Home რუბრიკები პოლიტიკა “ნაპოლეონის შემდეგ პირველი ფრანგი, რომელიც სხვა ქვეყანას მართავს”

“ნაპოლეონის შემდეგ პირველი ფრანგი, რომელიც სხვა ქვეყანას მართავს”

3794
სალომე ზურაბიშვილი

დიდი ვნებათაღელვის შემდეგ, როგორც იქნა, დასრულდა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკმაო უპირატესობით გაიმარჯვა. ცესკოს 2 დეკემბრის მონაცემებით, ზურაბიშვილმა მოაგროვა ამომრჩეველთა ხმების 59,52% (1 147 687 ხმა), ხოლო .. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ _ 40,48% (780 674 ხმა). არჩევნებში გამარჯვებისთანავე სალომე ზურაბიშვილს მიულოცეს იტალიის, პოლონეთის, საფრანგეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების პრეზიდენტებმა, აგრეთვე, აშშის, რუსეთისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა, მაგრამ ყველაზე მეტად გაუხარდათ ფრანგებს _ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.

“მსურს საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა. ეს მოხდა იმ საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც ქართველი ხალხის დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება აჩვენა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას. ამ შემთხვევით ვსარგებლობ, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რაც თქვენთვის ასე ძვირფასია და რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. გარწმუნებთ, რომ საფრანგეთი მტკიცედ განწყობილია, განაგრძოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებ, შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო!” _ ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის წერილში.

ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონის წერილს მოჰყვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება:

“საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან ერთი თვის შემდეგ დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად იქნა არჩეული. საფრანგეთი მას გულწრფელად ულოცავს და უსურვებს სრულ წარმატებას მისი მოვალეობების შესრულებისას. საფრანგეთი მზად არის, იმუშაოს ქალბატონ ზურაბიშვილთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ახალ პრეზიდენტს შეუძლია ჩვენი მტკიცე განწყობის იმედი ჰქონდეს, რომ ვიმოქმედებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ”, _ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი

არ დააყოვნა ფრანგულმა მედიამაც:

“ფრანგი საქართველოს სათავეში” _ ასე გამოეხმაურა ფრანგული ტელეარხი LCI საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას:

“ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების კოალიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59,6% მიიღო. საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი 2003 წელს საფრანგეთის ელჩად დაინიშნა საქართველოში, ხოლო 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მიხეილ სააკაშვილის მთავრობას შეუერთდა. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თქვა, 2008 წელს საქართველო რუსულ პროვოკაციას წამოეგო, შეცდომა დაუშვა და ომი ამიტომ დაიწყოო. სალომე ზურაბიშვილს მოწინააღმდეგები ქართული ენის ცუდად ფლობის გამოც აკრიტიკებდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტი წარმომადგენლობითია, ვინაიდან აღმასრულებელი უფლებამოსილების უდიდესი ნაწილი პრემიერმინისტრის ხელშია”, _ იუწყება ტელეარხი.

ვენსან ერვუე

ფრანგმა ჟურნალისტმა ვენსან ერვუემ კი რადიოსადგურ Europe-1-ის ეთერში პარალელი გაავლო ნაპოლეონ ბონაპარტესა და სალომე ზურაბიშვილს შორის:

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს და ის ფრანგია. ნაპოლეონის შემდეგ ის პირველი ფრანგია, რომელიც სხვა ქვეყანას მართავს”.

სალომე ზურაბიშვილი

“სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად აირჩიეს ნახევრად აღმოსავლურ და სრულად “მაჩოისტურ” ქვეყანაში. ბრავო სალომე ზურაბიშვილს _ დედას და ბებიას, უმაღლესი კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწეს, 30 წლის გამოცდილების მქონე დიპლომატს! საქართველო ქვეყანაა მისი წინაპრებისა, რომლებიც ბოლშევიკების მიერ იდევნებოდნენ. რა შესანიშნავი რევანშია! ამ დილით ჩვენ, ყველანი, ცოტათი ქართველები ვართ! საქართველოს პრეზიდენტის პოსტი საპატიოა საპარლამენტო მმართველობის პირობებში. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მართავს ქვეყანას ყოველგვარი თანამდებობის გარეშე, ის აირჩია და პრეზიდენტად აარჩევინა. სალომე ზურაბიშვილს თავისი ხასიათი აქვს და მხოლოდ “გამოფენების გახსნას” არ აპირებს. მისი ამბიციაა, საქართველო ევროპაში დაამკვიდროს. რუსეთის მიმართ ზურაბიშვილი ამბობს, რომ საჭიროა, არ წამოეგოს პროვოკაციებზე”, _ განაცხადა ჟურნალისტმა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

P.S. საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურნენ სხვა უცხოური მედიასაშუალებებიც. “მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის ბალანსირების მომხრე კანდიდატმა პროდასავლური ორიენტაციის მეტოქე დაამარცხა”, _ ასე შეაფასა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ბრიტანულმაროიტერსმა”. ტელეკომპანიაბიბისიმ”, პოლიტიკური ორიენტაციის გარდა, აქცენტი ახალი პრეზიდენტის სქესზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სათავეში ქალიპრეზიდენტი პირველად მოვიდა.

P.P.S. ისღა დაგვრჩენია, მცირედი იმედი ვიქონიოთ, რომ ესეც ნაპოლეონივით არ დაამთავრებს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here