მთავარი პოლიტიკა მონროს დოქტრინა და კარასინის გაფრთხილება

მონროს დოქტრინა და კარასინის გაფრთხილება

863
გააზიარეთ
კარასინი

ამა წლის 4 მარტს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დეპუტატებმა მოუსმინეს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში _ ზურაბ აბაშიძეს. ამ შეხვედრას დიდი რეზონანსი ორი გარემოების გამო არ მოჰყოლია. ჯერ ერთი, იმავე დღეს და იმავე საათებში გაიმართა საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის სკანდალური სხდომა, რომელზეც მამუკა ხაზარაძე გამოვიდა. ამასთანავე, შეხვედრა აბაშიძესთან მალევე დაიხურა. მას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება გიგა ბოკერიასა და დიმიტრი ცქიტიშვილს შორის, მაგრამ საზოგადოებას ყურადღება არც ამისთვის მიუქცევია. რამდენიმე კომენტარიდან კი ჩანდა, რომ რუსეთსაქართველოს ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი დებატები არ გამართულა და ზურაბ აბაშიძემ დეპუტატები, უბრალოდ, საქმის კურსში ჩააყენა პრაღაში გამართული მოლაპარაკებების თაობაზე.

ზურაბ აბაშიძის შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან, როგორც წესი, დიდ აურზაურს არ იწვევენ. თუმცა ამჯერად საპირისპირო მოხდა. მას ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო, უპირველესად კი, კარასინის ამ განცხადებამ: “სირთულეების მიუხედავად, უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა, გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისთვის”.

უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი განცხადება, რომელიც იმავე დღეს სამინისტროს კოლეგიაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედებაზე საუბრისას გააკეთა: ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა იმ სწავლებების მასშტაბი და ინტენსიურობა, რომელშიც სულ უფრო აქტიურად რთავენ ნატოს არაწევრ უკრაინასა და საქართველოს. მსგავსი ქმედებები მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას არღვევს”.

იმავე დღეს, საღამოს, რუსულმა “კომერსანტმა” გრიგორი კარასინის ინტერვიუ გამოაქვეყნა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა იდგა მისი გაფრთხილების უკან, რუსმა დიპლომატმა უპასუხა: პირიქით, ვცდილობთ, მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ჩვენ ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ იყოს, _ განაცხადა კარასინმა, საქმე ის არის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ნატოსთან დაკავშირებული დღის წესრიგი. ძალიან ხშირად ტარდება ნატოს მასშტაბური სწავლებები, ამასთანავე, საქართველო ხელს უწყობს, რომ მასში მონაწილეობა რეგიონის სხვა ქვეყნებმაც მიიღონ, მაგალითად, სომხეთმა”. მან გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი “მკვეთრი განცხადებებისთვის”, თუმცა, ამასთანავე, აღნიშნა, რომ კეთილგანწყობის ატმოსფერო მთელ რიგ სფეროებში იზრდება. სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს 1,35 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე მეოთხედით მეტია”. კარასინის თქმით, ფულადი გადარიცხვები რუსეთიდან საქართველოში 500 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო რუსი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში დაახლოებით 1,4 მილიონს მიაღწია.

კარასინმა აღნიშნა, რომ მხარეებმა მოაგვარეს ყველა ფორმალობა, რომელიც ხელს უშლიდა სავაჭრო ტრანზიტის დაწყებას კონფლიქტურ რეგიონებზე გამავალი ე. წ. დერეფნების გავლით. როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, _ მართალია თუ არა, რომ მოსკოვი აიძულებს თბილისს, სეპარატისტულ მთავრობებთან ტრანზიტთან დაკავშირებით შეთანხმებები გააფორმოს, კარასინმა უპასუხა: არა, არა, ასე არ არის. ეს გამოგონილია, ჩვენ ასე საკითხს არ ვაყენებთ. სხვა საქმეა, რომ არსებობს ზოგიერთი დეტალი, რომელთა განხილვა თქვენ მიერ დასახელებულ რესპუბლიკებთან მოგვიწევს, მაგრამ არანაირ მოწოდებებს არ ვაკეთებთ, პირობებს არ ვაყენებთ”.

