მთავარი საზოგადოება “ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა”

“ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა”

41
გააზიარეთ

2 აგვისტო ერის მამის, წმ. ილია მართლის ხსენებისა და საქართველოს პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეა. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე მოიხსენიებს სპარსთაგან წამებულ წმ. სალომე ქართველსა და ელია წინასწარმეტყველს, თხოთის მთასა ზედა აღსრულებულ სასწაულს, რომელიც წმ. მეფე მირიანს შეემთხვა.

ერის მამა _ წმიდა ილია მართალი

1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი”.

წმიდა ილია მართალმა სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით “ლოცვა”:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;

არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,

არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…

არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,

შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,

რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,

გთხოვდე: “შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”

წმიდა სალომე ქართველი, სპარსთაგან წამებული

წმიდა სალომე ქართველის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი: “ამასვე დღესა (ძვ. სტ. 20 ივლისი) წამებაი სალომე ქართველისაი, რომელი პირველ შესცთა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო. ამისა შემდგომად კუალად აღიარა სარწმუნოებაი ქრისტესი და თავი წარეკუეთა და ცეცხლისა მიერ სრულ იქმნა წამებაი მისი”.

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის “მიმოსლვაში” აღნიშნავს, რომ “მუნ (ე.ი. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში) წამებულა წმიდა მოწამე სალომე, რამეთუ შეუპყრიესთ უსჯულოთა და დატევებისათვის სჯულისა აიძულებდენ რა, განბასრა სარწმუნოება მათი მხნემან მან. ამის შემდგომად ცეცხლითა და მახვილითა უწამებიათ სანატრელი იგი”. როგორც ჩანს, სალომე ქართველი იყო იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწე ქალი. ვარაუდობენ, რომ ის ეწამა წმიდა ლუკა იერუსალიმელის (+1227, ხს. 12 თებერვალს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ.

საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღე

1977 წელს, როდესაც ილია II აღსაყრდა საპატრიარქო ტახტზე, მძიმე მდგომარეობაში იყო ჩვენი ეკლესია, მცირე იყო მორწმუნეთა რაოდენობა. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა დამოწაფება და დაბრუნება ქართველი ხალხისა ეკლესიაში….

მან ღვთის ძალითა და მადლით ააღორძინა საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრება, გახსნა სასულიერო სასწავლებლები მაშინ, როდესაც ეს თითქმის წარმოუდგენელი იყო. იგი იყო და არის მშვიდობისმყოფელი ყველგან და ყველა საკითხში, რომელიც ადამიანთა და ერთა ურთიერთობებს შეეხება…

დღეს უწმინდესი ილია მეორე ერის ბურჯია. ბევრი მცდელობის მიუხედავად, მის ავტორიტეტს ანტიქრისტეებმა ვერაფერი დააკლეს.

როგორც პატრიარქი ბრძანებს, “დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება”.

მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ერი კვლავაც უსმენს და იცავს თავის პატრიარქს, რომელიც უქადაგებს მრევლს, რომ “ადამიანი ვალდებულია, იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ. ვინ უნდა იყოს ჩვენი დასაყრდენი ამ ბრძოლაში? _ ღმერთი, ქრისტე, ჭეშმარიტება, სიმართლე. “ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა” _ ეს ნათელი იმდენად ძლიერია და ცხოველმყოფელი, რომ იგი აცისკროვნებს ხილულსა და უხილავ სამყაროს, აღწევს ადამიანის სულისა და სხეულის ყველა ნაწილში, იგი ანათებს, უხმობს ქვეყანას, გარდაქმნის მას, განსაკუთრებით ბრწყინვალედ ანათებს სიბნელეში, რომელიც ცდილობს მის შთანთქმას, მაგრამ სიბნელე, თუმცა დიდია თავისი მოცულობით, უძლურია ნათელის წინაშე”.

ვულოცავთ მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს. ღმერთმა ინებოს კეთილდღეობა და გამთლიანება ჩვენი ქვეყნისა!

ამინ!

ხსენება თხოთის მთასა ზედა აღსრულებული სასწაულისა, რომელი შეემთხვა წმ. მეფესა მირიანს

ერთ დღეს მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. მოუხდა უჩინო მტერი, გულში კვლავ ჩაუდო კერპთა და ცეცხლის სიყვარული და მახვილით მოწყვეტა ქრისტიანეთა. მან გადაწყვიტა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ქრისტიანთა განდევნა და ნინოს მოკვდინება. მთაზე ასულ მეფეს მზე დაუბნელდა, უკუნი ღამე ჩამოწვა. შეშინებულმა მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ ისინი უგრძნობი იყვნენ მლოცველის მიმართ. მაშინ მეფემ ჯვარცმულ ღმერთს შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მირიანმა განიპყრნა ხელნი აღმოსავლისაკენ და თქვა: შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა, უფალი ყოველთა ზედა უფლებათა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის. მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოსთან მივიდა, მისი რჩევით მეორე დღესვე მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს კონსტანტინე მეფესთან და სთხოვა, მღვდლები გამოეგზავნა ნათლისღებისთვის.

მცხეთელთა მონათვლის შემდეგ წმინდა ნაძვის ხისაგან გამოთლილი სამი ჯვარი აღმართეს თხოთის მთაზე, ქალაქ უჯარმასა და იმ ბორცვზე, რომელზეც ახლა მცხეთის ჯვრის მონასტერია. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, თხოთის მთასა ზედა მოიქცა მეფე მირიან ქრისტიანედ. აწ არს მუნ ნიში ჯუარისა, რომელი აღმართა წმიდამან ნინომ, სუეტისაგან გამოკუეთილი. თხოთის მთაზე შემორჩენილია VII–VIII საუკუნეების ჯვრის ფორმის წმინდა ნინოს ეკლესია _ აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია.

მეორედ მოსვლამდე ელია წინასწარმეტყველი ანტიქრისტეს სამხილებლად უნდა მოვიდეს

ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინათ. ნეტარის ზედწოდება მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას, სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი _ მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მამამისმა იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.

ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი. უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე ახაბის ზეობისას მოუწოდა.

უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლამდე ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს (გამოცხ. 11,2-9). საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here