მთავარი პოლიტიკა მიშას “კურიერის” გენერლები

მიშას “კურიერის” გენერლები

1174
გააზიარეთ
მიშას “კურიერის” გენერლები

ჩემს ბავშვობაში ძალიან ცნობილ და პოპულარულ კინოფილმქვიშის კარიერის გენერლებს”, რომელიც ცნობილი ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟი ამადუს ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული, დღევანდელ საგაზეთო სტატიასთან შინაარსობრივად საერთო არაფერი აქვს. იმ ფილმის სახელწოდება და ამ სტატიის სათაური ფონეტიკურად ემთხვევა მხოლოდ და კიდევ ისიცაა, რომ ამჯერად, ფილმის გმირებისგან განსხვავებით, მართლა გენერლებთან გვაქვს საქმე. დიახ, შეიარაღებული ძალების გენერლებზე ვსაუბრობთ, რომელთა ზეპოლიტიზებულ ვიდეომიმართვებსაც ლამის უკვე დღეში ათჯერ ატრიალებს მიშას პირადი ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამაკურიერი”. სამხედროფორმიანი მამაკაცების მონოლოგების ძირითადი ფრაზაასალომე ზურაბიშვილი სამშობლოს მოღალატეა და ის არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი”.

არ დავიწყებთ იმის გარჩევას, ვინ არის რეალურად სამშობლოს მოღალატე _ ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი თუ მოქმედი საბჭოთა-რუსი “კა-გე-ბეშნიკი” გრიგოლ ვაშაძე. უბრალოდ, ამ წერილის არსი არის ის, რომ საქართველოში ცნება “სამშობლოს მოღალატე”, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, ძალიან გააუფასურეს და ისე, ყოველღიურ, საყველპურო სიტყვად აქციეს!

არადა, სამშობლოს ღალატი იურიდიული დეფინიციაა და სისხლის სამართლის კოდექსით მკაცრი სასჯელი და ხანგრძლივი პატიმრობა ელის ასეთი ქმედების ჩამდენს. თუნდაც მხოლოდ ამიტომ ეს ბრალდება ადამიანებმა, მით უფრო პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა მოღვაწეებმა, ძალიან იშვიათად და ძალიან დასაბუთებულად უნდა წაუყენონ ხოლმე ერთმანეთს.

ჩვენთან კი ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სრულიად უმნიშვნელო პერსონის “ნატლიკინებზე” ტეხენ ერთ ამბავს, ხოლო ქვეყნის ძალიან სოლიდური საგანმანათლებლო ცენტრის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, რომელსაც მართლა აქვს მნიშვნელობა და რომელსაც მართლაც ასდის სამშობლოს ღალატის სუნი, ყველა დუმს და კრინტსაც არავინ ძრავს.

ასე მოხდა, მაგალითად, გასულ კვირაში ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მიმართ, რომელმაც ტელეკომპანია “ალ-ჯაზირას” ინტერვიუ მისცა და, რომ არა საქართველოში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ყურადღებასაც არავინ მიაქცევდა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ნაცებს დასჭირდათ კიდევ ერთი სკანდალი და კონკრეტული ფოტოგრაფის ნათქვამს ზოგად-ეროვნული მნიშვნელობა მისცეს. “რუსთავი 2”-ის ნაპროკურორალმა “ცირკაჩმა”, გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ნევრასთენიით შეპყრობილი დედაკაცებისთვის დამახასიათებლი კიდევ ერთი სანახაობა დადგა და ასაკოვან კაცს პირდაპირ ეთერში ტელევიზორიდან დედის გინებით მიმართა. იური მეჩითოვმა საბოლოოდ ბოდიშიც მოიხადა მის მიერ 9 აპრილის მოვლენებზე გამოთქმული არასწორი მოსაზრებების გამო, მაგრამ “სამშობლოს მოღალატის” იარლიყს, ალბათ, კარგა ხანს ვერ მოიშორებს, რადგან სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია და ნიკა გვარამიას სურს, რომ ზურაბიშვილს რაც შეიძლება მეტი “სამშობლოს მოღალატე” უჭერდეს მხარს. იური მეჩითოვსვე მიუძღვნა სპეციალური გადაცემა ინგა გრიგოლიამ “ტვ პირველზე”. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი ფოტოგრაფის არასწორი, მაგრამ პირადი აზრი ყველა ტელევიზიამ ლამის საუკუნის მოვლენად გამოაცხადა. სამაგიეროდ, ყურიც არავის გაუბარტყუნებია, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღინისძიება გაიმართა. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოების ცნობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 80 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოს ოფიციალური უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და თურქული თემის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გამოფენის გახსნამდე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღავნელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთის ურთიერთმეგობრობა მრავალ წელს ითვლის და ის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის”.

