Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი _ უკრაინის პრეზიდენტი, მარია მაკსაკოვა _ პირველი ლედი

მიხეილ სააკაშვილი _ უკრაინის პრეზიდენტი, მარია მაკსაკოვა _ პირველი ლედი

აშშ-ის ახალი პროექტი?

1821
მიხეილ სააკაშვილი-მარია მაკსაკოვა

თოკშოუს, რომელიც РТРმა 17 ივლისს გადასცა, ფრიად სენსაციური სათაური ჰქონდა: “სამსახურებრივი რომანი: სააკაშვილი და მაკსაკოვა საპრეზიდენტო ლუქსში”. გადაცემა მიჰყავდა ჟურნალისტ ბორის კორჩევნიკოვს.

ცქვიტა ყური ტელემაყურებელმა, დაინტერესდა ასობით მილიონი ადამიანი რუსეთში, უკრაინაში, სხვაგან და სხვაგან, მაგრამ არა საქართველოში, რადგან ჩვენი ყოფილი (მადლობა ღმერთს!) პრეზიდენტის ავანტიურისტული პროექტები და სასიყვარულო თავგადასავლების ბინძური თეთრეული ქართველებმა დილით ჩამოვლილი ნაგვის მანქანის ბუნკერში ჩავტენეთ და, როგორც მაშინ მღეროდნენ, “პრაშჩაი, დასვიდანია!”…

ახლა იმ ყროლით ხელს არავინ გაიჭუჭყიანებს.

უკრაინელმა ჟურნალისტმა ირინა ცვეტკოვამ გამოჩხრიკა და გამოიძია ეს ინტრიგა, რომელიც მისი ქვეყნის პირველი პირობის სავარაუდო კანდიდატს ეხება, უფრო ზუსტად, შესაძლო პრეზიდენტსა და სავარაუდო პირველ ლედის.

ტელეეკრანზე _ ლირიკული პარალელი: “მარია მაკსაკოვა უმღერის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ისე, როგორც ოდესღაც მერილინ მონრო უმღეროდა ამერიკის 35- პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის”.

მაკსაკოვა როიალთან ზის და უკრაინულ “ჟურავუშკას” დაყენებული ხმით მღერის.

მიშა?..

ასე გაშტერებულს, გაოგნებულს, მოჯადოებულსა და გარე სამყაროსგან ასე გათიშულს, მიხეილ კაზანოვას სოფო ნიჟარაძისთვისაც არ უსმენია.

_ მაკსაკოვას პრეტენზია, პირველი ლედი რომ გახდეს, უსაფუძვლო არ არის, _ ამბობს ირინა ცვეტკოვა, _ იმიტომ, რომ სააკაშვილისა და პოროშენკოს კანდიდატურები ერთნაირ დონეზე განიხილება. სააკაშვილის კანდიდატურა უფრო რეალურია, რადგან დღეს, როცა დასავლეთი უკრაინის მეშვეობით რუსეთზე შეტევის გააქტიურებას აპირებს, სააკაშვილი უფრო ხელსაყრელია: მას შეუძლია შეასრულოს ისეთი ადამიანის როლი, რომელიც პასუხს არ აგებს თავის ქმედებაზე: დაიწყოს ახალი ომი და უამრავი ცუდი საქმე ჩაიდინოს.

_ მაკსაკოვამ ამ ცხენზე დადო ფსონი?

_ ეს ერთგვარი გარიგებაც არის სააკაშვილსა და მაკსაკოვას შორის. მას (მაკსაკოვას) უთუოდ მიღებული აქვს გარკვეული მითითებები, რადგან არსებობენ ადამიანები (ძალები), რომლებიც მასაც და სააკაშვილსაც თავიანთ ნებაზე ატარებენ.

(აღვირი აქვთ ამოდებული და ამ წყვილს იქით მიუგრეხენ კისერს, საითაც საჭიროდ ჩათვლიან. უფსკრულისკენაც კი, თუ ამას მათი (იმ ძალების) ინტერესები მოითხოვს).

_ კი, მაგრამ სააკაშვილს ხომ ჰყავს ცოლი _ სანდრა რულოვსი

_ რულოვსი ნომინალური ცოლია. იმ სცენარის პერსონაჟი, რომელიც საქართველოსთვის თავის დროზე დაიწერა, _ ერთვება საუბარში საზოგადო მოღვაწე რომან ხუდიაკოვი, _ ცოლი ჰოლანდიაში ცხოვრობს, ქმარი უკრაინაშია. აწყობილი აქვთ საქმე.

