Home რუბრიკები პოლიტიკა “მოიკვეთე უკეთური”!

“მოიკვეთე უკეთური”!

მამა გიორგი (რაზმაძე): ან სულელი, ან ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, თუ სჯერა, რომ ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში ესენი ათჯერ და ასჯერ უფრო დიდ უბედურებას არ დაატრიალებენ

264

არანაირი მიტევება და შერიგება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანას მიზანმიმართულად ანგრევდნენ, გააზრებულად სჩადიოდნენ და სჩადიან ბოროტებას

ნულოვანი ტოლერანტობისშემოქმედის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილი ციხიდან, რომელიცსაყოველთაო შერიგებასა და ურთიერთპატიებასგულისხმობს, კვლავ განხილვის საგანია. მოახლოებული არჩევნების ფონზე თემა მნიშვნელობით პოლიტიკას გასცდა. ამ საკითხზე შეფასებები ეკლესიაშიც კეთდება.

პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ 17 ოქტომბერს, საკვირაო ქადაგებაზე მეტად მნიშვნელოვანი სიტყვები წარმოთქვა. მისი თქმით, საყოველთაო შერიგებაზე საუბრისას ხშირად ქრისტიანულ სწავლებას არასწორად განმარტავენ. მეუფემ განსაკუთრებული ყურადღება სინანულის მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მიტევებაზე მსჯელობისას სახარებისეულად უნდა ვიმოქმედოთ: “დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ წერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი საჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან…”.

მოსაკვეთებსა და დასასჯელებზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავისი პოზიცია 2012 წლის არჩევნებზე გამოხატა, როცა “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა სამართლიანობის აღდგენის იმედით გამოუცხადა, თუმცა ფაქტია ისიც, რომ საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილი გულმავიწყი აღმოჩნდა და 9 წლის შემდეგ ზოგიერთს სააკაშვილის პოლიტპატიმრად შერაცხვა არ ეთაკილება. სხვათა შორის, პატრიარქის მოსაყდრემ ქადაგებაში მოიყვანა პავლე მოციქულის სიტყვებიც _ მოიკვეთე უკეთური”: “შეგახსენებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: “მოიკვეთე უკეთური!” იგი პირდაპირ აცხადებს ამას. და უფალი იესო ქრისტეც ამბობს, რომ “თუ შენს წინააღმდეგ შესცოდავს შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, თუ გაგიგონებს და მოინანიებს, შეგიძენია შენი ძმა; თუ არა, ორი ან სამი ადამიანი წაიყოლე და მათი თანდასწრებით ამხილე; თუ მათაც არ გაუგონებს, კრებულთან მიიყვანე და კრებულის თანდასწრებით უთხარი ეს ყველაფერი და, თუ კრებულსაც არ გაუგონებს და არ მოინანიებს, გახსოვთ, რას ამბობს უფალი? “იყოს ასეთი ადამიანი შენთვის, როგორც წარმართი, მებაჟე და მეზვერე!” თუ რას ნიშნავს ებრაელისთვის წარმართი, მებაჟე და მეზვერე, თქვენ მშვენივრად გემახსოვრებათ: როდესაც ებრაელი ხვდებოდა მეზვერეს ან წარმართს ქუჩაში, იგი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა”.

მიტროპოლიტის ამ დროული და ბევრისთვის გულსმოსაფენი ქადაგების ადრესატები, ნებსით თუ უნებლიეთ, ალბათ, ზოგი სასულიერო პირი იყო; სასულიერო პირები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი რეჟიმის მთავარ შემოქმედ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ იგი ციხეში არ უნდა იჯდეს. ცხადია, ამ ხალხისთვის ქრისტიანული სწავლების შეხსენება და დამოძღვრა მგლის თავზე სახარების კითხვაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: “ბელადის” ერთგულებით და მით უფრო საყოველთაო შერიგება-მიტევებაზე ლაპარაკით იმ დროს, როცა არც დანაშაულს აღიარებს ვინმე და არც მიტევებას ითხოვს, თავიანთი თავის სრული ლუსტრაცია მოახდინეს.

