Home რუბრიკები პოლიტიკა მტერმოყვრობა ერდოღანთან ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს

მტერმოყვრობა ერდოღანთან ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს

3396
პუტინი-ერდოღანი

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ პუტინმა და ერდოღანმა მოსკოვში გამართეს მოლაპარაკება სირიის პროვინცია იდლიბში ვითარების გამწვავების თაობაზე. მოლაპარაკება, საერთო ჯამში, 5 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტები სამი საათის განმავლობაში პირისპირ საუბრობდნენამ შეხვედრის მთავარი შედეგი კონფლიქტის რაიონში ცეცხლის შეწყვეტა იყო. შეთანხმდნენ ერთობლივი პატრულირების რეჟიმზეც. პუტინიერდოღანის შეხვედრა ექსპერტებმა შეაფასეს ОРТის ტრადიციულ პროგრამაშიდიდი თამაში”, რომელიც გახსნა თოქშოუს ამერიკელმა წამყვანმა, პოლიტოლოგმა და ისტორიკოსმა დიმიტრი საიმსმა. ტელეპროგრამის საგაზეთო ვერსიას გთავაზობთ დღეს.

მდგომარეობა განიმუხტა

დროებითი ზავი, რომელიც შეთანხმების შედეგად დამყარდა, მყიფეა, რაც გამოწვეულია იმით, რომ მხარეთა სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უმეტესად ურთიერთშეუთავსებელია, უცვლელი დარჩა.

დაზავებაც ამიტომაა დროებითი. ტაქტიკური ნაბიჯია.

თურქეთი კვლავ დაინტერესებულია ბაშარ ალასადის რეჟიმის დესტაბილიზაციით, ამიტომ კვლავაც მხარს დაუჭერსსირიის გათავისუფლების ძალებს”. რუსეთი სირიის არსებული ხელისუფლების მომხრე რჩება.

ეს ერთი და ძირითადი. და მეორე, თანმდევი, მაგრამ მნიშვნელოვანი: უცვლელია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, რომელიც თურქეთისა და რუსეთის კონფრონტაციის გაგრძელებით არის დაინტერესებული. ეს დამტკიცდა იმითაც, რომ, როცა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეეცადნენ, მიეღოთ განცხადება პრესისთვის იმ შეთანხმებათა მხარდასაჭერად, რომლებსაც პუტინმა და ერდოღანმა მიაღწიეს, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამის წინააღმდეგ გამოვიდა, იყო ამერიკის შეერთებული შტატები.

არგუმენტი?

თურქეთს აქვს თავდაცვის უფლება სირიის ტერიტორიაზე (!). უცნაური არგუმენტია იმ ფონზე, როცა ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე.

სუვერენულ სახელმწიფოში სხვა ქვეყნის თავდაცვაზე ლაპარაკი სრული აბსურდია.

მაგრამ ლაპარაკობენ.

შევეცადოთ, გავშიფროთ: სირიის სუვერენიტეტი ვრცელდება არა მხოლოდ იდლიბზე, არამედ მის აღმოსავლეთ რეგიონებზე, სადაც ამჟამად იმყოფება აშშ-ის ჯარები.

ამ ჯარების დაცვაზეა უთუოდ ლაპარაკი, მაგრამ რამდენად კანონიერია მათი იქ ყოფნა? მოცემულ სიტუაციაში ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.

ასეა თუ ისე, შეთანხმება რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეულია. როგორ აფასებს ამ აქტს ვაშინგტონი?

ამერიკელი ექსპერტის აზრით, ეს შეთანხმება დროებითი დაზავებაა და არა სამშვიდობო ხელშეკრულება, მაგრამ, რაც არის, კარგია, რადგან კონფლიქტი დიდ ომში არ გადაიზარდა.

ომი არ იქნება.

ეს ხელს აძლევს აშშ-ის ადმინისტრაციას, რადგან მას არ მოუწევს რადიკალური ღონისძიებების განხორციელება მოკავშირე თურქეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ისინი (ერდოღანის მოთხოვნები) ტრამპის ადმინისტრაციის მიერ პრაქტიკულად იგნორირებული იქნებოდა.

