მთავარი საზოგადოება მშობლების ხელით შვილებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობას აპირებენ

მშობლების ხელით შვილებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობას აპირებენ

შარშან 15 ათასამდე მოსწავლეს გაუკეთეს აბორტი

923
გააზიარეთ
მშობლების ხელით შვილებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობას აპირებენ

იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, .. პრაიდის ორგანიზატორებს უარი უთხრა ლგბტ თემის მხარდამჭერი ღონისძიებების ჩატარებაზე, ისინი მაინც იმუქრებიან და ამბობენ, რომ ქუჩაში აუცილებლად გავლენ. სარეკლამო ვიდეორგოლებს ტელევიზიებიც თამამად ატრიალებენ და სოციალური ქსელიც წალეკილია. ეს მაშინ, როცა იმავე სოციალურ ქსელში ლგბტ თემის საწინააღმდეგო ვიდეოები ელვის უსწრაფესად იბლოკება.

სურთ თუ არა, უნდა ვთქვათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას, ლგბტ თემის წინ წამოწევა გარყვნილი ქმედების პროპაგანდად მიაჩნია. ამ ეტაპზე ასე ჩანს _ გამორიცხულია, საზოგადოებამ ეს ყველაფერი მიიღოს, თავს მოიხვიოს და აიტანოს. რეალურად, რამდენიმე ათეული ადამიანის გამო ასეთი მასშტაბების მიცემა აქციისთვის, რომელიც ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, მათი დამატებითი რეკლამირება გვგონია…

საზოგადოდ, გარყვნილების თემა ჩვენს ქვეყანაში ისე მძაფრია, რომ შეიძლება ვეღარც ვგრძნობთ და ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა. გასულ წელს არასრულწლოვნებისთვის გაკეთებული 15 ათასამდე აბორტიც ამას მოწმობს. ჰო, შარშან 15 ათასამდე სკოლის მოსწავლეს გაუკეთეს აბორტი, ხოლო რამდენმა გააჩინა შვილი, ცალკე თემაა. გარდა იმისა, რომ არასრულწლოვნისთვის აბორტი ტრაგედიაა, ეს გენოფონდის განადგურების კიდევ ერთი გზაა, რადგან ასეთ ასაკში, თანაც პირველ შვილზე აბორტი იმას ნიშნავს, რომ იმ გოგონების უმრავლესობას შვილი, დიდი ალბათობით, აღარ ეყოლება. დღევანდელი სტატისტიკა ასეთია _ ოფიციალურად გასაშვილებელია 213 ბავშვი, მათგან 154 შშმ პირია, 34-ს არ სურს გაშვილება და ბავშვის დატოვება ურჩევნია, აი იმ დარჩენილი 25 ბავშვის რიგში კი 2800 მშობელზე მეტი დგას.

საინტერესოა, რომ ხელისუფლება პრობლემის არსებობას აღიარებს, მაგრამ გზა, რომელიც, მათი აზრით, ამ ყველაფერს მოაგვარებს, მცდარი გვგონია. მომავალი სასწავლო წლიდან ბავშვებს ახალ საგანს უმატებენ და როცა ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილეს, ირინა აბულაძეს ჰკითხეს, მან საკმაოდ საინტერესო პასუხი გასცა.

სასწავლო პროგრამაში, რომელზეც ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, შესულია ნაადრევი ქორწინების თემები, რეპროდუქციულ განათლებასთან და ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული თემები ბიოლოგიის სახელმძღვანელოში. სანამ მოსწავლე მივა თინეიჯერობის ასაკამდე, უნდა იცოდეს, რა პროცესები მიმდინარეობს მის ორგანიზმში, რათა გააცნობიეროს ის ცვლილებები, რომლებიც მის თავს მოხდება და ხდება მის თანატოლებში. ასე რომ, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა საბაზო საფეხურზე ნამდვილად მსუყეა ბევრი ისეთი თემით, რომლებიც, შესაძლოა, არ უკავშირდებოდეს მხოლოდ კონკრეტულ დისციპლინას და პიროვნების განვითარების შესაძლებლობას იძლეოდეს. სახელმძღვანელოების გრიფირება მალე დასრულდება. პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ამ სახელმძღვანელოებს აფასებს”, _ განაცხადა ქალბატონმა ირინამ.

