მთავარი პოლიტიკა “მიხომაიდანი” კარს მოგვადგა

“მიხომაიდანი” კარს მოგვადგა

972
გააზიარეთ
სააკაშვილი

სააკაშვილისპროგრამამაქსიმუმიხელისუფლების რევოლუციით შეცვლაა, “პროგრამა მინიმუმი” – ხელისუფლებისთვის საიმიჯო ზიანის პარალელურად, “ნაცმოძრაობისიზოლაციის გარღვევა

31 მაისს დაწყებულმა აქციებმა ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა და ნათლად აჩვენა, რა მდგომარეობაში არიან ხელისუფლება და ოპოზიცია, სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება. თითოეულ მათგანს განსხვავებული პრობლემები აქვს, მაგრამ მთლიანობაში სიტუაცია სავალალოა და სასწრაფო თერაპიულ ჩარევას საჭიროებს.

თითქმის არავინ დავობს, რომ პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე ძალიან ცუდად გამოიძია. მრავალი მოწმის დაკითხვის მიუხედავად, შოთაძის უწყებამ ვერ მოახერხა ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის, მკვლელობის სურათის აღდგენა. ალბათ, აქვე უნდა დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვა _ დადგებოდა თუ არა მთავარი პროკურორის ან მისი რომელიმე ხელქვეითის პასუხისმგებლობის საკითხი, რომ არა 31 მაისის ხალხმრავალი აქცია, გადადგებოდა ვინმე საერთოდ?

გულწრფელი პასუხი ამ კითხვაზე, სავარაუდოდ, მიგვიყვანს დასკვნამდე, რომ დემოკრატიული მექანიზმებისა და შესაბამისი ატმოსფეროს არარსებობის პირობებში ქუჩის რადიკალური აქციები ხელისუფლებაზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია. როგორც ჩანს, იმ ადამიანებს, რომლებიც 2012-14 წლებში სამართლიანობის აღდგენას კონსტრუქციულად და ზრდილობიანად ითხოვდნენ და ხელისუფლების კრიტიკაზე მორატორიუმიც კი გამოაცხადეს, რუსთაველის პროსპექტი უნდა გადაეკეტათ და ივანიშვილისთვის ულტიმატუმი წაეყენებინათ. როგორც ჩანს, მათი მოთხოვნები მხოლოდ ამ შემთხვევაში დაკმაყოფილდებოდა.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა შოთაძის გადადგომა მნიშვნელოვან გამარჯვებად ჩათვალა. ნეგატიური დამოკიდებულება მის მიმართ მხოლოდ სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეს როდი უკავშირდებოდა _ ისინი პროკურატურას ერთ-ერთ ყველაზე არაეფექტურ, ძირგამომპალ სტრუქტურად მიიჩნევენ. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შოთაძის გადადგომა არ მოეწონა და ეს საჯაროდ გამოხატა, გახლდათ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი: “ირაკლი შოთაძის გადადგომა რომ სიმართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ნეგატივია, ამას დრო აჩვენებს ძალიან კარგადდამოუკიდებელი სასამართლო გვინდაო. დღეს დამოუკიდებელმა მოსამართლემ პროკურორის პოზიცია ასი პროცენტით არ გაიზიარა და ამიტომ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის თავი. ეს სისტემურად არასწორია. რას ვეუბნებით პროკურორებს ამით? _ ოდნავ თუ ვინმე მოგეჩვენა დამნაშავედ, დააკავე, აიძულე, მოგცეს ჩვენება, თორემ, მოსამართლემ თუ ბრალდებული გაგიმართლა, საზოგადოება შენს თავს მოითხოვს?” _ დაწერა წულუკიანმა “ფეისბუკში”.

იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას დადებითი გამოხმაურება ორი მიზეზის გამო არ მოჰყოლია: ჯერ ერთი, ყველასთვის ცხადი იყო, რომ კონკრეტულ საქმეზე პროკურატურამ ძალიან ცუდად იმუშავა _ იყო მთელი რიგი საეჭვო მომენტები, რომლებიც მოწმეებთან და მტკიცებულებებთან მუშაობას ეხებოდა. ამასთანავე, 31 მაისს და მომდევნო დღეებშიც საზოგადოება არ იყო იმ მდგომარეობაში, მომხდარის სისტემური ასპექტები ცივი გონებით გაეანალიზებინა.

