მთავარი პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: ეს არის XXI საუკუნის გაცხადებული კოლონიალიზმი

ნანა კაკაბაძე: ეს არის XXI საუკუნის გაცხადებული კოლონიალიზმი

სად არის ფაქტები, რომლებიც დაამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე გადავიდა და, საერთოდ, მათ ვინ ეკითხება, ვინ ვისი პარტნიორია?!

1177
გააზიარეთ
ნანა კაკაბაძე

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებზე 11 ივნისს ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებითამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”, რომელშიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება საქართველოზეც გამახვილდა. კვლევის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოში თურმე კრემლის პოლიტიკა და გავლენა დღითიდღე ძლიერდება ქვეყანაში არსებული გარკვეული პრორუსული ჯგუფების ძალისხმევის შედეგად. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, პუტინისახლო მოკავშირედა მითითებების შემსრულებელია, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში სხვადასხვა ფორმით ახორციელებს დესტაბილიზაციას.

კონგრესმენების შეფასებით, ვაშინგტონმა დღეს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი და შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, არ დაუშვას რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქების გავლენების გაძლიერება, რაც ადრე თუ გვიან უმართავ პროცესებს გამოიწვევს ამ ქვეყნებში. მეტიც, ამისთვის, მათი შეფასებით, შესაძლოა, ამოქმედდეს სპეციალური სანქციებიც, რაც სერიოზულად დაარტყამს რუსულ “დეზინფორმაციულ მანქანას” და “კრემლის მოკავშირე ოლიგარქებს” აიძულებს, ხელი აიღონ პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერაზე…

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კრემლის გავლენისა და “რუსული პროპაგანდის” არსებობაზე ამერიკელი კონგრესმენები უკვე მერამდენედ აქვეყნებენ სპეციალურ წერილებსა თუ განცხადებებს, რომლებშიც დესტაბილიზაციის საფრთხეებზეა საუბარი, მაგრამ, მიუხედავად განგაშისა, ვერც ერთ ანგარიშსა თუ განცხადებაში კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც გამოთქმულ მოსაზრებებს დაასაბუთებდა, არ ყოფილა…

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილიპუტინის ახლო მოკავშირედა რეალურად რა მიზანს ემსახურება კონგრესმენების შეფასებები საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებაზე _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშს თუ დავუჯერებთ, საქართველოში რუსული გავლენები დღითიდღე ძლიერდება, ივანიშვილი კი უშუალოდ პუტინის მოკავშირე და მისი ბრძანებების შემსრულებელიარა აზრის ხართ ამ ანგარიშზე?

_ ბოლო პერიოდში ძალიან უცნაური და გამაოგნებელია დასავლელი, განსაკუთრებით, ამერიკელი მაღალჩინოსნების ქცევები, რომლებიც ამოვადნილნი არიან ყველანაირი კონტექსტიდან და აკეთებენ სრულიად გაუგებარ განცხადებებს საქართველოზე. ეს არანაირი დიპლომატიის ჩარჩოებში არ ჯდება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ რიტორიკით ბუნდოვანი ხდება ამ ადამიანების მიერ (კონგრესმენებს ვგულისხმობ) დემოკრატიის, თავისუფლებისა და იმის აღქმა, როგორი უნდა იყოს 21- საუკუნის ცივილიზებულ სამყაროში სუვერენული სახელმწიფო.

რაც შეეხება ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ცხადია, კონგრესმენებს არ ეშლებათ, რომ ნებისმიერი ბრალდება, ვის მიმართაც უნდა იყოს ის, კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში გვესმის მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებები. არადა, ფაქტია, რომ ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლის დღიდან რუსეთთან ურთიერთობების მოსაგვარებლად ნაბიჯიც კი ვერ გადაიდგა და ორ ქვეყანას შორის დიალოგში რეალური გარღვევა ვერ მოხერხდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რიტორიკა შერბილდა და დედას აღარ აგინებენ კრემლის მესვეურებს, როგორც ამას თავის დროზე სააკაშვილი აკეთებდა. ახლა ეს თუ არისპუტინის ახლო მოკავშირეობა”, მაშინ კი ჰქონიათარგუმენტები”. ხელისუფლება, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში კარასინიაბაშიძის ფორმატს ვერ გასცდა და მზად არის, დასავლელი მაღალჩინოსნების თითის დაქნევით პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვას ციხიდან ორი უმძიმესი დამნაშავე, რა ლოგიკით შეიძლება დაადანაშაულო რუსეთის მიმართ ლოიალურობაში, უბრალოდ, გაუგებარია

