მთავარი საზოგადოება მთავრობის პროგრამები “დაკარგული სოფლის უკან დასაბრუნებლად”, რომელთა გამოც რაჭაში მალე მკვიდრი მოსახლეობა...

მთავრობის პროგრამები “დაკარგული სოფლის უკან დასაბრუნებლად”, რომელთა გამოც რაჭაში მალე მკვიდრი მოსახლეობა აღარ დარჩება

420
გააზიარეთ
დაცარიელებული სოფელი

მადლიანი ჰავისა და ნოყიერი ნიადაგის ქართული სოფელი და სოფლის მეურნეობა ერთადერთი სახსარი, ერთადერთი წყაროა ცხოვრების გასაძღოლად _ ილია ჭავჭავაძის ეს თვალსაზრისი, როგორც ჩანს, არ გაიზიარეს უკვედამოუკიდებელიქვეყნის ხელისუფლებებმა, რადგან ამ ხნის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მიგრაცია და საქართველოს სოფლების დიდ ნაწილს გლეხის გარეშე დარჩენა ემუქრება.

თუმცა რაღა ემუქრება

რაც გვჭირს, საგანგაშოა და დაუყოვნებლივ მისახედი. ავიღოთ თუნდაც რაჭა, რადგან საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით რაჭა ყოველთვის გამოირჩეოდა მიგრაციის მაღალი დონით, რაც, ძირითადად, მისი რელიეფითა და კლიმატით იყო გამოწვეული. მოსახლეობა ხშირად იძულებით ტოვებდა საცხოვრებელს, რადგან სეისმურად და მეწყერულად საშიშ ზოლში ცხოვრობდა.

დღეს რაჭა ინფრასტრუქტურულად განვითარდაო, გვარწმუნებენ ხელისუფალნი, მაგრამ ფაქტია, რომ რაჭაში ნორმალური გზები არ არის, ზოგ ადგილებში კი ტყებუჩქად იქცა ყველაფერი და მანქანას გადაადგილება უჭირს, დათვისა და მგლის შიშით კი ხალხს მოსავალი ვერ მოჰყავს და შინაური პირუტყვის მოვლაც უჭირს

ამიტომ ხალხმა დატოვა ძირითადი საცხოვრისი. მოსახლეობა მხოლოდ იქ დარჩა, სადაც ვენახია, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მსხვილი ვენახები გაიყიდა და თითქმის ყველა შემთხვევაში მყიდველები თბილისელი მეწარმეები არიან, მეწარმეები და არა რაჭველი გლეხები, რადგან, როგორც ჩანს, მთის რეგიონების მიმართ შეღავათის დაწესებამ ვერ წაახალისა რაჭველები. რატომ? აქ ხომ ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების ხელოვნება შთამომავლობით გადაეცემოდა თაობებს, რაჭველ კაცს ვაზის სუნთქვა ესმოდა და ადამიანივით ესაუბრებოდა მას?

_ ისევ და ისევ იმშეღავათებისგამო.

ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობაში 700 მილიონამდე ლარის დახარჯვას ერთი მთავარი მიზანი აქვს _ დაკარგული სოფლის უკან დაბრუნება” _ ეს ფრაზა სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2013 წლის 6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. და 6 წელიწადში რამდენ სოფელში დააბრუნეს გაქცეული გლეხი?