თბილისში ამ თემაზე არაერთი ვარაუდი გამოითქვა, თუმცა იყო კიდევ ერთი ვერსია. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ “პალიტრანიუსის” ეთერში არ გამორიცხა, რომ კარასინის გაფრთხილება ანაკლიის პორტის მშენებლობასაც ეხება, “ვინაიდან ვიცით, რომ ამ პროექტზე რუსეთის ხელისუფლებას ცუდი დამოკიდებულება აქვს”. ზურაბ აბაშიძემ კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე ანაკლიაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა: “ვერ წარმომიდგენია, რა შუაშია ანაკლიის პორტი და რატომ უნდა განვიხილოთ ეს თემა”.

თბილისში ბევრი ისაუბრეს იმაზე, რატომ გააკეთა კარასინმა ასეთი ხისტი განცხადება. დასახელდა სხვადასხვა მიზეზი, გაკეთდა ვრცელი კომენტარები რუსული დიპლომატიის სტილზე, მაგრამ ძალიან ცოტა ითქვა იმ მიზეზზე, რომელიც ზედაპირზე დევს, და რუსული მხარე მასზე ღიად საუბრობს. მოსკოვს არ სურს, იხილოს საქართველო ნატოში და ნატო _ საქართველოში. ამას სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს და საპასუხო ნაბიჯებს აანონსებს. როგორც ამჟამინდელი, ისე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, ხელს არ აძლევთ, რომ ეს თემა განხილვის საგანი გახდეს და საზოგადოებაში გაჩნდეს კითხვარამდენად გვიღირს?”. სავარაუდოდ, ამიტომ ურჩევნიათ, ყურადღება მნიშვნელოვან, მაგრამ (მთავარ საკითხთან შედარებით) მეორეხარისხოვან პრობლემებზე გადაიტანონ _ ანაკლია, სავაჭრო დერეფნები, დიპლომატიის სტილი, ზურაბ აბაშიძის თითქოსდა საიდუმლო ვიზიტი ბიძინა ივანიშვილთან და . .

ზოგმა შეიძლება თქვას, რომ საქართველო-რუსეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობებში არის რიტორიკული ესკალაციის პერიოდები, რომელთაც შემდგომ განმუხტვის პერიოდები ცვლის. მათ შეიძლება ივარაუდონ, რომ ამჟამინდელი გამწვავება დაახლოებით მარტის ბოლომდე გაგრძელდება, როდესაც საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოვა და მასშტაბური სამხედრო სწავლება გაიმართება. შემდეგ კი, როგორც წინა წლებში, დაძაბულობა შემცირდება, მაგრამ საქმე ის არის, რომ “ახალი ცივი ომი” აშშ-სა და რუსეთს შორის უკვე იმ სტადიაშია, რომ რიტორიკის გამწვავება კონკრეტულ ნაბიჯებს უკავშირდება. მაგალითად, რუსეთის თავდაცვის მინისტრის ზემოთ ნახსენები განცხადება ბალტიისა და სამხრეთის მიმართულებაზე ახალი შენაერთების განლაგების ფონზე გაკეთდა. არის კიდევ ერთი, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი ნიუანსიც.

კრემლი მოწადინებულია აშშ-ის მოქმედებას ვენესუელაში ასიმეტრიული პასუხი გასცეს და შეიძლება უკრაინისა და საქართველოს მიმართულებით გააქტიურდეს. ახლახან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში _ ჯონ ბოლტონმა “სი-ენ-ენისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას ,,რატომ ახდენს თეთრი სახლი ესოდენ დიდ ზეწოლას ვენესუელაზე და ყურადღებას არ აქცევს მსგავს რეჟიმებს საუდის არაბეთსა და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს სხვა ქვეყნებში?” ასე უპასუხა: ვენესუელას შედარება საუდის არაბეთთან არ შეიძლება. მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ გვეშინია ვთქვათმონროს დოქტრინა”. რონალდ რეიგანიდან მოყოლებული, აშშის პრეზიდენტების მიზანი იყო სრულიად დემოკრატიული ნახევარსფეროს შექმნა”, _ თქვა ბოლტონმა.