_ ჩვენი განსახილველი არ არის მათი პირადი ურთიერთობა, _ რეპლიკას ურთავს უკრაინელი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ კოვტუნი, რომელიც რუსეთის ტელესივრცის მარადიული სტუმარია და ყველა გადაცემაში ჰიპერაქტიურობით გამოირჩევა, მაგრამ ამ პროგრამაში უჩვეულოდ მინავლებული ჩანდა.

_ სააკაშვილი ყველასთან იყო, ზოგიერთის ქვეშაც იწვა, მაგრამ რულოვსს არასოდეს არავინ თმებით არ უთრევია, საკუთარი ქმარიც კი, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი მრავალი ჰქონდა.

_ ვინმემ რომ გამოიკვლიოს, როგორ იქცეოდა სააკაშვილი ოდესაში გუბერნატორობის დროს, ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს, _ ადასტურებს ჟურნალისტი ალექსანდრ ჩალენკო, უკრაინის მკვიდრი.

_ რა აღმოჩენა უნდა: სამი თვის წინათ ოდესაში ხმამაღლა ლაპარაკობდნენ სააკაშვილისა და მავანი სტუდენტის ინტიმურ კავშირზე. ესეც ერთი დადასტურებაა, რომ იგი იწვა ყველასთან და ყველას ქვეშ, _ თავისაზე დგას რომან ხუდიაკოვი.

_ სამაგიეროდ პეტრე პოროშენკოს ოჯახის კაცად იცნობენ.

_ იმასაც ბევრი ჩონჩხი აქვს ჩემოდნებში (პოპულარული ანეკდოტის ფიგურალური სახე _ ჩემოდნებში დამალული და იქ დავიწყებული საყვარლების შესახებ). ბევრი ლაპარაკობს, მაგალითად, უკრაინის ყოფილ კულტურის მინისტრთან მის სასიყვარულო კავშირზე, _ გაისმა ხმა დარბაზიდან.

_ ახლა უკრაინას სთავაზობენ სააკაშვილ-მაკსაკოვას ერთობლივ პროექტს. მოტმასნილი ვარიაგებისა, რომლებსაც სინამდვილეში ჩვენს უკრაინელ ხალხთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ისინი უცხო სხეულები არიან და ვერასოდეს შეგვეთვისებიან პოლიტიკური თვალსაზრისით.

სააკაშვილი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პროექტია. თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტად სწორედ “ცერეუშნიკებმა” დასვეს.

_ როგორც პოროშენკო გახდა უკრაინის პრეზიდენტი, ასევე გახდება სააკაშვილი უკრაინის პირველი პირი, _ დარწმუნებულია რომან ხუდიაკოვი, _ თანაც იგი (მიშა) უკვე უკრაინის მოქალაქეა.

_ როგორც გახდა მოქალაქე, ისევე აღარ იქნება (ქვეტექსტი _ გავაგდებთო).

აუდიტორია კამათობს:

_ სააკაშვილი (პროტექტორებმა) იმიტომ წამოსწიეს, რომ მან საზოგადოებას წარუდგინოს მაკომპრომენტირებელი მასალები უკრაინის ახლანდელ ხელისუფლებაზე.

_ პოროშენკო მსგავს რამეს არ დაუშვებს.

_ პოროშენკოს ვინ რას ეკითხება!

იური კოტი, უკრაინელი ჟურნალისტი, თემას ცვლის და მარია მაკსაკოვას ამორალობაში ბრალს სდებს:

_ მე ვურთიერთობდი ადამიანებთან, რომლებიც კარგად იცნობდნენ მარია მაკსაკოვას. ზოგიერთი მისი კოლეგა ამბობდა, რომ იგი ძვირადღირებული პროსტიტუციით იყო დაკავებული. ტაქსად 3 მილიონ რუბლი ჰქონდა დაწესებული. ეს სინამდვილეა და არა “ფეიკების” დონეზე გავრცელებული ჭორი. გულახდილად ვიტყვი, ამის დაჯერება მიჭირს, მაგრამ გული მწყდება, რომ იგი ჩართულია უკრაინულ პოლიტიკაში. საეჭვოა, რომ მას, როგორც მომღერალს, ჰქონდეს რაიმე შანსი, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც ღალატის ჩადენის, თავებსა და ცხედრებზე გადალაჯების დიდი გამოცდილება აქვს, დიდი მომავალი ელოდება.

აუდიტორია უბრუნდება თემას: სააკაშვილის ახალი მშვენიერი ელენე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უკრაინაში გაქცეული და იქ მოკლული დეპუტატის დენის ვორონენკოვის ქვრივი, საოპერო მომღერალი მარია მაკსაკოვაიგენბერგსი ტრაგედიის მსხვერპლი მგლოვიარე ქალია, თუ მავანი ქვეყნის პროექტი, როგორიც თავად მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ბუშის (უმცროსის) პროექტი იყო?

