მთავარი საზოგადოება მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, სჯობს, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს ხელფასები შეუმცირდეთ

მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, სჯობს, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს ხელფასები შეუმცირდეთ

მრავალშვილიანი ოჯახისთვის თვეში 20 ლარის გადაგდებას შეიძლება დახმარება დავარქვათ?!

3032
გააზიარეთ
ოჯახი

1990-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში დემოგრაფიული ვითარება განუხრელად უარესდება: შემცირდა შობადობა, მოიმატა მოკვდავობამ, ქვეყანაში ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით სრულდება; არნახულ მასშტაბს მიაღწია ემიგრაციულმა პროცესებმა _ 1989-2014 წლებში 1,7 მილიონი ადამიანი ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწა.

ამასთანავე, საქართველო ყველაზე დაბერებული ქვეყნების სიაშია. 2002-2014 წლებში, 13 წლის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით, რამდენიმე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა თითქმის განახევრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული პირობებისა და ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში 13 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტები მოსახლეობისგან დაიცლება. დანარჩენი მუნიციპალიტეტების გაუკაცრიელებას კი 20, დიდიდიდი, 40 წელი დასჭირდება. ცნობილი დემოგრაფის, პროფესორ ანზორ თოთაძის მონაცემების მიხედვით, მომავალ წლებში შობადობის დონე რომ არ შემცირდეს და ცოტა მოიმატოს კიდეც, მოსახლეობის დეპოპულაცია გაგრძელდება და ქვეყანა დემოგრაფიულად ისე დასუსტდება, რომ სხვა ხალხი დაიჭერს დომინანტის ადგილს.

დღეს საქართველოში პენსია 180 ლარია, საარსებო მინიმუმი _ 174 ლარი; ხელისუფლების წარმომადგენლები კი, რომლებიც, უზარმაზარ ხელფასებთან ერთად, პრემია-დანამატებსაც იღებენ, მხოლოდ ახლა ალაპარაკდნენ მრავალშვილიანი ოჯახების (საქართველოში მხოლოდ 12 369 ოთხ და მეტშვილიანი ოჯახია) დახმარებაზე ყოველთვიური 20-ლარიანი ვაუჩერით ელექტროენერგიაზე(?!) _ პარლამენტში ახლახან შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, ოთხშვილიან ოჯახებს ყოველწლიურად ელექტროენერგიაზე 240-ლარიანი სუბსიდია მიეცემათ, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 120 ლარი დაემატებათ. კანონპროექტის მიხედვით, “მრავალშვილიანად ჩაითვლება ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ოთხი(!) და მეტი შვილი”.

საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის უფსკრულში გადასაჩეხად არის გამზადებული, ქვეყნის ხელისუფლება კი უსუსურად ცდილობს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, თუ შეიძლება, მრავალშვილიანი ოჯახისთვის თვეში 20 ლარის გადაგდებას დახმარება დავარქვათ. არადა, მსოფლიოში არ არსებობს განვითარებული ქვეყანა, რომელიც არ ზრუნავს დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებაზე და შემუშავებული არ აქვს დახმარებებისა და შეღავათების პაკეტები დედების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რადგან მოსახლეობის შემცირება ხელს უშლის სოციალურ სტაბილურობასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

აი როგორი ვითარებაა ამ მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში:

* საფრანგეთში მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად შემუშავებულია პროგრამა “დიდი ოჯახი”, რომელიც 1921 წლიდან მოქმედებს. შობადობის სტიმულირებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გამოყოფილია სუბსიდიები და დაწესებულია საგადასახადო შეღავათები. მაგალითად, ყოველი შემდგომი შვილის გაჩენის შემდეგ ოჯახს უმცირდება გადასახადები ისე, რომ ოთხშვილიანი ოჯახი თითქმის არაფერს იხდის. აგრეთვე, მნიშვნელოვნად უმცირდება კომუნალური, სამედიცინო მომსახურების გადასახადები; შეღავათით სარგებლობს მგზავრობისას და ა.შ. ამასთანავე, მეორე და მესამე შვილის გაჩენის შემდეგ მშობლებს სახელმწიფო ეხმარება 120 ევროთი (390 ლარი) ყოველთვიურად. 4 შვილზე კი ყოველთვიური დახმარება შეადგენს 428 ევროს, ანუ 1412 ლარს (!), ხოლო მეხუთე და შემდეგ შვილზე კიდევ ემატება 154 ევრო (508 ლარი).

