Home რუბრიკები პოლიტიკა მოსახლეობაზე იზრუნეთ, ბატონებო, დაგჭირდებათ ეს ხალხი… ხალხი თუ არა, ხმები დაგჭირდებათ, ვიღაცამ...

მოსახლეობაზე იზრუნეთ, ბატონებო, დაგჭირდებათ ეს ხალხი… ხალხი თუ არა, ხმები დაგჭირდებათ, ვიღაცამ ხომ უნდა დაგდოთ იმ სკამებზე, რომლებსაც ვერ ელევით!

204
მოსახლეობაზე იზრუნეთ, ბატონებო, დაგჭირდებათ ეს ხალხი... ხალხი თუ არა, ხმები დაგჭირდებათ, ვიღაცამ ხომ უნდა დაგდოთ იმ სკამებზე, რომლებსაც ვერ ელევით!

ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოში ეპიდვითარებას მოქალაქეების მხრიდან აცრებზე უარის თქმა ართულებს. იმის მიუხედავად, რომ მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების ნაწილი პირდაპირ ეთერში აიცრა, მოსახლეობაში მაინც უნდობლობაა და, წესით, ექვს თვეში მოსახლეობის 60% რომ უნდა აგვეცრა, ამ ტემპით ადამიანების ამ რაოდენობის ვაქცინაციას, სულ ცოტა, სამი წელი დასჭირდება. რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ არავინ არ უნდა აიცრას, პირიქით _ მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს, რომ ეს გამოსავალია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობას არჩევანი შესთავაზოს ყველა იმ ვაქცინისა, რომელიც აღიარებულია, და მხოლოდ ერთით აცრა არ დააძალოს ხალხს.

რუსულ ვაქცინაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელიც საქართველოში, უბრალოდ, არ შემოიტანეს, მოსახლეობის უმრავლესობა “ფაიზერს” ანიჭებს უპირატესობას, რადგან “ასტრა ზენეკამ” უამრავი კითხვა გააჩინა. ჰოდა, “ფაიზერი” არ გვაქვს, სამაგიეროდ, გვაქვს ჩინელებისგან ნაჩუქარი “სინოფარმი”, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო ერიდება, მაგრამ ჩინელებმა გვაჩუქეს და ხომ არ გადავყრით? ჰო, ისიც აღვნიშნოთ, შემოტანილი ვაქცინის ნაწილს ვადა მაისში გადის და იმედია, ვადაგასულს არაფერს გაგვიკეთებენ.

ახალი, ბრიტანული შტამის გამოჩენამ ქართველ ექიმებში შეშფოთება გამოიწვია, ბრიტანული შტამის შემთხვევებს ცალკე აღრიცხავდნენ, მაგრამ ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინათ დაუფარავად თქვა: უკვე იმდენი შემთხვევა გვაქვს, აღრიცხვას შევეშვით, აზრი აღარ აქვსო. ჰოდა, ისიც გაირკვა, რომ ამ ბრიტანულ შტამს ეფექტიანად მხოლოდ “ფაიზერი” ებრძვის (რუსულ “სპუტნიკ V”-ის შესახებ ჩვენი მედოკოსები ინფორმაციას, უბრალოდ, არ გვაწვდიან). რა გამოდის? დანარჩენ ვაქცინას ტყუილად ვიკეთებთ, რადგან ბრიტანული შტამისგან დაზღვეულები მაინც არ ვართ? მხოლოდ ეს რომ იყოს, გამოსავალს კიდევ ნახავდა კაცი, მაგრამ…

ბრაზილიაში ვირუსმა მუტაცია განიცადა და ახალი, ბრაზილიური შტამი გვაქვს. ეპიდაფეთქებაა ინდოეთში, სადაც ასევე მუტაცია განიცადა ვირუსმა და ველოდებით ახალ ტალღას აფრიკიდან, სადაც ასევე სხვა სახე მიიღო ვირუსმა. სამწუხაროდ, ვერც ერთ ახალ შტამს უკვე რეგისტრირებული ვაქცინები ვერ ებრძვიან და ამიტომ საჭიროა ახალი ვაქცინა, რომლის შექმნაზე არაერთი ქვეყანა უკვე მუშაობს”, _ ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებაა.