რაოდენ მძიმეც უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურეკონომიური მდგომარეობა, წინა პლანზე მაინც რაჭის დემოგრაფიული სიტუაცია იკვეთება _ რეგიონი მოსახლეობის გარეშე რჩება. თუ ასე გაგრძელდება, რაჭა 15 წელიწადში აღარ იარსებებს. არადა, რაჭის აღორძინებას საუკუნის წინათ მიაქციეს ყურადღება ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. 1876 წელს ილია წერდა: “რაჭა უფრო მთიანია, ვიდრე ვაკიანი. მაგრამ ძნელად საფიქრებელია, ამოდენა ტყეები იმისთანა ადგილებზედაც არ იყოს, რომ შესაძლო იყოს გაიკაფოს, ახოები გამოიღოს და ნაკლებულობა სახნავსათიბისა ამით შეივსოს. შრომისმოყვარეს და დაუზარებელს რაჭველს რომ ამისი ნება დაუთმოს სახელმწიფო ქონებათა გამგეობამ, დღეს ვერაფერში გამოსარჩენს ტყის ადგილს ხუთექვს წელიწადში რაჭველი წალკოტად გადააქცევს; თვითონაც იხეირებს და სხვასაც ახეირებს. ამ გზით რაჭველი იძულებული აღარ იქნება, თავისი მკვიდრი ბინა მოშალოს, მაცდურს იმედს ხვალისას მიეცეს და შინვე მოტრიალდებაო”.

რაჭველთაშინ მისატრიალებლად” _ მოსახლეობის გადინების შემცირების მიზნით XX საუკუნეში რეგიონში გაიხსნა საწარმოები, ხალხი დასაქმდა, განვითარდა სოფლის მეურნეობაც, ძირითადად, მესაქონლეობა, მემცენარეობა და მეხილეობა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის ყველა საწარმო დაიხურა, მოსახლეობა უმუშევარი დარჩა და შესაბამისად, მიგრაციის დონემ საგრძნობლად მოიმატა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან რაჭაში მოსახლეობის შემცირების გამო სოფლების უმრავლესობაში გაუქმდა სამედიცინო პუნქტები, დაიხურა სკოლები, რამაც ხელი შეუწყო მათ მთლიანად დაცლას. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ონის რაიონში შეიქმნა, სადაც ბევრ სოფელში არც ზაფხულში და არც ზამთარში აღარავინ ცხოვრობს. ამ ბედს გაიზიარებს მალე ის სოფლებიც, რომლებშიც მხოლოდ მოხუცები დარჩნენ.

რამდენი რამ გადაიტანეს რაჭველებმა: მიწისძვრები, 90-იანი წლების ომები და ცხინვალიდან შემოტანილი წამლით გაუბედურებული და განარკომანებული თაობა, 2008 წლის ომის დროს დაბომბვა

ღირსნი არიან რაჭველები მეტი ყურადღების. ისევ დიდ ილიას დავესესხები და ვიტყვი, რომმთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავის ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელს საჭიროებას დღემუდამ ჰსცნობდეს, და მეორეს გზით _ მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გასწვდება”, ანუ უსახსროდ დარჩენილი რაჭველი გლეხი კაცისა.

დღეს კი რა სიტუაციაა?

ენატრება რაჭასთავშენახული, შრომისმოყვარე, ფრთხილი, დამზოგველი, გონიერად ხელმოჭერილი და ხელღონიერირაჭველი გლეხი.

* “როცა ამბობენ, ესა და ეს ქვეყანა მდიდარი არისო, ამით იმისი თქმა არ უნდათ, რომ ვითომ ამ ქვეყნის ერია მდიდარი, იმიტომ, რომ შესაძლოა, ერი მდიდარი იყოს და ამ სიმდიდრეში თვითონ ქვეყანას, როგორც მომცემს ადგილს, არავითარი მონაწილეობა არა ჰქონდეს სიმწირის გამო” (“მევენახე გლეხთა მდგომარეობა”. 1887 წ. 23 ივნისი).

