Home რუბრიკები საზოგადოება მოწიე და შეგერგება!

მოწიე და შეგერგება!

1612
ნარკოტიკი

უბედურია ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი იცის. დილეტანტი. ასე უთქვამთ და ასეცაა. უფრო მეტად უბედურია ადამიანი, რომელსაც დილეტანტები უფროსობენ. ლოგიკურად ასეა. ასეა ჩვენს საზოგადოებრივ პრაქტიკაშიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რომელიმე მწვავე პრობლემას ეხება.

მაგრამ არსებობს კი პრობლემა, რომელიც თეთრი და ფუმფულაა, როგორიც ქიშმიშიანი ფუნთუშა საცხობიდან დახლზე ეს-ესაა გასაყიდად გამოტანილი?!

ცდილობს, ასეთად შემოგვასაღოს მარიხუანის პრობლემა ე.წ. პარტიამ, რომელსაც თავისი სახელწოდებაც კი დამახინჯებულად აქვს წარმოდგენილი _ “გირჩი” და არა “გირჩა” (იხ. ენციკლოპედიური ლიტერატურა): “შიშველთესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანო” (ქსე, ტ. III, გვ. 172).

აი, ეს “სქესობრივი გამრავლების ორგანო” თუ “კოლექტიური თესლი” ცდილობს, მარიხუანის მოხმარება, მოყვანა, გავრცელება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ბიუჯეტის მილიარდობითი ზრდის საფუძვლად წარმოგვიდგინოს. იცის ეს ჩვენმა მკითხველმა და ეღიმება, რადგან გონების ამგვარი გადაბრუნება “შიშველ გიჟებთან” ასოცირდება.

ხომ გვეგონა, რომ მათმა რაციონალიზაციამ ჭირი მოგვჭამა _ გადაძოვეს თიხის (თუ პლასტმასის) ქოთნებში გამოყვანილი მარიხუანის ჩითილები და “წავიდნენ, გაქრნენ სიზმრებლივ ჩქარად”.

შევმცდარვართ.

აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს მართვის ზოგიერთი ორგანო “შიშველთა” ნარჩენი დეფორმაციისგან ვერ გათავისუფლებულა: ან უკვე გაუგორა კოჭი, ან აპირებს, დღეს და ხვალ თუ არა, ამ შემოდგომაზე _ უეჭველად.

კერძოდ, განიხილავენ საკითხებს: აიკრძალოს პოლიციელების მიერ ნარკოტიკის მოხმარებაში საეჭვოდ მიჩნეული პირების ადგილზე შემოწმება. ეს ერთი.

და, მეორე: მარიხუანის ფლობის დაშვებული ნორმა განისაზღვროს წონით _ 70 გრამი ერთ ადამიანზე.

ორივე ერთად კი ნიშნავს, არც მეტი, არც ნაკლები, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას. დაუჯდებათ ალჩუზე ქლესა კოჭი ნარკომანებს.

თავი დავანებოთ ფიგურალურ ჩუქურთმებს და მოვუსმინოთ სპეციალისტებს, რომლებიც გვაფრთხილებენ: მწირი ნარკობიუჯეტის პირობებში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ნარკომანიის სრულფასოვან პრევენციას, ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას, მათ სოციალურ რეაბილიტაციასა და სხვა, ზემოთ დასახელებული ნორმების დაკანონება მთელი ქართველი ერის განარკომანებას შეუწყობს ხელს.

პროფესიონალები, უწინარესად, ექიმი-ნარკოლოგები სრულიად გაუმართლებლად მიიჩნევენ ისეთი ნორმის შემოღებასაც, როცა ნარკოტიკის მოხმარება დანაშაულად ჩაითვლება მხოლოდ დამამძიმებელ პირობებში, ვთქვათ, მაშინ, როცა ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ადამიანი მართავს ავტომანქანას. სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ნარკოლოგები, რომლებიც ასეთ მიდგომას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ.

სხვა დროსა და სხვა პირობებში მოქალაქის ნარკოდამოკიდებულებაზე შემოწმება, რაგინდ აშკარად ეტყობოდეს ნარკოტიკის გავლენა, პოლიციას აეკრძალება.

იხარე, საქართველო!

მეცნიერი-ექსპერტები გვისაბუთებენ, რომ მარიხუანის (ნედლი იქნება თუ გამომშრალი) ნარკოგენულ ეფექტს განსაზღვრავს მასში არსებული წამყვანი (სხვაც ბევრია) ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ტჰკ).

2005 წლამდე ამ ნივთიერების ბუნებრივი შემცველობა მარიხუანაში 1-2 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა, დღეს ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მონაცემებით, საბაზრო მარიხუანაში ტჰკ-ის შემცველობა მერყეობს 5-დან 28 პროცენტამდე. ამასთანავე, სელექციის გზით (არსებობს მინიშნებები) ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ასეთი პერსპექტივა დროზე შენიშნეს ნიდერლანდებში და ტჰკ-ის მაღალი პროცენტული შემადგენლობის მარიხუანა გაუთანაბრეს კოკაინს (იმ ნარკოტიკს, რომლის მოხმარება ნარკომანიის საფუძველთა-საფუძველია).

გამომდინარე ზემოთქმულიდან, მარიხუანის საფრთხე საზოგადოებისთვის არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ მისი წონით, აუცილებელია ტეტრაჰიდროკანაბინოლის პროცენტული შემადგენლობის მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტის ამოქმედება უდიდეს ზიანს მიაყენებს საქართველოს საზოგადოებას.

ასე მიიჩნევენ მეცნიერები, “გირჩისტები” კი (და არა მხოლოდ ისინი) ჩვენს მიმნდობ საზოგადოებას ამ საწამლავს ცხვირში ისე ტენიან, როგორც სახედარს სურნელოვან პიტნას. ხოლო “თეთრი ხმაურის” “სვეცკი” ცნობადები მარიხუანის მოხმარებას ისეთ დაბალ დონედ მიიჩნევენ, ისეთ “ბანძობად” და პროვინციალიზმად, რომელზეც ლაპარაკი რა საკადრისია!

სიტყვის თავისუფლებააო და ნებას რთავენ.

მაგრამ ხომ ცნობილია, რომ, სადაც იწყება სისხლის სამართლის კოდექსი, იქ მთავრდება “სიტყვის თავისუფლება”.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here