წყალტუბოში ტრაგედია მოხდა: “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ “ქართული ოცნების” წევრი ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა.
ამ საშინელ ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: ”გიგიაძე “ქართული ოცნების” შტაბში იმყოფებოდა, როცა გარედან ხმაური მოესმა. გარეთ გასულს, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი როლანდ ნუცუბიძე დახვდა, რომელიც პარტიის ოფისის მიმართულებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ნუცუბიძე “ქართული ოცნების” წევრებს სიტყვიერად შეურაცხყოფდა. ოპოზიციის აქტივისტი პირადად ერმილე გიგიაძეს დაუპირისპირდა და რამდენიმეჯერ შეაგინა. ამის შემდეგ “ქართული ოცნების” წევრი შეუძლოდ გახდა და ნერვიულობის ნიადაგზე ადგილზევე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება”.
ყველა კონკრეტულ ფაქტს, რომლებშიც დანაშაულის ნიშნები იკვეთება და, მით უმეტეს, ტრაგედიით სრულდება, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება, რათა საბოლოო სიტყვა სასამართლომ თქვას, მაგრამ ეს საკითხის ერთი მხარეა. საკითხის მეორე მხარე ისაა, რომ ყოველი კონკრეტული ფაქტისა თუ მოვლენის უკან ჩანს (უნდა დავინახოთ) ზოგადი ვითარება, რომელიც, სასამართლოს კი არა, საქვეყნო განხილვის თემად უნდა იქცეს, რადგან სწორედ ის არის განმაპირობებელი ყველა იმ კონკრეტული ეპიზოდისა, ასე რომ აშფოთებს საზოგადოებას. ყოველგვარი სპეციალური ანალიზის ჩატარების გარეშეც შეიძლება ითქვას, რომ, აგერ უკვე ორმოცი წელიწადია, რაც მოხმარების რაოდენობის თვალსაზრისით სიტყვა ”დემოკრატია” საქართველოში პირველ ადგილზეა. იყო დრო, როდესაც შვიდივე ბრუნვაში ჩასმული ეს სიტყვა ქართველი ხალხის სულს სალბუნად ედებოდა და იმედს უსახავდა, მაგრამ ასეთი რეალობა თანდათანობით შეიცვალა და დადგა დრო, როდესაც იგი ყველაზე გამაღიზიანებელ ფაქტორადაც კი იქცა. ეს იმიტომ მოხდა, რომ დემოკრატიის ცნებაში იმთავითვე არის რაღაც არათანმიმდევრული და საკუთარი არსის საწინააღმდეგო. დემოკრატია როდესაც გაბატონდება, იგი, როგორც ნებისმიერი სხვა იდეოლოგია, ცდილობს (იძულებულია, ასე მოიქცეს), საკუთარი პოზიციები იმით განიმტკიცოს, რომ სხვა იდეოლოგიები შეზღუდოს და მათზე მაღლა დადგეს, მაგრამ, როგორც კი ეს პროცესი იწყება, იმავე წუთიდან დემოკრატია აღარ არის დემოკრატია. არც ერთ სხვა იდეოლოგიას არ მოეთხოვება, იყოს მისგან განსხვავებული იდეოლოგიის არათუ დამცველი, არამედ თუნდაც შემწყნარებელი, მაგრამ დემოკრატიას, რომელიც სიტყვის თავისუფლების მედროშედ გვევლინება, განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის გარდა, მის დასაცავად ბრძოლაც ევალება. ეს მისი არსიდან, მისი ბუნებიდან მომდინარეობს. დემოკრატია იქამდე არსებობს, სანამ იგი განსხვავებული აზრის არა მხოლოდ შემწყნარებელი, არამედ მისი თავისუფლებისთვის ხმალამოღებული მებრძოლია. ყველა დანარჩენი იდეოლოგია საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლის უფლებამოსილებით თუ არის აღჭურვილი, დემოკრატიას ამგვარი უფლების ნაცვლად სხვა იდეოლოგიათა და მსოფლმხედველობათა დაცვის მოვალეობა აკისრია. ეს აზრი დიდებულად არის ჩამოყალიბებული ერთ წინადადებაში, რომელიც ფრანგ განმანათლებელ ვოლტერს მიეწერება: ”მე არ ვეთანხმები შენს აზრს, მაგრამ სიცოცხლეს არ დავიშურებ იმისთვის, რომ შენ მაგ აზრის გამოთქმის უფლება გქონდეს!” დემოკრატია არა მხოლოდ საკუთარი, არამედ (უპირატესადაც) სხვისი თავისუფლებისა და გამოხატვის დაცვის მოვალეობაა. ამიტომ ვთქვი, რომ მასში იმთავითვე არის რაღაც არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი. დემოკრატია მისი ბუნებით პროსოციალური და ალტრუისტულია, რომელიც მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს, მაგრამ პარალელურად რთულ მდგომარეობაშიც აყენებს.
