მთავარი პოლიტიკა მიხეილ უმიწაწყლო

მიხეილ უმიწაწყლო

“კიდევ დასჭირდება თუ არა ვაშინგტონს “თავისი ძაღლისშვილი”?

1065
გააზიარეთ
სააკაშვილი

1199-1216 წლებში ინგლისში მეფობდა პლანტაგენეტების დინასტიის წარმომადგენელი, აკვიტანიის ჰერცოგი ჯონი. ის ძმის, რიჩარდ ლომგულის, გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე. მამამ, ჰენრი მეორემ, ჯონის დაბადებამდე გაუნაწილა ინგლისის სამფლობელოები უფროს ვაჟებს, ჯონი კი უმიწოდ დატოვა, ამიტომ უწოდეს მას ჯონ უმიწაწყლო. გამეფების შემდეგ ჯონ უმიწაწყლოს უაზრო გადაწყვეტილებებმა ბევრი ტერიტორია დააკარგვინა ინგლისს, სიცოცხლის ბოლოს კი ბარონები აუჯანყდნენ, რასაც შეეწირა კიდეც. ეპითეტიუმიწაწყლოკი დღეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზეა ზედგამოჭრილი.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ორიოდე კვირის წინათ დუჟმორეული გაჰყვიროდა უკრაინელი ოლეგარქების ბოგინის, რინატ ახმეტოვის კლანის აღსასრულსა და მრავალტანჯულ უკრაინაში ახალი ერის დასაწყისზე, როგორც ჩანს, თავი მოაბეზრა ადგილობრივი პოლიტელიტის წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს და გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ უკრაინის “მთავარი რეფორმატორი”.

თანამედროვე უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სააკაშვილის თავიდან მოშორების გზა, ალბათ, ბევრი იყო, მაგრამ ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის ყველაზე უმტკივნეულო აირჩიეს _ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა იმ მიზეზით, რომ მოქალაქეობის მიღებისას სააკაშვილმა ყალბი ინფორმაცია ჩაწერა ანკეტაში, ანუ არ მიუთითა, რომ მასზე საქართველოში სისხლისსამართლებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, გადაწყვიტა, ამერიკაში მყოფი სააკაშვილისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმია. ეს გადაწყვეტილება კი პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ბრძანებულებით გაამყარა.

უკრაინაში ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ადვილია ელექტორატის აყოლიება და კიდევ ერთი რევოლუციის მოწყობა. ავანტურიზმის მეთოდების შესანიშნავად მცოდნე სააკაშვილს კი შეეძლო თავის რეფორმატორულ უნარებში გულუბრყვილო ადამიანების დარწმუნება, ამერიკელი პატრონებისა და ეკონომიკური სიდუხჭირით გაწამებული ადამიანების მხარდაჭერიდან პრეზიდენტობამდე კი, როგორც ეს მოხდა საქართველოში 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შედეგად, ერთი ნაბიჯია.

საქართველოში განცდილი კრახის შემდგომ სააკაშვილს შეეძლო სიცოცხლის ბოლომდე მშვიდად ეცხოვრა აშშში, მაგრამ შაპიტოსავით მოხეტიალე მიშიკოსზემოდანმიუთითეს უკრაინაში გადაბარგებაზე. ისე, მისთვის უკრაინაც სახეირო ადგილი იყო _ ლამაზი გოგონები, კერძები გემრიელი, მარია გაიდარი თანაშემწედ, მდიდარი მფარველებიც, ოღონდ არავის უნდა დაპირისპირებოდა, მშვიდად მოეწყო პირადი კეთილდღეობა და მომზადებულიყო ახალი ავანტურისთვის, ანუ მოქცეულიყო ისე, როგორც, რამდენიმე ექსპერტის შეფასებით, მოიქცა ზოგიერთი ლიტველი და ესტონელი მინისტრი-გასტერბაიტერი (გასტერბაიტერი _ დაქირავებული უცხოელი მუშაკი), რომლებიც ამ ქვეყნებში საბიუჯეტო თანხების ასათვისებლად ჩავიდნენ. მაგრამ სააკაშვილმა მყისვე მოიკიდა მტრად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, თანაც _ მძიმეწონოსანი მაღალჩინოსნები, რომლებსაც მინისტრთა კაბინეტის სხდომებზეც კი ეკამათებოდა, და მალე ცხადი შეიქნა, რომ უკრაინაში სააკაშვილის ყოფნა მხოლოდ დროის საკითხი იყო.

სააკაშვილს, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, მხოლოდ ერთი პასპორტი ჰქონდა _ უკრაინის მოქალაქის და ისიც ჩამოართვეს. არ არის გამორიცხული, მისი საქართველოში ექსტრადიციაც, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის “დამსახურებებს” ქართველი ხალხის წინაშე, როგორც იტყვიან, მის ბედს ძაღლიც არ დაჰყეფს.

