მთავარი პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: მეტი რა მტკიცებულება უნდათ, მაინცდამაინც ვინმე უნდა მოკლან და სახურავზე...

ნანა კაკაბაძე: მეტი რა მტკიცებულება უნდათ, მაინცდამაინც ვინმე უნდა მოკლან და სახურავზე დააგდონ, როგორც 26 მაისს?!

1120
გააზიარეთ
ნანა კაკაბაძე

მიუხედავად იმისა, რომ 20-21 ივნისის ავბედითი მოვლენებიდან უკვე სამ კვირაზე მეტი გავიდა და დაახლოებით ამდენივე ხანია, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, “ნაცმოძრაობისკრიმინალური ხროვა, რომელიც იმ ღამით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდებებით ხელმძღვანელობდა, ისევ დაუსჯელია. ნიკანორ მელიას, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, დავით ბაქრაძეს და სხვებს არათუ შესაბამისი სიმკაცრის მუხლები ვერ მიუყენეს, ზოგიერთი მათგანის დაკითხვაზე მიყვანაც კი ძლივს მოხერხდა.

დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულმა ნიკანორ მელიამ, რომელიც, წესით, სამართალდამცველებს იმავე ღამეს უნდა “გაესკვანჩათ” და “ვირის აბანოში” გაემწესებინათ, როგორც ძალადობის მთავარი მაპროვოცირებელი, გამოძიებას დაცინვაც დაუწყო და ერთ-ერთ ჩართვაში ირონიულად განაცხადა, რომ, თუ საჭიროდ არ ჩათვლის, დაკითხვაზე არ მივა. ამას მოჰყვა სხვა შედარებით წვრილფეხა “ნაცსექტანტების” (როგორიცაა ხატია დეკანოიძე, ელენე ხოშტარია და სხვ.) ცინიკური კომენტარები, რომ “ივანიშვილის პროკურატურა ფეხებზე ჰკიდიათ” და მიმდინარე გამოძიება არ აინტერესებთ, რომ მათთვის ეს ხელისუფლება აღარ არის ლეგიტიმური და ა.შ. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ამ პროცესებმა, ბრალდებებმა და პოლიტიკურმა გაწევ-გამოწევებმა ორი რამ ცხადყო (რაც, ალბათ, არც არავისთვის იყო საიდუმლო): ერთი ის, რომ საზღვარგარეთ გაქცეული “ნაცბელადის” კრიმინალურ ხროვას გამჩენი არ ასვენებს და გაჩერებას მანამ არ აპირებს, სანამ ქვეყანას საბოლოოდ არ არევს; მეორე _ “მეოცნებე” ხელისუფლება დამნაშავეების დასჯისა და სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით ისევ სრულიად უუნაროა, თუმცა უუნარობასთან ერთად, როგორც ჩანს, ორ პარტიას შორის 2012 წელს გაფორმებული პოლიტიკური ქორწინება გრძელდება და, მიუხედავად წყენისა, რაც, ეტყობა, დიდწილად სააკაშვილის ივანიშვილისადმი პირადი ბოღმითაა განპირობებული, ოლიგარქი მათთან გაყრას არ აპირებს…

რატომ არ არის მართლმსაჯულება ადეკვატური ერთი კონკრეტული პარტიის _ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის დანაშაულებრივი ქმედებებისადმი და საბოლოოდ რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს მან ქვეყანაში?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, “ნაცმოძრაობასადა მის განაყოფ პოლიტიკურ პარტიებს 20-21 ივნისის ღამის სისხლიანი პროვოკაცია, ისევე შერჩათ, როგორც მანამდე წლების მანძილზე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. ის ხალხი, რომელმაც ძალადობის პროვოცირება მოახდინა, დღემდე დაუსჯელია და, ალბათ, არც დაისჯებიან დანაშაულის შესაბამისად. როგორ ფიქრობთ, რა პრობლემებია დღეს გამოძიებაში, რა უშლის ხელს პროკურატურას, უფრო ქმედითი რომ იყოს?

_ დავიწყოთ იმით, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, რაც დავინახეთ და რაც ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის, არის ის, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი აზროვნება ძალიან დაბალ დონეზეა. განსაკუთრებით ეს ეხება სახელისუფლო გუნდს, უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ რგოლს, რომელიც უსუსური აღმოჩნდა ამ პროცესებში. ანუ, თვით იმ შეფასებებიდან გამომდინარე, რომლებიც გაკეთდა და კეთდება, ცხადია, რომ ამ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სახელმწიფო და რას ლაპარაკობს კანონი. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა აბრკოლებს მართლმსაჯულებას, ეს ძალიან დიდი თემაა და, ბუნებრივია, მოკლე შეფასებებით ვერ ამოვწურავთ, მაგრამ, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, აქაც ისევ სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტამდე მივალთ. როდესაც სახელმწიფო სისტემა მოშლილია და პოლიტიკური ველი არაჯანსაღ ძალებს აქვთ მონოპოლიზებული, იქ ეფექტიან მართლმსაჯულებაზე საუბარიც ზედმეტია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ არაჯანსაღი ძალების არსებობა მუდმივად სტრესში ამყოფებს საზოგადოებას და ეს ცალკე დესტრუქციულ პროცესებს იწვევს ქვეყანაში…