* “რაჭა უფრო მთიანია, ვიდრე ვაკიანი. მაგრამ ძნელად საფიქრებელია, ამოდენა ტყეები იმისთანა ადგილებზედაც არ იყოს, რომ შესაძლო იყოს გაიკაფოს, ახოები გამოიღოს და ნაკლებულობა სახნავ-სათიბისა ამით შეივსოს. შრომისმოყვარეს და დაუზარებელს რაჭველს რომ ამისი ნება დაუთმოს სახელმწიფო ქონებათა გამგეობამ, დღეს ვერაფერში გამოსარჩენს ტყის ადგილს ხუთ-ექვს წელიწადში რაჭველი წალკოტად გადააქცევს; თვითონაც იხეირებს და სხვასაც ახეირებს. ამ გზით რაჭველი იძულებული აღარ იქნება, თავისი მკვიდრი ბინა მოშალოს, მაცდურს იმედს ხვალისას მიეცეს და შინვე მოტრიალდება. ეს მით უფრო სასურველია, რომ რაჭველი თავშენახული, შრომისმოყვარე, ფრთხილი, დამზოგველი, გონიერად ხელმოჭერილი და ხელღონიერი კაცია და ამ თვისებით ბევრს ჩვენში აღემატება” (“იმიგრაცია საქართველოდან”. 1876 წ).

* “მუაჯარიდამ იყო საუცხოვო გადასახედ-გადმოსახედი. ერთ მხრივ ტრიალი მინდვრები, ზოგან აჯეჯილებულნი, ზოგან ტყით მუქად ამწვანებულნი, ჰსცემდნენ ერთნაირად და თანასწორად მაჯამომატებულ ცხოვრების ძარღვსა. მდელოები შეჰღიმოდნენ და შეჰხაროდნენ მზის სხივებსა, როგორც ახალგაღვიძებული ბავშვი თავის დამბადებელ დედასა. მოძრავნი ჩრდილნი, სუბუქ ღრუბლებისაგან მოდგმულნი, წყლის ჭავლსავით მიცურავდნენ გაწოწილ, აბიბინებულ მინდორზედა. დიდრონნი, თავმამწონე მთები, ზოგან თოვლისაგან გაჭაღარავებულნი მოხუცისავით, გულის სიგრილით გადმოჰყურებდნენ თავის მიუწვდომელ სიმაღლიდამ გაზაფხულისაგან გახალისებულთ, მწვანით მოსილთა მთათა. ის თოვლიანი მთები იყვნენ სიბერესავით გრილნი და დაფიქრებულნი, მაშინ როდესაც მათ ქვემოდამ ზოგან ტყიანი, ზოგან ტიტველა მთები მწვანით მოსილნი ჰფეთქდნენ მთელის სიჭაბუკის და განახლების სიცხოველითა. მთაში ყოველიფერი იყო ჭაბუკობასავით ისე მაოცნებელი და მოუსვენარი, როგორც იმ თოვლიან მთებში სიბერესავით დამჯდარი და დამშვიდებული. მუაჯარის გვერდით დიდი ბაღი, უპატრონობისაგან თავმინებებული, ათასფერად იყო აჭრელებული. ხეხილთა ყვავილნი სხვადასხვანაირნი აფერადებდნენ საუცხოვოდ ერთნაირსა ციაგსა და გრილ ჰაერსა, რომელშიაც უხვად იყო გაფანტული ყვავილთაგან აღმოსუნთქული სურნელება. ძლიერი იყო სიცოცხლე იმ დილისა. ყოველი ძარღვი ბუნებისა სრულის თავის სიცოცხლით ჰფეთქდა დაუჩუმრად; სადღესასწაულო, გაურჩეველი გალობა დედამიწისა მიდიოდა მადლით სავსე განცვიფრებულ ცისაკენა. ცაც ისე დაჟინებით მდუმარე იყო, თითქო ქვეყანას ყურს უგდებსო. ახალგაღვიძებული, ნამით პირდაბანილი ბუნება მთელის მხიარულობით იყო გაღიმებული” (“კოლა”. 1858 წ.).

* “ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა: თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს _ ქრისტე-ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ დაიბღერტაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის. რაც ღვთის შემძლებელობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა. ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიანთ სამართლიანად სთქვან: “სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა” (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”. 1897 წ. 31 დეკემბერი).