როგორც გვითხრეს, სახელმძღვანელოებში, სხეულის ფიზიოლოგიურ ცვლილებასთან ერთად, აქტიურად იქნება განხილული, როგორ უნდა იყოს სექსი უსაფრთხო, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი ქორწინება, როგორ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა თინეიჯერებს და

მშობლების ხელით შვილებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობას აპირებენ

დამოუკიდებელი ექსპერტრების ჯგუფი რომ არის ამ ყველაფერში ჩართული, ძალიან კარგია, მაგრამ იქნებ მე, მშობელს, არც იმ ექსპერტის კვალიფიკაცია მაინტერესებს და არც ის მინდა, მეშვიდეკლასელმა ბავშვმა საზეპიროებით იცოდეს, როგორ უნდა გაიკეთოს პრეზერვატივი ან როგორ უნდა გადაყლაპოს ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. ჩვენ, მშობლებს, რიგით ადამიანებს, რატომ არ გვეკითხებით, გვინდა თუ არა, ამ პროგრამის მიხედვით აღიზარდონ ჩვენი შვილები? ჩვენ მსგავსი არაფერი გვისწავლია არც მეშვიდე და არც დამამთავრებელ კლასებში, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი კატასტროფული ვითარება და იქნებ პრობლემა, განათლების სისტემაში კი არა, სხვაგან უნდა ვეძებოთ?!

ვერ გეტყვით, როგორია იმ ექსპერტების კვალიფიკაცია, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ, რა დოზით უნდა ისწავლონ ბავშვებმა სექსის ხელოვნება (სხვა სახელს ვერ დავარქმევთ), მაგრამ ფაქტია, რომ ნელ-ნელა მარაზმისკენ მივდივართ. აბა, როგორ არ გავიხსენოთ ის, რომ აგერ ამერიკის შეერთებულ შტატებში მშობლები ქუჩაში გამოვიდნენ და სასკოლო პროგრამიდან სწორედ ამ სახელმძღვანელოების ამოღება მოითხოვეს, რადგან ამბობენ, რომ აღნიშნულმა გაკვეთილებმა არათუ უშველა მათ შვილებს, არამედ სიტუაცია უფრო მეტად დაამძიმა. სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ჭკვიანები _ სხვისაზეო. იქნებ, ახლა მაინც ვიყოთ ჭკვიანები. გვაქვს კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ ამერიკაში ამ პროგრამამ არ გაამართლა, რომ შედეგი ვერ მიიღეს, რომ ბავშვები გაირყვნენ (ამას ამერიკელი დედები ამბობენ), რომ აბორტების რაოდენობა კი შემცირდა, მაგრამ სექსუალური გამოცდილების მქონე ბავშვების წლოვანება 12 წლამდე ჩამოვიდა. მეტი რა მაგალითი გვჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავითავისოთ და ექსპერიმენტები საკუთარ შვილებზე არ ვატაროთ?

როგორ გგონიათ, ბავშვს ამ გაკვეთილს რომ ჩაუტარებენ სკოლაში, მერე კი შინ, ტელევიზორში ლგბტ თემის აქტივობას შეხედავს, დაინახავს, როგორ კოცნის კაცი კაცს და ქალი _ ქალს, და ამ კითხვას რომ დასვამს გაკვეთილზე მასწავლებელი კი დეტალურად რომ აუხსნის, რა ხდება ამ დროს, რას გააკეთებს ბავშვი? დაიბნევა და სრულ გაურკვევლობაში იქნება თუ იტყვის: რა კარგია, ინფორმაცია რომ მივიღე, დღეიდან მეცოდინებაო? დაიჯერეთ, ხალხო, რომ მეშვიდეკლასელი მოზარდი არის ბავშვი. თქვენც ხომ იყავით მაგ ხნის. გაიხსენეთ, როგორ ხდებოდა მაშინ, რა ხდებოდა დაგაგიჭირდათ სექსუალური ცხოვრების დაწყება? ინფორმაციის ნაკლებობა გქონდათ? და რა დღეში ჩავარდებოდით, მასწავლებელს გაკვეთილზე ფეხებგაფარჩხული ქალის სურათი რომ ჩამოეკიდებინა ან კაცის გენიტალიებზე დაეწყო საუბარი? ამისთვის იმეტებთ საკუთარ და ჩვენს შვილებს?!