ეს ყველაფერი, რის შესახებაც ახლა ვსაუბრობ, ამ ცნების სათავეებისკენ ანუ ძველი საბერძნეთისკენ (თუმცა არც იქ აკლდა შინაგანი წინააღმდეგობა) გვიბიძგებს და მის თავდაპირველ დეფინიციასთან გვაახლოვებს, მაგრამ საუკუნეთა განმავლობაში დემოკრატიის შინაარსი გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდიდა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი წამყვან ამერიკულ იდეოლოგიად ჩამოყალიბდა, აღარ არის ალტრუისტული ბუნების. მისი ალტრუიზმი (როგორც ყველა დანარჩენი იდეოლოგიისა) ჟანდარმერიზმმა ჩაანაცვლა. დღეს, ვოლტერისგან განსხვავებით, არც ერთი დემოკრატი არ არის მზად, რომ მისთვის მიუღებელი სხვისი აზრის თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწიროს, ისინი უმალ მთელ პლანეტას გახვევენ ბირთვულ ხანძარში, ვიდრე საკუთარი ინტერესებიდან თუნდაც მისხალს შეელევიან. ეს საზოგადო (ამერიკული) განწყობა ინდივიდუალურ განწყობებშიც გადავიდა და ჩამოყალიბდა საზარელი დასავლური მუტანტი ”დემოკრატისა” და ”ლიბერალისა”, რომელიც სისასტიკით გერმანულ ფაშიზმს არ ჩამოუვარდება.
ასეთია გზა, რომელიც ანტიკურმა დემოკრატიამ ჩვენს დრომდე გამოიარა. ჩვენ ანტიკურ ეპოქაშიც პროვინცია ვიყავით და დღესაც პროვინცია ვართ, მაგრამ პოლიტიკური ცენტრიდანული ტენდენციები პროვინციაში კი არ სუსტდება, პირიქით, მკვეთრდება, ხისტდება და აგრესიულდება.
გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირში მიხეილ გორბაჩოვის დაწყებულმა ე.წ. გარდაქმნამ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებსა და პროდასავლურად განწყობილ პოლიტიკოსებს სიტყვის თავისუფლება მისცა, მათ ის კი არ თქვეს, გორბაჩოვი წინამორბედი ლიდერებისგან განსხვავებული და უკეთესიაო, პირიქით იყვირეს:
ძირს გორბაჩოვი!
ძირს საბჭოთა კავშირი!
ძირს ძირგამომპალი რუსული იმპერია!
ასეთი ბუნების იყო ჯინი (ამერიკული დემოკრატია), რომელიც გორბაჩოვმა ბოთლიდან ამოუშვა და რომელსაც მან, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერი დაუპირისპირა. გორბაჩოვის მიერ განთავისუფლებული ჯინი მალე ისე გაძლიერდა, რომ მას საბჭოთა კავშირი ემსხვერპლა.
ჯინი, რომელსაც დემოკრატია ერქვა, აბსოლუტურად არ იყო დემოკრატი.
გაიხსენეთ, როგორი სისასტიკით გამოირჩეოდა განსხვავებული აზრის მიმართ. ზვიად გამსახურდია, რომელიც მთელი ცხოვრება დემოკრატიას გაიძახოდა, უკლებლივ ყველას, ვისაც ამა თუ იმ საკითხზე მისგან განსხვავებული აზრი ჰქონდა, იგი კრემლისა და ”კაგებეს” აგენტად აცხადებდა. თანამებრძოლებმა ამის გამო მას სასამართლო პროცესიც კი მოუწყვეს, მაგრამ მან იმავე პროცესზე თავი ვერ შეიკავა და ის, ვინც მის წინააღმდეგ სხვაზე მეტს აქტიურობდა, კრემლის აგენტად გამოაცხადა.
გაიხსენეთ ”დემოკრატ” მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია ”იმედის” უსასტიკესი დარბევა და, საერთოდ, განსხვავებული აზრის მიმართ მისი უკიდურესად აგრესიული დამოკიდებულება. გაიხსენეთ მისი ცოფიანი წამოძახილები: ”ყველანი ციხეში!” და ”ჩვენ მათთვის ტყვიები არ გვენანება!”, ამ შემთხვევაში საქმე პოლიტიკურ ოპონენტებს არ ეხებოდა, მაგრამ ეს წამოძახილები მისი ყოვლად არადემოკრეტიული სულის (შინაგანი მეს) ამოხეთქვა და ამოფრქვევა იყო, რომლითაც ჰქონდა გაჟღენთილი ყოველი უჯრედი.