მაშ ასე! ჩვენი მრავალწლიანი მეგობრისა და კეთლისმყოფელის”, ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრის, თურქეთის სახელმწიფოსა და მისი ყველაზე გაიძვერა მმართველის მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნის ღონისძიება მოვაწყვეთ. ეს ის ქემალ ათათურქია, რომელმაც საქართველოს ისტორიული ტერიტორიის თითქმის ნახევარი ოფიციალურად და საბოლოოდ დაუნარჩუნა ოსმალეთის იმპერიას, ანუ თურქეთს. ამ პიროვნებას პომპეზურ ღინისძიებას უძღვნის ჩვენი ქვეყნის მთავარი საგანმანათლებლო კერა და ამაზე არავის არანაირი რეაქცია არ აქვს. ხოლო ერთი ჩვეულებრივი ფოტოგრაფის, კონკრეტული პიროვნების, მაპატიეთ და, “ბჟუტურს” 5 ტელევიზია მთავარ თემად აშუქებს!

რა გაეწყობა, უკვე თითქმის მიგვაჩვიეს, რომ “სამშობლოს ღალატი” მხოლოდ რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, თუნდაც მათთან მოლაპარაკებების დაწყების სურვილია, ხოლო თურქეთს მათთვის ხელიდან ძლივს გამოღლეტილი აჭარაც რომ უკან გადავცეთ, ეს, ალბათ, “მრავალწლიანი ძმობის” აღნიშვნა იქნება და მეტი არაფერი!

სამაგიეროდ, “ანტისაოკუპაციო ტაქსებით” დავშლიგინებთ შიდა ქართლში და გვიხარია. სამხედროფორმიანი ადამიანები კი, რომლებიც თავს “გენერლებს” უწოდებენ, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომისკენ მოგვიწოდებენ და თავი პატრიოტებად მოაქვთ.

სწორედ ასეა და არავინ თქვას, რომ რამეს ვაჭარბებ და ამ სამხედროფორმიან პროვოკატორებს სამოქალაქო ომისკენ არ მოუწოდებიათ. როდესაც ტელეეთერში ჩნდებიან სამხედროფორმიანი ადამიანები, რომლებიც სწორედ თავის გენერლობას თუ პოლკოვნიკობას ან ომის ვეტერანობას, ანუ იმას უსვამენ ხაზს, რომ სამხედრო პირები არიან და ამ ჭრილში გველაპარაკებიან და, როდესაც ასეთი ადამიანები აკეთებენ პირდაპირ და აშკარა მოწოდებებს, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი არის სამშობლოს მოღალატე, ეს სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ისინი, ფაქტობრივად, მოუწოდებენ მოსახლეობას _ თუკი მოღალატე არჩევნებს მოიგებს, ხელში იარაღი აიღონ და ამ ამბავს არ უნდა შეეგუონ.

შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს უახლოეს წარსულში პოლიტიკაში სამხედროები ჩაერივნენ და ჩემი თაობისა და ჩემზე ცოტა უმცროს ადამიანებსაც კარგად გვახსოვს, ამან რაც მოიტანა. ჩვენს შვილებს კი ძალიან ხშირად უნდა შევახსენოთ ეს!

საზოგადოდ, მაშინაც იმით დაიწყო ეს საშინელება, რომ მხარეებმა ერთმანეთს “სამშობლოს მოღალატისა” და “კრემლის აგენტის” იარლიყის მიწებებება დაუწყეს. ისიც სათქმელია, რომ ასეთი რადიკალური მიდგომები მაშინდელმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა და მიიღო კიდეც სავსებით ლოგიკური შედეგი _ ოპოზიციის საპასუხო რადიკალიზაცია, სამხედრო ავანტიურისტებისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნა და სამოქალო ომის დაწყება.

