მთავარი პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: თუ ოდესმე ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება, აუცილებლად გაასამართლებს როგორც “ნაცმოძრაობას”, ისე...

ნანა კაკაბაძე: თუ ოდესმე ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება, აუცილებლად გაასამართლებს როგორც “ნაცმოძრაობას”, ისე მისი დანაშაულების დამფარავ “ოცნებას”

დანაშაულის დაფარვა და ხელისშეწყობა თვით დანაშაულის ჩადენაზე არანაკლებ მძიმე დანაშაულია

736
გააზიარეთ
ნანა კაკაბაძე

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 26 ნოემბერს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე 21 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მრავალპარტიული არჩევნები არის ის, რაც ქვეყანამ დაიმსახურა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ წელს, განსხვავებით 2016 წლის არჩევნებისგან, ამომრჩეველთა გაცილებით მაღალი აქტივობა იყო, ადასტურებს, რომ საზოგადოება, ხელისუფლებასთან ერთად, რვა ოპოზიციურ პარტიას (მათ შორისნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოსდა სხვ.) ავალებს, ერთად მართონ ქვეყანა. მისივე შეფასებით, 2020 წლის არჩევნებით ქვეყანამ, პირველად თავის ისტორიაში, მიიღო ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც საზოგადოების უმთავრესი დაკვეთა და უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უმთავრესი მოთხოვნა “ქართული ოცნებისადმი” და, შესაბამისად, “ოცნების” მთავარი დაპირებაც 2012 წელს იყო სამართლიანობის აღდგენა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის, გასამართლებას გულისხმობდა. სათავეში მოსვლიდან მალევე აღნიშნული დაპირება კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უარყო და სამართლებრივი პროცესის დაწყების ნაცვლად ყოფილ ხელისუფლებასთან კოაბიტაცია გამოაცხადა. დღეს კი იგივე ხელისუფლება პრემიერის პირით გვეუბნება, რომ საზოგადოების სურვილია, ქვეყანა “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის პოლიტიკურ განაყოფებთან ერთად მართოს.

რეალურია თუ არა პრემიერმინისტრის შეფასება საზოგადოების დაკვეთაზე და რას ემსახურება მსგავსი შეფასებები _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ რამდენიმე დღის წინათ გაკეთებულ განცხადებას თუ დავუჯერებთ, 21 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოების დაკვეთაა, ქვეყანაოცნებასთანერთადნაცმოძრაობამ”, მისმა განაყოფებმა და მოკავშირეებმა მართონ. ეს მან პირდაპირ ეთერში პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორ ფიქრობთ, ადეკვატურია მთავრობის მეთაურის შეფასება? და რეალურად რა გზავნილია ეს, როგორც პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე საზოგადოებისთვის?

_ პოლიტიკური სპექტრი და მოცემულობა ცალკე თემაა, მაგრამ საზოგადოების უმთავრესი და უპირველესი მოთხოვნა რაც იყო “ქართული ოცნებისადმი” ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როცა ისინი ხელისუფლებაში არ იყვნენ, ყველამ ვიცით. ეს იყო სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავეების ჩამოშორება ხელისუფლებიდან და მათი გასამართლება, რომელიც მერე და მერე ყბადაღებულ თემად იქცა, რადგან ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ არა თუ შეასრულეს ეს პირობა, პირიქით _ დაუფარავად დაიწყეს თანამშრომლობა კრიმინალებთან. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, სრული ცინიზმია დღეს იმაზე საუბარი, რომ, თურმე, ქართველი ხალხი ხელისუფლებას ეუბნება, დამნაშავეებთან ერთად მართოს ქვეყანა. ხალხი მათ ეუბნებოდა და დღეს უკვე აღარ ეუბნება, ვინაიდან აზრი დაკარგა, რომ უნდა გაესამართლებინათნაცმოძრაობისსისხლიანი რეჟიმი, გამოეძიებინათ გამოუძიებელი საქმეები, კონკრეტული ადამიანებისთვის დაებრუნებინათ წართმეული ქონება და .. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საზოგადოებას ეს უკვე დაავიწყდა და ამ ყველაფერმა აქტუალობა დაკარგა.

ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ დაუსჯელი დანაშაული, დაუსჯელი კრიმინალი, მით უმეტეს, როცა საქმე სახელმწიფოებრივ დანაშაულებს ეხება, შესაძლებელია, რომ დავიწყებას მიეცეს. ასეთი დანაშაულები ყოველთვის ტოვებს წარუშლელ კვალს და რა დროც არ უნდა გავიდეს, რა პერიოდიც, ის ყოველთვის იქნება დალექილი საზოგადოების მეხსიერებაში, როგორც ძალიან ცუდი და სამარცხვინო “პრაქტიკა”.

რაც შეეხება კონკრეტულად პრემიერსა და მის შეფასებას, ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, ალბათ, უფრო ერთგვარი მოწოდება იყო ოპოზიციური სპექტრისადმი, წამოვიდნენ კონსტრუქციულ დიალოგზე და შევიდნენ პარლამენტში. თუმცა, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ბატონ გახარიას კარგად უნდა ესმოდეს ერთი რამ: ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა არჩევანი იმაზე კი არ გააკეთა, რაც რეალურად სურდა, არამედ არჩევანი გააკეთა ცუდსა და უარესს შორის

_ საერთოდ, ბოლო პერიოდში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ერთგვარი ხვეწნის რეჟიმშია ოპოზიციასთან. თითქოს მმართველი გუნდი უფროა მონდომებული ოპოზიციის პარლამენტში შესვლით, ვიდრე თვითონ ოპოზიცია. რით არის ეს განპირობებული?

_ არ ვიცი, ხელისუფლება რას ცდილობს და რა პროცესები მიდის შიდაპოლიტიკურ სამზარეულოში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ისინი, უკვე დიდი ხანია, მათ მიერვე წლების წინათ შექნილი მახინჯი პოლიტიკური მოცემულობის ტყვეობაში არიან. დღეს, პრაქტიკულად, ასეთი რეალობა გვაქვს: ხელისუფლება მის მიერვე გაცოცხლებულ და მთავარ ოპოზიციად გამოცხადებულნაცმოძრაობასშეჰყურებს თვალებში. შევლენ ისინი საკანონმდებლო ორგანოში _ გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც დემოკრატიული დასავლეთი მოიწონებს; არ შევლენ და პროტესტის ნიშნად უარს იტყვიან მანდატებზე, რაც, ალბათ, არ მოხდება _ “ოცნებასუჩნდება თავსატეხი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი, ჯამში, არის ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის სიმახინჯე, რომელიც განპირობებულია დანაშაულით. მხედველობაში მაქვს ის, რომ თავის დროზე კრიმინალებს გამოუცხადეს პოლიტიკური ხელშეუხებლობა და მეტიც, მათ მისცეს ერთგვარი სტიმულიც კი, როცა რიგ მნიშვნელოვან თანამდებობებზე დატოვეს ძველი კადრები, თუმცა ზოგი დააწინაურეს კიდეც და უფრო სერიოზულ პოსტებზე დანიშნეს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლება, ძირითადად, ისევ დაუტოვეს რეჟიმის მსახურებს და პარალელურად მოხდა უამრავი ნაციონალის პორტირებაოცნებაში”. აი, ამ ყველაფერმა შექმნა ის რეალობა, რომ დღეს “ქართული ოცნება” საკუთარი მახინჯი პოლიტიკის მძევალია…

_ იმ ფონზე, როცანაცმოძრაობას”, ისევე, როგორც მთლიანად .. პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრს, დასავლეთის სერიოზული მხარდაჭერა აქვს, შესაძლებელია ამ რეალობის შეცვლა?