გაიხსენეთ ”დემოკრატი”გივი თარგამაძის ცნობილი მუქარა: ”სულს ამოგხდით, თქვე ნაძირალებო!”. პოლიტიკური ოპონენტების უკიდეგანო სიძულვილით გაჟღენთილი ეს საშინელი სიტყვებიც ხომ დასავლური ”დემოკრატიის” ღნავილი იყო, რომლის უსიამოვნო ექო კიდევ დიდხანს გაგვყვება ქართველებს.
მრავალი სხვა მაგალითის მოხმობა შეიძლება, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს.
საქართველოში დასავლეთის მიერ გამოჩეკილმა პოლიტიკოსებმა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება, დაცვის ობიექტად კი არა, თავიანთი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციეს. სხვანაირად ვერც იქნებოდა, ვინაიდან ისინი საქართველოში, დემოკრატიისთვის კი არა, ამერიკული დემოკრატიისთვის იბრძოდნენ და თვითონვე იყვნენ ამერიკული სპეცსამსახურების მარიონეტები და ინსტრუმენტები.
ეს ტენდენცია გრძელდება.
გარდა კლერიკალური მმართველობებისა, არსად იმ დონის მიუღებლობა არ არსებობს განსხვავებული აზრისა, როგორიც საქართველოს პოლიტიკურ წრეებშია გაბატონებული. განსაკუთრებით პროამერიკელ და პროევროპელ პოლიტიკოსებშია გავრცელებული ოპონენტების მიმართ ეს წრეგადასული აგრესია. თვითონ იმ სახელმწიფოშიც კი, რომლიდანაც დემოკრატიის გამრუდების ტენდენცია წამოვიდა, გაცილებით მეტი პოლიტიკური ტოლერანტობა არსებობს, ვიდრე საქართველოში. აქ პოლიტიკური ტერორის უსასტიკესი ფორმები დაინერგა. პოლიტიკური ტერორის მსხვერპლად იქცნენ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია, მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი, აკადემიკოსი გურამ შარაძე და სხვები. არ არის ეს საქმეები გამოძიებული და სასამართლო განაჩენამდე მიყვანილი, მაგრამ მთელმა საზოგადოებამ ხომ იცის, რომ დასახელებული პირები პოლიტიკური ტერორის მსხვერპლნი არიან. დაუნდობლობა, სისასტიკე, ფიზიკური ანგარიშსწორება, ცემა-ტყეპა, ძალადობა, მკვლელობა – აი, არასრული ჩამონათვალი ქართული ”დემოკრატიის” ინსტრუმენტებისა, რომლებიც დაინერგა და ფართოდ გამოიყენება. გარდა იშვიათი გამონაკლისისა, პოლიტიკური შინაარსის სატელევიზიო გადაცემას ვერ გაიხსენებთ, რომელშიც მოპაექრეებს სიტყვის არსენალი ჰყოფნოდათ საკუთარი ”ჭეშმარიტების” დასამტკიცებლად. შეურაცხყოფა, ხელში მოყოლილი ნივთების თავში ჩარტყმა, გაწევა-გამოწევა, მუშტი-კრივი და ერთმანეთისთვის ტანსაცმლის შემოფლეთვა ის მტკიცე პოლიტიკური ”არგუმენტებია”, ურომლისოდაც ქართველ პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი ამომრჩევლებამდე მისი სათქმელის მიტანას ვერ ახერხებს…
ეს არის ის საზოგადო უმსგავსობა, რომელიც აქ დასავლეთმა დანერგა და რომელმაც ის კონკრეტული ტრაგედია შვა, ამ საკითხის გაშუქებისკენ რომ გვიბიძგა. პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც წყალტუბოში დატრიალდა, ჩემ მიერ ზემოთ აღწერილი საზოგადო ვითარების ერთი კონკრეტული გამოხატულებაა. ერმილე გიგიაძე კი (ღმერთმა ნათელში ამყოფოს!), რომელიმე კონკრეტული არამზადის მიერ კი არა, იმ დიდი საერთაშორისო არამზადობის მოკლულია, რომელმაც დემოკრატიას შინაარსი შეუცვალა და იგი ამერიკული გავლენის (ძალადობის) ინსტრუმენტად აქცია.
ვალერი კვარაცხელია