ამასთანავე: როცა თურქეთმა აღიარა სირიის, მისი მთავრობის სუვერენიტეტი, იქვე დასძინა, რომ ინარჩუნებს უფლებას, განახორციელოს დარტყმები სირიაზე, თუ იგი (სირია) რაიმეს მოიმოქმედებს თავის ტერიტორიაზე ტერორისტების წინააღმდეგ.

ასეთი ჩახვეულ-ჩახლართული ფორმულირებები სუბიექტური განსჯის საშუალებას და, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პრაქტიკული ქმედების საშუალებას იძლევა.

დროებითი დაზავების გარდა კიდევ რა შედეგი მოიტანა პუტინი-ერდოღანის მოლაპარაკებამ?

გვეშინოდეს მშვიდობის?

ჟურნალ Арсенал отечества-ს მთავარი რედაქტორის, ცნობილი სამხედრო ექსპერტის _ ვიქტორ მურახოვსკის აზრით, იდლიბში შექმნილი ვითარება იმითაა, უწინარეს ყოვლისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ დაფიქსირდა სასაზღვრო ხაზი, რომელიც რუკაზე დატანილი წარმოადგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და რომელიც ასახავს მხარეთა დღევანდელ პოზიციებს, სტატუს კვოს.

მან გაიხსენა, რომ თურქეთის მხარე რუსეთ-თურქეთის ექსპერტებისა და სპეციალისტების წინასწარი მოლაპარაკების რაუნდების დროს მოითხოვდა სირიის ჯარების გაყვანას 2018 წლის სექტემბრისთვის დაკავებულ პოზიციებზე, როცა გაფორმდა სოჭის მემორანდუმი რუსეთსა და თურქეთს შორის.

ცეცხლის შეწყვეტა ამ ექსპერტმა მოსკოვის მოლაპარაკების მეორე მნიშვნელოვან შედეგად მიიჩნია. ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის დროს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შენაერთებსა და თურქეთის არმიას ერთმანეთის ობიექტები არ დაუბომბავთ.

ამავე დროს, არც სოჭის შეთანხმება, არც მოსკოვის ოქმი არ კრძალავს ტერორიზმთან ბრძოლას და დარტყმის მიყენებას ტერორისტული ფორმირებებისთვის, რომლებიც დარჩნენ იდლიბში. ჰაიათ ტახრირ აშ-შამის დაჯგუფება თურქეთის მიერაც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, მაგრამ ამ კონფლიქტურ სიტუაციაში თურქეთი თავისი არტილერიის ცეცხლით ეხმარებოდა აღნიშნულ დაჯგუფებას. მადლობა ღმერთს, ცეცხლი უკვე შეწყვეტილია და მხოლოდ ზოგჯერ სპორადულად განახლდება.

მშვიდობიან მოსახლეობას აღარავინ ესვრის.

მესამე მიღწევა მოსკოვის ხელშეკრულებისა არის მშვიდობიანი დერეფნის შექმნა M-4 და M-5 გზატკეცილების გაყოლებით: უზრუნველყოფილია ადამიანების უსაფრთხო გადაადგილება ლატაკიიდან ალეპოში და .. ამოქმედდა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე არტერიები. ხელმისაწვდომი გახდა ლატაკიისა და ტარტუსის ნავსადგურები, რომლებსაც ალეპო ვერ უკავშირდებოდა.

გამარჯვებულთა ზეიმი
გამარჯვებულთა ზეიმი

მოსკოვის შეთანხმება, რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულება. ჰაიათ ტახრირ აშ-შამის მოთარეშეები დარჩენილი არიან პროვინციის ტერიტორიაზე და ამჟამად საკითხი დგას, შეუძლია თუ არა თურქეთს, იქონიოს მათზე ზეგავლენა მოსკოვის შეთანხმების განსახორციელებლად.

_ არადა, სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, _ ამბობს ვიაჩესლავ ნიკონოვი, პროგრამის წამყვანი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, _ შეუძლია თუ არა თურქეთს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებანი, უწინარეს ყოვლისა, იმ ტერორისტულ ჯგუფებზე ზემოქმედების კუთხით, რომლებიც ამჟამად იდლიბში არიან დარჩენილი.

