Home რუბრიკები საზოგადოება ნარკომაფია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მადლობელი უნდა იყოს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის

ნარკომაფია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მადლობელი უნდა იყოს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის

5316
ნარკომაფია

სინათლეს ვხედავ! ავშენდით! ღმერთო, დიდება შენ!” _ აღფრთოვანებით შესძახებს ერთაოზ ბერგვაძესუხარებით გამოტენილი ნასტუდენტარი ფიზიკოსის”, თანამესაკნის ქრისტეფორე მგალობლიშვილის მიერ კოვზით გათხრილი ხვრელით ქალაქის საპყრობილედან გაქცევის მცდელობისას, “ტურფა იმერეთისსანახების ნაცვლად იმავე საკანში დაბრუნებული რომ აღმოჩნდება.

ფიასკო!

მირაჟის ეფექტი, ან _ ნაოაზისარის ამომშრალი ჭიდან უდაბნოს შურისძიების ამოხარხარება.

მაგრამ რეზო გაბრიაძის “შერეკილების” გმირებს გაუმართლებს:

“ვაიმე, ჩემო მარგალიტა! აღმოხდა ერთაოზს და ზევით აწეული მუშტები ჭურის კედლებს დაარტყა. გაისმა გრუხუნი. კედელი გაინგრა და მთები გამოჩნდა…

გზა სატრფოსკენ თავისუფალი იყო!”

არ გაუმართლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის მიერ კანაბისის (მარიხუანის) დეკრიმინალიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით საზოგადოებისგან გაუცხოების კედელი გაცილებით მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე მეცხრამეტე საუკუნეში საპყრობილედ გადაკეთებული ძველი დილეგებისა და ჭურების კედლები. თუმცა არც ცდა დაუკლიათ, არც საზოგადოებისთვის მუშტის მოღერება ამასწინათ გამოქვეყნებული განცხადების სახით, ჩვენს დასაშინებლად და “უვიცთა” გასანათლებლად.

“2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება, _ გვმოძღვრავენ სამართალწარმოების უმაღლესი ინსტანციიდან, – წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო წლებში ნარკოტიკული საშულება – მარიხუანის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებებში მოცემული არგუმენტაციის ლოგიკურ გაგრძელებას და გაუგებარია, თუ რატომ გახდა იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ დაუსაბუთებელი კრიტიკის მიზეზი.”

დაბოლოს – დასკვნა:

“საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ გააგრძელებს საკონსტიტუციო კონტროლის განხორცილებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებების განუხრელ დაცვას.”

თურმე ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად საზოგადოებრივი აზრის ამხედრება, კერძოდ, კანაბისის (მარიხუანის) მოხმარების წინააღმდეგ გალაშქრება, ადამიანის ფუნდამეტური უფლების – სიცოცხლის უფლების დაცვა კი არ არის, არამედ კონსტიტუციური უფლებების შელახვა, რომლის დაცვასაც კვლავ გააგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლო.

აბსურდის ზეიმი ამას ჰქვია.

ასეთი სამართლის მიხედვით გვიმტკიცებენ, ადამიანის ფუნდამეტური უფლების – სიცოცხლის უფლების დაცვა ადამიანის კონსტიტუციური უფლებების ხელყოფად უნდა მივიჩნიოთო.

ჰუმანური ყოფილა ეს გადაწყვეტილება და _ გიხაროდენ!

მაგრამ წიწილებთან ერთად შედეგების დათვლას შემოდგომაზე იწყებენ.

დადგა შემოდგომაც და პირველი შედეგებიც სახეზეა: სამწუხარო და სავალალო. ტრაგიკულიც!

ორიოდ დღის წინათ, ასე, საღამოს 9 საათზე, თბილისში, მეტროსადგურ “პოლიტექნიკური უნივერსიტეტის” ჩასასვლელთან ორი ახალგაზრდა იდგა _ ლამაზი გოგო უმოკლესი შორტებით და კიკინებიანი ბიჭი. იდგნენ და ქანაობდნენ, “ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერ”, გონება დაბინდულები ნარკოტიკული თრობით. ორი დაბნეული პოლიციელი თავს ევლებოდა, რაღაცას ეკითხებოდნენ და პასუხი ვერ მიეღოთ: ბიჭს თვალები ცისკენ აღეპყრო, გოგოს სახეზე მწვანე ფერი ედო და მუხლები ეკეცებოდა.

სასწრაფოს გამოუძახეს ბოლოს და ბოლოს.

მსგავს შემთხვევებს შეესწრო ლალი მოროშკინა, ცნობილი პიარტექნოლოგი და აქტიური საზოგადო მოღვაწე, ორიოდ კვირის წინათ ბათუმში:

_ საშინელი ამბავი იყო _ ახალგაზრდა გოგონებს გული ერეოდათ, ცუდად გახდნენ. აშკარად ჩანდა, რომ ამ მდგომარეობაში მარიხუანის მოწევის გამო ჩავარდნენ. ასეთი შედეგი მოჰყვა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას. იღუპებიან ახალგაზრდები, საუკეთესონი, რომლებიც სინჯავენ ამ რეკლამირებულ საწამლავს და ვერ აცნობიერებენ, რასაც სჩადიან. თორემ ნარკომანისთვის მარიხუანის მოწევა არაფერს ნიშნავს.

