მთავარი პოლიტიკა მივბაძოთ უკრაინას, რეფერენდუმი საქართველოშიც ჩატარდეს და გავარკვიოთ, რა სურს ერს რეალურად

მივბაძოთ უკრაინას, რეფერენდუმი საქართველოშიც ჩატარდეს და გავარკვიოთ, რა სურს ერს რეალურად

1091
გააზიარეთ
მივბაძოთ უკრაინას, რეფერენდუმი საქართველოშიც ჩატარდეს და გავარკვიოთ, რა სურს ერს რეალურად

უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინაში თუ მის ფარგლებს გარეთ არაერთი კრიტიკოსი ჰყავს. პროფესიით კომიკოსს ბევრი ირონიით უყურებს და ფიქრობს, რომ ის სახელმწიფოს მართვას ვერ შეძლებს. ზელენსკის პროფესია ადამიანთა გაღიმება იყო და ისე ჩანს, კრიტიკოსებს ჯერჯერობით გვარიანად გაღიმებულებს ტოვებს. მხოლოდ ის რად ღირს, რომ, წესითა და კანონით, უკრაინაში 27 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნები გააუქმა, რიგგარეშე დანიშნა და 14 ივლისს ატარებს. ახალარჩეულმა ლიდერმა თქვა: დრო არ ითმენს და ამიტომ ყველაფერი უნდა მოვასწროთო. გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, რომ საქართველოში რამდენიმე თვით არჩევნებს არავინ არ გადაწევდა და მარტივად მიაგორებდნენ სასურველ ვადამდე.

არჩევნების პარალელურად ზელენსკიმ რეფერენდუმის ჩატარებაც ბრძანა. ეს ყველაზე საინტერესო რამ არის და ძალიან გვინდა, რომ აღნიშნული რამ საქართველოშიც მოხდეს.

მე ვემხრობი ევროპას და ევროკავშირს, მაგრამ ვარ ქვეყნის ერთერთი მოქალაქე და მაინტერესებს უმრავლესობის აზრი. თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან, უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა, უნდა შევქმნათ მათთან ერთად ახალი კავშირი, ვიმსჯელოთ ტერიტორიების მშვიდობიან დაბრუნებაზე, მე ამას გავაკეთებ. თუ ქვეყანა გადაწყვეტს, რომ ურყევად უნდა ვიაროთ ევროპისკენ, ამასაც ვიზამ. მოკლედ, მე ხალხის აზრი მაინტერესებს. მართალია, ჩემი მრჩევლები მეუბნებიან, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ჩემსავით ფიქრობს, მაგრამ მსურს, ეს ვნახო და გადაწყვეტილების მიღების უფლება ხალხს მივცე”,_ განაცხადა ზელენსკიმ.

რა გამოდის? _ პეტრო პოროშენკო ამ ხნის განმავლობაში რომ ამტკიცებდა, უკრაინელი ხალხის მოთხოვნას ვასრულებო, იმავე უკრაინელმა ხალხმა უარი უთხრა და სახლში გაუშვა. ახალარჩეულმა კი გამოაცხადა: თქვენი ნება ჩემთვის კანონია და შეგეკითხებით, რეალურად რა გვინდა, მრჩევლების რჩევას ბოლომდე არ ვენდობიო.

როგორ ფიქრობთ, ანალოგიური გამოკითხვა რომ ჩატარდეს საქართველოში და გავარკვიოთ, რა სურს ერს რეალურად, რა შედეგს მივიღებთ? რა თქმა უნდა, ხელისუფლება და ოპოზიცია იტყვიან, რომ ქართველი ხალხის პრიორიტეტებს საერთაშორისო ორგანიზაციები იკვლევენ და რეფერენდუმი საჭირო არ არისო. რომელი ორგანიზაციების, ბატონებო, რომლებისაც არ გჯერათ, როცა პოლიტიკურ პროგნოზებს აკეთებენ და ათეული პროცენტებით ცდებიან?! იმ ორგანიზაციების, რომლებიც გამოკითხვიდან გამოკითხვამდე იძულებულნი არიან, ევროატლანტიკური კურსის მომხრეების რაოდენობა შეამცირონ? რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ამ მიმართულებით მათი გამოკითხვა სწორი და უშეცდომოა, ხოლო როცა საქმე პარტიების რეიტინგებსა და წინასაარჩევნო შედეგებს ეხება, ისინი აუცილებლად ცდებიან?! შემთხვევით ორმაგ სტანდარტთან ხომ არ გვაქვს საქმე და ფრთიან ფრაზას თუ ვიხმართ, ხომ არვირეშმაკობთ”?!