სხვათა შორის, როცა წლების წინათ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, მაშინ ერმა და ბერმა ერთად გააპროტესტეს და გადავრჩით. მაშინვე ითქვა: ჯერ საზოგადოება მზად არ არის ამისთვისო. ვინმემ ამიხსნას, როდის მოვემზადეთ, როდის “მოვმწიფდით” იმისთვის, რომ შვილებისთვის ეს ჯოჯოხეთი მოგვეწყო? გამოგვეპარა რამე თუ უბრალოდ, ყველაფერს მივეჩვიეთ და ყველაფერზე ხელი ჩავიქნიეთ? რატომ დუმს ჩვენი ეკლესია? ნუთუ დააჯერეს, რომ ასე აჯობებს და ეს პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის?

განათლების სამინისტროს კულუარებში გვითხრეს, რომ აღნიშნული საგნის არათუ სასკოლო პროგრამაში ჩართვაა უკვე გადაწყვეტილი და ბეჭედდასმული, არამედ შესაბამისი განხრით მასწავლებელთა გარკვეული კატეგორია გადამზადებასაც კი გადის და ტრენინგები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ანუ, როგორც გვითხრეს, რამდენიც უნდა ვიყვიროთ ხმის ჩახლეჩამდე და ვიცეთ გულში მჯიღი, პროცესს ვეღარ შევაჩერებთ და სამიოდე თვეში ჩვენს შვილებს სკოლაში ახალი საგანი დახვდებათ. ვერ გეტყვით, აღნიშნულ საგანს ბავშვი რომ მოამზადებს და მშობელი მის მზადყოფნას შეამოწმებს, როგორ მოხდება თემის განხილვა, ან ბიჭს მამა უნდა ესაუბროს ამ თემაზე და გოგოს _ დედა თუ სულერთი იქნება… ან რა განწყობაზე დადგება მშობელი, როცა მეშვიდეკლასელს დაუწყებს ახსნას, როგორ უნდა დაიცვას თავი სექსის დროს და ხომ არ იქნება ეს იმის მანიშნებელი, რომ მშობელი შეგუებულია, მეშვიდეკლასელმა შვილმა სექსუალური ცხოვრება დაიწყოს? სხვა რა ახსნა აქვს ამას? მერე არ ეტყვის ბავშვი: შენ არ მასწავლე, რა და როგორ ხდება, შენ ხომ გესმოდა, შენც ხომ კითხულობდი, მაშინ რატომ არაფერი თქვიო? ასე, მშობლების ხელით “გააპრავებენ” გარყვნილებას და კიდევ ჯიუტად გავიმეორებთ, რომ მეშვიდეკლასელ ბავშვებთან ამ თემებზე საუბარი გარყვნილებაა.

გვიძახეთ ახლა ბნელები და გამოუსვლელები, მაგრამ გვირჩევნია, ბნელი გვერქვას და ჩვენმა შვილებმა განსაცდელს თავი დააღწიონ, ვიდრე “პრადვინუტები” და შინ აბორტგაკეთებული მეშვიდე ან მერვეკლასელი ბავშვი გვეჯდეს.

ჩვენი აზრით, ეს ერის გადაგვარებისკენ გადადგმული ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯია. ასე გვგონია, ამის უკან საქართველოს მტრები დგანან და შორს არ არის დრო, როცა პირველ შედეგებს უკვე მოვიმკით და ვერაფრის შეცვლას ვეღარ შევძლებთ. საამისოდ არც ბერკეტი გვექნება და აღარც უნარი, რადგან გარყვნილება წალეკავს ყველას და ყველაფერს. და ამ გარყვნილებას ჩვენი შვილები, მომავალი თაობა, სკოლებიდან წამოიღებს და ოჯახში შემოიტანს, “გამპრავებლებად” კი მშობლებს გამოგვაცხადებენ.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here