მთავარი პოლიტიკა მოკლე როქი მთავრობაში

მოკლე როქი მთავრობაში

ახალმა ფინანსთა მინისტრმა “ნაცმოძრაობას” 20 ათასი შესწირა

1276
გააზიარეთ
გიორგი გახარია-მამუკა ბახტაძე

მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა. მთავრობის სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ამცნო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დაინიშნა დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც, ამასთანავე, ინარჩუნებს პირველი ვიცეპრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას. “ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტორულ განვითარებაზე. ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთი “ქოლგის” ქვეშ მოქცევა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის”. ეფექტიანი მუშაობით არა, მაგრამ “ბღუჯა ლარზე მოჟრიალე” მინისტრმა გამონათქვამებით ნამდვილად გაითქვა საზოგადოებაში სახელი.

“ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად მინისტრი ამავე დროს დაიკავებს ვიცეპრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული გამოცდილებით არის შერჩეული ამ პოსტზე და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ის წარმატებული მინისტრი იქნება”, – განაცხადა შს მინისტრის პოსტზე გახარიას კანდიდატურის წარდგენისას გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი მღებრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მის შემცვლელად გიორგი გახარიას წარდგენის ფაქტს: “შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას წარმატებას ვუსურვებ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში. ის მაღალი დონის პროფესიონალი მენეჯერია, პრინციპული პიროვნება და მჯერა, რომ იქნება ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი”. გახარიამ პრინციპულობა და მაღალი დონის მენეჯერობა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ყოფნისას გამოვლინა და კარიერაში წინსვლის ყველა ეტაპი ისე განვლო, მისი საწინააღმდეგო, არათუ კომპრომატი, არგუმენტირებული კრიტიკაც კი არ გვსმენია.

სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს უნდა იყოს ოპერატიული ფუნქციებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აპარატი, რომელიც უშუალოდ პრემიერს დაექვემდებარება. ფინანსთა მინისტრად პრემიერმა “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე წარადგინა და განმარტა, რომ მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება, რაც “საქართველოს რკინიგზის” მართვის პირობებში კონკრეტული შედეგებით აჩვენა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა საქართველოს რკინიგზის ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში, დაიწყო ყურის ქვეყნებისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე აქტიური მუშაობა. მოხდა თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა. მამუკა ბახტაძე გახლავთ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი INSEAD-ის ცნობილ ბიზნესსკოლაში საფრანგეთში მოიპოვა.

მამუკა ბახტაძის ბიოგრაფიული შტრიხები კი არის პრემიერ კვირიკაშვილისთვის ცნობილი, მაგრამ საინტერესოა, აქვს თუ არა მთავრობის ფორმალურ, გნებავთ, არაფორმალურ მეთაურს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბახტაძემ 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” 20 ათასი ლარი შესწირა, თუმცა უტა ივანიშვილის მეგობრისთვის კარიერულ წინსვლაში ამას ხელი არ შეუშლია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში. ჩხენკელი პროფესიით მათემატიკოსია, მან აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა დაამთავრა. იგი 20 წლის განმავლობაში ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ასწავლიდა. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის, პენსილვანიის უნივერსიტეტის არაერთი ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის. აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირი ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიისა და სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ გიორგაძე. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლებასთან გაერთიანება, ერთი მხრივ, უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან. მეორე მხრივ კი, რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, მისი ინტეგრაცია კულტურასთან თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას.

გარემოს დაცვის სამინისტოს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს. მაშინ, როდესაც პრემიერმა სამთარობო ცვლილებების შესახებ ამცნო საზოგადოებას, ევროინტეგრაციის მოხსნილი მინისტრი ვიქტორ დოლიძე საბერძნეთში ოფიციალურად იმყოფებოდა.

პრემიერმინისტრმა სახლში გაშვებულ მინისტრებს: ალექსანდრე ჯეჯელავას, ტარიელ ხეჩიკაშვილს, ვიქტორ დოლიძესა და გიგლა აგულაშვილს მადლობა გადაუხადა და იქვე “დაგვამშვიდა”, _ მოხსნილი მინისტრები “ქართული ოცნების” გუნდის წევრებად რჩებიანო.

კვირიკაშვილის განცხადებით, პარლამენტს ასევე წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. პრემიერის თქმით, მთავრობამ ამ სფეროში უკვე განახორციელა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა. ცვლილებების პაკეტს მთავრობა უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, შემდეგ განსახილველად პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ კი სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარდგება პარლამენტის წინაშე ნდობის მისაღებად.

სანამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტის ნდობის გამოცხადების მოლოდინშია, ცვლილებებია თბილისის მერიასა და საკრებულოშიც. 13 ნოემბერს თბილისის მერიაში კახა კალაძის მმართველობის ეპოქა დაიწყო. როგორც კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ვეცემერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობებს მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი დაიკავებენ. რაც შეეხება კიდევ ერთ მოადგილეს, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება, ილია ელოშვილი თბილისის მერიაში გადაინაცვლებს და მერის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here