Home რუბრიკები საზოგადოება მობილურ ტელეფონში ინტეგრირებული კამერა არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი იარაღია!

მობილურ ტელეფონში ინტეგრირებული კამერა არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი იარაღია!

108

აუცილებლობად მიმაჩნია საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ძალითაც აიკრძალება საარჩევნო უბანზე, ხმის მისაცემ კაბინაში ამომრჩევლის მიერ მობილური ტელეფონის შეტანა და მიკვირს, რომ ამდენი ხანს ამ ინიციატივაზე არავინ საუბრობს.

მიმაჩნია, რომ მობილური ტელეფონი, უფრო ზუსტად, თანამედროვე ტელეფონებში ინტეგრირებული ფოტო და ვიდეოკამერა არის ამომრჩევლის ნებასა და, შესაბამისად, მთლიანად არჩევნებზე ზეგავლენის ერთ-ერთი ქმედითი ბერკეტი.

როდესაც ამომრჩევლებზე ადმინისტრაციულ წნეხს ახორციელებდნენ, დავუშვათ, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ამომრჩეველმა თანდათან ისწავლა, რომ შემოთავაზებული ფქვილი, კარტოფილი თუ 20 ლარი შეიძლება აიღო, მაგრამ ხმა მაინც სასურველ პარტიასა თუ კანდიდატის მისცე. ეს იმიტომ, რომ კენჭისყრა ფარულია, არავის აქვს უფლება და შესაძლებლობა, ჩაიხედოს ამომრჩევლის მიერ შემოხაზულ ბიულეტენში, რომელსაც თვითონ ამომრჩევლი აგდებს ხმის მისაცემ ურნაში.

უკვე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც შემოვიდა ფოტო და ვიდეოკამერიანი მობილური ტელეფონები, ხელისუფლებამ მოიპოვა თავისი ამომრჩევლის კონტროლის მექანიზმი. ვინც ზემოქმედებას დაექვემდებარება _ იღებს ტომარა ფქვილს ან 20 ლარს (თუ ნებისმიერ სხვა სიკეთეს), თავის “დამკვეთს” უნდა დაუდასტუროს, რომ ხმა “სწორად”, ანუ ნამდვილად დამკვეთის სურვილის მიხედვით მისცა. ამომრჩეველი ვალდებულია, ხმის მისაცემ კაბინაში მის მიერ შემოხაზულ ბიულეტენს სურათი გადაუღოს და ამ გზით დაამტკიცოს ხმის “სწორი” მიცემა. მართალია, ფოტოს გადაღების შემდეგ ამომრჩეველს შეუძლია, კალმით კიდევ სხვა აღნიშვნები გააკეთოს საარჩევნო ბიულეტენზე და გააფუჭოს იგი, მაგრამ ამას ბევრი არ იზამს… შესაბამისად, ხმა წავა “დამკვეთის”, ძირითადად, ხელისუფლების სასარგებლოდ.

სწორედ ამის გამოსარიცხავად არის აუცილებელი, აიკრძალოს ამომრჩევლის მიერ ხმის მისაცემ კაბინაში მობილური ტელეფონის შეტანა.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here