Home რუბრიკები საზოგადოება ნაპო მესხია _ ღვაწლმოსილი დასტაქარი, წინდახედული პოლიტიკოსი, ჭეშმარიტი ერისკაცი

ნაპო მესხია _ ღვაწლმოსილი დასტაქარი, წინდახედული პოლიტიკოსი, ჭეშმარიტი ერისკაცი

7673
ნაპო მესხია

80 წელი შეუსრულდა სასიქადულო მამულიშვილს, საზოგადო მოღვაწეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნაპოლეონ მესხიას, რომელმაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი საშვილიშვილო და ფასდაუდებელი საქვეყნო საქმეების კეთებას მოახმარა. ნებისმიერი საქმისადმი გულწრფელმა დამოკიდებულებამ მის პიროვნებას იმთავითვე განსაკუთრებული ხიბლი შესძინა და საზოგადოებაში გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა.

ნაპო მესხია 1938 წლის 28 მაისს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დაიბადა. საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, გაუსაძლისი ოჯახური მდგომარეობისა და უსახსრობის გამო, სწავლა ვერ გააგრძელა და მუშაობა ტყვარჩელის ქვანახშირის შახტში დაიწყო, რომელსაც თავის პირველ უნივერსიტეტად მიიჩნევს.

1964 წელს, თბილისის სამედიცინო ინტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ტყვარჩელსა და გალში ქირურგად დაიწყო მუშაობა; 1966 წელს სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა მოსკოვში, ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტში, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1976 წელს კი _ სადოქტორო.

1978 წელს ბატონი ნაპო საქართველოში დაბრუნდა. 1980 წელს მისი ინიციატივით აფხაზეთში შეიქმნა ნეიროქირურგიული განყოფილება, ხოლო 1987 წელს სოხუმში გაიხსნა ნეიროქირურგიული ცენტრი, რომელიც აღიჭურვა იმ დროისთვის თანამედროვე სამედიცინო დანადგარებით, მათ შორის, საქართველოში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფით.

ბატონმა ნაპომ, საქართველოში პირველმა, წარმატებით ჩაატარა ოპერაციები ტვინის არტერიული და არტერიო-ვენოზური ანევრიზმების დროს. მის მიერ დაფუძნებულ ნეიროქირურგიულ ცენტრში საერთაშორისო სტანდარტებით ტარდებოდა თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების, ქალა-ტვინის ტრავმისა და სისხლძარღვთა პათოლოგიების ოპერაციები. მისი შეთავაზებით დაინერგა ოპერაციული ჩარევისა და მკურნალობის არაერთი ახალი მეთოდი.

იგი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდას. “კარგი მასწავლებელი ის არის, ვინც შეგირდებს თავის შეცდომას არ დაუმალავს და სწორი გადაწყვეტილების მიღების მეთოდებს ასწავლის”, _ ასეთი იყო მისი, როგორც პროფესიონალისა და ხელმძღვანელის, მრწამსი.

გახლეჩილი საქართველო ბატონ ნაპოს სულში შეუხორცებელ ჭრილობად დარჩა. მის თავზე გადაიარა აფხაზეთის უსასტიკესმა ომმა. აფხაზეთის პარლამენტში მოღვაწეობისას იღვწოდა იმ საკითხების მშვიდობიანი გადაჭრისთვის, რომლებიც ქვეყნის გამთლიანებასა და ერის მომავალს ეხებოდა. დებატებში შეუვალი იყო, მაგრამ აფხაზი კოლეგებისადმი მეგობრულად განწყობილი. ორივე მხარე მისთვის სისხლხორცეულად ახლობელი და ძვირფასია. აფხაზი ჩვენი ისტორიული თანამოსახლეა. სახელოვანი დასტაქარი დაუღალავად ეძებს სანდო ძალას, რომელთან ერთადაც შეძლებს ამ უმძიმესი კონფლიქტის მოგვარებას. ამაზე მეტყველებს მისი ბოლონდელი შეხვედრები და დიალოგი აფხაზი ხალხის ლიდერებთან.