* “ამ გზაზედ დამდგარმა კაცმა, რომ თვალი დააკვირვოს ჩვენს სოფელს, დაინახავს, რომ ეკონომიურად გაძლიერებისათვის ჩვენს სოფელს ბუნებისაგან თითქმის არა აკლიარა. ზომიერი ნელ-თბილი ჰავა, ნაყოფიერი და თითქმის ყველაფრის უხვად მომცემი მიწა, მომასწავებელნი არიან იმოდენა სიმდიდრისა, რამოდენადაც საჭიროა, რომ ერმა უტკივნელად თავი ირჩინოს და ყოველს სფეროში ღონივრად გაიწივ გამოიწიოს წარმატებისა და კეთილ მდგომარეობისათვის” (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”, 1893 წ. 7 იანვარი).

* “ეს ჩივილი და ტირილი მით უფრო საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა ჰავით, მდებიარობით, მიწით მდიდარია და შემძლებელია გაგვამდიდროს, ქონებით გაგვაძლიეროს, გაგვაღონიეროს” (“კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი”. 1895 წ. 4 ნოემბერი).

* “ამ ბოლო ხანებში ჩვენმა ქვეყანამ და უფრო მისმა ბუნებურმა სიმდიდრემ მოიზიდა ყურადღება, როგორც თვითონ რუსეთისა, ისეც სამზღვარგარეთისა. საითაც კი მიიხედავთ, ყოვლის მხრიდამ მარტო ის ისმის, რომ აი ეს და ეს ფულიანი ან კაცი ან საზოგადოება მოდის და ამა და ამ საქმეს ჰკიდებს ხელსაო. ან აქამდე რატომ არ იყო ეს ამბავი, გვიკვირს” (“ჩვენი სოფლური მეურნეობის შესაძლებლობანი და ბიუროკრატიზმი”. 1887 წ. 16 თებერვალი).

* “სოფლის მეურნეობას, ადგილ-მამულის პატრონობის წარმოებას, დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის სიმდიდრისათვის ყველგან და ჩვენში უფრო განსაკუთრებით. იმიტომ რომ ჩვენში სხვა თვალსაჩინო ეკონომიური წარმოება არა არის რა, თვინიერ სოფლის მეურნეობის წარმოებისა. თავი და ბოლო ხალხის ცხოვრებისა, საზრდოებისა, სიმდიდრისა, მაგაზედ არის დამყარებული. ჩვენ ვიმეორებთ, რომ ეს ყველგან ესეა და ნამეტნავად ჩვენში მეთქი. ხალხის სიმდიდრეზედ კიდევ დაფუძნებულია ყოველის მთავრობის სულიერი და ხორციელი კეთილდღეობა. აქედამ ადვილად მისახდომია, რომ მთელს ევროპაში ყოველის ხალხის მთავრობას დიდი ყურადღება, დიდი ზრუნვა აქვს მიქცეული თვისის ხალხის სოფლის მეურნეობაზედ და დიდს ფულსაც ხარჯავენ, რომ მაგ უმთავრესს წყაროს ხალხის სიმდიდრისას ფართო, რიგიანი და შეუფრხებელი დენა ჰქონდეს” (“ისევ კახეთის რკინისგზის საკითხზე”. 1893 წ. 13 თებერვალი).

* “რომ მართლა მთავრობის ყურადღება და ზრუნვა ფუჭს გულისტკივილად არ იქცეს, მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავის ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელს საჭიროებას დღემუდამ ჰსცნობდეს, და მეორეს გზით _ მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გასწვდება (“ისევ კახეთის რკინისგზის საკითხზე”. 1893 წ. 13 თებერვალი).