სიტუაცია იქ რთულია და მწვავე, რადგან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის განცხადებით, განხორციელდა ტერორისტების გამაგრებული რაიონებისა და თურქეთის სათვალთვალო საგუშაგოების შეზრდა. მეზობელ დასახლებულ პუნქტებსა და რუსეთის ავიაბაზა “ჰმეიმინზე” მასირებული საარტილერიო თავდასხმები სპორადულიდან ყოველდღიურ შეტევად იქცა. რეგიონში დამატებით შეიყვანეს მექანიზებული დივიზია.

და აქვე დადგა საკითხი: აქვს კი თურქეთს უნარი, შეებრძოლოს ტერორიზმს თუ მხოლოდ მისი მხარდაჭერა შეუძლია?

უფრო მეტიც _ სურს თუ არა?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თურქეთის მიზანდასახულობაში გარკვევა არის საჭირო. რისი გაკეთებაც რთულია.

სირიაში არის დაჯგუფებები, რომლებიც იბრძვიან ასადის წინააღმდეგ. თურქეთი მათ მხარს უჭერს და ეს ლამის თავის კანონიერ უფლებად მიაჩნია, ამიტომ თურქეთის ინტერესი, რომელსაც იგი სათავისოდ აყალიბებს და იდლიბის პროვინციის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის დათრევაში გამოიხატება, ძალაში დარჩება.

ერდოღანს პუტინის იმედი აქვს

შემდეგი შეკითხვა: შეძლებენ კი თურქები, გავლენა მოახდინონ ყველაზე უფრო რადიკალურ ძალებზე? პასუხი: ბოლომდე, ალბათ, არა. იდლიბი ის ადგილია, სადაც თავი მოიყარეს სირიის სხვადასხვა პროვინციებიდან გამოდევნილმა რადიკალებმა. მათ შორის არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან წასული “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი.

გამორიცხული არ არის, რომ რუსეთთურქეთის ურთიერთობაში კვლავ იქნება კრიზისული მომენტები, რომლებიც საბოლოო მიზნის მიღწევას ფრიად გაართულებს. ახალმა სტრესულმა სიტუაციამ წარმოაჩინა, რომ რუსეთისა და თურქეთის ინტერესები მთელ რიგ საკითხებში ლამის დიამეტრალურად დაპირისპირებული და ურთიერთგამომრიცხავია. მით უფრო ღირებულია მოსკოვის მოლაპარაკების მონაწილეთა მიერ დღევანდელობის საღი შეფასება და იმ წინააღმდეგობათა მინიმიზირება, რომლებიც ხელს უშლის ვითარების ნორმალურ კალაპოტში მოქცევას.

დიმიტრი საიმსის ანალიზით, ვაშინგტონში თურქეთის თხოვნას დახმარების შესახებ განსხვავებულად აფასებენ. არიან ადამიანები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ბევრიც _ კონგრესში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სიტუაცია მაინცდამაინც რთული არ არის. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მას უპირისპირდება რუსეთი, რომელსაც სირიაში არაფერი ესაქმება, რადგან ასადის რეჟიმი ლეგიტიმური არ არის, დიქტატორული რეჟიმია, რომელიც დანაშაულს ჩადის. აშშ-ის პრესტიჟი, მისი, როგორც სანდო მოკავშირის სახელი დამოკიდებულია იმაზე, მხარს დაუჭერს თუ არა ვაშინგტონი ანკარას.

ადმინისტრაციაში განსხვავებული აზრიც არსებობს.

ამბობენ, რომ ერდოღანი ძალიან ვერაგი ადამიანია, რომელიც რუსეთითაც და თურქეთითაც მანიპულირებას ცდილობს, რომ მან არცთუ დიდი ხნის წინათ ამერიკის გაკრიტიკების სპეკულაციით შეძლო რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიღება, უარს ამბობდა ნატოსთან თანამშრომლობაზე, აცხადებდა, რომ რუსეთი მისთვის უფრო მნიშვნელოვანი მოკავშირეა და მეგობარი, ვიდრე შეერთებული შტატები; იფიცებოდა, რომ სძულს ამერიკა. ახლა კი, როცა დასჭირდა, ვაშინგტონს ფეხებში ჩაუვარდა და შეჰღაღადა: ბიჭებო, მე თქვენი მოკავშირე, აგრესიის მსხვერპლი ვარო, და ნატოს საბჭოს მოწვევა და, თურქეთის მხარდაჭერის ღონისძიებების განხილვა მოითხოვა.