“ქართული ოცნება” ქვეყანას “ნაკლები ბოროტების” კონცეფციაზე დაყრდნობით მართავს. მისი მოკლე შინაარსი შემდეგია: ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმზე უკეთესები ვართ”. ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, გულისხმობს (ფარდობითი) ჰუმანურობის გამოვლენას, აშკარა შეცდომების (ნაწილობრივ) აღიარებას და ა.შ. სააკაშვილის მმართველობის წლებში ადეიშვილის გადადგომა მსგავს სიტუაციაში წარმოუდგენელი იყო, რადგან ხელისუფლება აღიქვამდა ამ ფაქტს, როგორც საკუთარი სისუსტის საჯარო გამოვლენას. ამ მიდგომამ ის მალე კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა. ქართული ოცნებაკი შოთაძის გადადგომას, სავარაუდოდ, ისე მიუდგა, როგორცორთქლის გამოშვებისსაშუალებას, როგორც შსს მიერ საქმის ხელახალ გამოძიებას და საპარლამენტო კომისიის შექმნას, მაგრამ ამას ქუჩის აქციების დასრულება არ მოჰყოლია, უპირველესად, იმიტომ, რომნაციონალურმა მოძრაობამსცადა, სიტუაცია მაქსიმალურად გამოეყენებინა.

უკვე 31 მაისს, როდესაც ქუჩაში გამოვიდა ათასობით აღშფოთებული მოქალაქე, რომლებსაც “ნაცმოძრაობასთან” საერთო არაფერი ჰქონდათ, აშკარა გახდა, რომ ზაზა სარალიძის გარშემო ყოფილი ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბევრი პირი ტრიალებს. მომდევნო 2 დღეში ნაციონალების რაოდენობამ პარლამენტის შენობასთან მოიმატა (ხოლო აპოლიტიკური ადამიანებისამ იკლო), 3 ივნისის აქციას კი 99%-ითნაცმოძრაობამართავდა. რუსთაველზე იმ დღეს რაღაც წარმოუდგენელი ხდებოდა _ სამართლიანობის აღდგენას საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე უსამართლო რეპრესიული სისტემის შემქმნელი პოლიტიკური ძალის ლიდერები მოითხოვდნენ.

მიხეილ სააკაშვილი ამ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა. წლების განმავლობაში მისი მიმდევრები ოცნებობდნენ “მეორე გირგვლიანის საქმეზე”, რომელსაც სათავისოდ გამოიყენებდნენ, და ეს ქვეტექსტი ნამდვილად იგრძნობოდა მედიის და, განსაკუთრებით, სოციალური ქსელების “ნაციონალურ სეგმენტში”. მიუხედავად იმისა, რომ სარალიძისა და გირგვლიანის საქმეებს შორის არც ისე ბევრი მსგავსებაა, სააკაშვილმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ სანატრელი მომენტი დადგა.

სააკაშვილისპროგრამამაქსიმუმიხელისუფლების რევოლუციური შეცვლაა, ვინაიდან 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მის პარტიას გამარჯვების თეორიული შანსიც კი არ აქვს, თუმცა ეს სააკაშვილისთვის მარადიული თემაა. ამ შემთხვევაში კი გაცილებით მნიშვნელოვანიაპროგრამამინიმუმი” _ ხელისუფლებისთვის საიმიჯო ზიანის მიყენების პარალელურად, “ნაცმოძრაობისიზოლაციის გარღვევა, რომლის ვიზუალური მეტაფორა ბოლო დღეებში ტელეეკრანზე ვიხილეთ. სააკაშვილს, როგორც ჩანს, სურდა, საზოგადოების ძირითად ნაწილს დაევიწყებინა ზიზღი და უნდობლობა ყოფილი ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების მიმართ და აქციაზე მათ გვერდით დამდგარიყო. ეს, თავის მხრივ, შექმნიდა წინაპირობებს პოლიტიკური ალიანსების ფორმირებისთვის იმ ძალებთან, რომლებისთვისაც ეს დღეს ტაბუდადებული თემაა. დამაკავშირებელი რგოლის როლი ამ შემთხვევაში უნდა შეესრულებინათ ზვიად კუპრავასა და სხვა მსგავს ფიგურებს, რომლებიც ფორმალურად აპოლიტიკურები არიან, თუმცა რეალურად “ნაცმოძრაობის” ხუთი ნომერი შუბლზე აწერიათ. ამ მიზანს სააკაშვილმა ვერ მიაღწია; საზოგადოების უდიდესი ნაწილი 3 ივნისს ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნა “ნაცმოძრაობის” აქციას.

