მთავარი პოლიტიკა ნარმანიას მერობა _ შეცდომა თუ დანაშაული?

ნარმანიას მერობა _ შეცდომა თუ დანაშაული?

სად პოულობს “ქართული ოცნება” და პირადად ბიძინა ივანიშვილი ასეთ კადრებს?

1326
გააზიარეთ
ნარმანია

აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიშები, რომლებშიც შეფასებულია თბილისის მერიის მუშაობა 2015-16 წლებში. ეს დოკუმენტები საკმაოდ არასახარბიელო სურათს ასახავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანიას დასახელება, როგორც მინიმუმი, მძიმე შეცდომა იყო.

ამ დღეებში ხშირად ახსენებენ “აუდიტის სამსახურის ანგარიშს”, თუმცა სიზუსტისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ საქმე არა ერთ, არამედ სხვადასხვა დოკუმენტებს ეხება _ “2015-16 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის “გამწვანების ღონისძიებების პროგრამის” ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს” და “2015-16 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს”.

პირველი დოკუმენტი ასახავს იმ სურათს, რომელიც თბილისში მილიონი ხის დარგვის წინასაარჩევნო დაპირების შესრულების წარუმატებელი მცდელობის შედეგად შეიქმნა. ციტატა: “მერიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დენდროლოგიური პარკისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო 398 ათასზე მეტი ხე-მცენარე. პროცესის მიმდინარეობისას დაშვებულია შემდეგი ხარვეზები:

_ 2015 წლის განმავლობაში ხე-მცენარეების დარგვისა და მოვლის სამუშაოები მერიამ შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. საშემოდგომო პერიოდისთვის მერიას შეეძლო ელექტრონული ტენდერის გამოყენება. გამარტივებული შესყიდვის განხორციელებით, მერიამ დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

_ მუნიციპალიტეტმა საგაზაფხულო რგვებზე ამოიღო დარგულ ნერგებზე მეტი ორმოები, შესაბამისად, ზედმეტად ამოღებული ორმოების ღირებულება არაეფექტიან ხარჯს წარმოადგენს.

_ განაშენიანებული ნარგაობების დაახლოებით მესამედი გამხმარია ან აღარ არსებობს. გაფორმებული ხელშეკრულებით, შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესები საკმარისად არ იყო დაცული. კერძოდ, ხელშეკრულების პირობები გამხმარი ნარგაობების ჩანაცვლებას არ ითვალისწინებდა. შედეგად, მერიამ ვერ უზრუნველყო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ხე-მცენარეების სრულად განაშენიანება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა ცალკეულ შემთხვევებში არ/ვერ გამოიყენა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის მიმართული შესაბამისი ფინანსური რესურსი”.

ამ ტექსტიდან ორი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ან გამწვანებასთან დაკავშირებული მანიპულაციები გაქანებული კორუფციის წყაროს წარმოადგენდა, ან საქმე ძალიან არაეფექტურ მენეჯმენტთან გვაქვს. ერთი მეორეს, პრინციპში, არ გამორიცხავს, თუმცა ის ფაქტი, რომ “ნარგაობების დაახლოებით მესამედი გამხმარია” ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პროცესს კლინიკური იდიოტები ხელმძღვანელობდნენ. გარკვეულ ეჭვს “ზედმეტი ორმოების” ეპიზოდიც იწვევს _ გაუგებარია, სამუშაოებს ვიღაც ნაგიჟარი სტახანოველი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ნორმა გადაჭარბებით შეასრულა, თუ ნერგების ნაწილი, უბრალოდ, გაუჩინარდა. ან იქნებ ერთმა რგოლმა მეორეს სწორი ციფრები არ მიაწოდა იმიტომ, რომ კალკულატორს ვერ მოერია? რაც შეეხება ტენდერებს და მათ პირობებს _ საქართველოში, სავარაუდოდ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ამ მიმართულებით კორუფციულ გარიგებებს ადგილი არ აქვს.