* ანალოგიური სისტემა მოქმედებს გერმანიაშიც. მრავალშვილიან ოჯახებს პირველი შვილის გაჩენის შემდეგ ეძლევათ 184 ევრო (607 ლარი), მეორე შვილის გაჩენის შემდეგაც _ 184 ევრო, მესამე შვილის შემდეგ კი _ 190 ევრო (627 ლარი), თუ ოჯახი მცირეშემოსავლიანია და მშობლების ხელფასი 1632 ევროა (5385 ლარი);

* დიდ ბრიტანეთში პირველ შვილზე დახმარება შეადგენს 105 ევროს (346,5 ლარი) თვეში; მეორე შვილზე _ დამატებით 70 ევროს (231 ლარი), მესამე და შემდეგ შვილებზე _ 70 ევროს;

* იტალიაში, თუ მშობლებს წელიწადში 11 422 ევროზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, პირველ შვილზე სახელმწიფოსგან იღებს 250 ევროს (825 ლარი) თვეში;

* შვედეთში მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს; მათთვის, აგრეთვე, დაწესებულია საგადასახადო შეღავათები საცხოვრებელზე, ბავშვების სკოლაში სწავლაზე, მრავალშვილიან ოჯახებს აძლევენ ტალონებს საკვებ პროდუქტებზე და ა.შ. შვედეთში მრავალშვილიანად ითვლება ოჯახი, რომელსაც ერთზე მეტი შვილი ჰყავს.

პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ სახელმწიფო ოჯახს ყოველთვიურად აფინანსებს 120 ევროთი (396 ლარი), მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ _ 251 ევროთი (823 ლარი); სამ და მეტ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება შეადგენს 411 ევროს (1356,3 ლარი), ოთხ და მეტ შვილზე _ 629 ევროს (2075,7 ლარი);

* ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვების გაჩენისთვის დახმარება არ არის. გამონაკლისია მცირეშემოსავლიანი ოჯახები (1305 დოლარზე ნაკლები თვეში), რომლებსაც ეხმარებიან ინდივიდუალური მიდგომით. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ჰყავთ შვილები, ერთადერთი დახმარებაა საგადასახადო შეღავათები, რომელიც წელიწადში 1000 დოლარია ერთ ბავშვზე.

* ევროპის ქვეყნებთან შედარებით დიამეტრულად საწინააღმდეგო ვითარებაა ჩინეთში, სადაც სახელმწიფო შობადობის შესამცირებლად 1970-იანი წლებიდან ატარებს მკაცრ პოლიტიკას: “ერთი ოჯახი _ ერთი ბავშვი”. წყვილებს, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქში, უფლება აქვთ, ჰყავდეთ ერთი შვილი; სოფელში მცხოვრებთ _ 2 შვილი, იმ პირობით, რომ პირველი გოგო იქნება. ოჯახებს, რომლებიც დაარღვევენ შობადობის ლიმიტს, ფულადი ჯარიმა ემუქრებათ.

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მხრივ საქართველოზე გაცილებით უკეთესი ვითარებაა მეზობელ ქვეყნებსა და ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებში:

* 2018 წლიდან რუსეთში პირველი შვილის გაჩენის შემდეგ 0-დან 1,5 წლამდე ჩვილის მშობლებს სახელმწიფო უხდის თვეში 800 რუბლს _ დაახლოებით 35 ლარს; 1,5-დან 3 წლამდე _ 1600 რუბლს, ანუ დაახლოებით 70 ლარს. ბავშვის დაბადებისთანავე მშობლები ერთჯერადად იღებენ 13 741,9 რუბლს (590 ლარს); ამდენივეა ფულადი დახმარება მეორე შვილზეც, მაგრამ მთლიანი ერთჯერადი დახმარება _ “დედობის სერტიფიკატი” უკვე 429 408 რუბლს შეადგენს, ანუ 18 464 ლარს; მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისას სახელმწიფოს დახმარება ანალოგიურია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში მოქმედებს ე.წ. უშვილობის გადასახადი, ანუ მშობლები, რომლებსაც არ ჰყავთ შვილები, მიუხედავად ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობისა, ყოველთვიურად იხდიან დაახლოებით 5 ლარს.

