მთავარი საზოგადოება მიშელ პლატინი _ დიადი “მოკლე”

მიშელ პლატინი _ დიადი “მოკლე”

307
გააზიარეთ
მიშელ პლატინი

მიშელ პლატინი (დაიბადა 1955 წლის 21 ივნისს) იყო გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავად ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს და მისი ტალანტი მხოლოდ საფეხბურთო მინდვრით არ შემოფარგლულა _ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ პლატინი საფეხბურთო ფუნქციონერად გარდაიქმნა, რაც მიუთითებს მის სულიერ და გონებრივ სიძლიერეზე. ლიონელ მერის გარდა, პლატინი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიპოვა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და მასთან ერთად ჯილდო _ “ოქროს ბურთი” (ეს ჯილდო მესიმ ზედიზედ 4-ჯერ მოიპოვა).

პლატინის ბიოგრაფიის შესწავლისას გასაგები ხდება, რომ მისგან შეიძლება ფეხბურთელი არ გამოსულიყო, მამა რომ არა. სწორედ მან ჩაუნერგა ყმაწვილ მიშელს ფეხბურთის სიყვარული და ხელს უწყობდა, საფეხბურთო მოედანზე დაუფლებოდა აუცილებელ ჩვევებსა და გაცნობოდა იმ პერიოდის საუკეთესო კლუბების ტაქტიკურ სიახლეებს. იმის გათვალისწინებით, რომ მიშელ პლატინის არ ჰქონდა უნიკალური ფიზიკური მონაცემები და, საერთოდ, დაბალი იყო (მოკლე _ ეს მეტსახელი შეარქვეს თანატოლებმა ბავშვობაში), ბიჭი მაინც შესანიშნავად დაეუფლა ბურთთან მუშაობის ტექნიკურ ილეთებსა და ტაქტიკურ ეშმაკობებს. თვითონ პლატინი ამბობდა: “შეიძლება მოიძებნოს 2 მილიონი ფრანგი, რომლებიც სირბილში გამასწრებენ, კიდევ ორ მილიონს შეუძლია ბეჭებზე დამდოს”.

მიშელის მამა ალდო პლატინი ხშირად ასრულებდა შვილის აგენტის როლს. იყო პერიოდი, სელექციონერებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული ახალგაზრდა ტალანტის სახლი. ერთადერთი გამოსავალი იყო, რაც შეიძლება სწრაფად შეერჩიათ კლუბი “მოკლესთვის”. და მამამ აირჩია ლოტარინგიის უძლიერესი კლუბი “ნანსი”. თანაც ალდომ მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება _ მარტო არ დაეტოვებინა მიშელი საფეხბურთო აკადემიაში და ეს კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა. “ნანსის” ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ალდო პლატინი გუნდის მესამე შემადგენლობის გაწრთვნას თავს იოლად გაართმევდა. და შედეგად, მამა და შვილი აღმოჩნდნენ ერთი გუნდის შემადგენლობაში.

მიშელ პლატინი

ჭაბუკ პლატინის თავდაპირველად ძალიან უჭირდა უფროს პარტნიორებთან ვარჯიში და თამაში, ამიტომ 19 წლის შესრულებამდე მიშელი იშვიათად ჩნდებოდა ძირითად შემადგენლობაში (ითამაშა სულ რამდენიმე მატჩი და გაიტანა 6 გოლი). მაგრამ 1974-75 წლების სეზონში ის გულშემატკივრების წინაშე წარდგა, როგორც ზრდასრული და გამოცდილი მოთამაშე. გასაკვირი არ არის, რომ იმ სეზონში პლატინიმ 17 ბურთი გაიტანა მეტოქეების კარში. იმ წელს “ნანსი” გავარდა საფრანგეთის ელიტური დივიზიონიდან, მაგრამ ლოტარინგიული კლუბი, რომელსაც თავის რიგებში ჰყავდა ახალგამომცხვარი ლიდერი, 1975-76 წლების სეზონში კვლავ დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში. მიშელ პლატინი კი სულ უფრო იპყრობდა საფეხბურთო ექსპერტების ყურადღებას. ნაკრებში გამოძახებამაც არ დააყოვნა _ 1976 წლის 22 მარტს პლატინის დებიუტი ჰქონდა საფრანგეთის ეროვნულ გუნდში ამხანაგურ მატჩში ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან. და თავი გამოიჩინა ფენომენური დარტყმით. მიშელმა საფრანგეთის ნაკრებში შესანიშნავი სტარტი აიღო. სანაკრებო წარმატების შემდეგ პლატინიმ “ნანსისაც” მოაპოვებინა გამარჯვებები. ლოტარინგიულმა კლუბმა საფრანგეთის თასი მოიგო 1978 წელს. ეს იყო პლატინის პირველი ნადავლი უმაღლეს დონეზე. წარმატებების ტალღაზე პლატინი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად არგენტინაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე გაემგზავრა, მაგრამ ე.წ. სიკვდილის ჯგუფში მოხვდა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გააღწია.

