მთავარი საზოგადოება მშვიდობიანი კავკასია რუსეთის ინტერესებშია

მშვიდობიანი კავკასია რუსეთის ინტერესებშია

1566
გააზიარეთ
მშვიდობიანი კავკასია რუსეთის ინტერესებშია

რუსეთი ოკუპანტია!” _ გაჰკივიან ნაცები და ქოცები, ისე, რომ ვერ ხვდებიან ან არ უნდათ გაგება, რომ ეს ლოზუნგიც კი არ არის, ეს პრიმიტიული შეძახილია, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს პოლიტიკური აზროვნების ჩახშობა და იმ აზრის გამორიცხვა, რომ რუსეთთან ორივე მხარისთვის სასარგებლო დიალოგი სხვადასხვა საკითხზე შესაძლებელი და აუცილებელიცაა.

საქართველოში არ ხდება გლობალური და რეგიონული პოლიტიკური პროცესების ანალიზი, სხვადასხვა სახის მონაცემების გადამოწმება და პროგნოზების მომზადება. არ არსებობს ასეთი ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრები არც სახელმწიფო და არც კერძო სექტორში. თუკი მსგავსი რამ ფუნქციონირებს სახელმწიფო ან არასახელმწიფო სტრუქტურებში, ყველა ფინანსდება და, შესაბამისად, კონტროლდება დასავლეთის სახელმწიფოების, პირველ რიგში, შეერთებული შტატების მიერ.

სწორედ ამ ტოტალური უცხოური გავლენა-კონტროლის შესუსტებასა და საკუთარი სუვერენული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდეს თავმოყვარე, საკუთარი ხალხის მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა _ სრული თავისუფლება აქვთ უცხოეთიდან დაფინანსებულ, არა საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს, ასევე მასმედიას. მეტიც, დასავლური დაფინანსება და ამ დაფინანსებით განპირობებული დაკვეთები ჩვეულებრივი მოვლენაა სახელმწიფო პროექტების განხორციელებისას, დასავლეთს ჩვენი ბიუროკრატიული სისტემის არსებითი ნაწილი ჰყავს კმაყოფაზე აყვანილი და, შესაბამისად, უხილავი ბორკილებით ზღუდავს ამ სისტემის ფუნქციონირებას რეალური სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ. სწორედ დასავლეთის ასეთი დაკვეთის შედეგია ის, რომ საქართველოში დღემდე არავინ ზრუნავს ეროვნული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მოქნილი ფულადსაკრედიტო სისტემის შექმნაზე, ბანკების გავლენის შეზღუდვასა და სხვაზე, რადგან ეს ყველაფერი საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხს აამაღლებს, დამოუკიდებელი ქვეყანა კი ნაკლებად იქნება დასავლეთის მონამორჩილი. საქართველოს გაუჩნდება სურვილი, აწარმოოს გონივრული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშინაო პრობლემების მოსაგვარებლად _ როგორც ეკონომიკურის, ისე ტერიტორიულის. ხომ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და რეინტეგრაციის გზა რუსეთზე გადის, რუსეთის გარეშე შეუძლებელია, როგორც ეკონომიკური აღმავლობა, ისე კონფლიქტების დარეგულირება. აი სწორედ ასეთი მსჯელობისას აქტიურდება შეძახილირუსეთი ოკუპანტია!” და პოლიტიკური დასავლეთის მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია, სხვადასხვა ჯურის პარტიები ხმაურობენ იქამდე, სანამ ლანძღვას ვეღარ დაუპირისპირებ და მთელი ნააზრევი კონსტრუქციულიდან დესტრუქციულში არ გადავა.

არადა, რუსეთს კავკასიაში სამშვიდობო მიზნები გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე დესტრუქციისა და დაძაბულობისკენ მიმართული. რუსეთი უფრთხილდება თავის ურთიერთობებს სომხეთთან _ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრთან; სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთს მძლავრი სამხედრო ბაზა აქვს განლაგებული და სომხეთის ჯარს საზღვრების დაცვაშიც აქტიურად ეხმარება, მაგრამ, ამასთანავე, რუსეთი კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს სომხეთთან დაპირისპირებულ აზერბაიჯანთან, ამ ქვეყნის ლიდერ ილჰამ ალიევთან. რუსეთი გარკვეულ ეკონომიკურ პრეფერენციებს ანიჭებს აზერბაიჯანს, ფართოდ უხსნის კარს ამ ქვეყნიდან რუსეთში ჩასულ მუშახელს, რაც ძალზე სერიოზული დახმარებაა აზერბაიჯანის ეკონომიკისთვის. რუსეთი არ იშურებს ძალ-ღონეს მინსკის ეუთოს ჯგუფის ფარგლებშიც, როგორც თანათავმჯდომარე ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში, რათა მოხდეს ბაქოსა და ერევანს შორის პოზიციების დაახლოება.