მკაფიოდ ითქვა, რომ 24 აპრილს, 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა აღირიცხა _ 893 000 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 147 მილიონს გადააჭარბა. სამწუხაროდ, 3.11 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ქართველი ექსპერტებიც კი არ მალავენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ მიდის კატასტროფისკენ. საქმე ის არის, რომ ვირუსი მუდმივ მუტაციას განიცდის და უკვე შემუშავებული ვაქცინები ეფექტიანი აღარ არის. ახალ ვაქცინაზე მუშაობა კი აზრს კარგავს, რადგან ახალი მუტაციის შემდეგ, ისევ ახალი ვაქცინაა შესაქმნელი და გამოდის, წელიწადში ორჯერ კი არა, პრაქტიკულად ყოველი ახალი მუტაციის შემდეგ უნდა ავიცრათ, რაც არარეალურია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მუტაციიდან მუტაციამდე კომპანიები ვაქცინების საჭირო რაოდენობასაც ვერ დაამზადებენ და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს არსებული ვაქცინები უკვე აღარ ვარგა, ერთი და ორი კი არა, არც ერთი აღარ ვარგა.

მოსახლეობაზე იზრუნეთ, ბატონებო, დაგჭირდებათ ეს ხალხი... ხალხი თუ არა, ხმები დაგჭირდებათ, ვიღაცამ ხომ უნდა დაგდოთ იმ სკამებზე, რომლებსაც ვერ ელევით!

მსოფლიო უზარმაზარ საფრთხეს ინდოეთიდან ელოდება, ქვეყნიდან, სადაც დღეში ახალი შტამის მაჩვენებლით, სულ ცოტა, 350 ათასი ადამიანი ინფიცირდება და 2700 ადამიანი ყოველდღიურად იღუპება. ინდოეთში 17 მილიონ ადამიანზე მეტია ინფიცირებული, 190 ათასზე მეტი _ გარდაცვლილი და პროცესი შეუქცევადად მიმდინარეობს. ანალოგიური ვითარებაა ბრაზილიაში, თუმცა იქ სხვა შტამია, ინდურისგან განსხვავებული, და ძალისხმევას შედეგი, უბრალოდ, არ მოაქვს. ბრაზილიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 ათასს მიუკაკუნა და ეს კატასტროფაა.

პრაქტიკულად, ყველა ქვეყანამ ინდოეთსა და ბრაზილიასთან საზღვარი ჩაკეტა, ამ ქვეყნების მოქალაქეებს არსად უშვებენ, თუმცა საქართველოში აკრძალვა არ არსებობს. მთავარია, საქართველოში შემოსვლის მსურველს ჯიბეში კოვიდზე ტესტის პასუხი ედოს და საზღვარს უპრობლემოდ გადმოლახავს. ეს იმ პირობებში, როცა მსოფლიო მედიკოსები აღიარებენ _ ახალი შტამი თავს იჩენს ინფიცირებიდან 5-7 დღის შემდეგ. ე.ი., შესაძლებელია, საქათველოში შემოვიდეს მოქალაქე, მას მართლაც არ აღენიშნებოდეს ვირუსის არანაირი ნიშანი და მეოთხე-მეხუთე დღეს გამოუვლინდეს. რა ხდება ამ შემთხვევაში? არც არაფერი, ბატონებო. როგორც ბრიტანული შტამის აღრიცხვა დავიწყეთ და შემდეგ თავი დავანებეთ, რადგან აზრი დაკარგა, იმდენი შემთხვევა გამოვლინდა, ასე იქნება ახლაც. ჰო, ბრიტანული შტამის წინააღმდეგ მხოლოდ “ფაიზერი” რომ მუშაობს და ისიც ნაწილობრივ, არ დაგავიწყდეთ. აი, ინდური და ბრაზილიური ვირუსის წინააღმდეგ არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს და საუკეთესო შემთხვევაში, მათ საწინააღმდეგო ვაქცინას მსოფლიო 4-6 თვეში დაამზადებს. ეს ინდოეთსა და ბრაზილიაში რამდენიმე მილიონ ახალ ინფიცირებულსა და ათიათასობით გარდაცვლილს ნიშნავს.

ცოტა არ იყოს, სასაცილოა, ამ ვითარებაში მთავარი განსახილველი თემა ის რომ არის, ვინ შევა პარლამენტში, ვინ დარჩება მის გარეთ, რამდენი კაცი მივა ან არ მივა აქციაზე და ვინ გადადგება თანამდებობიდან. დაძებნეთ (როგორც ერთი ე.წ. ჟურნალისტი იტყოდა _ “დაგუგლეთ”, “დასერჩეთ”), შეამოწმეთ _ არსად, საქართველოს გარდა, არც ერთ ქვეყანაში პოლიტიკური კინკლაობისთვის არავის სცალია. ყველა იმაზეა გადასული, როგორმე გადარჩეს და ხელისუფლებები საამისოდ ყველაფერს აკეთებენ. ამერიკამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა… მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ შეაჩერა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სამედიცინო სფეროს განვითარებაზე გადავიდა. ყველა ქვეყანა ჟანგბადის მარაგს იკეთებს, თუ არ აქვთ, ყიდულობენ, ქარხნები გადაეწყო ჟანგბადის ბალიშებისა და მოწყობილობების გამოშვებაზე, საქართველოში კიაქ კვირაში 600 საწოლი რომ დაგვემატება, სპეციალურ ბრიფინგს უძღვნიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და მოსახლეობას ამშვიდებენ, _ აგერ, ახალი საწოლები გამოჩნდაო.

