მთავარი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი _ ერთიანი ნაციონალური ბომჟი

მიხეილ სააკაშვილი _ ერთიანი ნაციონალური ბომჟი

მიხეილ სააკაშვილი, კარლ მარქსის მსგავსად, ამიერიდან აპატრიდი, ანუ მოქალაქეობის არმქონე პირია

1574
გააზიარეთ
მიხეილ სააკაშვილი _ ერთიანი ნაციონალური ბომჟი

პოლიტიკოსისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა XXI საუკუნეში ძალზე იშვიათია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მსგავსი სკანდალის ეპიცენტრში ზედიზედ ორჯერ აღმოჩნდა: 2011-ში, როდესაც თავის მთავარ ოპონენტს, ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, და გასულ კვირას, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ იგივე თავად სააკაშვილს გაუკეთა. ეს უნიკალური შემთხვევაა, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ანალოგი არ აქვს. 

ოსტაპ ბენდერის თქმის არ იყოს, “აქ განისვენებს მიხეილ(!) სამუელის ძე პანიკოვსკი _ ადამიანი პასპორტის გარეშე”. უფრო სწორად, მან ეს საფლავის ქვაზე დაწერა, ხოლო თქვა შემდეგი რამ: “გარდაცვლილის მიმართ ხშირად უსამართლო ვიყავი, მაგრამ იყო თუ არა გარდაცვლილი ზნეობრივი პიროვნება? არა, ის ზნეობრივი პიროვნება არ გახლდათ. ის იყო ყოფილი უსინათლო, თვითმარქვია და ბატების ქურდი. მან მთელი ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ საზოგადოების ხარჯზე ეცხოვრა, მაგრამ საზოგადოებას არ სურდა, რომ მის ხარჯზე ეცხოვრა. შეხედულებათა ამ სხვაობის ატანა მიხეილ სამუელის ძეს არ შეეძლო, რადგან ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა. და ამიტომ ის მოკვდა. მორჩა!”

მართალია, ილფისა და პეტროვის ერთ-ერთი გმირისგან განსხვავებით, სააკაშვილი ცოცხალია და თავს მშვენივრად გრძნობს, მაგრამ ვინაიდან ის, დიდი ხანია, გარდაიცვალა, როგორც პოლიტიკოსი, ოსტაპ ბენდერის გამოსამშვიდობებელი სიტყვა მის მდგომარეობას კარგად მიესადაგება, მითუმეტეს, რომ ფიგურანტს პანიკოვსკისთან ბევრი რამ აქვს საერთო.

ზოგს შეიძლება გაახსენდეს გიორგი დანელიას “პასპორტი”, კერძოდ კი სცენა, როდესაც მთავარი გმირი შამპანურის ორი ბოთლითა და რეპატრიანტის დაჭმუჭნილი მოწმობით ცდილობს საბჭოთა საელჩოში შეღწევას; ზოგს _ შესანიშნავი ტრაგიკომედია “ტერმინალი” ტომ ჰენქსის მონაწილეობით. ცხადია, სააკაშვილის ძველი მეგობრები ვაშინგტონში, მიუხედავად იმისა, რომ მისი სისულელეები ყელში ამოუვიდათ, რამეს მოიფიქრებენ და აეროპორტში ცხოვრება არ მოუწევს, მაგრამ ამჯერად მას მთელი რიგი პროცედურების გავლა დასჭირდება რომელიმე სხვა ქვეყნაში ახალი სტატუსის ან მოქალაქეობის მისაღებად. თეორიულად, გამორიცხული არც უკრაინის მოქალაქეობის აღდგენაა, თუმცა იქაური სასამართლოების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით ამ ეტაპზე ეს ნაკლებად სავარაუდოა.

ორიოდე სიტყვით _ პრობლემის იურიდიულ ასპექტზე: მიხეილ სააკაშვილი, კარლ მარქსის მსგავსად, ამიერიდან აპატრიდი, ანუ მოქალაქეობის არმქონე პირია. აპატრიდების სტატუსს არეგულირებს გაეროს 1954 წლის კონვენცია, აგრეთვე, 1961 წლის კონვენცია “მოქალაქეობის არმქონეთა რაოდენობის შემცირების შესახებ”. როდესაც სააკაშვილის მომხრეები საქართველოში საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტს მათი ბელადისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდა, მათ შეიძლება მიუთითონ 1961 წლის კონვენციის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ კონვენციასთან მიერთებულმა სახელმწიფომ “არ უნდა ჩამოართვას არც ერთ პირს მოქალაქეობა, თუ ეს მას აპატრიდად აქცევს”, მაგრამ მომდევნო პუნქტში ნათქვამია, რომ “ამ მუხლის 1 პუნქტის მიუხედავად… ნებისმიერ პირს შეიძლება ჩამოერთვას მოქალაქეობა… თუ მოქალაქეობა მოპოვებული იქნა ცრუ ცნობების მოწოდების ან სიცრუის შედეგად” (მუხლი 8, პუნქტი 2, ქვეპუნქტი “ბ”).