საჭიროა თუ არა დღეს შერიგება სისხლის სამართლის გამოუსწორებელ დამნაშავესთან, რომლის მანიაკურ მისწრაფებებსაც 9 წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიული პერსპექტივები, საქართველოს ტერიტორიები, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე თუ ჯანმრთელობა შეეწირა?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს ქადაგებამ, რომელიც მიტევებასა და შერიგებას შეეხებოდა, ბევრ რამეს ნათელი მოჰფინა. მეუფემ ქადაგებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სინანულის გარეშე მიტევება შეუძლებელია. ასევე, ქადაგებაში მოყვანილი იყო წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები: “მოიკვეთე უკეთური!”. ამით, ალბათ, მანამდე ზოგიერთი მაღალი იერარქის მიერ სააკაშვილის გათავისუფლებაზე გამოთქმული შემრიგებლური პოზიციით დაბნეული მრევლისთვის ბევრი რამ ცხადი შეიქნა. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ მრევლის შესახებ ვიტყვი იმას, რომ, ვინც სწორად აზროვნებს და ვისაც შავისა და თეთრის გარჩევის უნარი არ დაუკარგავს, ის არასდროს არ ყოფილა დაბნეული. დაბნეულია ის ხალხი, რომელსაც თავიდანვე ჰქონდა აზროვნება გამრუდებული და თავიდანვე იმყოფებოდა ფსევდოეკლესიური ძალების ან უშუალოდ სასულიერო პირების გავლენის ქვეშ. თუმცა, მადლობა ღმერთს, ჩვენს საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს და პოლიტიკური მეხსიერების პრობლემა არ აქვს, სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ წლების განმავლობაში ჩადენილი ბოროტებები რომ დაავიწყდეს!

რაც შეეხება სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს, რომლებსაც არც სინდისთან, არც ზნეობასთან და მორალთან პრობლემა არ აქვთ, როცა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ყოფილი პრეზიდენტი პოლიტპატიმარია, ძალიან მნიშვნელოვანია, დავაკონკრეტოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი _ ისინი არ არიან ჩვეულებრივი მხარდამჭერები. ეს არის ერთგვარი ელექტორალური სექტა, რომლის წარმომადგენლები იმ დონემდე არიან დაბრმავებული და დამუხტული სპეციფიკური პოლიტიკური დოგმებით, რომ ზომბებივით არიან. მათთვის არაფერს არ ნიშნავს ის, რომ მათმა სათაყვანებელმა სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში ასეულობით ადამიანი აწამა, გააუპატიურა, მოკლა, დაარბია მშვიდობიანი მიტინგები და ა.შ. მათ, უბრალოდ, ჩახვეული აქვთ, რომ თურმე სააკაშვილმა ქვეყანა 1990-იანების სიბნელიდან გამოიყვანა… რა სიბნელიდან გამოიყვანა? ერთი წამით მაინც წარმოგიდგენიათ თავი იმ ადამიანების ადგილას, რომლებსაც სასტიკად ნაწამები და წამებით მოკლული შვილები მიუსვენეს სახლებში? ამაზე ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ? თქვენ რომ ყოფილიყავით მათ ადგილას?

_ სხვათა შორის, “ნაცმოძრაობისბევრი გულმხურვალე მხარდამჭერისგან მიმისმენია, რომ ეს ყველაფერი ტყულია და აბრალებენ სააკაშვილს

_ რას აბრალებენ, რა, სერგო თეთრაძე არ მოკლეს წამებით?! ბუტა რობაქიძე არ მოკლეს და მერე სპექტაკლი არ დადგეს დანაშაულის გადასაფარად? სანდრო გირგვლიანი არ მოკლეს და დედამისი არ გააუბედურეს?! ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეშიო, არ განაცხადა სააკაშვილმა და ციხეები არ გაავსო პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებით? მინდა, იმ ადამიანებისა და მათ შორის სასულიერო პირების გასაგონად ვთქვა, რომლებიც, ეს დღეებია, მიტევებაზე ლაპარაკობენ: შეიძლება, პირადი მტრობა და პირადი ზიანი აპატიო ვინმეს, მაგრამ, როცა საუბარია ასეულობით ადამიანის გაუბედურებასა და უმძიმეს სახელმწიფოებრივ დანაშაულებზე, რა უფლებით ლაპარაკობთ პატიებაზე? ჯერ ერთი, ვინ აღიარებს რამეს, სადმე მოისმინეთ თუნდაც ერთი განცხადება, დანაშაულები ჩავიდინეთო? და მეორე _ მიტევებას ითხოვენ? ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არანაირი მიტევება და შერიგება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანას მიზანმიმართულად ანგრევდნენ და გააზრებულად სჩადიოდნენ და სჩადიან ბოროტებასდამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი უფლის წინაშეც, ერისა და კანონის წინაშეც, თუ, რა თქმა უნდა, სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ, თუ ყველაფერი სულერთია, მაშინ გასაგებია

