მთავარი საზოგადოება მიხეილ ქორქია _ ლეგენდარული დინასტიის ბრწყინვალე წარმომადგენელი

მიხეილ ქორქია _ ლეგენდარული დინასტიის ბრწყინვალე წარმომადგენელი

204
გააზიარეთ
მიხეილ ქორქია

გამოჩენილ ქართველ კალათბურთელს, სსრკის სპორტის დამსახურებულ ოსტატს, XX ოლიმპიური თამაშების (1972 . მიუნხენი) ჩემპიონს, ევროპისა და სსრკის ჩემპიონ მიხეილ ქორქიას 10 სექტემბერს 71 წელი შეუსრულდებოდა.

2013 წელს გამოცემულ “ქართული სპორტის ოქროს წიგნში” მიხეილ ქორქიაზე ამოიკითხავთ შემდეგ ფრაზას: “კალათბურთის ძველი გულშემატკივრები, ისინი, ვისაც სხვადასხვა თაობის ქართული გუნდების მატჩები უნახავთ, ერთხმად ადასტურებენ, რომ ბრძოლის ჟინითა და სპორტული აზარტით ის ყველას აღემატებოდა. ის იყო ლიდერი, მოედანზე ცეცხლის დამნთები, თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების ამყოლიებელი, შეტევის ორგანიზატორი და დამაგვირგვინებელი და ამ დაუოკებელ ჟინსა და თავგამოდებას საფუძვლად ედო მაღალი ოსტატობა, სამაგალითო ტექნიკა და შეუმცდარი სათამაშო ინტუიცია. მან თითქმის 15 წელი ითამაშა თბილისის “დინამოში” და გუნდში მისვლის პირველი დღეებიდანვე შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. სწორედ ეს თვისებები განაპირობებდა მის განსაკუთრებულ პოპულარობას საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამიტომ აღიარეს ის ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ კალათბურთელად”.

მიხეილ ქორქია

მიხეილ ქორქია 1948 წლის 10 სექტემბერს დაიბადა ქუთაისში. ბავშვობაში ბევრი რამის ნიჭი გამოავლინა _ კარგად ხატავდა, ცეკვავდა, უკრავდა ფორტეპიანოზე, შესანიშნავად აითვისა მათემატიკა… მაგრამ ბიძის, გამოჩენილი ქართველი კალათბურთელის _ ოთარ ქორქიასა და მამის გავლენით კალათბურთში დაიწყო ვარჯიში მწვრთნელ სულიკო თორთლაძესთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ სულიკო თორთლაძის აღზრდილია, აგრეთვე, ქართული კალათბურთის ბრწყინვალე წარმომადგენელი, ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ საკანდელიძე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ დერუგინი, 1990-იანი წლების გამოჩენილი ქართველი კალათბურთელი გელა დარსაძე და სხვ.

ქორქიები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ბრწყინავდნენ საკალათბურთო მოედნებზე. ოთარი, მიხეილი და ნოდარი ქორქიების შესანიშნავი საკალათბურთო დინასტიის წარმომადგენლები არიან. მათ ბევრი ბრწყინვალე ფურცელი ჩაწერეს ქართული სპორტის ისტორიაში.

ოთარ ქორქია 1952 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, სსრკ-ისა და თბილისის “დინამოს” უცვლელი კაპიტანი იყო, რომელსაც ერთ-ერთმა ჩეხურმა გამოცემამ “კალათბურთის ევერესტი” უწოდა.

ნოდარ ქორქია, სახელგანთქმული ოთარ ქორქიას შვილი და მიხეილ ქორქიას ბიძაშვილი, გასული საუკუნის 70-იან წლებში იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას.

მიხეილ ქორქია, ნინა ერიომინა (კომენტატორი), ოთარ და ნოდარ ქორქიები
მიხეილ ქორქია, ნინა ერიომინა (კომენტატორი), ოთარ და ნოდარ ქორქიები

მიხეილ ქორქიას ბიოგრაფიაში საუკეთესო იყო 1972 წელი, როდესაც მიუნხენში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ზურაბ საკანდელიძესთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ზურაბ საკანდელიძე და მერაბ ქორქია
ზურაბ საკანდელიძე და მერაბ ქორქია

სტაჟიან გულშემატკივრებს ახსოვთ ეს დრამატული მატჩი, რომლის ბოლო 3-მა წამმა ოლიმპიური ჩემპიონის ბედი გადაწყვიტა, როცა ივანე ედეშკომ მოედნის ერთი ბოლოდან მეორეში ფანტასტიკური გადაცემით მეტოქის ფარქვეშ გაიყვანა ალექსანდრე ბელოვი, მან კი 2 ოქროს ქულა მოუტანა საბჭოთა კავშირის ნაკრებს. მანამდე კი იყო ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომლებმაც საბჭოთა კავშირის ნაკრებს ამერიკელები დაამარცხებინა: სასტვენამდე 3 წამით ადრე ზურაბ საკანდელიძის ჯარიმამ საბჭოთა ნაკრებს დროის შეჩერებასა და გონს მოსვლის საშუალება მისცა. საერთოდ, ზურაბ საკანდელიძე რომ არა, ეს “სამი წამიც” არ იქნებოდა. იმ მომენტში ანგარიში იყო 49:48 სსრკ-ის სასარგებლოდ. საფინალო სასტვენამდე 12 წუთით ადრე კი იყო მიხეილ ქორქიასა და ამერიკელი დუაიტ ჯონსის ინციდენტი, რომლის გამოც ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს. აი ამ ეპიზოდების შემდეგ იყო ის ცნობილი “3 წამი”, რომელმაც საბჭოთა კალათბურთს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოუტანა _ 51:50.

ზურაბ საკანდელიძე და მერაბ ქორქია
ზურაბ საკანდელიძე და მერაბ ქორქია

მიხეილ ქორქია კოლეგებისადმი განსაკუთრებული სითბოთი გამოიჩეოდა, აი როგორ ახასიათებდა მას 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, სსრკ-ის ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” წევრი ალექსანდრე ბოლოშევი: “მიშა ქორქია გუნდში ყველას უყვარდა. ხშირად ხუმრობდა. დარწმუნებული იყო, რომ მიუნხენის ოლიმპიადაზე გავიმარჯვებდით. განსაკუთრებული ადამიანი იყო. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების თბილისის ტურები ყოველთვის მთავრდებოდა ქორქიების ოჯახში გაშლილი სუფრით. მასპინძლობას მიშას მეუღლე, ქალბატონი მანანა, გვიწევდა”.

მერაბ ქორქია

ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილ ქორქია ამბობდა: “ზურაბი (საკანდელიძე _ ნ.კ.) ბოლო წლებში მძიმედ იყო ავად. ვიცოდი, რომ ამქვეყნიდან მალე წავიდოდა. მიუხედავად ამისა, მისმა გარდაცვალებამ შემძრა. ზურაბმა წაიღო ჩემი ნაწილი. ჩვენ ხომ ყოველთვის ერთად ვიყავით: დავიბადეთ ერთ ქალაქში _ ქუთაისში, ვთამაშობდით ერთ გუნდში, შემდეგ ერთად ვავარჯიშებდით თბილისის “დინამოს”. მას მაგარი გული ჰქონდა, მაგრამ ღვიძლმა უღალატა”.

მიხეილ ქორქიამ მეგობარი მხოლოდ 13 დღეს იგლოვა, მერე კი გულმა უღალატა _ 2004 წლის 7 თებერვალს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here