ამერიკელების მცდელობები ყოველთვის მიმართულია იქით, რომ მოხდეს ასეთი ფორმატების დისკრედიტაცია და გადასვლა ისეთ ფორმატზე, რომელიც ვითარებას უფრო დაძაბავს. ყარაბაღი იქით იყოს და, აბა, კარგად დავფიქრდეთ: ვინ და რატომ უგულებელყოფს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ნათქვამს (თანაც არაერთხელ), რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეცადოს, დიალოგი აწარმოოს აფხაზებსა და ოსებთან? რუსეთის პრეზიდენტმა ხომ ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნა იმაზე, რომ რუსეთი არ არის საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგი, თუკი ამაზე დავიყოლიებთ აფხაზებსა და ოსებს, ბუნებრივია, მშვიდობიანი გზით და ნებაყოფლობით?! პასუხი ერთია _ ამ საკითხის წინსვლას აბრკოლებს არა რუსეთი, არამედ დასავლეთი თავისი სატელიტების მეშვეობით.

ამიტომ აუცილებელია, დაისვას საკითხი არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის უცხოური დაფინანსების გაკონტროლების და, ხშირ შემთხვევაში, დაუშვებლობის, არამედ საკუთრივ სახელმწიფო აპარატის გაწმენდის შესახებ. მაგალითად, ბოლო პერიოდამდე “შერიგების მინისტრად” მუშაობდა ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არანაირი შერიგება არ მომხდარიყო. რუსეთის გამუდმებით ლანძღვა, “ოკუპანტია”-ს ძახილი და პარალელურად თვალთმაქცი ღიმილი აფხაზების და ოსების მიმართ _ აი ის მაქსიმუმი, რაც მინისტრმა შეძლო, შეძლო საქმის გაფუჭება. თავიდანვე ხომ ცხადია, რომ აფხაზები და ოსები ანტირუსული პოლიტიკის გამტარებელ საქართველოს არ დაელაპარაკებიან?!.. ახლა, როცა ქალბატონმა ციხელაშვილმა თავისი დესტრუქციული ფუნქცია შეასრულა, ელჩად გადაიყვანეს ავსტრიაში. ეს ქალი, რომლის ფუნქციებში ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (პირველ რიგში, ეუთოსთან) ურთიერთობებიც შედის, აწი ავსტრიაში ეცდება ქართული საქმის გაფუჭებას

რუსეთი ემხრობა მშვიდობიანი კავკასიის იდეასა და დიალოგს ყველა კონფლიქტურ მხარეს შორის, სამაგიეროდ, დასავლეთს ხელს არ აძლევს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგი, რადგან ასეთი დიალოგი მხოლოდ რუსეთის კეთილი ნებითა და მხარდაჭერით არის შესაძლებელი, ამიტომაც დასავლეთმა შემოაგდო თავისი პროექტი _ “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც ვითომ საგანმანათლებლო საკითხებში აფხაზებისა და ოსების დახმარებას ითვალისწინებს. მაგრამ ეს პროექტიც წლების განმავლობაში ისევე არაეფექტიანი რჩება, როგორც აქამდე განხორციელებული სხვა პროექტები, ვინაიდან მათი მიზანი არ არის ხალხების დაახლოება და ნდობის ჩამოყალიბება. დასავლეთს აფხაზები და ოსები რუსეთის წინააღმდეგ ასამოქმედებლად სჭირდება, მაგრამ ეს მცდელობებიც განწირულია.

რუსეთის ხელისუფლება მიესალმება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რაც, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა საღად მოაზროვნე ქართველი პოლიტოლოგების მიერ, არ მოასწავებს თბილისის მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობას. ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება და დიპლომატიური ურთიერთობებია ამის საწინდარი. სამწუხაროდ, საქართველოს არასუვერენულ ხელისუფლებას ამის გაგება არ სურს, ამიტომაც არის იგი მეორეხარისხოვანი, ამერიკელი კონგრესმენების საბურთაოდ გადაქცეული!

ასევე ყრუა ჩვენი ხელისუფლება იმ ინიციატივების მიმართ, რომლებსაც რუსეთთან ერთად ანტიტერორისტული თანამშრომლობა ჰქვია. ჭირმა თავი არ დამალა და ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ ენაზე აღზრდილი ახალგაზრდები ისლამისტ ტერორისტებად ყალიბდებიან, საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. რუსეთი იდეალური ბუნებრივი მოკავშირეა ტერორისტების ასალაგმავად, მაგრამ ისევ დასავლეთი არ აძლევს ჩვენს ხელისუფლებას უფლებას, რომ ასეთი თანამშრომლობა შედგეს. პირიქით, ზოგ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიას დასავლური სპეცსამსახურები იყენებდნენ რუსეთის მოწინააღმდეგე ტერორისტების ტრანზიტისთვის, რაც საფრთხეს უქმნიდა არა იმდენად რუსეთს, რამდენდაც საქართველოს. დღევანდელ ვითარებაში ასეთი მცდელობები გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ძალზე კონკრეტულ და ხისტ პასუხს, სამხედრო ძალის გამოყენების ჩათვლით, ამიტომ დასავლეთს არ უნდა მივცეთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საბაბი.

გოჩა რეხვიაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here