_ თქვენ რაც გსურთ, ის დაარქვით, მე კი გეტყვით, რომ გავა ოთხი თვე და ეს ქალბატონი სააკაშვილს ცოლად გაჰყვება! _ წამოიძახებს დამსწრეთაგან ერთ-ერთი და იმ სტუდიაში მწუხარების წუთით ჩამოწოლილ სიფრიფანა ვუალს გაფხრეწს აუდიტორიის ერთსულოვანი ხარხარი: არც შავკაბიან ქვრივს ემწუხარებოდა, არც დამსწრე აუდიტორიას ადარდებდა მაინცდამაინც თანაგრძნობის ეტიკეტის დაცვის საკითხი. ხოლო ექსცენტრიკულ ოთარ ყუშანაშვილს, ქუთაისელ ჟურნალისტს, ერთ დროს “კალმის ზვიგენად” წოდებულ პროფესიონალს, ეკრანზე ხელების ქნევის დროს წამიერად თუ გამოაჩენდნენ, მიკროფონი მისცეს და, როგორც იქნა, აღმოხდა სათქმელი: გეთაყვა, ერთხელ კიდევ დამანახეთ, როგორ დნებაო მაქსაკოვას შემყურე მიშა.

რაღაც ამგვარი.

ის დროა, გავიხსენო, მარიას გვარი როგორ გაშიფრა ერთმა ენამწარე თბილისელმა: მაკ’სააკოვა არისო. მაკ’ კეინს მიამსგავსად.

_ მე არ ვიცი, რას დაჰპირდა სააკაშვილი მაკსაკოვას, _ თქვა თოკშოუს მონაწილე მწერალმა ტატიანა კირილიუკმა, რომელიც წარმოშობით უკრაინელია, _ მაგრამ იგი (ქვრივი) თავის არჩევანში შეცდა. მე ვიცნობ უკრაინელ ხალხს, თვითონაც შერეული ოჯახის შვილი ვარ, და ვიცი, რომ ჩვენი ხალხი მიმნდობია, იოლად იჯერებს პოლიტიკოსების დაპირებებს, მაგრამ არც ისეთი სულელია, რომ ენდოს მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ პირველი ლედის ადგილი ამ ქალბატონს (“დამოჩკას”, როგორც მან თქვა) არ ეღირსება, რადგან იგი (სააკაშვილი) მასაც მოატყუებს და ცარიელზე დასვამს.

_ ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სწორედ მარია მაკსაკოვასთან ტანდემში დაიწყო მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია უკრაინაში.

_ არ მჯერა, რომ სააკაშვილი ოდესმე გახდება უკრაინის პრეზიდენტი, ისევე, როგორც რაბინოვიჩი, _ მიაჩნია რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ეროვნებათაშორისი საბჭოს წევრ ბოგდან ბეზპალკოს, _ მინდა, გითხრათ, რომ აშშ-ში არსებობს დაკანონებული კორუფცია _ ლობისტობა. სულ ახლახან ბატონი პოროშენკო შეხვდა პრეზიდენტ ტრამპს ლობისტების დახმარებით, რომლებსაც დიდი ფული გადაუხადეს. ტრამპთან შეხვედრა, მგონი, 700 ათასი დოლარი ღირს. როგორი ქვეყანაცაა, ისეთი ფასებია დაწესებული და ისეთი ლობისტები ჰყავს…

აქ შევჩერდეთ, რადგან იმ თოკშოუს მდინარება, რომლის შემოკლებული საგაზეთო ვარიანტი შემოგთავაზეთ, უკრაინის საშინაო პოლიტიკის კალაპოტით გაგრძელდა, სადაც არაფერი გვესაქმება.

ეგებ, უმჯობესი იყოს, გავარკვიოთ (შევეცადოთ მაინც), რა წერას აუტანია სააკაშვილი. აჰასფერივით _ “მოხეტიალე ურიასავით” _ დაწყევლილი ხომ არ არის პრეზიდენტყოფილი?

ლეგენდის მიხედვით, ვიწრო ქუჩით _ Via Dolorosa-თი გოლგოთაზე მიმავალი იესო ქრისტე, უმძიმესი ჯვრის თრევით ძალაგამოლეული, ერთ ებრაელს მხარში შედგომას სთხოვს.

_ “გაიარე, გაიარე! არა მცალია! _ მიუგებს ებრაელი.

მაშინ ქრისტე ეტყვის:

_ იარე შენც, იარე იმ ჟამამდე, სანამ მე დავბრუნდები”.