თბილისელი მეწარმეების ვენახები
თბილისელი მეწარმეების ვენახები

* “ზოგიერთს სახელმწიფოში ესე იყო, რომ ორივე ეგ გზა მთავრობას განსაკუთრებით ხელთ ეჭირა და სასოფლო მეურნეობის საქმეთა მარტო თვით განაგებდა, თვით თვისის მოთანამდე პირთაგან სცნობდა საჭიროებას ხალხისას და თვით მოთანამდე პირთაგან მოპოებულს წამალს ადებდა. თითქმის ესე იყო საფრანგეთში, საცა სასოფლო-სამეურნეო საქმეთა განაგებდა ცალკე “სამინისტრო მიწათმოქმედებისა, ვაჭრობისა და საყოველთაო სამუშაოსი”. ამ წყობილებას ემდუროდნენ ფრანციელნი. ამბობდნენ, ეგ სამინისტრო მარტო მიწერ-მოწერაში ვარჯიშობსო და დროსა ჰკარგავსო, საქმე კი იმოდენად არა კეთდება, რამოდენადაც სასურველიაო. ამას გარდა მთავრობის მოთანამდე პირიო, რაც უნდა გულშემატკივარი იყოსო, ნამდვილს ადგილობრივ საჭიროებას ვერ შეიტყობსო, ჯეროვანად ვერ ასწონსო და დააფასებსო” (“ისევ კახეთის რკინისგზის საკითხზე”. 1893 წ. 13 თებერვალი).

* “ბუნებას სიმდიდრე მოუცია, _ რაღა გინდათ? აიღეთ და ისარგებლეთ, მოიხმარეთ ღვთისაგან მოცემული სიკეთე! ჯერ საქმე ისე მოაწყეთ, რომ ეს წყარო სიმდიდრისა, რაც შეიძლება მეტს ხალხს გასწვდეს, მეტს ხალხს მიედინოს. არ იცით, საქმეს როგორ მოუაროთ? ცოდნა არა გაქვთ? მოიწვიეთ საქმის მცოდნე კაცები, ისინი გიჩვენებენ გზას. არ გაქვთ ფული? ოღონდ საქმეს გულით და გულდადებით მოეკიდენით, აჩვენეთ ქვეყანას, რომ საქმის ერთგულება შეგიძლიანთ და ფულს არავინ დაგიჭერთ”.

* “მრეწველობა და აღებ-მიცემობა ჯერჯერობით ძლივს ისახება, ასე რომ სათქმელი არც კია. ამიტომ თითქმის მთელი ჩვენი ქვეყანა და უფრო მეტად მივარდნილი, მიყრუებული ალაგები, მოშორებულნი დიდ ქალაქებზე, მოკლებულნი უგზოობის გამო ბაზრებს, ეკონომიურად იმ მდგომარეობაში არიან, რომელიც საპოლიტიკო ეკონომიაში “ბუნებითს მეურნეობად” არის ცნობილი” (“პურეულის ყიდვა სამხედრო უწყების მიერ”. 1887 წ. 16 მაისი).

* “ამგვარ ეკონომიურს წესწყობილების უმთავრესი ხასიათი იმაში იხატება, რომ მწარმოებელს, მიწის მუშას, ნაწარმოები თუნდა მომეტებულიც ჰქონდეს, მაინც ფული ყოველთვის უჭირს. ამგვარს მწარმოებელს ფულის შოვნა უძნელდება, რადგან, ბაზრის უქონლობის გამო, თავის ნაწარმოებისათვის კარგი გასავალი ვერ უშოვნია, მიწის მოსავალი ფულად ვერ უქცევია”.

* “ამიტომაც ცდილობს, ცხოვრების მოთხოვნილებას, საჭიროებას თავის ნაწარმოებითვე გაუძღვეს; ყოველ წვრილმან შინაურ გარდასახადში, იჯარაში, საცა-კი შეიძლება, ფულის მაგიერ, თავის ნაწარმოებს აძლევს; ასე უსწორდება, მაგალითად, ჩვენი გლეხი მღვდელს, დალაქს, მეველეს, გზირს და სხვებსა”. (“პურეულის ყიდვა სამხედრო უწყების მიერ”. 1887 წ. 16 მაისი).

