Home რუბრიკები პოლიტიკა “მწიფდება დაუშვებელი…”

“მწიფდება დაუშვებელი…”

უსუფაშვილი სთავაზობს “ასამდე ქართველ პატრიოტსა და ევროპული ყაიდის პროფესიონალს”, გვერდზე გადადონ ძველი უთანხმოება და ამბიციები, რათა ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალა შეიქმნას

3000

გასულ კვირას, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დავით უსუფაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამის მიზეზი ის ღია წერილი აღმოჩნდა, რომლითაც მან პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართა. საინტერესოა, რატომ შესთავაზა უსუფაშვილმა მარგველაშვილს ალიანსი სწორედ ახლა და თანაც ამ ფორმით. 

უსუფაშვილის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი შეგვიძლია პირობითად სამ ნაწილად დავყოთ: მოძრაობა “შენების” ლიდერი ერთობ მელოდრამატულად აღწერს შექმნილ სიტუაციას: “ქვეყანა თავზე გვექცევა” და ა.შ. არავინ უარყოფს, რომ საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ, ვინაიდან უსუფაშვილს აზრის სტილისტურად უნაკლო შეფუთვა ყოველთვის უჭირდა, ზოგიერთი მონაკვეთის სერიოზული აღქმა რთულია. მაგალითად, “ქოც-ნაცურ-პრორუსული” მტრობით, ფლირტითა და სპარინგ-პარტნიორობით დომინირებული პოლიტიკური პროცესი ცალკეულ პოზიტიურ მოვლენებსაც და უკეთესი მომავლის პერსპექტივასაც უკვალოდ შთანთქავს”. 90-იანებშიც დაახლოებით ასე წერდა (და საუბრობდა), როდესაც ცდილობდა, პათოსისა და “ჭკვიანი სიტყვების” გამოყენების ხარჯზე თავი გამოჩენილ მოაზროვნედ წარმოეჩინა და პროვინციელის კომპლექსი დაეძლია.

ასე რომ, მთელი ამ უვერტიურის ციტირება, რომელიც სრულდება ჰამლეტისეული რეპლიკით “მწიფდება დაუშვებელი…”, ალბათ, მაინც არ ღირს. ყოველივე საინტერესო და (ფარდობითად) ღირებული იწყება ფრაზიდან “გამოსავალი არსებობს”. უსუფაშვილი სთავაზობს “ასამდე ქართველ პატრიოტს და ევროპული ყაიდის პროფესიონალს”, გვერდზე გადადონ ძველი უთანხმოება და ამბიციები, რათა ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალა შეიქმნას. ზოგმა შეიძლება იკითხოს: რატომ 100 და არა 300 (როგორც სპარტელი) ან 26 (როგორც ბაქოელი კომისარი)? მაგრამ ეს არითმეტიკული წვრილმანებია. მთავარია ის, რასაც უსუფაშვილი შემდეგ წერს: ვიმარჯვებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყანა გადაგვყავს თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ევროპული სტადარტების შეუქცევად გზაზე, სადაც კანონთან პირნათელი ყოველი ქართველისთვის იქნება ღირსეული ადგილი და თანაბარი შესაძლებლობა”.