მეორედ მოსვლამდეო.

იმ დროიდან მოყოლებული აჰასფერი დადის დედამიწაზე, ვერც ჩერდება, ვერც კვდება, მარადიული სიცოცხლისთვის განწირული.

არ ამოასუნთქა სააკაშვილმა საქართველო მაშინ, როცა ქვეყანას დამოუკიდებლობის მძიმე ჯვარი თავის გოლგოთაზე აჰქონდა. პირიქით _ დაამძიმა უსამართლობით, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვით, პიროვნების არნახული შეურაცხყოფით, მართლმადიდებლობის ყოველმხრივი დამცირების მცდელობით, გაუნათლებლობით, უზნეობით, ელიტური კორუფციით, “სიცრუითა და ორპირობით” და ა.შ. და ა.შ.

და დაძრწის ახლა ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში, ავანტიურიდან ავანტიურაში, შოუდან შოუში, თემიდან თემაში, პრობლემიდან პრობლემაში, თანამდებობიდან თანამდებობაზე, ქალიდან ქალზე და არაფრიდან არაფერში…

და არ აქვს დასასრული ამ ხეტიალს.

თუმცა, როგორც ყველა მსგავს ლეგენდაში (ასეთი კი უამრავია: ამირანზე (პრომეთეზე), კაენზე, სიზიფეზე, ტანგეიზერზე, მფრინავ ჰოლანდიელზე), ამაშიც არის მარადიული მდინარების საწყისთან დაბრუნების მცდელობის მომენტი.

აჰასფერი, ყარიბი ებრაელი, მარადი ურია, მოგზაური ურია, უთვისტომო, მიუსაფარი მოხუცი ყოველ 50 წელიწადში ერთხელ უახლოვდება იერუსალიმს, ცოდვის მიტევება რომ სთხოვოს ქრისტეს საფლავს, მაგრამ ყოველთვის ამოვარდება საშინელი ქარიშხალი და ჩაეშლება განზრახული მარადიულ ცოდვილს.

მონდომებული მკითხველი, თუ არ დაიზარებს, გამონაკლისსაც აღმოაჩენს. გადაშლის ილფისა და პეტროვის “ოქროს ხბოს” _ სოციალურ სატირას, რომან-ფელეტონს და ყურადღებით წაიკითხავს თურქეთის ქვეშევრდომის შვილის ოსტაპ ბენდერის მონათხრობს იმის შესახებ, თუ როგორ დამთავრდა აჰასფერის ხეტიალი, როცა მას, დნეპრის სანახების ხილვით გართულს, პეტლურელები დააპატიმრებენ (პეტლიურა უკრაინელების ნაციონალისტური დაჯგუფება იყო).

“_ ურია ხარ?

_ ურია ვარ, _ უპასუხა მოხუცმა.

_ აბა წავიდეთ, _ მიიპატიჟა ლამპასებიანმა კაცმა. და წაიყვანა იგი კურენის ატამანთან (კურენი _ ზაპოროჟიელ კაზაკთა ჯარის ნაწილი).

_ ურია დავიჭირეთ, _ მოახსენა მან და წიხლის კვრით წინ გაიგდო მოხუცი.

_ ურია ხარ? _ ჰკითხა ატამანმა ხალისიანი გაკვირვებით.

_ ურია ვარ, _ უპასუხა ყარიბმა.

_ კედელთან მიაყენე, _ ალერსიანად თქვა ატამანმა.

_ მე ხომ უკვდავი ვარ! _ შეჰყვირა მოხუცმა.

ორ ათას წელიწადს მოთმინებით ელოდა სიკვდილს, ახლა კი უცებ ძალიან მოუნდა სიცოცხლე.

_ ხმა გაიკმინდე, ურიავ! _ სიხარულით შესძახა ატამანმა, _ აკუწეთ, ყოჩაღებო!

და მარადიული ყარიბი მოკვდა.

_ სულ ეს იყო, _ დაასრულა ოსტაპმა”.

იყო ის, რაც მოხდა.

მაგრამ რა მოხდება, მოხეტიალე მიხეილი უკრაინელ ნაციონალისტებს რომ გადაეყაროს, დნეპრის სანახებში განმარტოებით გასული?

გამორიცხული არ არის, ავტომატურად მოიხსნას საკითხი, თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს კონფუზის მიზეზი რომ გახდა: განხორციელდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია, რომელზეც ჩვენმა პროკურატურამ ორჯერ უარყოფითი პასუხი მიიღო უკრაინელი კოლეგებისგან.

რას იტყვით, ამხანაგო ოსტაპ მარია ბენდერ ბეი?

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here