* ბელარუსში პირველ შვილზე (0-დან 3 წლამდე) სახელმწიფოს დახმარება (წელიწადში 2-ჯერ) შეადგენს 401-401 ბელარუსულ რუბლს, ანუ დაახლოებით 670 ლარს წელიწადში. პირველ შვილზე მშობლების ერთჯერადი დახმარება 1 993,2 ბელარუსული რუბლია _ დაახლოებით 2390 ლარი, მეორე და შემდეგი შვილის გაჩენის შემთხვევაში სახელმწიფო მშობლებს თვეში 2790,48 ბელარუსული რუბლით ეხმარება;

* სომხეთში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ და მეორე შვილზე ოჯახებს ერთჯერადად ეძლევათ 50 ათასი დრამი, ანუ 250 ლარი; მესამე და მეოთხე შვილის გაჩენისას _ 1 მლნ დრამი, ანუ დაახლოებით 5000 ლარი; მეხუთე შვილზე კი _ 1,5 მლნ დრამი, ანუ 7500 ლარი;

* აზერბაიჯანში, სადაც მოსახლეობა 10 მლნ-ს აღწევს, ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 3 და მეტი ბავშვი, სახელმწიფო უზრუნველყოფს ბინით, აგრეთვე, იპოთეკური შეღავათებით. ამასთანავე, სახელმწიფო 4 და მეტშვილიან ოჯახებს ერთჯერადად ან ყოველთვიურად ეხმარება მინიმალურ ხელფასზე 12-ჯერ მეტი თანხით. აზერბაიჯანში მინიმალური ხელფასი არის 130 მანათი (186,3 ლარი), ანუ 4-შვილიან ოჯახს სახელმწიფო დაახლოებით 2235 ლარით ეხმარება;

* უკრაინაში მრავალშვილიანად ითვლება ოჯახი, რომელშიც იზრდება 3 და მეტი ბავშვი. ეს ოჯახები 50%-ით ნაკლებს იხდიან საცხოვრებელში, აგრეთვე, ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაში. შეღავათებით სარგებლობენ წამლის ყიდვის ან სამედიცინო მომსახურების გაწევისას. დედის ფასიანი დეკრეტული შვებულება განსაზღვრულია 70 დღით მშობიარობამდე და 56 დღით _ მშობიარობის შემდეგ. ბავშვის გაჩენის შემდეგ მშობლებს სახელმწიფო ეხმარება 41 280 გრივნით (დაახლოებით 3700 ლარი), ოღონდ ეს თანხა 6 თვის განმავლობაში გაიცემა.

როგორც ხედავთ, საქართველო, რომლის ხელისუფლებაც ხშირად იკვეხნის, რომ ამა თუ იმ სარეიტინგო სიაში მოწინავე პოზიციაზეა, ისევე როგორც პენსიის, საარსებო მინიმუმისა და საშუალო ხელფასის მხრივ, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გაწეული დახმარების მიხედვითაც ძალიან ჩამორჩება არა მხოლოდ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს, არამედ მეზობლებს _ რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ლაპარაკი აღარ არის ევროპის ქვეყნებზე.

ამჟამად საქართველოს პარლამენტის თითოეული წევრი, ხალხის რჩეული დეპუტატი, დანამატებიანად 3700 ლარს იღებს; კომიტეტისა და თავმჯდომარის მოადგილეები _ 3905 ლარს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები _ 3970 ლარს; საგამოძიებო და დროებითი კომისიების თავმჯდომარეები _ 4105 ლარს; ფრაქციების თავმჯდომარეები _ 4635 ლარს; საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები და კომიტეტის თავმჯდომარეები _ 4705 ლარს; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე _ 5505 ლარს; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე _ 5570 ლარს; პარლამენტის თავმჯდომარე _ 5905 ლარს.

ამას თუ დავუმატებთ თანხებს, რომლებიც ხალხის რჩეულების საზღვარგარეთ ვოიაჟებში იხარჯება, აგრეთვე, ძვირად ღირებული ავტომობილებით გადაადგილებასა და საწვავში, უზარმაზარი თანხა გამოდის. მხოლოდ ყოფილი დეპუტატების შენახვა ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში 4,5 მლნ ლარზე მეტი უჯდება, ხოლო მოქმედი დეპუტატების _ დაახლოებით 28 მლნ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო პლატფორმა _ ახალი საქართველოს” კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2017 წლის პირველ ოთხ თვეში, 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ხელფასის სახით მიეცათ 3 მლნზე მეტი ლარი. ამ თანხიდან 1,8 მლნ დანამატია.

როგორც კვლევით გაირკვა, უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან 100 დღის განმავლობაში 120 პარლამენტარი არც ერთი კანონპროექტის ინიციატორი არ ყოფილა. პარლამენტის დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა კი 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 4,8 მლნ ლარი აიღეს, ყველაზე მეტი _ ირაკლი კობახიძემ, თამარ ჩუგოშვილმა, გიორგი ვოლსკიმ, ირმა ინაშვილმა, დავით ბაქრაძემ, სერგი კაპანაძემ, ხათუნა გოგორიშვილმა, ზვიად ძიძიგურმა, რომან გოცირიძემ და ილია ნაკაშიძემ. თითოეულის შემოსავალმა 4 თვეში 23 ათას ლარს გადააჭარბა.