იმასაც გეტყვით, რომ ისეთი საწყალი და დაბნეული პოლიციელები, რომლებიც იმ დროს იქ იყვნენ, ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს.

ცალკეული მაგალითებია? გამონაკლისი შემთხვევები? სამწუხაროდ, არც ერთადერთია, არც _ გამონაკლისი.

ნარკოლოგებისა და სამართალდამცავთა დაკვირვებით, იმ ავადსახსენებელი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ნარკოეპიდემია მოედო, რომელიც ხშირად დემონსტრაციულ ხასიათს ატარებს, ეწევიან მაიცდამაინც ყველას დასანახად, ნიშნის მოგებით – ქუჩაში, პარკებში, კონცერტებზე. ანაკლიის მუსიკალური ფესტივალი ამის თვალსაჩინო დასტურია, ხოლო სტატისტიკა, რომელიც ამ დღეებში გასაჯაროვდა (სამედიცინო პუნქტსა თუ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ამ ღონისძიებიდან მიყვანილი პაციენტების შესახებ), თავზარდამცემი!

ეს _ ოფიციალურად. ხოლო, რაც რეგიონებში შეიმჩნევა და ჯერჯერობით არ აღნუსხულა, ამაზე გაცილებით უარესია. ნარკოლოგები დაბეჯითებით გვიმტკიცებენ, რომ ის, რაც ამ ბოლო დღეებში გამოჩნდა, მხოლოდ მწვერვალია აისბერგის. უფრო გასაგები რომ იყოს, შეგვახსენებენ: საქართველოში ოფიციალურად 50 ათასი ნარკომანია აღრიცხული, ფაქტობრივად, 200 ათასს აღემატება.

აი, ასეთი სხვაობაა.

აქამდე ასეთ ეპიდემიაზე წარმოდგენაც არ გვქონდა, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილი მოვლენაა: დიდ ბრიტანეთში _ კოკაინის ეპიდემიაა, აშშ-ში _ ოპიუმის ზედოზირებით გამოწვეული შემთხვევები და ა.შ.

მიზეზი _ ახალი ტიპის, შედარებით იაფი ნარკოტიკის გამოჩენა შავ ბაზარზე, ნარკოტიკების მოხმარებაზე პასუხისმგებლობის შერბილება, დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაცია, ანუ ყალბი ლიბერალური რეფორმების საზოგადოებისთვის თავზე მოხვევა, ან, თუნდაც, ნარკომანიის, როგორც ინტელექტუალური საქმიანობის ხელშემწყობი იდეალური საშუალების პროპაგანდა მასმედიაში…

ამგვარი ეპიდემიების გამავრცელებელი ბაცილების როლს, როგორც წესი, ასრულებენ ქრონიკული ნარკომანები. დადგენილია, რომ თითოეული მათგანი “სამოღვაწეო” პერიოდის განმავლობაში ნარკომანიის ჭაობში 10-12  ახალგაზრდას ითრევს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემულმა წევრებმა რატომღაც წაუყრუეს ერთ მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენას, რომელზეც “საქართველო და მსოფლიო” არაერთხელ ხაზგასმით მიუთითებდა. ლაპარაკია ნარკომაფიის სისხლხორცეულ დაინტერესებაზე, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს, როგორც უსაფრთხო ნარკოტრანზიტის ქვეყანა, კანონმდებლობის ნებისმერი შერბილება კი ამ ტოტალური ნეგატივიზმის წისქვილზე დაასხამდა მღვრიე წყალს. კანაბისის (მარიხუანის) დეკრიმინალიზაცია ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით განხორცილება ჯერ “მცირე” რაოდენობის მოხმარებისთვის, შემდეგ _ საერთოდ მოხმარებისთვის, ის გზაა, რომელსაც ქვეყანა კატასტროფისკენ მიჰყავს.

ესენი კი გვიმტკიცბენ, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადამიანის უფლების დაცვას ემსახურება.

დემოკრატიის ახალი ეტაპია!

ჩვენ (და არა მარტო ჩვენ) ვწერდით და ხაზგასმით მივუთითებდით, რომ ნარკომანიის ლეგალიზების მოძრაობის გასააქტიურებლად მსოფლიოში და, ცხადია, საქართველოშიც დიდძალი ფული იხარჯება, რომ ე.წ. თეთრი ხმაურის (სახელწოდება “თეთრი სიკვდილის” ანალოგიაა) და მსგავსი მოძრაობების მოწყობილი აქციები, დაფინანსებული იყო ჩვენი ქვეყნის გარეთ მოქმედი ძალების მიერ. ამ თემაში უკეთ გასარკვევად კარგი იქნება, თუ მკითხველი გადახედავს (გაიხსენებს) “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებულ სტატიას (იხ. 2018 წლის #27) “ოპიუმის ომები: მიზეზები და შედეგები”, რომელშიც ლაპარაკია მსოფლიო ჰეგემონობის პრეტენზიის მქონე სახელმწიფოთა ძალისხმევაზე.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნარკოტრანზიტის მარშრუტით მონიშნულ ქვეყნებში წამალდამოკიდებულთა გაზრდით სისხლხორცეულად არის დაინტერესებული ნარკომაფია, ხოლო ნარკოტრაფიკი ავღანეთიდან ევროპაში მაინცდამაინც საქართველოზე გადის.