როგორც ამბობდა “ბეჭდების მბრძანებლის” ერთ-ერთი გმირი ბორომირი: “არ შეიძლება ასე უბრალოდ ადგე და შეხვიდე მორდორში”. დავუშვათ, “ასამდე საქართველოს პატრიოტი” მართლა შეწყვეტს “ემოციურ მოთქმა-გოდებასაც, ღრმა ფილოსოფიურ წიაღსვლებსაც, ვიწრო პერსონალურ მეწყინა-მეტკინასაც, უშედეგო ინდივიდუალურ გმირობებსაც”, რაც თავისთავად წარმოუდგენელია, მაგრამ არჩევნების მოსაგებად საკმარისი არაა, ამიტომ უსუფაშვილი იქვე აზუსტებს: “ეს არ არის ოცნება. ეს არის პოლიტიკური გეგმა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ კომპონენტებს, რესურსებს და ეტაპებს”, მაგრამ შემდეგ ისევ არითმეტიკას, ლამის კაბალისტურ ნუმეროლოგიას უბრუნდება: “1. საქმის დასაწყებად საჭირო ათამდე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფიგურა არსებობს, თუმცა ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური კვანძის გახსნას ელის; 2. საქმის გასაძღოლად საჭირო ასამდე კვალიფიციური და წესიერი თანალიდერი არსებობს, თუმცა ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადებიან პოლიტიკური აქტიურობისთვის და ელიან საქმის სათანადოდ დაწყებას; 3. საქმის საკეთებლად საჭირო ათასობით მაღალი ზნეობისა და კვალიფიკაციის პროფესიონალი აქტივისტი არსებობს, თუმცა დღეს ჩრდილშია, პასივშია, უმოქმედოა, გაქცეულია საჯარო ცხოვრებიდან და ელის საქმის სათანადოდ გაძღოლას; 4. საქმის გასამარჯვებლად საჭირო ასიათასობით დამშვიდების, გამთლიანების, სამართლიანობისა და ზნეობრიობის მსურველი მოქალაქე არსებობს და ელის სათანადო საარჩევნო შეთავაზებას, რათა მას მხარი დაუჭიროს. ამ გეგმაში…” აქ, ალბათ, უნდა შევჩერდეთ, რათა აღვნიშნოთ, რომ ამ ფორმულას “10-100-1000-10 000” და თანმდევ ტექსტს გეგმასთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა გამორიცხული არაა, რომ უსუფაშვილმა ეს მონაკვეთი ბუნდოვნად განგებ ჩამოაყალიბა _ გეგმის მეტ-ნაკლებად დეტალური გაწერით ის პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობაში საკუთარ თავს გარკვეულ ჩარჩოებს დაუწესებდა.

შემდეგ მოდის პირველი ფრაზა, რომელიც საკამათო არ არის: “საპრეზიდენტო არჩევნების ფინიში საპარლამენტოს სტარტია”. უსუფაშვილი სავსებით სამართლიანად აღნიშნავს, რომ შესაძლებელია წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდის გამოყენება ახალი პოლიტიკური ძალის გასაძლიერებლად. ,,ამ მიდგომითა და ხედვით გადავწყვიტე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამავე მიდგომებსა და ხედვებს დაექვემდებარება ჩემი შემდგომი გადაწყვეტილებებიც, მათ შორის სხვა კანდიდატისთვის შესაძლო მხარდაჭერის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის თაობაზე”, _ წერს დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილს თანამშრომლობას სთავაზობს.

კომენტატორები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ალიანსები კულუარული მოლაპარაკებებით იქმნება და მარგველაშვილის (ჟარგონულად რომ ვთქვათ) “ვინუჟდენში ჩაგდების” საჯარო მცდელობა ერთობ უადგილოდ გამოიყურება. მაგრამ საქმე ისაა, რომ საუბარი მარგველაშვილის მონაწილეობაზე საპრეზიდენტო არჩევნებში და მის მიერ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მცდელობაზე არა თუ თვეების, არამედ წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ამ პერიოდში ფიგურანტისგან არც ერთი მეტ-ნაკლებად მკაფიო გზავნილი არ წამოსულა. მისი გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ პრეზიდენტობა მარგველაშვილს ამ მხრივ ზღუდავდა, თუმცა არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ის, მერყევი ხასიათიდან გამომდინარე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყოყმანობდა, დაახლოებულ პირებთან ერთად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა და, საბოლოო ჯამში, დინებას მიჰყვებოდა. შესაძლოა, უსუფაშვილი მიანიშნებს კიდეც ამაზე თავისი წერილის ბოლო აბზაცში: ვიცი, რომ ათასი მიზეზი გაქვს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წასასვლელად, მითუმეტეს, რომ არც მოსვლა იყო შენი ოცნება. ისიც ვიცი, რაც ძალიან ცოტამ იცის…”. ასეთ ვითარებაში დასწრებაზე თამაში და ინიციატივის ხელში აღება პოლიტიკაში სავსებით ბუნებრივი რამ არის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პოტენციური პარტნიორი პასიურობს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა, ვითარებას ადეკვატურად აფასებს. ოპოზიციის კრიზისმა შექმნა მოთხოვნა ახალი პოლიტიკური ძალის, რომელიც “ქოც-ნაცურ”, თითქოს ბიპოლარულ სისტემასთან დაკავშირებული არ იქნება. ფაქტია, არსებობს მისი ფორმირებისთვის აუცილებელი “სამშენებლო მასალაც” _ აქტივისტები, რომლებიც ოპოზიციის “დიდი ჩამოშლის” შემდეგ იმედგაცრუებული და უმოქმედო არიან.

