მთავარი პოლიტიკა “მე სიტყვასა ერთსა გკადრებ…”

“მე სიტყვასა ერთსა გკადრებ…”

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

794
გააზიარეთ
ვლადიმერ პუტინი

მეორე გამოშვება

პუტინის ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯიც წინ

ცოტა რამ შესავლის სახით

გლობალურ მსოფლიოში ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიცია, რომელსაც ხშირად იმეორებენ საქართველოში, _ დიდი პოლიტიკა არ მაინტერესებს, მხოლოდ ჩემი ქვეყნის ბედით ვარ დაინტერესებულიო, _ იმთავითვე მცდარია. დღეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული, ანუ, ფილოსოფოსთა ენით რომ ვთქვათ, მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია და, ამდენად, ზოგადი პროცესებისგან ცალკე და მოწყვეტილად სახელმწიფოები კი არა, კონკრეტული ადამიანებიც ვერ დარჩებიან. მსოფლიო სისტემაში ჩვენი ერისა და სახელმწიფოს ადგილზე, დანიშნულებასა და ბედზე საუბარს თუკი იწყებ, ჯერ იმაში უნდა გაერკვე, რა ტენდენციებითა და მიმართულებებით ხასიათდება ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ, და რა არის თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის უმთავრესი მამოძრავებელი.

მსოფლიოში ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მოხდა ტექტონური ძალის ძვრები. ეს ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა და მას რამდენიმე შემადგენელი გააჩნია.

პოლიტიკური შემადგენელი:

* აშშ-ის გამარჯვება ცივ ომში;

* საბჭოთა კავშირის დაშლა;

* ვარშავის პაქტის დაშლა;

* სოციალისტური ბანაკის დაშლა;

* აშშ-ის ჩამოყალიბება ერთპიროვნულ მსოფლიო ჰეგემონად;

* მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის ნგრევა;

* საერთაშორისო სამართლის ქცევა ფიქციად;

* მსოფლიოს ჩაძირვა ქაოსში.

ეკონომიკური შემადგენელი:

* სოციალური სამართლიანობის, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური კატეგორიის გაქრობა დღის წესრიგიდან;

* კაპიტალის შერწყმა ხელისუფლებებთან;

* თავისუფალი ბიზნესის მონოპოლიზაცია;

* ხელისუფლებისა და ბიზნესის კრიმინალიზაცია;

* მსოფლიო სიმდიდრის გადანაწილება ორი უკიდურესობის მიმართულებით _ ზემდიდარი ადამიანების მცირერიცხოვანი კასტა და გაღატაკებული უმრავლესობა.

გეოპოლიტიკური შემადგენელი:

* ნატოს გაფართოება. მისი შევსება ვარშავის პაქტის ყოფილი სახელმწიფოებითა და საბჭოთა რესპუბლიკებით;

* ბზარი ნატოში, აშშ-თურქეთის კონფლიქტი, დაძაბულობა აშშ-ევროპას შორის;

* სახელმწიფოთა დაშლა (სსრკ, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა);

* სახელწიფოთა გაერთიანება (გფრ, გდრ).

ტექნოლოგიური შემადგენელი:

* რევოლუციური ნახტომი ტექნოლოგიებში;

* მსოფლიოს კომპიუტერიზაცია;

* მობილური ტელეფონი, სმარტფონი, ხუთი ჯი;

* ციფრული ტექნიკა, ციფრული ინფორმაცია, ციფრული ფული.

შეიარაღება:

* კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიები შეიარაღებაში;

* ახალი თაობის ბირთვული არსენალი;

* მიტანის ახალი, ზებგერითი საშუალებები.

ყოველ ადამიანს, რომელსაც პოლიტიკა მეტნაკლებად აინტერესებს, უჩნდება შეკითხვა: ამ რთულ პროცესებს რა შედეგი მოჰყვება? საით მიდის მსოფლიო? აშშ, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოში გაბატონებული მდგომარეობა ეკავა, პოზიციებს ორი მიმართულებით თმობს _ რუსეთი და ჩინეთი. სტენფორდის უნივერსიტეტში ჩინეთის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი მაიკლ ასლინი წერს:

ჩინეთი მსოფლიოში უდიდესი იმპოტიორი და ექსპორტიორი სახელმწიფოა. იგი მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. ჩინეთმა პრინციპულად შეცვალა გლობალური წარმოებისა და გლობალური ვაჭრობის ხასიათი. ბევრი ავტორი ამას შოკურ პროცესს უწოდებს”.