1979 წელს მიშელი გადავიდა იმხანად საფრანგეთის ყველაზე ძლიერ კლუბ “სენტ-ეტიენში”. 1981 წელს პლატინიმ ახალ გუნდთან ერთად მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი. ამ ტრიუმფის შემდეგ 26 წლის უნიჭიერეს ფეხბურთელზე ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს მსოფლიოს გრანდებმა _ “რეალმა”, “არსენალმა” და “იუვენტუსმა”. პლატინიმ არჩევანი “იუვენტუსზე” შეაჩერა და იქ 1982 წელს, ესპანეთის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის წინ, გადავიდა.

მიშელ პლატინი

მიშელ პლატინის თავდაპირველად გაუჭირდა ტურინულ კლუბთან ადაპტაცია, მაგრამ ძალიან დაეხმარა ის, რომ იტალიური ფესვები ჰქონდა, თუმცა ზოგიერთი გულშემატკივარი მის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, ამასთანავე, პრობლემები შეექმნა ადგილობრივ მედიასთან, მაგრამ ყველაფერს ითმენდა და თავგამოდებით ვარჯიშობდა. შედეგმაც არ დააყოვნა. მიშელი ნელნელა შეეჩვია ადგილობრივ ატმოსფეროს, წესჩვეულებებს. გულშემატკივრების აღიარება კი მოიპოვაიუვენტუსისდაუძინებელ მტერთან, ტურინისტორინოსთან”, ცნობილი მატჩის შემდეგ.

ამ მატჩში პლატინიმ გაიბრწყინა თავისი მაღალი ოსტატობით და გამარჯვების გოლიც გაიტანა. იმავე წელს მიშელმა ფეხბურთისადმი მიძღვნილი რამდენიმე სატელევიზიო გადაცემა წაიყვანა და იტალიელი გულშემატკივრების კეთილგანწყობა და უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა.

პლატინისთვის წარმატებული აღმოჩნდა 1984 წელი. “იუვენტუსმა” უამრავი ტიტული და პრიზი მოიპოვა: იტალიის ჩემპიონობა, თასის მფლობელთა თასი, ევროპის სუპერთასი, თვითონ მიშელი კი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, თანაც 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ეს უნიკალური მიღწევაა, ბუნებრივია, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მიშელ პლატინიმ დაიმსახურა. ერთადერთი მწვერვალი, რომელიც ვერ დაიპყრო დიდმა “მოკლემ”, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 1982 და 1986 წლებში ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც მძლავრმა გერმანულმა მანქანამ გააჩერა.

1987 წელს, ყველასთვის მოულოდნელად, 32 წლის პლატინიმ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. გამოსათხოვარ მატჩში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა ვარსკვლავმა პელეს მეთაურობით. პლატინიმ მსოფლიო ჩემპიონობა ვერ მოიპოვა, მაგრამ ჩემპიონივით გააცილეს.

მიშელი ფეხბურთს 1991 წელს დაუბრუნდა, როცა საფრანგეთის მწვრთნელის პოსტი დაიკავა. იმ წელს ნაჩვენები შედეგის (8 თამაში _ 8 მოგება) მიხედვით საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, მაგრამ შვედეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფრანგებმა ნახევარფინალსაც ვერ მიაღწიეს. ეს ჩაფლავება იყო და პლატინიმ უარი თქვა მწვრთნელობაზე. მისი აზრით, საკმაოდ რბილი ხასიათი ჰქონდა და ეს მწვრთნელობაში ხელს უშლიდა. მიშელს ფეხბურთთან კავშირი არ გაუწყვეტია, ის იყო ორგანიზატორი 1998 წელს საფრანგეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატისა, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. 2002 წელს პლატინის ოფიციალურად ეკავა მაღალი პოსტები ფიფასა და უეფაში. 2007 წელს კი მიშელმა უეფას პრეზიდენტის პოსტზე შვედი ლენარტ იუჰანსონი შეცვალა.

2015 წლის 15 დეკემბერს ფიფას ეთიკის კომიტეტმა პლატინი კორუფციაში დაადანაშაულა, და, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება არ დადასტურებულა, პლატინის უეფას პრეზიდენტის პოსტი დაატოვებინეს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

მიღწევები

საკლუბო

და სანაკრებო:

* ევროპის ჩემპიონი _ 1984 .

* მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი _ 1986 .

* საფრანგეთის ჩემპიონი _ 1981 .

* საფრანგეთის თასის მფლობელი _ 1978 .

* იტალიის ჩემპიონი _ 1984, 1986 წწ.

* თასის მფლობელთა თასის მფლობელი _ 1983 .

* ევროპის სუპერთასი _ 1985 .

* საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი _ 1985 .

პირადი:

* ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი _ 1983, 1984, 1985 წწ.

* საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი _ 1976, 1977 წწ.

* შედის ფიფას მიერ შედგენილ 100 საუკთესო ფეხბურთელის სიაში.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here