_ ამ დღეებში ბევრი ითქვა და დაიწერა, რომ საქართველოშირუსული პროპაგანდისდა, საერთოდ, გავლენების არსებობაზე აპელირებანაცმოძრაობისდასავლელი ლობისტების მიერ არის ინსპირირებული. როგორ ფიქრობთ, ის 13 ამერიკელი კონგრესმენიც ამ ჯგუფს განეკუთვნება?

_ ეს არის პირდაპირ სააკაშვილის ლობისტური ჯგუფი, რომელიც პერიოდულად აქტიურდება და ახორციელებს თავდასხმებს ხელისუფლებაზე. ამაში გასაკვირიც არაფერია, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ხელისუფლება არის სირაქლემას პოზაში. იმის ნაცვლად, რომ ოფიციალურ დონეზე გააკეთოს განცხადება, გასცეს პასუხი ბრალდებებს და მოითხოვოს იქითა მხრიდანაც შესაბამისი პასუხები, გასუსულია. რას ნიშნავს ეს, თუ არა, ფაქტობრივად, მწვანე შუქის ანთებას დესტრუქციული გარე ძალებისთვის? ახლა ვიღაც იტყვის, რომ ეს კონგრესმენები ამერიკის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავენ და მათი განცხადება თუ ანგარიში გადამწყვეტი არ არის. კი, ბატონო, მაგრამ კონგრესმენები ხომ არ არიან რიგითი მოქალაქეები, რომელთა სიტყვასაც არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს?! მაშინ გამოვიდეს თეთრი სახლის რომელიმე ოფიციალური პირი და გააკეთოს განცხადება, რომ ეს მათი პოზიცია არ არის.

_ რა არის ხელისუფლების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისთვის, რომ მსგავს განცხადებებს, კონგრესმენების მხრიდან იქნება ეს თუ ევროკავშირის წარმომადგენლებისგან, ადეკვატური პასუხი გასცეს? რა აკავებსქართულ ოცნებას”?

_ პირველი და მთავარი არის ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. მათი მთავარი ორიენტირი გადაწყვეტილებების მიღებისას ის კი არ არის, ხალხი რას იტყვის და როგორ აღიქვამს, არამედ ის, როგორ გაიგებენ ამ ყველაფერს დასავლეთში. მეორე _ ხელისუფლება პოლიტიკურად უხერხემლო და უუნაროა, რაც ჯერ კიდევ წლების წინათ გამოჩნდა: ხალხის მოტყუება ამჯობინეს ე.წ. დემოკრატიული დასავლეთის განაწყენებას. ვგულისხმობ იმას, რომ თავდაპირველად თითქოს მოინდომეს სამართლიანობის აღდგენა, მერე კი დასავლეთის დირექტივებით დაპირებებზე ხელი აიღეს. რაც შეეხება ისევ იმ ბრალდებას, რომ თურმე საქართველო ნელ-ნელა რუსულ ორბიტაზე გადადის და კრემლის მოკავშირე ხდება, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ჯერ ერთი, სად არის ფაქტები, რომლებიც ამ ყველაფერს დაამტკიცებს და მეორეც _ მაგათ ვინ ეკითხება, ვინ ვისი პარტნიორია?! ეს ხომ 21- საუკუნის გაცხადებული კოლონიალიზმია, როცა, პრაქტიკულად, არჩევანს არ გიტოვებენ და არც კითხულობენ, რა შეიძლება შედიოდეს მოცემულ მომენტში შენს სახელმწიფოებრივ ინტერესებში