ამას თუ დავუმატებთ პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, მინისტრებისა და მათი მოადგილეების ხელფასებს, მივიღებთ წელიწადში რამდენიმე ათეულ მილიონს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა ხელისუფლების წარმომადგენლების შესანახავად.

კატასტროფული დემოგრაფიული ვითარების ფონზე, როცა საქართველოში მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა განუხრელად მცირდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება მთავრობის წევრებისა და დეპუტატების შესანახავად, აგრეთვე, ტოტო კუტუნიოს, რობი უილიამსისა და ელტონ ჯონის ჩამოსაყვანად, ხელისუფლება კი მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად მხოლოდ გროშებს იმეტებს, ხომ არ სჯობს, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს შეუმცირდეთ ხელფასები, მაგალითად, 500-500 ლარით და ჯამური თანხა მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდეს?

5 ქვეყანა, რომლებშიც ყველაზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახია

1.ნიგერი. აფრიკის დასავლეთში მდებარე ნიგერი ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში, მაგრამ ლიდერია მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობით _ 1000 მოქალაქეზე ყოველწლიურად 51 ახალშობილი იბადება. აქ ქალი სიცოცხლეში, საშუალოდ, 8 ბავშვს აჩენს;

2.მალი. ნიგერის მეზობელი ქვეყანაა. აქ ყოველ ათას მოქალაქეზე ყოველწლიურად 49 ბავშვი იბადება, ანუ თითოეული ქალი სიცოცხლეში 7 ბავშვს აჩენს;

3.უგანდა. აღმოსავლეთი აფრიკის ამ ქვეყანაში 1000 მოქალაქეზე ყოველწლიურად 48 ბავშვი იბადება, ანუ თითოეული ქალი სიცოცხლეში, საშუალოდ, 6 ბავშვს აჩენს;

4.ავღანეთი. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა შუა აღმოსავლეთში მდებარეობს. აქ 1000 მოქალაქეზე ყოველწლიურად 45 ბავშვი იბადება. თითოეული ქალი სიცოცხლეში, საშუალოდ, 6 ბავშვს აჩენს;

5.სიერალეონე. ეს სახელმწიფო აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ბოლო ორი წელია, ამ ქვეყანაში მოსახლეობამ 2,2-2,2%-ით მოიმატა. თითოეული ქალი სიცოცხლეში, საშუალოდ, 5 ბავშვს აჩენს.

დუგარების 19-შვილიანი ოჯახი
დუგარების 19-შვილიანი ოჯახი

ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი მსოფლიოში

დღეს მსოფლიოში ყველაზე მრავალშვილიან ოჯახად ითვლება ჯიმ ბობ დაგერისა და მისი მეუღლე მიშელის ოჯახი. მათ 19 შვილი ჰყავთ.

ბესარიონ ხვისტანი და მისი ოჯახი
ბესარიონ ხვისტანი და მისი ოჯახი

ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი საქართველოში

საქართველოში ყველაზე მეტი შვილი გელათის აკადემიისა და სემინარიის პრორექტორს, დეკანოზ ბესარიონ ხვისტანსა და მის მეუღლე მაია გოშხეთელიანს ჰყავთ. ისინი 13 შვილის მშობლები არიან. მე-13 შვილი მათ 2016 წელს გაუჩნდათ.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. არაჩვეულებრივად აქტუალური და საურადღებო სტატიაა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დემოგრაფიული პრობლემა აქვს ქართულ მოსახლეობას, თორემ ჩვენთან მცხოვრები აზერბაიჯანელებისა და სომხების წინაშე გამრავლების პრობლემა არ დგას – ოჯახში საშუალოდ 5–6 შვილი ჰყავთ. ამიტომ, ცხადია, დემოგრაფიული დახმარება უნდა გავრცელდეს მხოლოდ ქართულ მოსახლეობაზე. ბიუჯეტის გასაზრდელად კი უნდა დაწესდეს დასაქმებისა და ხელფასების ზღვრული სიდიდეები. განა ნორმალურია, რომ ასეთი უმუშევრობის პირობებში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ქევხიშვილს დამატებით კიდევ ეკავოს ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაც? იგივე ეხება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კობიაშვილს, პარლამენტარებს ყაველაშვილს, აკაკი ზოიძეს და მრავალ სხვას.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ყაზბეგის იაგო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here