“სააკაშვილს შიშისა და ნერვიულობის მიზეზი ნამდვილად აქვს. აშშ-ის ისტებლიშმენტთან მჭიდრო კავშირები გარანტიას არ იძლეოდა, რომ საქართველოდან გაძევების შემდეგ უზრუნველყოფილად იცხოვრებდა პენსიაზე, გუბერნატორობის წარუმატებელმა გამოცდილებამ და ოპოზიციურმა მოღვაწეობამ უკრაინაში კი აიძულა, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ვაშინგტონში გადაფრენილიყო და მიწა ეტკეპნა კაპიტოლიუმიდან კილომეტრ-ნახევრის დაშორებით. მას პრეზიდენტობის პერიოდში გადაღებული აქვს ფოტოები დონალდ ტრამპთან, სენატორ მაკეინთან, ფინანსისტ სოროსთან და სხვებთან, მაგრამ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის ამის შეხსენება არ ღირს.

ამასთანავე, უკვე აღარავინ ენდობა მხდალ, ცრუპენტელა და “გადამგდებ” მიშას, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ბუდეში გამოიჩეკა, დაფრთიანდა და შემდეგ “სახლში” გაისტუმრა პოლიტიკური მამა. მოგვიანებით ბადრი პატარკაციშვილის ფული ჭამა და ისიც “გადააგდო”, ასევე მოექცა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც წლების განმავლობაში აფინანსებდა მის რეჟიმს. ბოლოს კი დამხობა დაუპირა პეტრე პოროშენკოს, რომელმაც შეიფარა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

რაც შეეხება სააკაშვილის კივილს, ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ანკეტაში ყალბი მონაცემების ჩაწერის საბაბით, პოროშენკოს მხრიდან პოლიტიკური დევნაა, რადგან მან მშვენივრად იცოდა, რომ საქართველოში ჩემზე ძებნა იყო გამოცხადებულიო, როგორც ჩანს, მიშიკო იმას იმკის, რაც დათესა _ ზუსტად ასევე ჩამოართვა მან საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს, როცა დაინახა, რომ მის ხელისუფლებას ემუქრებოდა. ახლა კი, როცა მასაც ანალოგიურად მოექცნენ, პოროშენკოს პოლიტიკურ მოტივებზე წუწუნებს და თანაც წუწუნებს ამერიკელი პატრონების გასაგონად.

კიდევ დასჭირდება თუ არა ვაშინგტონს “თავისი ძაღლისშვილი”, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. ამერიკელი გლობალისტებისა და ნეოკონსერვატორების ლოგიკით, შეიძლება, ის გაგზავნონ მიგდებულ, უპატრონო ქვეყანაში, სადაც იქაურ აბორიგენ მოსახლეობას “მართებულ” დემოკრატიას მიაჩვევს და მიწისა და ბეტონისგან ააშენებს იაფ თეჯირს სიღარიბისა და მივარდნილი ადგილების შესანიღბავად, თუმცა არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა იქიდან ცოცხალი!” _ წერს ჟურნალისტი პავლე დულმანი სტატიაში “Мiхасъ из Georgia” შეიძლება თუ არა კვლავ გამოადგეს მაკეინსა და სოროსს?” და ძნელია, არ დაეთანხმო დულმანის თვალსაზრისს სააკაშვილის ბედზე, რომელიც უკრაინაში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული, საქართველოში კი მასზე სისხლისსამართლებრივი ძებნაა გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას დიდი ყურადღება დაუთმო დასავლურმა მედიამ _ გერმანულმა “დოიჩე ველემ”, ბრიტანულმა “ბი-ბი-სიმ”, აზერბაიჯანულმა “კასპიიმ”. ამერიკულმა “სი-ენ-ენმა” კი ინტერვიუ ჩამოართვა და “პუტინთან მებრძოლად”(?) წარუდგინა საზოგადოებას.

მედიასა და სოციალურ ქსელებში ბევრს ბჭობენ სააკაშვილის ბედსა და მის მომავალ საცხოვრებელ ადგილზე, ზოგი მას ლიტვაში გადაბარგებას სთავაზობს, მაგალითად, ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩუსი; ზოგიც ჰოლანდიაში გზავნის სიდედრ-სიმამრთან; ზოგი კიდევ _ სამხრეთ პოლუსზე, ანტარქტიკაში პინგვინებთან, რომლებიც პასპორტს არ მოსთხოვენ. მაგრამ, ალბათ, უკეთესი იქნება, ტანზანიაში, დარ-ეს-სლამში, ჩავიდეს, სადაც ერთი თვის წინათ კორუფციასთან ბრძოლის რეცეპტის გასაზიარებლად მიიწვიეს…

ნიკა კორინთელი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here