* “ჩვენს საქართველოში არც ერთი იმისთანა ქალაქი არ გვეგულება, რომ თითონ აკეთებდეს რასმე და ამდიდრებდეს ქვეყანას ან ფაბრიკის, ან ქარხანის რისამე ნაწარმოებითა. დიდი ქალაქები, როგორიც, მაგალითებრ, ტფილისია და ქუთაისი, წარმოადგენს მარტო ბაზარს, საცა სოფლის ნაჭირნახულევი და ნაწარმოები საღდება, ისიც დიდის ვაი-ვაგლახითა და გაჭირებით” (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “საიდამაც შორიდამ, სხვა ქვეყნიდამ მოტანილი საქონელი, გადის ვაჭრობის შემწეობით სოფლად”. (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “ჩვენი ეკონომიური ძალღონე ჯერ კიდევ სოფელია და სოფლური მეურნეობა. ჩვენებური ქალაქები ამ მხრით არავითარს შემწეობას არ აძლევენ ჩვენს ქვეყანასა, რადგანაც იგინი უფრო მჭამელნი არიან, ვიდრე მომცემნი რისამე”. (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

როცა სტიქია საავტომობილო გზის კვალსაც აღარ ტოვებს
როცა სტიქია საავტომობილო გზის კვალსაც აღარ ტოვებს

*”პატარა ქალაქები ხომ მარტო ბუდეებად გადაქცეულნი არიან, სადაც თავი მოუყრია ათას წურბელას ვით ქვემოძრომსა, საცა ბევრნაირი ჭია-ღუა ჰფუსფუსებს, რომ გამოსწოვონ და გამოღრღნან სოფელი. სხვა არა ემუნათება-რა სოფელს ჩვენებურ ქალაქებისაგან” (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “რადგანაც დღეს გამრჯელი, მწარმოებელი და მომცემი ჩვენში მარტო სოფელია და მისი საეკონომიო მოქმედებაა ერთადერთი სახსარი ჩვენის ცხოვრებისა, თავის რჩენისა და გამოკვებისა, ამიტომაც ჩვენი სრული ყურადღება მარტო სოფელს უნდა თავს დასტრიალებდეს, მარტო სოფელს უნდა ეკუთვნოდეს, თუ სამუდამოდ არა, ჯერხანად მაინცა

(“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “თუ ეს წინათ თქმული მართალია, და ამ მართალს მივიღებთ სახეში, მაშინ ცხადად დანახული იქნება ის გზაც, რომელსაც ჩვენ უნდა დავადგეთ ჩვენის განკარგებისათვის და ეკონომიურ შემძლეობის გაძლიერებისათვის” (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “რასაკვირველია, იმისათვის, რომ მადლიანმა ჰავამ და ნოყიერმა მიწამ თავისი ჰქმნას, თავისი სიკეთე საკმაო სავსებით მოგვიტანოს, მარტო ერთი სახსარია: ეგ გაძლიერება იმ წარმოებისა, რომელსაც მიწათმოქმედება ჰქვიან, ანუ ერთიანი სახელი “სოფლური მეურნეობა” (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “ხოლო ჭირი ეს არის, რომ ეგ სოფლური მეურნეობა საზოგადოდ და მიწათმოქმედება საკუთრად, ჩვენში ჯეროვანს სიმაღლეზე არა სდგას. ამას ბევრი მიზეზი აბრკოლებს, ზოგი სოციალური, ზოგი იურიდიული, ზოგი წმინდა ეკონომიური” (“ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება”. 1893 წ. 7 იანვარი).

* “მთელი ამიერკავკასია ძველადგანვე სცხოვრობს და თავს იკავებს მარტო იმ მრეწველობითა, რომელიც დამოკიდებულია მიწასა და მიწათმოქმედებაზედ. ერთადერთი წყარო აქაურის ერის ეკონომიურის არსებობისა _ საადგილ-მამულო მრეწველობაა და ამაზეა მთლად აგებული სრული ძალღონე გამოკვებისა, სახელმწიფო ხარჯისა და ბეგარის გაძღოლისა გაუჭირებლად უნაკლულოდ”. (“სამეურნეო დაბალი სკოლების შესახებ”. 1886 წ. 28 თებერვალი).