ადმინისტრაციის ამ ნაწილს ჩამოუყალიბდა აზრი, რომ ამ ლიდერთან ურთიერთობაში დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა ვაშინგტონისა და მოსკოვის შუბლებით შეჯახების ნება არ დართოს.

მოსკოვში ერდოღანს, როგორც რთულ პარტნიორს, ისე უყურებენ; მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანი თავის თამაშს თამაშობს, მაგრამ მასთან შეიძლება თანამშრომლობა, საერთო ინტერესების გამონახვა, და მაინც სანდო პარტნიორს ვერ უწოდებენ.

რეგიონში არსებული მრავალშრიანი, მწვავე ვითარების განსამუხტავად ერდოღანი აპირებდა რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ხელმძღვანელების ანკარაში მიწვევას, მაგრამ ახლა თვითონ ჩავიდა მოსკოვში, რაც ნიშნავს, რომ მას პუტინის გარეშე არ შეუძლია თავისი პრობლემების გადაწყვეტა, _ ასე ფიქრობს რუსი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი კონსტანტინ რემჩუკოვი.

ერდოღანს სრულად აქვს გარკვეული, რომ რუსეთის გარეშე ვერ გადაწყვეტს ქურთების საკითხს, რომელიც სულაც არ არის მეორეხარისხოვანი მის წინაშე მდგარ პრობლემებს შორის, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ სირიის, ერაყისა და თურქეთის ქურთები დააპირებენ თავიანთი საკუთარი სახელმწიფოს შექმნას. პუტინისა და ერდოღანის მიერ საჯაროდ განცხადებული, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ტერიტორიულ მთლიანობას, სწორედ ამ, შესაძლო (არცთუ უსაფუძვლო) პრობლემის მიმართ ერთობლივ და ერთმნიშვნელოვან დამოკიდებულებას გამოხატავს.

ამერიკელები კი მხარს უჭერენ ქურთებს, რომლებიც მათი კარგი მოკავშირეები იყვნენ ტერორისტულიისლამურ სახელმწიფოსწინააღმდეგ ბრძოლაში.

მრავალსახეობა ჰიბრიდული ომისა

მდგომარეობა მარტივი არ არის, მაგრამ დღის წესრიგში ამჟამად არ დგას.

იდლიბში დღეს ერთმანეთს უპირისპირდებიან სირიისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები. თურქეთმა ბოლო დროს აქტიურად გამოიყენა უპილოტო დამრტყმელი სისტემები და დიდი ზარალი მიაყენა სირიის ჯარებს.

საჰაერო სივრცის პრობლემა კიდევ ერთი, დამატებითი თავსატეხია.

თანამედროვე ჰიბრიდული ომის წარმოების თავისებურება ექსპერტებს საგონებელში აგდებს, ზოგჯერ იმდენად გაუგებარი და ალოგიკურია.

მაგალითად, 26 თებერვალს თურქეთმა გამოაცხადა, რომ იწყებს ოპერაცია “გაზაფხულის ფარს” იდლიბში სირიის არაბთა რესპუბლიკის არმიის წინააღმდეგ. ამ დროს სირიის ჯარების ზურგში განლაგებული რჩება თურქეთის არმიის 16 საგუშაგო, რომლებშიც ორ ათასამდე თურქი სამხედრო იმყოფება. სირიის არმია კი მის ზურგში განლაგებულ საგუშაგოებს ხელს არ ახლებს. უფრო მეტიც, სირიის ტერიტორიაზე მშვიდობიანად და უდანაკარგოდ ატარებენ ამ საგუშაგოების სიცოცხლისუნარიანობისთვის საჭირო ტვირთს.

ამას გარდა, თურქეთის არმია თავისი მეწინავე ნაწილებით, ტაქტიკური ბატალიონებით სირიის არმიას უშუალოდ ბრძოლის ველზე არ შეჰხებია, უტევდა ძირითადად უპილოტო აპარატებით, ბომბავდა ჯავშანტექნიკასა და არტილერიას.

