმეს ხანდაზმულობის 15-წლიანი ვადა ეწურება და მთავარი პროკურატურა არაფერს აკეთებს _ ბარამიძეს ბრალი არ წაუყენეს. აფრასიძეების ოჯახი ცნობილია დაზარალებულად და, როდესაც არსებობს დაზარალებული, უნდა არსებობდეს ბრალდებულიც, მაგრამ ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება ვადის გასვლამდე საქმის გაჭიანურება, რათა ბარამიძემ პასუხი არ აგოს და არ დაისაჯოს უსასტიკესი დანაშაულისთვის.

გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა მაღალჩინოსნები უშუალოდ მონაწილეობდნენ სულხან მოლაშვილის წამებაში”

აი რას ამბობდა ციხიდან გამოსული და სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამართლებული კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილი:

“ბოკერიამ, ჩემ დაჭერამდე, ერთ-ერთ ჩემს თანამშრომელს აჩვენა სია, რომელშიც ჩემი გვარიც იყო. მოგეხსენებათ, რევოლუციის მეორე დღესვე გადავდექი… ჩემი ეს თანამშრომელიც ბოკერია იყო, გიგას შორეული ნათესავი. ის ჩემგან დამოუკიდებლად მისულა და უთქვამს: არ არის სულხანი იმის გამკეთებელი კაცი, რასაც თქვენ აბრალებთო. მე არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ამ სიაში არის და არ მაინტერესებსო, უთქვამს ბოკერიას. ამით დასტურდება, რომ გიგა ბოკერიას მართლაც ჰქონდა დასაჭერი ადამიანების სია. იგი ლევან რამიშვილსა და ზურაბ ადეიშვილთან ერთად იყო პირველი იდეოლოგი ხალხის დაშინების, დაჭერის. ის იყო სისხლიანი სამართლებრივი პოლიტიკის წარმმართველი. ის განსაზღვრავდა ამ დანაშაულებრივი პარტიის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ამიტომ მათი სამართლებრივი გაუვნებელყოფა ამ სახელმწიფოს ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა. ვინც უნდა გთხოვდეს, გეაჯებოდეს, გაიძულებდეს მათ გათავისუფლებას, კეთილი უნდა ინებონ და ქართველი ხალხის აზრი გაითვალისწინონ”.

ნანა კაკაბაძე, სულხან მოლაშვილის ადვოკატი:

_ საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის გიგა ბოკერია. მთავარია, ხელისუფლებამ გაიხსენოს. მათ არ ჰქონდათ უფლება, ეს დაევიწყებინათ. “ქართული ოცნების” კოაბიტაციამ მიგვიყვანა იქამდე, რომ კინაღამ გადატრიალების მომსწრენი გავხდით.

იმის შეხსენება, ვინ არის ბოკერია, მთავრობას, ხელისუფლებას სჭირდება, თორემ ხალხს იმაზე მეტი რა უნდა ექნა, რაც 2012 წელს გააკეთა?! 2012 წელს ქართველი ხალხი აჯანყდა და გააგდო წინა ხელისუფლება. ხალხის მოყვანილმა მთავრობამ კი კოაბიტაცია გამოაცხადა და, ციხეში რომ უნდა ისხდნენ, იმ ადამიანებთან ერთად მშვენივრად გრძნობს თავს.

თქვენ ახლა ჩემთვის ძალიან მძიმე საქმე გამახსენეთ _ სულხან მოლაშვილის საქმე. გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა მაღალჩინოსნები უშუალოდ მონაწილეობდნენ სულხანის წამებაში. სიმართლე გითხრათ, მაშინ გამიჭირდა დაჯერება და ვფიქრობდი, მოლაშვილს მოეჩვენა-მეთქი. მერე ყველაფერს ფარდა აეხადა, როდესაც ამაზე საუბარი ელენე თევდორაძემ დაიწყო.

საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა “ნაცების” წინააღმდეგ, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ არაფერი გაითვალისწინა. დღეს ხალხი ქუჩაში უნდა იდგეს და “ქართულ ოცნებას” პასუხს უნდა სთხოვდეს იმისთვის, რომ დამნაშავეები არ დასაჯა და მათთან ურთიერთობა ააწყო. თუ ასე მოხდებოდა, წინასაარჩევნოდ რატომ იძახდნენ, რომ სისხლიანი რეჟიმი იყო?

ნაციონალები, იმის მაგივრად, რომ იმალებოდნენ, ღიად უპირისპირდებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც მათთვის დღემდე ვერ მიუტევებიათ სისხლიანი 9 წელიწადი. მაგალითად, ებრძვიან თეა წულუკიანს, ის ერთადერთია, ვინც წარსული ვერ დაივიწყა.

ნაციონალები ციხეში უნდა იყვნენ გამომწყვდეულნი, მაგრამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხედან და ტალახს ესვრიან მთავრობას, შეურაცხყოფენ საზოგადოებას.

გერმანელები ამდენი წლის შემდეგაც ვერ ივიწყებენ ფაშიზმს, ასე უნდა იყოს აქაც, არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ის 9 წელიწადი, რომელიც გამოვიარეთ.

თავაშვებული კრიმინალები ქვეყანას არ უნდა მართავდნენ, მათ არ აქვთ უფლება, სამართლიანობის აღდგენაზე ილაპარაკონ. არ შეიძლება დავივიწყოთ, როგორ კლავდნენ ხალხს ნაციონალები, როგორ აწამებდნენ, აპატიმრებდნენ, აკულაკებდნენ…

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

 

 

 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here