* “სიმდიდრეს ქვეყნისას შეადგენს ის ძალღონე ჰავისა და მიწისა, რომელიც შესაძლოდა ჰხდის მოცემის მრავალგვარიანობას, და რამოდენადაც ეს მრავალგვარიანობა დიდია, იმდენად მდიდარია ქვეყანა. ამ საბუთით ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა მდიდარია, რადგან ჰავა და მიწა ბევრგვარს საგანს სიმდიდრეს იძლევა, თუ კაცი ცნობიერად ხელს მოჰკიდებს და ცოდნით და ხერხიანად გაირჯება (“მევენახე გლეხთა მდგომარეობა”. 1887 წ. 23 ივნისი).

* “ჩვენი ქვეყანა, მაგალითებრ, ღვინოს და კარგის თვისების ღვინოსაც იძლევა სხვათა შორის. ამ მხრით იგი მდიდარია იმ ქვეყნებზედ, საცა ვაზი ჰავისა გამო ვერა ჰხეირობს” (“მევენახე გლეხთა მდგომარეობა”. 1887 წ. 23 ივნისი).

* “ჩვენ სოფელს ქვემოდამ ერთი თხუთმეტიოდე ვერსტი რომ გაგევლოთ, კაი სანადირო ადგილები იყო. რა იქ!.. ყველგან, ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში, სადაც, გლეხისა არ იყოს, “ქრისტე-ღმერთს თავისი უხვი კალთა დაუბღერტყია”, ყველგან კაი ადგილებია. რაც გინდა არის დაიწყეთ მოხდენილ ირმიდამ და გაათავეთ დარბაისელ გარეულ ღორითა, ან გულისხმიერ დათვითა. ფრინველს ხომ თვლა არ უნდა” (“გლახის ნაამბობი”. 1859, 1862-1873 წწ.).

* “ყოველს ქართველს თავ-მოსაწონებლად ექმნება, რომ თქვენ და თქვენს პატივცემულ ძმას ჩვენი ყველასგან დავიწყებული ქვეყანა შეგყვარებიათ და მოგინებებიათ თქვენს ერს მისი ავი და კარგი აუწყოთ იმ სიყვარულით, რომელიც ასე ამშვენებს ადამიანს, და გულის ტკივილით, რომელიც დაუფასებელი ნუგეშია ბედისაგან დაჩაგრულთათვის” (“წერილი მარჯორი უორდროპისადმი”. 1894 წ. 8/20 სეკტემბერი).

* “იმედია, რომ ამ სიყვარულით ჩაგონებული პიროვნული სიტყვა ბ-ნის ლაისტისა, მოჰფენს განათლებულს ქვეყანას იმ ამბავს, რომ შორს სადმე არის ერთი პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვიან და იმ პატარა სამოთხეში ჰცხოვრობს ერთი პატარა ერი, რომელსაც უდევს დიდი გული კაცობრიობის წარმატებისა, სიკეთისა და ბედნიერებისათვის(გაზეთი “ივერია”).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. გვეყო ჩვენს”უუნარო” ხელისუფლებაზე საუბარი, ,,დებილი” და ,,უუნაროები” რაღა საქართველოს დაქცევაში არ არიან? აშენებაში კი ბატონო მართლა ,,დებილები” არიან მაგრამ საქართველოს ზედმიწევნით მიწასთან გასწორება -გაპარტახებაში ზედმეტად უნარიანები არიან! ხოდა ის იკითხეთ და იმაზე წერეთ ვისი კარნახით მოქმედებენ ეს ავადმყოფები!!! ესენი სუყველა დასახვრეტები არიან ედვარდის, მიხეილას და ბიძინას დაჯგუფების წევრები!!!!!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here