სირიის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ამ დროს ქვეყნის სამხრეთში იყო თავმოყრილი ისრაელის მხრიდან თავდასხმების მოსაგერიებლად. დაახლოებით ორი დღე-ღამე დასჭირდათ ამ სისტემების ლატაკიისკენ გადასასროლად. რუსული წარმოების კომპლექსების _ Бук-ის და Пансир-ის, ასევე, საბჭოთა კავშირის დროინდელი რკთ-ს ამოქმედებით სირიელებმა ორ დღეში ჩამოაგდეს 12 თურქული შემტევი უპილოტო თვითმფრინავი. შედეგად თურქეთის მხარის აქტივობა შეწყდა. დიდად აზარალეს. ცნობისთვის _ უპილოტო ერთი თვითმფრინავი “ანკა” 20 მილიონამდე დოლარი ღირს, “ბაიარატარი” _ 8-10 მილიონი დოლარი.

თურქეთის პილოტირებულ სამხედრო ავიაციას სირიის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

კიდევ ერთი უცნაურობა: სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც იდლიბის პროვინციაში იყო განლაგებული და თავის ლოკატორებზე ხედავდა, როგორ მუშაობდა თავისი ტერიტორიიდან თურქეთის ავიაცია, მის წინააღმდეგ ცეცხლი არ გაუხსნია.

ახლა საით, ლტოლვილებო?
ახლა საით, ლტოლვილებო?

რა აქვს საერთო იდლიბის პრობლემას კორონავირუსთან?

ერთგვარად მოულოდნელი იყო დიმიტრი საიმსის მიერ კორონავირუსისა და სირიის სიტუაციას შორის მსგავსების პოვნის მცდელობა, რადგან “ისინი ერთმანეთისგან ძალიან და ძალიან განსხვავებულია”, მაგრამ, მისი აზრით, მათ რაღაც მაინც აერთიანებს:

_ რბილად რომ ვთქვათ, ერთიცა და მეორეც უბრალო და მარტივი არ არის. არ იძლევა საშუალებას მივიღოთ დაუყოვნებელი და საბოლოო გადაწყვეტილებები. ორივე შემთხვევაში ვერ მიაღწევ სასურველ შედეგებს, თუ, უწინარეს ყოვლისა, არ გექნება საკუთარი თავის იმედი, არ გამოიყენებ ძალას მაშინ, როცა ამის აუცილებლობა შეიქმნება.

თანამედროვე მსოფლიოში ზესახელმწიფოები თავიანთ შესაძლებლობებს უნდა დაეყრდნონ, თავიანთი ძლიერება სრულად უნდა გამოიყენონ.

ამ ძალისხმევის ეფექტიანობა ბევრად იქნება დამოკიდებული დანარჩენი მსოფლიოს რეაგირებაზე. უწინარეს ყოვლისა, უნდა იმოქმედონ ისე, რომ შეამცირონ მწვავე რეაქცია იმ ქვეყნებისა, რომლებთან საქმის დაჭერა მათთვის სასურველი არ არის.

ასე მოხდა ამჟამად თურქეთის მიმართაც, როცა გაიმართა შესაბამისი მოლაპარაკება მოსკოვში _ არსებული შესაძლებლობის პირობებში წარმატებული მოლაპარაკება, ცხადია, რუსეთის თვალთახედვიდან გამომდინარე.

პარალელურად საიმსმა მოიხმო კორონავირუსთან ბრძოლის ერთი შემთხვევა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აშშ თითქოს დაუმატა იმ ქვეყნების სიას, რომელთა წინააღმდეგ უკვე ხორციელდება კარანტინი. ვაშინგტონში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. გაიგეს და საგონებელში ჩავარდნენ, შემდეგ კი განაცხადეს (არაოფიციალურად): თუ ასეა, თუ არ გვაცნობეს, რომ განახორციელებდნენ ასეთ ღონისძიებას, განსაკუთრებით კი, საარჩევნო კამპანიის ფონზე, ამას ამერიკის მხრიდან მოჰყვება გადაუდებელი საპასუხო ღონისძიებები. და მაშინ საჰაერო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ალბათ, შეწყდება. გამოცდილებით ვიცით, რომ შეწყვეტა აღდგენაზე გაცილებით მარტივია.

საიმსი აქვე შენიშნავს, რომ აუცილებელია განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაცია. თოკშოუს მონაწილენი ეთანხმებიან. დასძენენ, რომ ფრიად მნიშვნელოვანია აშშთან კოორდინაცია, მაგრამ არა სირიის პრობლემასთან დაკავშირებით, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს არასასურველი შედეგები.