მეორე ანგარიშში, რომელიც ქონების მართვას ეხება, საზოგადოების ყურადღება, უპირველესად, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულმა მონაკვეთმა მიიპყრო. საქმე ისაა, რომ მის იმ კომპანიას “ბი ეს არ _ სი დი ჯი დეველოპმენტს” მერიამ მისთვის საინტერესო მიწის ნაკვეთი უკონკურენტო გარემოში მიჰყიდა, რაც შემზღუდავი პირობის დაწესების გამო მოხდა, რომელიც მხოლოდ ამ კომპანიას აძლევდა ხელს. ამასთანავე, ანგარიშში ნათქვამია: “საექსპერტო დასკვნების ანალიზით გაირკვა, რომ რეგისტრირებულ ფართზე შემზღუდავი პირობის გამო საპრივატიზებო ღირებულება შემცირებულია 40%-ით. დანარჩენ შემთხვევებში აღნიშნულია, რომ ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებულია ის შეზღუდვა, რომელსაც ითვალისწინებს მიწის მესაკუთრე ქონების გასხვისებისას, ხოლო კონკრეტულად რამდენი პროცენტით დაკორექტირდა ფართობის ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის. შესაბამისად, საწყისი ფასი დგინდება საბაზროზე ნაკლები ღირებულებით, უმეტეს შემთხვევაში შეზღუდვით გამოცხადებული აუქციონი ტარდება უკონკურენტო გარემოში, გამარჯვებული პრეტენდენტი საწყის ფასს უმატებს მხოლოდ ბიჯს და საბოლოოდ ფართობის პრივატიზება ხდება საბაზროზე ნაკლები ღირებულებით. აღსანიშნავია, რომ მყიდველი პრივატიზებულ ფართობს აერთიანებს თავის საკუთრებაში არსებულ მომიჯნავე ფართობთან. შედეგად, მშენებლობაზე დაწესებული შეზღუდვა უქმდება და რიგ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებს მიღებული აქვთ მშენებლობის ნებართვა”.

რაც შეეხება ხსენებული კომპანიისთვის გზის გაყვანით მიღებული ზარალის ანაზღაურებას, აუდიტის ანგარიშში ნათქვამია: “ გასაცემი კომპენსაცია ზარალის მიყენების პერიოდში (2012 წელს) იქნებოდა დაახლოებით 513.3 ათასი ლარი, მაშინ, როდესაც პროცესის გაჭიანურების გამო, მერიის მიერ ზარალი შეფასდა და ანაზღაურდა 2 615.1 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთით”.

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის _ გიორგი მამრიკაშვილის თქმით, მისმა სამსახურმა გამოავლინა მიმიმუმ 10 შემთხვევა (500 შესწავლილიდან), როდესაც მერიის მიერ შემზღუდავი პირობის დაწესება შეიძლება მორგებული ყოფილიყო კონკრეტული პირების ინტერესებზე. ფარცხალაძის კომპანიასთან დაკავშირებულმა ისტორიამ მისი სამსახურის ანგარიშში გამორჩეული ადგილი დაიკავა.

აქ, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდეთ კადრების შერჩევის თემას, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” საკმაოდ მტკივნეულია. როდესაც ფარცხალაძე 2013 წლის 21 ნოემბერს მთავარ პროკურორად დანიშნეს, პრაქტიკულად დაუყონებლივ დაიწყო სკანდალი, იმის გამო, რომ 2001 წელს ის გერმანიაში გაასამართლეს (“ნაცმოძრაობის” ვერსიით, ქურდობისთვის ან ყაჩაღობისთვის, დროდადრო ბოტასების მოპარვასაც ახსენებდნენ, ფარცხალაძე კი ამბობდა, რომ პოლიციასთან შელაპარაკება მოუვიდა). შემდეგ ყურადღების ცენტრში მისი დიპლომი მოხვდა, ეჭვს იწვევდა ის ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ის 19 წლის ასაკში აიღო, და ზოგიერთი სხვა გარემოება. საბოლოოდ, ამდენი ხმაურის შემდეგ იმავე წლის 30 დეკემბერს ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, კვლავინდებურად დიდ გავლენას ახდენდა პროკურატურის მუშაობაზე, ზოგიერთი კომენტატორი მას ჩრდილოვან გენპროკურორად თვლიდა.

2017 წლის მაისში ოთარ ფარცხალაძე მორიგ სკანდალში გაეხვია, როდესაც მას აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასთან კლუბ “ელ ცენტროში” სერიოზული კონფლიქტი მოუხდა. ნაცემი თორდია მაშინ აცხადებდა, რომ ფარცხალაძე მას თავს აუდიტის სამსახურის საქმიანობის გამო დაესხა: “ეს იყო ანგარიშსწორება, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეს, სადაც ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს”. მაშინ თორდიას ყველამ როდი დაუჯერა, რადგან ის მჭიდროდ თანამშრომლობდა სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებთან, აგრეთვე, პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას ცუდი სიმთვრალე აქვს.