1823 წლის 2 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯეიმს მონრომ კონგრესის წინაშე გაახმიანა საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ევროპული სახელმწიფოებისთვის დასავლეთ ნახევარსფეროს “დახურვას” ითვალისწინებდა _ ევროპელების ჩაურევლობას ყოფილი კოლონიების საქმეებში, ევროპულ საქმეებში აშშ-ის ჩაურევლობის სანაცვლოდ. მოგვიანებით, როდესაც შეერთებული შტატები გაძლიერდა, საუბარი მონროს დოქტრინაზე მაშინ იწყებოდა, როდესაც ვიღაცას სურდა, ხაზი გაესვა იმისთვის, რომ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა აშშ-ის ექსკლუზიური გავლენის სფერო გახდა. ბოლო ათწლეულებში ოფიციალური პირები მას იშვიათად ახსენებდნენ, რადგან ლათინოამერიკელ პოლიტიკოსებს ეს არ სიამოვნებდათ, თუმცა ტრამპის მმართველობის პერიოდში დამოკიდებულება, როგორც ჩანს, შეიცვალა. ბოლტონის რეპლიკა მონროს დოქტრინასა და ნახევარსფეროს დემოკრატიზაციაზე ძალზე მნიშვნელოვანი სიგნალია. ის მხოლოდ იმაზე როდი მიანიშნებს, რომ აშშ ვენესუელაში, ხოლო შემდგომ ნიკარაგუასა და რიგ სხვა ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლა სურს და მოწადინებულია, რეგიონში რუსეთისა თუ ჩინეთის გავლენა მინიმუმამდე დაიყვანოს. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ თეთრმა სახლმა მონიშნა აშშის გავლენის სფერო მას შემდეგ, რაც წინამორბედი ადმინისტრაციების წარმომადგენლები წლების თუ არა ათწლეულების განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ახალ გლობალიზებულ მსოფლიოში გავლენის სფეროების ეპოქა დასრულდა. პრეტენზია ამერიკული გავლენის ექსკლუზიურ ზონაზე და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების კორექტირება ავტომატურად დააყენებს დღის წესრიგში სხვა მძლავრი სახელმწიფოების მიერ ანალოგიური ზონების შექმნის საკითხს. ჩინეთის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, აფრიკის ნაწილი და ა.შ., ხოლო რუსეთის შემთხვევაში, სულ ცოტა, ყოფილი სსრკ-ის ტერიტორია. თუ დღის წესრიგში მონროს მოდერნიზებული დოქტრინა დაბრუნდება, მოსკოვმა ამას შეიძლება ბრეჟნევის დოქტრინის აღორძინებით უპასუხოს და ნებისმიერ შემთხვევაში მკაფიოდ იტყვის, რომ ნატოს ადგილი პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არის.

ყველაზე საინტერესო სიტყვა კარასინის განცხადებაში, ალბათ, “მოულოდნელობაა”. ის შეიძლება გულისხმობდეს როგორც მოულოდნელობას რუსეთისთვის _ მაგალითად, საქართველოში ნატოს პოზიციების სწრაფ და მკვეთრ გაძლიერებას, ისე მოულოდნელობას საქართველოსთვის _ რუსეთის პასუხს ან პრევენციულ ქმედებას ამის გამო. მოულოდნელი ექსცესების თავიდან აცილების მთავარი საშუალება დიალოგის გაღრმავებაა, მასში უფრო მაღალი რანგის პირების ჩართვა და შეთანხმება უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე. მაგრამ ხელისუფლებას ამის გაკეთება, როგორც ჩანს, არ სურს ან არ შეუძლია, ხოლო დისკუსია საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე შემოიფარგლება მკითხაობით იმის თაობაზე, თუ რა იგულისხმა სინამდვილეში კარასინმა, ბოლტონმა, პუტინმა, ტრამპმა ან რომელიმე სხვა უცხოელმა მაღალჩინოსანმა.

ლუკა ნემსაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here