ნიკონოვის აზრით, შეთანხმება უწინარესად აუცილებელია ევროპელებთან, თუნდაც ლტოლვილების პრობლემის თაობაზე: მოსკოვში ყოფნის დროს ერდოღანი ცდილობდა, აეხსნა, რომ მისი გადაწყვეტილებები ლტოლვილების კრიზისით იყო ნაკარნახევი.

მან თქვა:

“ლტოლვილები, რომლებიც თავიანთ მშობლიურ მხარეს ტოვებენ, მილიონ ნახევარზე მეტნი არიან და ჩვენს საზღვრებთან იმყოფებიან. იდლიბის რეჟიმის ძირითადი ამოცანაა, ააოხროს ეს რაიონი და თურქეთი ლტოლვილთა ახალი ტალღის პირისპირ დატოვოს. უეჭველია, რომ ასეთ ვითარებაში თურქეთი გულზე ხელს არ დაიკრეფს”.

განხილვაში მონაწილე ექსპერტებს აეჭვებთ ლტოლვილების დასახელებული რაოდენობა და, ამასთან ერთად, მიიჩნევენ, რომ ადგილნაცვალნი თურქეთის ავტობუსებით მიჰყავთ საბერძნეთის საზღვართან. სიტუაცია ძალიან ჰგავს ხელოვნურად შექმნილს, შანტაჟის “სურნელება” ასდისო.

რაც მთავარია, ლტოლვილთა ორი მესამედი სირიელები არ არიან, სხვა ქვეყნის მოქალაქეები გახლავან, რომლებიც, ჩანს, სირიაში იმყოფებოდნენ, როგორც “მოხალისე ტერორისტები”.

ასეთია რეალობა, მაგრამ ლტოლვილების პრობლემა მართლა დგას თურქეთის წინაშე. ექსპერტების შეფასებით, ბოლო წლებში 3,6 მილიონმა ლტოლვილმა აქ მოიყარა თავი. სწორედ ეს თემა პუტინის თვალში ერდოღანის ლეგიტიმიზაციას ახდენს.

მაშასადამე, თურქეთს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი ხმა სირიის კონფლიქტის გადაწყვეტაში.

რუსეთსაც აქვს თავისი პოზიცია, რომელიც თურქეთის პოზიციისგან განსხვავებულია.

წინააღმდეგობათა მიუხედავად

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: ჩვენ ყოველთვის როდი ვეთანხმებით თურქ პარტნიორებს სირიაში მიმდინარე პროცესების შეფასებაში, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ვეყრდნობით ორმხრივ ურთიერთობაში მიღწეულ მაღალ დონეს და დღემდე ვპოულობდით შეხების წერტილებს წამოჭრილ სადავო საკითხებში, ვიღებდით ერთობლივ გადაწყვეტილებებს. ასე მოხდა ამჯერადაც”.

დიმიტრი საიმსი აფართოებს ამ თემის საზღვრებს და ამბობს, რომ ძალიან კარგი კორდინაცია არსებობს სირიაში რუსეთისა და ამერიკელების სამხედროებს შორის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა არ წარმოიქმნას სამხედრო კონფრონტაცია რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ, თუ რომელიმე მხარემ გადაკვეთა წითელი ხაზი, მაშინ ის, რაც ახლა თურქეთსა და სირიას შორის ხდება, ერთ შეზღუდულ ეპიზოდად წარმოჩნდება.

და ეს სიმართლეა.

მოკლედ: ომის შესაძლო დაწყების საშიშროება, რომელიც საქართველოს სამხრეთით, არცთუ დაშორებულ რეგიონში შეიძლება რეალობად ქცეულიყო, დაზავებით დამთავრდა. სროლა შეწყდა. დაძაბულობა მოგვეხსნა. და ბრმა უნდა იყო, სმენადახშული და გონებადაჩლუნგებული, არ დაინახო, არ შეისმინო, არ ირწმუნო, რომ მშვიდობა თუ დროებითი ზავი რუსეთის აქტიური ჩარევის შედეგად დამყარდა.

ტელეპროგრამის საგაზეთო ვერსია მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here