_ დავაკონკრეტოთ, რომელ ძალებს გულისხმობთ და რა ბერკეტები აქვთ მათ დესტრუქციული პროცესების ინსპირირებისთვის

_ როდესაც გამოდის გიგა ბოკერია, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ოპონენტების დევნისა და დარბევის გარდა არაფერს აკეთებდა, და გელაპარაკება გამოხატვის თავისუფლებაზე, ეს უკვე ერთგვარი დესტრუქციაა. დესტრუქციაა, როცა გიგი უგულავა, რომელიც, წესით, ციხეში უნდა იჯდეს, შეშფოთებული სახით გელაპარაკება დემოკრატიაზე. საერთოდ, როდესაც გამოხატვის თავისუფლება ფარად იქცევა რეაქციული ძალებისთვის, იქ პროცესები უმართავი ხდება. ამიტომ არის აუცილებელი, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს მყარად ჩამოყალიბებული, ურყევი და მტკიცე სამართლებრივი პოლიტიკა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც არსებულმა ხელისუფლებამ დღიდან სათავეში მოსვლისა დაამტკიცა, იყო ის, რომ ამის გამკეთებელი არ არის. არ არის იმიტომ, რომ არც ნება აქვთ და არც უნარი. მეორე მხარეს კი არის ძალიან მძლავრი და კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც გაჩერებას არ აპირებს. ცხადია, “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ…

რაც შეეხება შედეგს, ვიღაცას შეიძლება ჰგონია, მათ შორის ხელისუფლებაშიც, რომ, რადგან დაძაბულობამ გადაიარა, შეგვიძლია, დავწყნარდეთ, მაგრამ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: სანამ სააკაშვილის კრიმინალური ბანდა რჩება ხელუხლებელი და სარგებლობსოცნებისმიერ მინიჭებული პოლიტიკური პრივილეგიებით; სანამ მათ მიერ ცხრა წლის განმავლობაში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები სამართლებრივად არ შეფასდება, ეს კრიმინალური ხროვა ყოველთვის იქნება სახელმწიფოს თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი; ეს ბოროტება არ დასრულდება და, თუ ვინმეს ჰგონია, ისინი დაიღლებიან, ძალიან ცდება. ჯერ ერთი, ბოროტი ბოროტმოქმედებით არ დაიღლება, იმიტომ, რომ ეს მისი ცხოვრების წესია; და მეორეც _ სააკაშვილმა იცის, რომ ნორმალურ, მშვიდობიან, ცივილიზებულ არჩევნებში მას გამარჯვების შანსი არ აქვს, ამიტომ ცდილობს თავის გარემოცვასთან ერთად მუდმივად დაძაბულობა შექმნას, ასე რომ, ეს ყველაფერი მხოლოდ დროის საკითხია. არ გამოუვიდათ ამ ჯერზე? ხვალ-ზეგ ისევ ეცდებიან… ისეთ რამეზე წავლენ, რომ ზოგს შეიძლება წარმოდგენაც გაუჭირდეს…

_ საბოლოოდ რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამას, რით შეიძლება ეს დაძაბულობა დასრულდეს?

_ ეს პროცესები რასაც იწვევს, უკვე ვნახეთ. ეს პროცესები იწვევს სახელმწიფოს ჩამოშლას. ლარის კურსი დაეცა, ფულადი გზავნილები შემცირდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ექსპორტის საკითხი… რომელი ერთი ჩამოვთვალო. თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ადამიანმა უკვე საკუთარ ჯიბეზე იწვნია ამ კრიმინალური ჯგუფების მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგები. მიუხედავად ზიანისა, რომელსაც ჯერ კიდევ სრულად ვერ გრძნობს ქვეყანა, სამწუხაროდ, არ მომისმენია მსჯელობა გამოსავალზე. ყველა აკეთებს ზედაპირულ ანალიზს, მაგრამ არავინ ამბობს, რა ეშველებათ, მაგალითად, კახელ მეღვინეებს, გლეხებს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაზე არიან დამოკიდებულნი. კიდევ ვიმეორებ: ქვეყანაში დაუსჯელად მოქმედმა კრიმინალურმა ჯგუფებმა _ “ნაცმოძრაობამ” და მისმა აქტივმა, რომლებსაც დღეს გულწრფელი პროტესტით გამოსულ საზოგადოებად ასაღებენ, მოსახლეობას სიცოცხლის უფლება დააკარგვინა. ვინ მიხედავს ამ ადამიანებს?! ვინ დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც კრედიტები აქვთ აღებული და, თუ რამე ჰქონდათ, ბანკებში აქვთ ჩადებული?!