ჩინურ ტექნოლოგიებზე, რომელსაც განცვიფრებაში მოჰყავს მთელი მსოფლიო, იმდენი იწერება, რომ ძნელი ხდება სინამდვილისა და გამოგონილის ერთმანეთისგან გარჩევა. რაც შეეხება ბირთვულ შეიარაღებას, ჩინელი სპეციალისტების აზრით, ამ სფეროში რუსეთმა შორს გაუსწრო აშშ-ს. ისინი ამტკიცებენ: რუსეთი ძალიან უსწრებს აშშ ჰიპერბგერითი იარაღის სფეროში. ამერიკელებს ჯერჯერობით ამ დონის არც ერთი გამოცდილი და მოქმედი რაკეტა არა აქვთ”.

დიდი სამეული _ აშშ, რუსეთი და ჩინეთი მსოფლიოს მომავლის დღის წესრიგს რომ ქმნიან, უცნაური ამბავია. სამეულის ურთიერთობაში ძნელად გასაგები ისაა, რომ კაპიტალისტური ამერიკა და კაპიტალისტური რუსეთი ერთმანეთის მიმართ სრულ ანტაგონისტურ დამოკიდებულებაში არიან, ხოლო კაპიტალისტური რუსეთი და სოციალისტური ჩინეთი ჯერჯერობით ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. აქედან იმ დასკვნის გაკეთება, რომ იდეოლოგიური დაპირისპირება თურმე მთავარი არ ყოფილა, სწორი არ იქნება. ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას ისტორიული გამოცდილება და ამ საკითხში დაგროვებული თეორიული ცოდნა არ გვაძლევს. რაღაც სხვა ახსნაა საძებნი. ამაზე ფიქრისას ერთმა აზრმა გამიელვა: ხომ არ ხდება ისე, რომ კაპიტალისტური რუსეთი სოციალისტური მენტალობითაა გაჯერებული, ანუ ხომ არ ხდება ისე, რომ რუსული კაპიტალიზმი რუსი ხალხის შინაგანი ბუნების გამოვლენა და გამოხატულება კი არ არის, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირსა და რუსეთში განხორციელებული კონტრრევოლუციის ინერციაა, რომლის დაძლევასაც რუსეთი ცდილობს?

ამგვარ დაშვებას თუ გავაკეთებთ, ბევრი რამ თავის ადგილზე დგება და დიდი სამეულის ის უცნაური ურთიერთობა, რომელიც წეღან ძნელად ასახსნელი ჩანდა, ამ დაშვების შემდეგ სრულიად ნათელი გახდება: სოციალისტური ჩინეთი და სოციალისტური მენტალობის რუსეთი მშვენივრად უგებენ ერთმანეთს, ხოლო კაპიტალისტური ამერიკა ორივეს მიმართ იდეოლოგიურ შეუთავსებლობას ავლენს. ალბათ, მკითხავთ: რა ლოგიკამ მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ კაპიტალისტური რუსეთი სოციალისტური მენტალობითაა გაჟღენთილი? შეკითხვაზე მეტ-ნაკლებად კვალიფიციური პასუხის მისაღებად, გთავაზობთ, ერთად გადავავლოთ თვალი პუტინის მოღვაწეობის საკვანძო მომენტებს…

ნაბიჯი პირველი

(მიუნხენი, 2007 .)