_ ვფიქრობ, ამისთვის არ იქნება და არც თავის დროზე იქნებოდა საკმარისი მხოლოდ რეჟიმის გასამართლება. არ იქნებოდა საკმარისი, თუნაცმოძრაობისწარმომადგენლებს, დანაშაულების შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ. ამისთვის აუცილებელი იყო, “ოცნებასგაეხსნა პოლიტიკური ასპარეზი და მიეცა საშუალება ეროვნული ძალებისთვის, რომ თავისუფლად ემოქმედათ. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, გაცილებით ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს მივიღებდით და თვითონ ხელისუფლებისთვისაც იქნებოდა გაცილებით ჯანსაღი გარემო. ახლა რაც შეეხება იმას, რომ, თურმე, “ნაციონალურ მოძრაობას” თავის ელექტორატი ჰყავს და ამის გამო მისი უგულებელყოფა არ შეიძლება, ეს ხშირად მოჰყავთ ხოლმე გარკვეულ სუბიექტებს “არგუმენტად”. რა თქმა უნდა, ყველა ბოროტ ძალას ჰყავს გარკვეული რაოდენობა მომხრეების, სხვანაირად ის ვერც იქცევა ძალად. მათ შორის, წარმოიდგინეთ, ფაშისტურ გერმანიაში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ჰიტლერის ნაცისტური პარტიის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ის ბოროტება, რომელიც ნაცისტებმა ჩაიდინეს, დაუსჯელი უნდა დარჩენილიყო?! სხვათა შორის, ბევრისგან მომისმენია და ეს, ალბათ, ყველაზე ყბადაღებული “არგუმენტია”, რომ ხელისუფლებამ სამართლიანობა დასავლეთის შიშის თუ ზეწოლის გამო ვერ აღადგინა. ეს რა ლოგიკაა? რა, იმავე დასავლეთის მითითება რომ იყოს, დათმეთ ტერიტორიებიო, დათმობენ?! არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულები დატოვეს გაუხსნელი. მათ შორის ისეთი დანაშაულები, რომელთა პირდაპირი მტკიცებულებები ხელის გულზე დევს. აი, ეს არის რეალობა და ამის ფონზე საუბარი, რომ, თურმე, ქართველი ხალხი ხელისუფლებას ეუბნება, დამნაშავეებთან ერთად მართეთ ქვეყანაო, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური უტიფრობაა. ქართველ ხალხს “ნაცრეჟიმის” მმართველობა რომ ნდომოდა, ცხრა წელი ხელისუფლების სათავეში გვყავდა და ამდენი უბედურება არ დატრიალდებოდა მათ გასასტუმრებლად. ისე, “ოცნებამ” ერთი რამ უნდა იცოდეს და გააცნობიეროს: წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, დანაშაულის დაფარვა და ხელისშეწყობა თვით დანაშაულის ჩადენაზე არანაკლებ მძიმე დანაშაულია. მათ ეს უკვე ჩაიდინეს, როცა კრიმინალებთან კოაბიტაცია გამოაცხადეს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, თუ ოდესმე საქართველოს ნორმალური ხელისუფლება ეყოლება, _ და მინდა, მჯეროდეს, რომ ეყოლება, _ აუცილებლად პასუხს აგებს, როგორცნაცმოძრაობა”, ისე მისი დანაშაულების დამფარავი დაშემწყალებელი” “ქართული ოცნება…”

_ თუმცა, სულ ცოტა, მომდევნო ოთხი წელი ამ პოლიტიკურ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება.

_ არათუ ოთხი წელი, თუ ქვეყანაში არ შეიქმნება და არ ჩამოყალიბდება ჯანსაღი ძალა, რომელიც განსხვავებით დღევანდელი პარტიებისგან, გარედან არ იქნება მართული, კიდევ მრავალი ათეული წელი დავრჩებით ამ დამღუპველ, დამანგრეველ და სახელმწიფოსთვის გამანადგურებელ მოჯადოებულ წრეზე. ეს, როგორც ორჯერ ორი _ ოთხი, ისეა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკური ძალები და ამ ძალებისგან შემდგარი ბირთვი, რომელიც რეალურ ალტერნატივას შექმნის ქვეყანაში. მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა სათავეში მყოფ ძალას _ ნაცები თუ ქოცები, კურსი დარჩება იგივე და განუხრელად გაგრძელდება მავნე პოლიტიკა, რომლის უცვლელი პრინციპიც არის ის, რომ სუფთა წარსულის მქონე, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები არ დაუშვან პოლიტიკაში, ხოლო მმართველობის სადავეები უნდა ეპყრათ გარედან მართულ მოღალატეებს.

რაც შეეხება იმას, რომ, თურმე ამ არჩევნებით უპრეცენდენტოდ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღეთ, რომელიც ქართული დემოკრატიისთვის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ყოფილა, ამ არჩევნებით ჩვენ მივიღეთ კრიმინალების უპრეცენდენტო რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც დემოკრატიას, რა გაგებითაც გნებავთ, არანაირად არ უკავშირდება _ არც შინაარსობრივად და არც მრავალფეროვნების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ სახელები შეიძლება სხვადასხვა ჰქვიათ: ზოგს _ “ვეროპული საქართველო”, ზოგს _ “სტრატეგია აღმაშენებელი” და ა.შ., მაგრამ რეალურად ერთი პარტიაა _ ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”. ეს ძალა და მისი განაყოფები, მიუხედავად ყველაფრისა, წარმატებით განაგრძობენ ქვეყნის განადგურებას…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here