ივანიშვილს, სავარაუდოდ, არ სურს, ანგარიშგასაწევი ელექტორალური რესურსი “უპატრონოდ დარჩეს” და, ადრე თუ გვიან, საშიში მოწინააღმდეგეების ხელში გადავიდეს, ამიტომ სცენარი, რომლის ფარგლებში მის ნაწილს ორი სუსტი პოლიტიკოსი აითვისებს, მისთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს. ამავე დროს, მის გეგმებში, სავარაუდოდ, არ შედის “თავისუფალი ელექტორატის” სრული კონსოლიდაცია, რადგან ის გარკვეულ საფრთხეს შეუქმნის.

რაც უფრო საშიშია ოპოზიციური პარტია ხელისუფლების თვალში, მით უფრო რთულია მისთვის სერიოზული ფინანსების მოზიდვა. თუ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში (რომლის მოგების შანსი მარგველაშვილსა და უსუფაშვილს არც ერთად, არც ცალ-ცალკე არ აქვთ) შედარებით შეზღუდული ბიუჯეტითაც შეიძლება, პარტიული აღმშენებლობა 2018-20 წლების პერიოდში და საპარლამენტო არჩევნებში კარგი შედეგის მიღწევა გაცილებით სერიოზულ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. საქართველოში თითქმის შეუძლებელია იპოვო მდიდარი ადამიანი, რომელიც მისცემს ფულს ოპოზიციურ პარტიას, თუ ეცოდინება (ან თუნდაც ივარაუდებს), რომ ბიძინა ივანიშვილი ამის წინააღმდეგია.

საკმაოდ ბევრ ამომრჩეველს სურს, იხილოს “გაერთიანებული ოპოზიცია” “მეოცნებეებისა” და “ნაციონალების” გარეშე, მაგრამ დავით უსუფაშვილს აქვს სერიოზული პრობლემა _ კონსერვატორების უმრავლესობა მას ერთ-ერთ გამორჩეულ ლიბერალად აღიქვამს და, შესაბამისად, არ ენდობა. გიორგი მარგველაშვილს შეუძლია დაეხმაროს მას, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან კონსერვატიული საზოგადოება დიდად არც მას სწყალობს. ერთად-ერთი ფიგურა პირობითი “მესამე ბანაკიდან”, რომელსაც მისასვლელი პირი როგორც კონსერვატორებთან, ისე ლიბერალებთან აქვს, ალეკო ელისაშვილია და ეს შარშან თბილისის მერის არჩევნების პერიოდში ძალიან დაეხმარა, თუმცა უსუფაშვილს მისთვის ალიანსი არ შეუთავაზებია, ალბათ, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მისი შექმნის ალბათობა ძალზე დაბალია.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ მოცემულობაში სტაბილური პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელიც 5-7% მიიღებს (8-10 იყოს, ჩვენი რა მიდის, თუმცა ეს ალბათ მაინც უტოპიაა), სავსებით შესაძლებელია. განხილულ შემთხვევაში მთავარი პრობლემა მხოლოდ ფინანსები როდია _ ორივე ფიგურანტი სუსტია, ამომრჩეველთა ფართო მასების მოხიბვლა უჭირთ და ისიც გაუგებარია, რამდენად შეძლებენ ისინი ადეკვატური გადაწყვეტილებების სწრაფ მიღებას დუუმვირატის ფორმატში. ის ლიდერების მიერ ერთმანეთის დაბლოკვის საფრთხეს ქმნის. ეს საფრთხე იარსებებს ჰიპოთეტური პარტიის მაღალ და საშუალო რგოლშიც, თუ იქ მარგველაშვილისა და უსუფაშვილის კადრები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილნი. ზოგმა შეიძლება ივარაუდოს, რომ დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი იოლად შეძლებენ კოლეგის წინააღმდეგობის დაძლევას, თუმცა მათ, ალბათ, არ იციან, რომ მარგველაშვილმა სანიმუშო გაჯიუტება იცის, თანაც, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარ სიტუაციებში. შესაძლოა, ამ პარტიას დასჭირდება კიდევ ერთი ელემენტი _ მესამე… მეხუთე… ციფრებით თამაში, ჯობია, ისევ უსუფაშვილს დავუთმოთ.

დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს ამ თემაზე მას შემდეგ გამართავენ, რაც პრეზიდენტი ნატოს სამიტიდან დაბრუნდება და მალევე შევიტყობთ, შეძლებენ თუ არა ისინი, გარკვეული დინამიკა შესძინონ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ბოლო დროს არა მხოლოდ ძალზე მოსაწყენი გახდა, არამედ იმაზეც მიანიშნებს, რომ “დაუშვებელი” მართლა მწიფდება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here