ბატონმა ნაპომ ცხოვრებაში ბევრი გასაჭირი გამოიარა: ორი ვაჟიშვილი ტრაგიკულად დაეღუპა; ძმისშვილიც რომ დაკარგა, წლის განმავლობაში არ გამოჩენილა საზოგადოებაში, რამდენიმე თვე არ შესულა საოპერაციოში; საბოლოოდ დიდმა ტრაგედიამაც ვერ გატეხა ეს შეუპოვარი ადამიანი. კვლავ წამოდგა და ჩაუდგა სათავეში საკუთარ პირმშოს _ ნეიროქირურგიულ კლინიკას.

მისი ძალისხმევით იყო, რომ მშობლიური სოფლის, ოტობაიის სამედიცინო ამბულატორია ხელსაწყო-დანადგარებით, საოფისე ავეჯით, სასწრაფო დახმარების მანქანით აღიჭურვა, აამოქმედა სპეციალური სადაზღვევო პროგრამა.

აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებს მიუძღვნა ბატონმა ნაპომ თავისი შესანიშნავი წიგნები: “როგორ გასხვისდა აფხაზეთი” (ქართულ და რუსულ ენებზე) და “ვის როგორ სტკივა აფხაზეთი”. ეს ნაშრომები ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა იწერებოდეს თუნდაც ყველაზე მტკივნეული და მწარე სიმართლე. ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ ისტორიულ-დოკუმენტურ ნაშრომებს არც მხატვრულ-ესთეტიკური მხარე დაეწუნება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ წიგნებს ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა. ნაპოლეონ მესხიას ნააზრევს დღეს სხვადასხვაგვარად აფასებენ, მაგრამ ფაქტია: აფხაზეთის ტრაგედიას ვერ განვერიდეთ, მაშინ, როცა მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ქართულ მხარეს რომ მეტი გონიერება და წინდახედულობა გამოეჩინა, ზოგიერთი ,,მოღვაწის” კომერციული თუ სხვა ავადმყოფური ამბიციები რომ მოეთოკა და პროცესი სხვა სცენარით წარემართა. ამისთვის ბევრი იღონა ბატონმა ნაპომ, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით ბევრჯერ გამონახა კონფლიქტიდან გამოსვლის გზები. მან რამდენჯერმე მოახერხა კონფლიქტის განეიტრალება: 1992 წლის იანვარში წინ აღუდგა ზუგდიდიდან აფხაზეთში სახელისუფლო კრიმინალური შენაერთების გადასვლას; მოგვიანებით ჩაშალა ქართული უმაღლესი საბჭოს სესია, რომელზეც ექსტრემისტული დაჯგუფება ქართველი მოსახლეობისთვის ცალკე მინისტრთა საბჭოს შექმნას გეგმავდა. აფხაზეთის ომის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ ნაპო მესხიამ აფხაზურ მთავრობას მიაღებინა დოკუმენტი, რომელიც დევნილი მოსახლეობის თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში მასობრივი და უსაფრთხო დაბრუნების გარანტიას აძლევდა. სამწუხაროდ, მისი ეს მცდელობაც მავანთა ძალისხმევით ჩაიშალა.

ნაპო მესხიასთვის სამშობლოსა და ხალხის სამსახური განდიდებისკენ მიმავალი გზა და საშუალება არასოდეს ყოფილა; მან, ქვეყნის ჭირ-ვარამის გამზიარებელმა ადამიანმა, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხისა და ღირსების ორდენების მიღებაზე უარი განაცხადა.

დღეს ბატონი ნაპო ხარობს საკუთარი მონაგარით: ქალიშვილმა მარინამ აჩუქა სამი შესანიშნავი შვილიშვილი, რომელთა აღზრდით დაკავებულია ღვაწლმოსილი ბაბუის ყოველი დღე.

გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს დიდ პიროვნებას, ჭეშმარიტ ერისკაცსა და ჩვენს დიდ მეგობარს ნაპოლეონ მესხიას! ვუსურვებთ დიდი ხნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და წარმატებას ქვეყნისთვის საჭირო და სასიკეთო საქმიანობაში!

ოთარ ფაცაცია, ბონდო ჯიქია, თამაზ ცანავა

1 COMMENT

  1. მე გამიგია, რომ ბატონო ნაპო მესხია აფხაზეთის ცნობისკენ მოუწოდებს. თავად რას იტყვის ამაზე?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here