_ არსებობს მოსაზრება, რომ დასავლელი მაღალჩინოსნების მხრიდან რუსულ პროპაგანდასა და გავლენაზე აპელირება ქვეყანაში არეულობისთვის გარკვეული წინაპირობების შექმნას ემსახურება. თქვენი აზრით, 13 კონგრესმენის მოხსენებაც გარკვეულწილად იმაზე ხომ არ არის გათვლილი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რევოლუციური ატმოსფერო შეიქმნას?

_ მსგავსი სურვილი რომ არსებობს და ის არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებულ დესტრუქციულ ძალებს, არამედ მათ მოკავშირე გარკვეულ დასავლურ ჯგუფებსაც აქვთ, არახალია, მაგრამ არის ერთი გადაულახავი ბარიერი, რომელსაც ისინი ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებენ. ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ და ვერ რაზმავენ მოსახლეობას, თორემ, ეს ფაქტორი რომ არ იყოს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რევოლუცია ოქტომბრამდე მოხდებოდა. საერთოდ, დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური მოცემულობა არის ერთგვარი ნონსენსი იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლება სარგებელს ნახულობს ძალებისგან, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან არეულობაზე. რომ არა “ნაცმოძრაობა”, რომელიც ნამდვილად კარგი საფრთხობელაა საზოგადოების დასაზაფრავად, “ოცნება” დიდი ხნის გასტუმრებული იქნებოდა. ეს ყველამ ვიცით; და ეს არის ზუსტად ის მავნე პოლიტიკური რეალობა, რომელიც ჩვენ, ფაქტობრივად, არჩევანის საშუალებას არ გვაძლევს.

შეკითხვას რაც შეეხება, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან მარტივია. სანამ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსით არსებობენ სუბიექტები, რომელთა პოლიტიკური მომავალიც, მათივე გათვლებით, რევოლუციასა და არეულობას უკავშირდება, მანამ დესტაბილიზაციასა და უმართავ პროცესებს უნდა ველოდოთ. ამაში, ალბათ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება…

_ როგორ ფიქრობთ, არსებობს პერსპექტივა, რომ ქვეყანა ნელნელა გამოვიდეს ამ ვითარებიდან? ხედავთ ამის წინაპირობას?

_ ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, მაგრამ ცოცხალი პოლიტიკური პროცესი ცვლილებებს, მათ შორის ძირეულს და ფუნდამენტურს, არასდროს გამორიცხავს. საქართველოს დღევანდელ ვითარებაში აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა: მისი საგარეო პოლიტიკა იყოს დაბალანსებული. დაბალანსებული იმ დიდ გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის, რომელთა ინტერესები აქ ობიექტურად იკვეთება. აი, ეს მოგვცემს ზუსტად ლავირების საშუალებას საგარეო ასპარეზზე, მუდმივად ერთი რომელიმე ცენტრის ბრმა იარაღი რომ არ ვიყოთ. სხვანაირად სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანწყალს დავკარგავთ. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, იმიტომ, რომ ეს კურსი და, საერთოდ, ბოლო პერიოდში რაც ხდება ჩვენ გარშემო, ვგულისხმობ კონგრესმენების რიტორიკას, ევროპარლამენტარების ზემოქმედებას და ა.შ., არის ერთგვარი თვითგანადგურების რეჟიმი. ამით ქვეყანას, პრაქტიკულად, არაფერი ელოდება, გარდა იმისა, რომ ხუთ-ათ წელიწადში ჩვენ გავხდებით ოფიციალური კოლონია, რომელსაც ფორმალურადაც აღარ დაუდგამენ დემოკრატიის სპექტაკლებს და პირდაპირ, დაუფარავად დაუდებენ გეგმას, როგორ ემსახუროს სხვის ინტერესებს საკუთარი ეროვნული, სტრატეგიული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ამოცანების წინააღმდეგ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here