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ერთ ან მეორე მხარეს დადგება. ჩვენ, ისევე როგორც ყველა, მხოლოდ ვამბობთ, რომ ჩავატაროთ გამოკითხვა, გამოვკითხოთ ერი და ბერი და შემდეგ ისე იმოქმედოს სახელმწიფომ, როგორც ჩვენ, ამ ქვეყნის შვილები, გადავწყვეტთ. ხომ გაიძახით ტელეკამერების წინ: თქვენი დაქირავებული ვართ, თქვენ უნდა გემსახუროთ და თქვენი სურვილები შევასრულოთო? ჰოდა, საიდან იცით სურვილები, თუ რეფერენდუმს არ გამართავთ?

არადა, ყველაზე კარგი დრო რეფერენდუმის ჩატარებისთვის სწორედ ახლა გვაქვს. წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა პარლამენტში შესვლამდე უნდა წარმოადგინონ პროგრამები, რომლებითაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებენ. შესაბამისად, ამ პროგრამებში სწორედ მოსახლეობის უმრავლესობის სურვილები უნდა იყოს აღწერილი და არა ის, რა უნდა პოლიტიკოსთა ვიწრო ჯგუფს (მათი ამ “უნდა”-ს მოტივაციაზე ამჯერად არ ვილაპარაკებთ). შესაბამისად, ამომრჩევლის აზრი ეცოდინება პოლიტიკურ სპექტრს და მერე თვითონ გადაწყვეტს, ისევ ძველ ჩვენებას “მიაწვეს” თუ რაღაც ახალი შემოიტანოს. თანაც, მოსახლეობასაც იმედი გაუჩნდება, რომ პოლიტიკოსებმა რეფერენდუმი მათი აზრის გასაგებად ჩაატარეს და ხმასაც უფრო თამამად მისცემენ. ეს, ერთი შეხედვით, აქსიომაა, რომელსაც მხოლოდ კეთილი ნება სჭირდება, მაგრამ…

განვიხილოთ ორივე ვარიანტი. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა იტყვის, რომ აუცილებლად ნატოს კარზე უნდა ვაკაკუნოთ და ევროპას მათ კავშირში შესვლას ვეხვეწოთ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ფრთებგაშლილი იქნება დაგააპრავებსიმ 30 წელს, რომლის განმავლობაშიც სწორედ ამ ვერსიებს გვტენიდნენ ცხვირში. ხმასაც აღარავინ ამოიღებს და ევროპა-ამერიკიდან გაცილებით მეტი გრანტი დაიძვრება, ვიდრე ახლა მოდის. ეს ვარიანტი სრულიად პოლიტიკურ სპექტრს (რამდენიმეს გამოკლებით) ხელს უნდა აძლევდეს.

ახლა მეორე ვარიანტი: თუ მოსახლეობა აირჩევს არა ევროპასა და ამერიკას, არამედ კეთილმეზობლურ და დამთბარ ურთიერთობას რუსეთთან, რუსული ბაზრის ათვისებას, დიალოგს არსებულ კონფლიქტებზე, ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მოქმედიც და მისი წინამორბედი ხელისუფლებაც ხალხს უნამუსოდ ატყუებდა. შეწყდება გრანტები, რომლებითაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სამთავრობო სტრუქტურები იკვებებიან, დეპუტატებს ნაკლებად მოუწევთ სიარული საერთაშორისო სხდომებზე, სადაც თითქოს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, ვეღარავინ იტყვის _ დღე-დღეზე მიგვიღებენ ევროკავშირსა და ნატოშიო, ევროპარლამენტარები, ამერიკელი სენატორები შეწყვეტენ საუბარს იმაზე, რომ თურმე საქართველო ძალიან ახლოს არის ნატოსთან და მთავარია, არჩეულ კურსს არ გადავუხვიოთ, საერთაშორისო მისიებიდან დაბრუნდებიან ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც საზარბაზნე ხორცად არიან წასული სხვის ომში და…