მიუნხენის 2007 წლის საერთაშორისო კონფერენცია გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე იყო ის საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკელებმა პირველი ნამდვილი შოკი მიიღეს. ხელზე, რომლითაც მათ თექვსმეტი წლის წინათ მსოფლიო ჩაბღუჯეს, უცებ ისეთი მწვავე დარტყმა იგრძნეს, რომ პლანეტა კინაღამ გაუვარდათ. ტრიბუნასთან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იდგა: როგორც ყველა ომმა, “ცივმა ომმაცდაგვიტოვა, მხატვრულად რომ ვთქვათ, “აუფეთქებელი ნაღმები”. მხედველობაში მაქვს იდეოლოგიური სტერეოტიპები, ორმაგი სტანდარტები, ბლოკური აზროვნების სხვა გამოვლინებები. “ცივი ომისშემდეგ შემოთავაზებული ერთპოლუსიანი მსოფლიოც ვერ შედგა. რა არის ერთპოლუსიანი მსოფლიო? როგორც არ უნდა შეალამაზონ ეს ტერმინი, საბოლოო ჯამში, იგი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ეს ხელისუფლების ერთი ცენტრი, ძალის ერთი ცენტრი, გადაწყვეტილების მიღების ერთი ცენტრია. ეს ერთი სიუზერენის მსოფლიოა. ეს, საბოლოო ჯამში, დამღუპველია არა მხოლოდ მათთვის, ვინც ამ ჩარჩოში ექცევა, არამედ თვით სიუზერენისთვისაც, ვინაიდან ანგრევს მას შიგნიდან, რასაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან…”

ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამი იყო, უფრო სწორად, ამერიკელებისთვის სახეში იყო ყველაფერი მიხლილი, მაგრამ პუტინი აქ არ შეჩერებულა. მან იმაზე გაცილებით მეტი თქვა, ვიდრე ამის წარმოდგენა იმ დარბაზში მსხდომთაგან ვინმეს შეეძლო: მიმაჩნია, რომ დღევანდელი მსოფლიოსთვის ერთლპოლუსიანი მოდელი არა მხოლოდ მიუღებელი, არამედ შეუძლებელიცაათუმცა, ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმაზე დისკუსიას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ხდება. ესაა მორალურზნეობრივი თვალსაზრისით ყოვლად მიუღებელი კონცეფციის _ ერთპოლუსიანი მსოფლიოს კონცეფციის დანერგვის მცდელობა”. რუსეთის პრეზიდენტი არც აქ ჩერდება. იგი შეკითხვას სვამს, რომელსაც თვითონვე სცემს პასუხს: როგორია შედეგი? ცალმხრივმა, ხშირად არალეგიტიმურმა ქმედებებმა ვერ გადაჭრა ვერც ერთი პრობლემა. მეტიც, ისინი თავად იქცნენ ადამიანთა ახალი ტრაგედიებისა და დაძაბულობის კერების გენერატორებად. დღეს ჩვენ ვხედავთ შეუზღუდავ, ჰიპერტროფირებულ გამოყენებას ძალისა საერთაშორისო საქმეებში, სამხედრო ძალისა, რომელიც მსოფლიოს ერთი მეორის მიყოლებით ითრევს ახალ კონფლიქტებში…” დარბაზი ავისმომასწავებელი განცხადების წინაშე შიშისგან გაირინდა. მძიმე სურათი, რომელსაც პუტინი მათ წინაშე ხატავს, ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ ამ სურათის შესახებ საუბარს მსოფლიოში ვერავინ ბედავს. რუსეთის პრეზიდენტს ნუთუ აღმოაჩნდება პოლიტიკური ნება და შინაგანი ძალა იმის სათქმელად, რის თქმასაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისეთი ტაბუ დაედო, რომ პირში ყველამ წყალი ჩაიგუბა და დინებას მიჰყვა? პუტინი კი აუღელვებლად განაგრძობს: ჩვენ მოწმენი ვართ აგდებული დამოკიდებულებისა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპებისადმი. ერთმა სახელმწიფომ, ეს, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხება, გადააბიჯა საკუთარ ეროვნულ საზღვრებს ყველა სფეროში _ ეკონომიკაშიც, პოლიტიკაშიც, ჰუმანიტარულ სფეროშიც და საკუთარ პოზიციას მოურიდებლად ახვევს თავს სხვა სახელმწიფოებს. აბა, ვის მოეწონება ეს?”