ედურად შევარდნაძის ხელისუფლებაზე რაც უნდა ცუდი ვთქვათ, ის მაინც არ იყო დამახასიათებელი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის კრემლის აგენტი და სამშობლოს მოღალატე ეწოდებინა წამდაუწუმ.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ კი ეს “ტრადიცია” ისევ აღადგინა და საკმარისი იყო, ვინმეს “ნაციონალური მოძრაობის” ოდნავ საწინააღმდეგო რამ ეთქვა, იმწამს კრემლის აგენტად და სამშობლოს მოღალატედ იყო შერაცხილი. ასე განსაჯეთ, პარლამენტის სხდომაზეც კი, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ორგანოში მოწვეულ პრეზიდენტს საპატიმრო ადგილებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე და პატიმართა არაადამიანური წამების ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, მათ პირადად პრეზიდენტმა უწოდა “პუტინის დავალების შემსრულებლები”.

საბედნიეროდ, ამას პირდაპირ ვიტყვი _ ბიძინა ივანიშვილის წინდახედულმა მოქმედებებმა იმ ეტაპზე სამოქალაქო ომი აგვარიდა. არადა, 2012 წელს ქვეყანა აშკარად იდგა ამ საფრთხის წინაშე. სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს და დღეს უკვე ყველაფერი პირიქითაა _ ხელისუფლება ერიდება სიტუაციის დაძაბვას, “კოაბიტაციასაც” კი ცდილობს და მაქსიმალურად იკავებს თავს “კრემლის აგენტების” თუ “სამშობლოს მოღალატეების” იარლიყების დარიგებისგან. სამაგიეროდ ოპოზიცია, კერძოდ კი, “ნაციონალური მოძრაობა”, გარდა ყოველდღიური “რუტინული” ძახილისა _ “კრემლის აგენეტებო!”, “სამშობლოს მოღალატეებო” (ამაზეა ნათქვამი: “ჩემი შენ გითხარი”-ო) და ა.შ., თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიასაც კი მხოლოდ კონკურენტისთვის “მოღალატისა” და “პუტინის დავალებების შემსრულებლის” იარლიყის მიწებებით აწარმოებს.

რაც მთავარია, რითაც დავიწყეთ კიდეც ეს საგაზეთო სტატია, მიმდინარე საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მეორე ტურის წინ, “ნაციონალური მოძრაობა” უკვე ვა-ბანკზე წავიდა და საქმეში გადამდგარი თუ სამსახურიდან გაშვებული სამხედროები ჩართო. როდესაც ადამიანი სამხედრო ფორმაშია და აცხადებს, რომ ის არის სხვადასხვა ომის ვეტერანი, მეომარი გენერალი ან პოლკოვნიკი, და გეუბნება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენებული ესა და ეს პიროვნება არის სამშობლოს მოღალატე და მტრის შემოგზავნილი, დამეთანხმებით, ეს ჩვეულებრივ ობივატელზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს. თავისას აკეთებს “დამოუკიდებელი და თავისუფალი” ჟურნალისტების მათთან ხმაშეწყობილი რიტორიკაც, რომ “ყველა მოღალატე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს” და “მოღალატეების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!” (ნიკა გავრამიას საავტორო ფრაზა), ასევე, ჟურნალისტებთან ერთად საქმეში ასე აქტიურად ჩართული ნაპროკურორალი გენდირექტორი, რომელიც ტელეეკრანიდან საჯარო და სამარცხვინო ბილწსიტყვაობით გამოირჩევა _ ყოველივე ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, არჩევნების წაგების შემთხვევაში, ყველაფრისთვის, მათ შორის, სამოქალაქო ომის გაჩაღებისთვისაც არის მზად!

სამარცხვინო გამოხდომას იმ სამხედროებისა, რომლებიც მართლაც მიშასა და მისი “კურიერის” გენერლებად შეიძლება ჩავთვალოთ, შეიარაღებული ძალების ვეტერანებმა ღირსეულად უპასუხეს. ასეთი გენერლები, ოფიცრები და ჯარისკაცები, საბედნიეროდ, გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე მიშას “კურიერის” გენერლები და მათნაირები! შეფარდება, შეიძლება ითქვას, 99 პროცენტი 1 პროცენტზეა და პირდაპირ ვიტყვი _ ღირსეულ ჯარისკაცს მართლაც კარგად აქვს შეგნებული, რა არის კარგი, რა არის დამღუპველი არა მიშასთვის ან ბიძინასთვის, არამედ მისი სამშობლოსთვის! ღირსეული ჯარისკაცი არც სამშობლოს მოღალატეს უწოდებს ვინმეს წარამარა და საყველპუროდ, რამეთუ ნამდვილმა ჯარისკაცმა ყველაზე უკეთ უწყის ამ ყველაზე საშინელი ბრალდების ფასი.

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here