და რა?! როგორი მწარეც არ უნდა იყოს ეს რეალობა, ვიცხოვრებთ არა ტყუილში, არამედ რეალობაში. გვეცოდინება, რა გვინდა და საით მივდივართ. ლოგიკურად, თუ ხელისუფლება დარწმუნებულია საკუთარი გეზის სისწორესა და ხალხის მხარდაჭერაში, რეფერენდუმი უნდა გამართოს. ამით ამერიკასა და ევროპასაც გაუგორებს კოჭს, რუსეთს კიდევ ერთხელ დაანახვებს მოსახლეობის განწყობას, დამატებით გრანტებს მიიღებს და უფრო თამამი და მხრებგაშლილი იქნება ნებისმიერ მოლაპარაკებაზე. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმი დასრულდება ისე, როგორც გვეუბნებიან აგერ უკვე 30- წელია, მაგრამ სწორედ ესთუგახლავთ მთავარი. რეალურად, ყველას სერიოზული ეჭვი ეპარება ამ რეფერენდუმის შედეგებში. რეალურად, ყველას დიდი კითხვის ნიშანი აქვს ამ თემის მიმართ და ამიტომ გარისკვა არავის არ სურს. არ სურთ, გარისკონ საკუთარი მდგომარეობით; არ სურთ, იფიქრონ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ 30-წლიანი ნაღვაწი ერთ დღეში წყალში ჩაეყრებათ. სირაქლემის პოზაში ყოფნა ურჩევნიათ და მერე რა, თუ სწორედ ამ სირაქლემის პოზის გამო არაერთხელ სერიოზული ჭიტლაყი მიიღო ქვეყანამ. მთავარი ხომ ის არის, რომ კონკრეტული ადამიანები კარგად იყვნენ და ბედნიერი სახით განაგრძონ ჩვენი დამოძღვრა.

რეფერენდუმის გამართვის თაობაზე ამომრჩევლებთან შეხვედრისას მოსახლეობის სურვილი დეპუტატობის კანდიდატებს არაერთხელ მოუსმენიათ, მაგრამ ხმამაღლა ამის შესახებ არ საუბრობენ. ერთხელ იყო მხოლოდ, როცა თემა ძალიან გამწვავდა, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რეფერენდუმის ჩატარება ხარჯებთან არის დაკავშირებული და 15-დან 20 მილიონ ლარამდე დაჯდებაო. 20 მილიონი ლარი დაახლოებით 7 მილიონი დოლარია და რა გამოდის, ხელისუფლებას მოსახლეობის აზრის გასაგებად ამ თანხის დახარჯვა არ სურს? სამაგიეროდ, ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლად ხარჯავენ მილიარდებს, თორემ ძალიან გვეეჭვება, ხალხისთვის რომ ეკითხათ პრიორიტეტები გასულ წელს და შეესრულებინათ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლის ბოლოს ნაშთად ორ მილიარდამდე ლარი დარჩენოდა. ჰო, ორ მილიარდამდე ლარი, რომელიც უბრალოდ ვერ აითვისეს და დაანონსებული მშენებლობები ვერ განახორციელეს. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით სასაცილო იქნებოდა, მაგრამ ვაი, რომ არ გვეცინება. ნებისმიერი რეგიონის ნებისმიერ სოფელში ჩადით, ნებისმიერ ადგილობრივს გაესაუბრეთ და ზუსტად ერთ წუთში იმდენ პრობლემას ჩამოგითვლით, რომ მათ მოგვარებას, ორი კი არა, შეიძლება ოცი მილიარდი არ ეყოს. 21-ე საუკუნეში რომ ასფალტს, წყალსა და ელექტორენერგიას აყვედრიან ადამიანებს, შესაძლოა, ვინმემ მართლა არ დაიჯეროს. ხალხი სხვა პლანეტების ათვისებასა და იქ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ფიქრობს და საქართველოში კი სახლამდე მისასვლელი გზაა სანატრელი.

ბატონებო, მიბაძეთ ზელენსკის, კომიკოს ზელენსკის, რომელმაც პრეზიდენტობის პირველივე თვეს მოსახლეობის მაჯისცემას მიუგდო ყური და ხალხის მითითებით მოქმედებს. თორემ ისე გამოვა, რომ ცოტა ხნის შემდეგ ზელენსკი ქვეყნის ლიდერი და გავლენიანი პოლიტიკოსი გახდება, ჩვენ კი კომიკოსები შეგვრჩებით ხელში. თუმცა, მხოლოდ ამის იმედად ნუ იქნებით, სანახაობა აღარ ჰყოფნის ხალხს, პურიც უნდა ბატონებო, პურიც

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. ყიველ შემთხვევაში მე ვფიქროფ რომ 2008-ში მიეცა მიზეზი-(როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან)რო გაპაექრებოდა რუსეთს და უკან დაიხია არა?არ უნდივართ არ უნდივართ თან ნატომ რა გააკეთა ერაყში?-დაიპყრო ნავთობი გამოზიდა გამოვიდა.რა არა?

  2. მუდამ შინისკენ
    და ჩვენ მივიწევთ დასავლეთისკენ,
    აღმოსავლეთის გზების შემოვლით,
    გზაში ვისწრაფვით მუდამ შინისკენ,
    და შევეჩვიეთ უწყვეტ მოლოდონს…
    ჯ.გ.
    11.05.2006

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნანა1 Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here