იზოლაციის გარღვევის მოტივი მნიშვნელოვანი იყო “ევროპული საქართველოსთვისაც”, თუმცა მას ნამდვილად არ ხიბლავდა საფრთხეები, რომლებიც სააკაშვილის რევოლუციურ ავანტიურას უკავშირდება. აქციების პირველსავე დღეს ცხადი გახდა, რომ ეს პარტია მხარს უჭერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს (კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტი პოსტზე ყოფნის ბოლო 6 თვეში მოკლებულია არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას, შესაბამისად, არჩევნების გამართვა უახლოეს პერიოდში შეუძლებელია), მაგრამ ემიჯნება რევოლუციურ სცენარს, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელიც უცხოეთშია _ გადამწყვეტ მომენტში მას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.

3 ივნისს სააკაშვილმა ვერ მოახერხა მომიტინგეთა “კრიტიკული მასის” მობილიზება, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა, ხელისუფლებისთვის ულტიმატუმი წაეყენებინა. ცხადი შეიქნა, რომ “ტალღის ასაგორებლად” აუცილებელია დამატებითი ფაქტორები. საინტერესოა, რომ თითქმის არავის გაუკვირდა, როდესაც შსს და აქციის ორგანიზატორებიც ალაპარაკდნენ საფრთხეზე, რომელიც ზაზა სარალიძეს ემუქრება. როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, სავარაუდოდ, ესმოდა, რომ მსხვერპლმარევოლუციური ძრავისთვისშეიძლება საწვავის როლი შეასრულოს. მღელვარება შეეძლო გამოეწვია მომიტინგეთა მასშტაბურ შეტაკებასაც პოლიციასთან, არსებობდა რადიკალიზაციის სხვა სცენარებიც, რომელთა გამოყენება სცადა სააკაშვილმა კიევში ე.წ. მიხომაიდნის დროს, თუმცა საწადელს ვერ მიაღწია.

აქ, ალბათ, ორიოდე სიტყვა ზაზა სარალიძის ფაქტორზეც უნდა ითქვას. მისი სატკივარი გულთან ახლოს მთელმა საქართველომ მიიტანა. 31 მაისის აქციაზე გავიდა უამრავი ადამიანი, რომლებიც მას გულწრფელად თანაუგრძნობდნენ და მასთან ერთად უსამართლო სისტემას დაუპირისპირდნენ. რამდენიმედღიანი აქციების შემდეგ სარალიძე უმძიმეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ იმის თქმა, მას არ ესმოდა, რომ ნაციონალები მისი ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებენ, ალბათ, მაინც არ შეიძლება. ზრდასრულ და ადეკვატურ ადამიანს ეს, დიდი ალბათობით, არ გამოეპარებოდა. საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაუშვებლად მიიჩნია ნებისმიერი სახის თანამშრომლობანაცმოძრაობასთან”, მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძისთვის ეს მისაღები აღმოჩნდა.

3 ივნისს საღამოს საზოგადოების აღქმაში ისევ გაცოცხლდა “ოცნება” _ “ნაცმოძრაობის” გლობალური დაპირისპირების ორპოლუსიანი სქემა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარსულს თითქოს სამუდამოდ ჩაბარდა. სწორედ მის ხარჯზე იგებდა ივანიშვილი არჩევნებს ბოლო ხუთწლედში, როდესაც, ფაქტობრივად, აიძულებდა ამომრჩევლებს, “ნაცმოძრაობის” რევანშის შიშით “ქართული ოცნება” აერჩია. მმართველი პარტიის მგომარეობა გართულდა, მოსახლეობას მის მიმართ უამრავი პრეტენზია დაუგროვდა და, შესაძლოა, მისმა ლიდერებმა ჩათვალეს, რომ ძველი საფრთხობელას აქტუალიზაცია სარგებელს კიდევ ერთხელ მოუტანს. სახელისუფლო პროპაგანდისტულმა მანქანამ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის და ლამის სახელმწიფო გადატრიალების თემების ექსპლუატაცია დაიწყო. ის, რომ სააკაშვილს ჭკუა და გონება არაფერს დაუშლის, უეჭველია, მაგრამ ხელისუფლებას ხელისუფლება იმიტომ ჰქვია, რომ მან მსგავსი საფრთხეები უნდა გაანეიტრალოს, იმის ნაცვლად, რომ მათზე ილაპარაკოს და მით უმეტეს წინასაარჩევნო პიარი ააგოს.

ქართველი საზოგადოებისთვის ამ ეპიზოდში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მხარი დაუჭიროს არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას კონკრეტულ საქმეზე, არამედ სამართალდამცავი ორგანოების სისტემურ რეფორმას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კვლავ დარჩება დესტაბილიზაციის კერად, რომელიც უამრავ ოჯახს გააუბედურებს და მდგრადი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას არ მოგვცემს.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here