_ დავუბრუნდეთ ისევ მიტევებისა და შერიგების თემას. როგორ ფიქრობთ, რეალურად რა მიზნები და მოტივები შეიძლება ამოძრავებდეთ ადამიანებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს სააკაშვილის შეწყალების პეტიციას?

_ ძნელია ასე კონკრეტულად ვიღაცის სურვილებზე საუბარი, მაგრამ შეკითხვები თავისთავად ჩნდება. რატომ მაშინ არ ლაპარაკობდა ეს ხალხი შემწყნარებლობაზე, როცა ციხეებში ჯოჯოხეთი ტიალებდა, რა, იქ ადამიანები არ იყვნენ?! დღეს ნაციონალები გამოდიან და შეშფოთებული სახეებით ლაპარაკობენ, რომ თურმე სააკაშვილს საკანში ტელევიზორი არ აქვს და ფეხქვეშ ითელება მისი უფლებები… ტელევიზორი კი არა, კვდებოდნენ პატიმრები და ტკივილგამაყუჩებელი არ მიჰქონდათ. რით არის ის განსაკუთრებული, რატომ უნდა ჰქონდეს მას რამე პრივილეგია?…

_ არის მოლოდინი, რომ არჩევნების შემდგომ ხელისუფლებას დასავლეთი წნეხში მოაქცევს და აიძულებს, სააკაშვილი გამოუშვას. როგორ ფიქრობთ, რეალურია ეს ყველაფერი და, თუ მართლა იქნება წნეხი, რა უნდა ქნასქართულმა ოცნებამ”?

_ “ქართულმა ოცნებამ” უნდა გააკეთოს ის, რაც არ უქნია 9 წლის განმავლობაში და რამაც მიიყვანა ამ მდგომარეობამდე _ უნდა მოუსმინოს ხალხს და არა დასავლელ ცისფერ კომისრებს, რომლებსაც არ აინტერესებთ არანაირი წესრიგი და კანონის უზენაესობა აქ, აინტერესებთ მხოლოდ თავიანთი ბრძანებების ყველაზე ზუსტად შემსრულებელი ადამიანების ყოფნა ხელისუფლების სათავეში. აი, ეს არის, ჩემი აზრით, გამოსავალი და ამ აუცილებლობის წინაშე ჩვენ მალე დავდგებით, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს დიდი იმედი, რომ დღევანდელი მმართველი გუნდი ამ ყველაფერს სწორად უპასუხებს.

რაც შეეხება ისევ სააკაშვილის პატიმრობას, არავის არ უხარია ვინმეს ციხეში ყოფნა, მაგრამ საუბარია უმძიმეს დანაშაულებზე. 6 წელი ძალიან ცოტაა და, მე თუ მკითხავთ, სამუდამო პატიმრობა უნდა ჰქონდეს ამ ადამიანს…

_ ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნებაზე რას ფიქრობთ? ვთქვათ, მობრუნდანაცრეჟიმი”, რას მივიღებთ?

_ სააკაშვილი თავის განცხადებებში ყოველთვის უსვამს ხაზს, რომ მან ბევრი რამ გადააფასა, აწონ-დაწონა და შეცდომებს აღარ გაიმეორებს. სხვათა შორის, ის ყოველთვის ამბობს შეცდომას და არა დანაშაულს მე ასე ვიტყვი: ან სულელი, ან ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, თუ სჯერა, რომ ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში ესენი ათჯერ და ასჯერ უფრო დიდ უბედურებას არ დაატრიალებენ. რა თქმა უნდა, ის 9 წელი მონაგონი იქნება, ამიტომ ამაზე ფიქრიც არ შეიძლება. გონებაშიც არ უნდა გაივლოს ხალხმა ის აზრი, რომ ესენი შეიძლება დაბრუნდნენ, თორემ ქვეყანა თავზე ჩამოგვემხობა

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here