კანაბისის (მარიხუანის) დეკრიმინალიზაცია საშიშია იმიტომაც, რომ როგორც მსოფლიო წამყვან ნარკოლოგებს არაერთხელ აქვთ განცხადებული, “მსუბუქი” ნარკოტიკების მომხმარებელთა 70 პროცენტი, როგორც წესი, “მძიმე” ნარკოტიკებზე გადადის. ასეთი პერსპექტივა უზრუნველყოფილი გვაქვს.

ამაზე დიდ საქმეს ნარკომაფიას ვერავინ ვერ გაუკეთებს.

მადლობა მათ, ვინც ჩვენი ახალგაზრდების მიმართ მამობრივ მზრუნველობას ამგვარად იჩენს! შავი იუმორია, რომელიც “ფერადი რევოლუციების” თანმდევ ფანტომად ჩამოყალიბდა.

დეკორატიული ყვავილების _ ვარდის, ტიტების და ა.შ. სახელებით ცნობილ სახელმწიფო გადატრიალებებს “მარიხუანის რევოლუციაც” დაემატა, კანაბისის, გაფარჩხულფოთლებიანი მწვანე მცენარის. მარიხუანის ისტორიულ ხანაში შევაბიჯეთ, “გირჩის” ჩათესლილ ეპოქაში. გამორიცხული არ არის, რომ ამ ეგზოტიკური და დეკრიმინალიზებული კულტურის მოყვანა-გაშენება საქართველოშიც შეიძლება დაიწყოს (დიდი და “სწრაფი” ფული მოაქვს) ისევე, როგორც, მაგალითად, ავღანეთში, სადაც სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად სრულად კანაბისის მოყვანაზეა გადართული.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომელსაც 80-იან წლებში, გაგანია ომის დროს ავღანეთში ყოფნისას საკუთარი თვალით დანახულით და ადგილობრივი დეხკანების (გლეხების) მონათხრობითაც გიდასტურებთ.

ღმერთმა არ ქნას, რომ ავღანეთის “გამოცდილება” საქართველოშიც გავრცელდეს. მაგრამ მიწა ფეხებიდან რომ გვეცლება ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა. 2018 წლის 29 აგვისტოს საიტმაონლაინ გრუზიამგაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოში დაიწყო ოპიუმის კუსტარული წესით დამზადება და რომ შავ ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. წერილის ავტორია ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილი.

დაბოლოს, პირდაპირ გეტყვით: კანაბისის (მარიხუანის) დეკრიმინალიზაციის, ფაქტობრივად, ლეგალიზაციის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამოქმედებით მოგებული, უპირველეს ყოვლისა, ნარკომაფია დარჩა, მატერიალიზებული მითიური გორგონა, გველებისთმიანი დემონური არსება, რომლის საცეცების არსებობა საქართველოში ვისაც ჯერ არს პირველი რიგის პრობლემად არ მიაჩნია.

ამ თემაზე კრინტს არ ძრავენ წინასაარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტებიც, რომლებიც კომუნალური პრობლემებიდან დაწყებული სისტემური დანაშაულით დამთავრებული, ყველაფერზე ლაპარაკობენ, მაგრამ ისე ირჯებიან, თითქოს არც რამე გაუგიათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, არც ნარკომანიის პრობლემას ხედავენ საქართველოში.

არმაზ სანებლიძე

P.S. “რა სუფთა იყო ცა უჩვენოდ, რა სპეტაკი, მწარედ ჩაილაპარაკა მოხუცმა და დადუმდა(რეზო გაბრიაძე, “შერეკილები”).
..

2 COMMENTS

  1. აბა თუ მიხვდებით, ვინ აიღო დიდი ფული ნარკომაფიისგან და ვინ აიძულა საკონსტიტუციო სასამართლო მიეღო კანონი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესხებ?

  2. იმ ქმედებების მიხედვით, რასაც ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში ე. წ. დემოკრატიის სახელით ევროპელი
    თუ ამერიკელი ლიბერალები, თავისუფლად შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ეს ე. წ. დემოკრატია სინამდვილეში არის სატანიზმი და ტერმინთა მანიპულირებით თვალში ნაცარს გვაყრიან. დაკვირვება
    გვმართებს, რათა გავარჩიოთ შავი და თეთრი, გავარჩიოთ მტერი და მოყვარე. მთავარი ორიენტირი უნდა
    იყოს მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here