“მოქალაქეობის შესახებ” უკრაინის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი არის მოქალაქეობის მოპოვების პროცესში “ცრუ ცნობების ან ყალბის დოკუმენტების მოწოდება”. უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში დააზუსტეს, რომ სააკაშვილმა ანკეტაში არ მიუთითა, რომ ქართულმა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (ეს 2014 წლის აგვისტოში მოხდა). თუმცა აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი: მე-19 მუხლში ნახსენებია მე-9 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქეობა არ შეიძლება მიენიჭოს პირებს, რომლებმაც “სხვა სახელმწიფოში ჩაიდინეს დანაშაული, რომელიც უკრაინის კანონმდებლობის მიერ აღიარებულია მძიმედ ან განსაკუთრებით მძიმედ”. მაგრამ საქმე ისაა, რომ ქართულ სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება სააკაშვილის მიმართ ჯერ არ გამოუტანია, ამიტომ პრეზიდენტყოფილის ადვოკატები, სავარაუდოდ, შეეცდებიან ამ გარემოებას ჩაებღაუჭონ. შესაძლოა, მათი სტრატეგია შემდეგ იდეას დაეფუძნოს _ შეცდომა ანკეტაში მოქალაქეობის მინიჭების ეტაპზე შესაბამის უწყებებს უნდა აღმოეჩინათ, მაგრამ მათ ეს ვერ (არ) გააკეთეს, მოქალაქეობის მიღება კი შეუქცევადი აქტია და მისი ჩამორთმევა უკრაინის კონსტიტუციით აკრძალურია. ბოლო დღეებში სააკაშვილი ანკეტის გაყალბებაზეც კი საუბრობს.

რა თქმა უნდა, პოროშენკოს მოქმედების უკან, როგორც მოქალაქეობის მინიჭების, ისე მისი ჩამორთმევის შემთხვევაში, პოლიტიკური მოტივი იდგა. იმის ალბათობა, რომ ანკეტაში ყალბი ცნობების შეტანის შესახებ არაფერი იცოდნენ, როდესაც პასპორტს აძლევდნენ, ძალზე დაბალია, რადგან ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება მედიაში ფართოდ გაშუქდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, პოროშენკოს გადაწყვეტილებას მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გარკვეული იურიდიული საფუძველი აქვს.

ანკეტაში ყალბი ცნობების შეტანას (უფრო სწორად, სიმართლის დამალვას) შეიძლება ორი მოტივი განაპირობებდეს. გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილს არ უნდოდა, ვინმეს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება (იმ მომენტში ან მომავალში) იმის საფუძველზე გაეპროტესტებინა, რომ საქართველოში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და ამისთვის ფორმალური იურიდიული საბაბი (ჩანაწერი ანკეტაში) არ მიეცა. ამასთანავე, შესაძლოა, სააკაშვილმა ასეთი უცნაური ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას და ყველა სახელმწიფო უწყებას მისი გავლენის ქვეშ ლეგიტიმურად არ თვლის. ასე იყო თუ ისე, მან საკუთარი ხელით შექმნა (ერთადერთი შესაძლებელი!) საბაბი, რომელმაც პოროშენკოს შესაძლებლობა მისცა, მოქალაქეობა მისთვის კანონის დაცვით ჩამოერთმია.