ახლა აქვე მინდა გამოვეხმაურო უშუალოდ 20 ივნისს პარლამენტში გათამაშებულ ბინძურ პროვოკაციას, რომელიც თავიდან ბოლომდე დადგმული იყო. ბევრს სჯერა, რომ ეს იყო მოსახლეობის გულწრფელი აღშფოთება და ზოგი ამართლებს კიდეც… კი, ბატონო, პროტესტი გასაგებია, მაგრამ გამოხატვის ფორმას ხომ აქვს დიდი მნიშვნელობა?! მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, დაწყებული საბჭოთა პერიოდიდან, დამთავრებული შემდგომი დროით, ოპოზიციაში ვიყავი და ხელისუფლების საწინააღმდეგო არც ერთი აქცია არ გამომიტოვებია, მაგრამ ქვეყნისთვის ასეთი დამანგრეველი ღონისძიებები ვის თავში მოიხარშებოდა?! ვის მოუვიდოდა აზრად და ვინ იტყოდა, რომ საკანონმდებლო ორგანოზე მიეტანათ შტურმი და სისხლის ტბა დაეყენებინათ?!

_ თავის დროზე, როცა ხელისუფლებამ ხალხს იმედი გაუცრუა და სამართლიანობის აღდგენის ნაცვლადნაცმოძრაობასთანკოაბიტაცია გამოაცხადა, ბევრი ამბობდა, რომ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა დამნაშავეების დასასჯელად. ითქვა ისიც, რომ სააკაშვილს დასავლეთი მფარველობდა და მართლმსაჯულებას ეს აბრკოლებდაშეიძლება, დღესაც არსებობდეს მსგავსი ფაქტორები?

_ რა ძალებიც უნდა მფარველობდეს დამნაშავეებს შენს ქვეყანაში, თუ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს, არ შეიძლება, გარედან განხორციელებული წნეხი ხალხის დაკვეთაზე მნიშვნელოვანი იყოს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, სრულიად საქართველო უყურებდა პირდაპირ ეთერში, რაც მოაწყვეს. მეტი რა მტკიცებულება უნდათ?! მაინცდამაინც ვინმე უნდა მოკლან და სახურავზე დააგდონ, როგორც 26 მაისს?! როგორც ჩანს, ამასაც მოვესწრებით და უარესებსაც, იმიტომ, რომ ესენი არ გაჩერდებიან. სააკაშვილი აუცილებლად მოაწყობს კიდევ ერთ სასაკლაოს საქართველოში, თუ თავის დანაშაულებრივ გარემოცვასთან ერთად დროულად არ გაისტუმრებენ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ყოველ შემთხვევაში, ეცდება…

_ გამოსავალს ხედავთ? რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომნაცმოძრაობისსიხლიანი გეგმა არ შესრულდეს?

_ მოკლედ ვიტყვი: სანამ ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს ადგენენ ადამიანები, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ; სანამ პარლამენტში სხედან ბოკერია _ 7 ნოემბრისა და 26 მაისის ერთ-ერთი შემოქმედი, უგულავა _ ზონდერი და სხვა დამნაშავეები, გამოსავალზე საუბარი შეუძლებელია. ესენი არასოდეს მისცემენ ჯანსაღ ძალებს იმის საშუალებას, რომ სათავეში მოვიდნენ. ასე რომ, ვერ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლებოდა გვქონოდა, საზოგადოების ერთიანობა იყო, მაგრამ ახლა უკვე ამაზეც მიდის შეტევები. “ანტისაოკუპაციო” ძალები, “პუტინისტები…” უკვე დაყვეს ადამიანები, ანუ ხელოვნურად შეიქმნა დაპირისპირებული ჯგუფები და ამ ჯგუფებზე მანიპულირებით მიდის ბინძური პოლიტიკური თამაში. კიდევ ვიმეორებ: სანამ დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე და სხვა მაღალ იდეალებზე გველაპარაკებიან ადამიანები, რომლებმაც შრომის წიგნაკი პარლამენტში გახსნეს და პარლამენტიდანვე გადიან პენსიაზე, ქვეყანა მუდმივად იქნება უკუსვლის რეჟიმში. ამ ადამიანების ხელში საქართველოს მომავალი არ აქვს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here