ახლახან კი გავრცელდა აუდიტის სამსახურის ანგარიში, რომელიც აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ მერიისა და ფარცხალაძის კომპანიის გარიგებას დანაშაულებრივი ხასიათი ჰქონდა. თუ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავიკითხავთ სიას იმ თავგადასავლებისა, რომლებიც ბოლო წლებში ოთარ ფარცხალაძეს გადახდა, ალბათ, სავსებით ლეგიტიმურად გაგვიჩნდება კითხვა: სად პოულობს “ქართული ოცნება” და პირადად ბიძინა ივანიშვილი ასეთ კადრებს?

2016 წლის ივლისში, როდესაც ფარცხალაძის კომპანიამ მერიას ნაკვეთის თაობაზე მიმართა, ყველამ იცოდა, რომ ეს პიროვნება ყურადღების ცენტრშია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი არათუ საეჭვო, არამედ უბრალოდ ორაზროვანი ეპიზოდი ფართო განხილვის საგანი გახდება. მიუხედავად ამისა, მერიას ელემენტარული სიფრთხილის გამოვლენა აზრადაც არ მოსვლია და საქმე ისე წაიყვანა, რომ მან აუდიტის ანგარიშში ცენტრალური ადგილი დაიკავა. საინტერესოა, რა დგას ამის უკან _ წინდაუხედაობა თუ თავხედობა?

დავით ნარმანია ამ თემაზე საუბრისას ყოველთვის ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მეტი დარღვევა იყო. ეს “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა ცნობილი არგუმენტია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, საზოგადოებამ ეს შემამსუბუქებელ გარემოებად ჩათვალოს. იმ ფაქტიდან, რომ სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს ხოცავდა, სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ “ქართული ოცნება” კარგია და ხელისუფლებაში სამუდამოდ უნდა დარჩეს.

აუდიტის ანგარიშებმა ნამდვილად შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ნარმანიას მმართველობის პერიოდში თბილისის მერიაში კორუფცია, ნეპოტიზმი და არაპროფესიონალიზმი სუფევდა. უახლოეს დღეებში გაირკვევა, რა ზომებს მიმართავს ამასთან დაკავშირებით პროკურატურა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ის ფარცხალაძის წინააღმდეგ წავიდეს. თბილისის ახალი მერი კახი კალაძე, ერთი მხრივ, ნარმანიას მმართველობის პერიოდისგან დისტანცირებას ცდილობს. განსაკუთრებით მკაფიოდ მან ეს ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის და მუხიანის სპორტულ კომპლექსში სტუმრობის (უხარისხო სამუშაოების კრიტიკა) დროს გამოავლინა, მაგრამ ეს ეპიზოდები, ისევე, როგორც აუდიტის დასკვნები, უბიძგებს საზოგადოებას, “ქართული ოცნების” პოლიტიკური, გუნდური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. კალაძე კი მისი ნაწილია, შესაბამისად, ის ვერ გაემიჯნება ნარმანიას ისე ცალსახად, როგორც ნარმანია _ უგულავას, მითუმეტეს, თუ პერიოდულად თანაგუნდელების ინტერესების დაკმაყოფილება მოუწევს. არჩევიდან მცირე დროში კალაძე უკვე აღმოჩნდა საბავშვო ბაღების კვებით მომარაგებასთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში და მისი მდგომარეობა გაუარესდება, თუ საზოგადოება დაიჯერებს, რომ ტენდერის ჩატარების დროს მერიამ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკოს, ინტერესები გაითვალისწინა, რომელიც, ოპოზიციის მტკიცებით, შპს “ნილის” უკან დგას. კალაძეს არ შეუძლია, გაემიჯნოს სისტემას, რომლის ნაწილიც არის და, შესაბამისად, მისი გვარი სულ უფრო ხშირად გაიჟღერებს ისეთი საქმეების კონტექსტში, რომლებმაც მისი წინამორბედის იმიჯი და ავტორიტეტი მიწასთან გაასწორა.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. აუდიტი რატომ არ ამოწმებს იმ კომპანიებს,რომლებიც დასაქმებული იყვნენ გზების რეაბილიტაციით.თევდორე მღვდლის ქუჩის რეაბილიტაცია 6 თვე მიმდინარეობდა.კანალიზაცია სანიაღვრეს შეუერთეს.სანიაღვრე ჭებიდან საშინელი სუნი ამოდის.ჭებს არასტანდარტული ცხაურები დაახურეს და სულ ბრაგაბრუგი გააქვს.ასეთი რამდენი ქუჩაა გაკეთებული,ვინ იცის.მოსახლეობა რეკავდა მერიაში და ყურადღება-0.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here