ადრე ნაციონალებს პოროშენკოზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ, დღეს კი გამეტებით ლანძღავენ მას, რადგან მათი ბელადი ბომჟად აქცია (საბჭოთა მილიციის აკრონიმი, რომელიც ნიშნავდა “ბეზ ოპრედელენოგო მესტა ჟიტელსტვა”). ვალში არც უკრაინელები რჩებიან. მოხეტიალე ქართული ცირკი ერთობ გაიწელა”, _ წერს რადას დეპუტატი რადიკალური პარტიიდან _ იგორ მოსიჩუკი. ცხადია, ეს ორმხრივი ლანძღვა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას დიდ ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ: საქართველოს ისტორიაში იყო არაერთი ეპიზოდი, როდესაც მმართველები მარცხდებობდნენ, ტყვედ ვარდებოდნენ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაშიც კი ინარჩუნებდნენ ღირსებას, რაც არაერთმა უცხოელმა ავტორმა აღნიშნა. ყველაზე შეურაცხმყოფელი ეროვნული ღირსებისთვის, ალბათ, ისაა, რომ სააკაშვილი იყო პირველი კლოუნი, რომელიც საქართველს მართავდა და თავისი ქცევით, ხოხვისა და ჰალსტუხის ღეჭვის ცნობილი ეპიზოდებით დაწყებული, მისცა არაერთი საბაბი უცხოელებს, ქართველებისთვის დაეცინათ, მაგალითად, “მოხეტიალე ცირკი” ეწოდებინათ.

გასულ კვირას ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ თბილისში ვიზიტისას პეტრე პოროშენკო და ბიძინა ივანიშვილი შეთანხმდნენ, სააკაშვილი და კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი “გაეცვალათ”. საუბარი ამ შემთხვევაში შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ ფიზიკურ გაცვლას, ანუ “ექსტრადირებას ექსტრადირების წილ”, არამედ ამ ორი პერსონისთვის პრობლემების შექმნას, რათა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებიდან მშობლიური ქვეყნების წინააღმდეგ არ იმუშავონ. საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათთან ჩერნოვეცკის გადაცემის მოთხოვნა არ შესულა, თუმცა “ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ვერ მოხდება მისი გადაცემა, რადგან იგი არის საქართველოს მოქალაქე და, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა დაუშვებელია” (ინტერპრესნიუსი). შესაძლოა, ეს პასუხი არ უნდა განვიხილოთ, როგორც საბოლოო, რადგან ზუსტად იმავეს ამბობდა თავის დროზე სააკაშვილზე უკრაინის პროკურატურა. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჩერნოვეცკისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურაში შეიძლება რაღაც ხარვეზები აღმოაჩინონ. ალბათ, სააკაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ კიევის ყოფილი მერი თავს ისე მშვიდად ვეღარ იგრძნობს, როგორც ადრე; აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმემ ნათლად აჩვენა, რომ საქართველო უცხოელი დისიდენტებისთვის 100%-ით უსაფრთხო ნავსაყუდელს აღარ წარმოადგენს.

მოქალაქეობის ჩამორთმევის მიუხედავად, სააკაშვილს მაინც რჩება გარკვეული პოლიტიკური პერსპექტივები უკრაინაში, თუმცა ის იმდენად შთამბეჭდავი არაა, როგორც ეს ნაციონალებს წარმოუდგენიათ. პარტიის დისტანციური მართვა ძალიან რთულია, ეს ნათლად აჩვენა “ნაცმოძრაობის” გამოცდილებამ საქართველოში, მიუხედავად ამისა, სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას მაინც შეიძლება       უკრაინელი ამომრჩევლების დაახლოებით 4-5%-ის^მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან (“სამოპომიჩ”-თან ან რომელიმე სხვა “მეორე რანგის” პარტიასთან) ალიანსში რადაში გარკვეული რაოდენობის მანდატები მიიღოს, მაგრამ ეს მოკრძალებული შედეგი სააკაშვილის ამბიციებს არ შეესაბამება. მას უკრაინაში, ისევე, როგორც საქართველოში, სავარაუდოდ, ტოტალური გამარჯვება და შურისძიება სწყურია, რისთვისაც სათანადო რესურსი არ აქვს.

სწორედ ამაში მდგომარეობს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. გარემოცვა ყოველთვის არწმუნებდა, რომ ის ყოვლისშემძლე ტიტანია. მას სიამოვნებდა და, ალბათ, ვერ ხვდებოდა, რომ ამ დროს მანიპულაციის ობიექტი ხდებოდა, ვერ წარმოედგინა, რომ ვიღაც შეიძლება მასზე გონიერი აღმოჩენილიყო (2012) და ჩვარივით მოესროლა (2017), რადგან ეს მის წარმოსახვით სტატუსს არ შეესაბამებოდა. ალბათ, სწორედ ესაა ყველა მისი მარცხის პირველი და მთავარი მიზეზი. დღეს ის, უბრალოდ, უპასპორტო, ძებნილი ადამიანია, რომელიც ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიდამოებში, დაეხეტება, თუმცა თავს, სავარაუდოდ, ისევ გალაქტიკის იმპერატორად გრძნობს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here