საწოლები კი არა, ბატონებო, ჟანგბადი მოიმარაგეთ, იმ ახალი ვაქცინების რიგში ახლავე ჩადექით, არ გინდათ წინასაარჩევნოდ, ორღობეების კეთება და გარე განათებების მონტაჟი. მთელი თანხა სამედიცინო სფეროსკენ მიმართეთ, ოღონდ ისე კი არა, პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის ძმაზე რომ ამბობდნენ, 17-მილიონიანი ტენდერი ჩაიდო ჯიბეში და დიდძალი ფული იშოვაო. მოსახლეობაზე იზრუნეთ, დაგჭირდებათ ეს ხალხი… ხალხი თუ არა, ხმები დაგჭირდებათ, ვიღაცამ ხომ უნდა აგირჩით და დაგდოთ იმ სკამებზე, რომლებსაც ვერაფრის დიდებით და არაფრის ფასად არ ელევით.

გადასარევი კრიზისმენეჯერი იყო გიორგი გახარიაო და სად არის მისი გეგმა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად? წავიდა და გეგმა თან წაიღო, თან კომპიუტერშიც წაშალა? სად არის ირაკლი ღარიბაშვილის გეგმა? რატომ არ ვარისხებთ განგაშის ზარებს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო, პრაქტიკულად, საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული? რატომ არ ვუკრძალავთ საქართველოში შემოსვლას იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებშიც ჯერაც დაუდგენელი შტამის აფეთქებაა და არ იკურნება თუ ვერ იკურნება? თუ ჩვენ “ერი გულადი-პურადი” ვართ და არ გვეკადრება?!

საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურად უნდა გაიმართოს და არა მაშინ, როცა რომელიმე მინისტრს სილამაზის სალონში გაკეთებული ახალი ვარცხნილობით კეკლუცობა მოუნდება ტელეკამერების წინ. არ ვხუმრობთ, სრულ სიმართლეს მოგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი სხდომის დაწყება სწორედ იმიტომ დაგვიანდა ერთი საათით, რომ მისი ერთ-ერთი წევრი სალონში ვარცხნილობას იყენებდა. გამოდით და უთხარით ადამიანებს სიმართლე, ის სიმართლე, რომელიც იცით და ზუსტად ისევე გაუფრთხილდით თითოეულ მოქალაქეს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს უფრთხილდებით. თუ თქვენთვის არაფერს ნიშნავს, თვეში მინიმუმ 300 ადამიანი რომ მიჰყავს ვირუსს? სამასმა კაცმა ისეთი გმირობა ჩაიდინა, მათი საარაკო ამბავი საუკუნეებს უძლებს, თქვენ კი სათვალავშიც არ აგდებთ. ჰო, არ აგდებთ იმიტომ, რომ ბოლოს როდის გაიხსენეთ, როდის გამოხატეთ მწუხარება გარდაცვლილებზე? აღარ გახსოვთ, მიეჩვიეთ და, აბა, ახლა მათი ოჯახის წევრებს ჰკითხეთ, როგორ მიეჩვივნენ?!

წინასაარჩევნოდ მოგონილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებით ათეული მილიონობით ლარის დაზოგვა შეიძლება. ჰო, იმ პროექტების შეჩერებით, რომელთაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს და ამ ფულით, სხვა ქვეყნების მსგავსად, ჟანგბადი მოვიმარაგოთ, მედიკამენტები მოვიმარაგოთ, ორი წლის წინათ დაანონსებული ახალი საავადმყოფოს მშენებლობა რომ დაგვეწყო, ახლა დამატებითი საწოლები დერეფნებში არ იდგმებოდა. ახლაც არ არის გვიან, უკვე ცხადია, რომ ვირუსი თავს არც წელს დაგვანებებს, არც გაისად და არც იმის შემდეგ. მეორე და მესამე ტალღა კი არა, პრაქტიკულად, ახალ ვირუსთან გვიწევს ბრძოლა და იმავე გზის გავლა, რომელიც პირველად გავიარეთ. ჟანგბადი სჭირდება ხალხს, ჟანგბადი და ნუ გგონიათ, თქვენთვის მომარაგებულს შეგარჩენენ. როცა ერთსა და ორს კი არა, ათეულებს და ასეულებს გაუჭირდებათ, მოგადგებიან და ჟანგბადს თქვენ გადაგიკეტავენ, ბატონებო!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here