ამას არავინ ელოდა. დარბაზში თითქოს მეხი ჩამოვარდაო, დუმილმა დაისადგურა… მოულოდნელობის ეფექტი უზარმაზარია. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. პუტინი კი მის ამ რევოლუციურ ნათქვამს იმგვარ რეზიუმეს უკეთებს, რომ თითქოს ხელი მოაწერა და ბეჭედიც დაუსვა: რუსეთი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაა და მთელი ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველთვის სარგებლობდა იმ პრივილეგიით, რომ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა. ჩვენ დღესაც არ ვაპირებთ ამ ტრადიციაზე უარის თქმას”.

აქ გამოჩნდა პუტინის ნამდვილი სახე. მან მთელი პლანეტის მოსახლეობის გასაგონად განაცხადა, რომ არ შეეგუება აშშ-ის ვასალად ქცეულ მსოფლიოს, მით უმეტეს, არ შეეგუება ამგვარ მდგომარეობაში მყოფ რუსეთს. ეს იყო ამერიკისთვის მიყენებული პირველი სერიოზული დარტყმა მსოფლიოში ერთპიროვნულ ჰეგემონიზმზე მისი ყოვლად თავხედური პრეტენზიის გამო.

ნაბიჯი მეორე

(ნიუიორკი, 2015 .)

მიუნხენის კონფერენციის შემდეგ წლები გავიდა. პუტინის სიტყვა ისტორიას, მართალია, შემორჩა, მაგრამ პრაქტიკულ ცხოვრებაში იგი მივიწყებასაც მიეცა, ვინაიდან ამერიკელებს მსოფლიოზე გაბატონების ავადმყოფურად აკვიატებულ სურვილზე არც უარი განუცხადებიათ და არც ხელი აუღიათ. და აი, 2015 წლის 28 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეას დაეწრო და სიტყვითაც გამოვიდა. ყველამ იცოდა, რომ იმ დაძაბულ ვითარებაში, რომელიც იმხანად მსოფლიოში იყო შექმნილი, პუტინის მიერ პლანეტის უმაღლესი ტრიბუნიდან ნათქვამ სიტყვას საეტაპო მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ გაგონილმა მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პუტინმა ამჯერად შეტევა, ამერიკული ჰეგემონიზმის აკვიატებულ იდეასთან ერთად, ამ სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში უცერემონიო ჩარევისა და ძალმომრეობრივი პოლიტიკის გატარებაზე მიიტანა: მსოფლიოში გრძელდება .. დემოკრატიული რევოლუციების ექსპორტი. საკმარისია, თვალი შეავლოთ სიტუაციას ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. რა თქმა უნდა, ამ რეგიონებში დიდი ხანი მწიფდებოდა პრობლემები და ხალხს ცვლილებები სურდა, მაგრამ სინამდვილეში რა გამოვიდა? აგრესიულმა საგარეო ჩარევამ, რეფორმების გატარების ნაცვლად, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცხოვრების წესის დაუნდობელ ნგრევამდე მიგვიყვანა. დემოკრატიისა და პროგრესის ზეიმის ნაცვლად ხალხმა ძალადობა, სიღატაკე და სოციალური კატასტროფა მიიღო. ხოლო, ადამიანის უფლებები, სიცოცხლის უფლების ჩათვლით, ჩირადაც არ ღირს. სურვილი მიჩნდება, ვკითხო მათ, ვინც ეს სიტუაცია შექმნა: თქვენ ახლა მაინც თუ გესმით, რა ჩაიდინეთ? ვაგლახ, რომ ეს შეკითხვაც ჰაერში გამოკიდებული დარჩება, ვინაიდან მათ ჯერ კიდევ არ აუღიათ ხელი იმ პოლიტიკაზე, რომელიც თავიანთ გამორჩეულობასა და დაუსჯელობაზე უსაფუძვლო თვითდარწმუნებას ეფუძნება”.

ვლადიმერ პუტინს ამჯერად აშშ არ უხსენებია, მაგრამ ერაყში, ეგვიპტეში, სირიაში, ლიბიაში ვითარების ამრევს რა დასახელება სჭირდებოდა?! პუტინი ნიუ-იორკშიც ისეთივე მტკიცე და შეუვალი იყო, როგორიც მიუნხენში: ჩვენი ასეთი გულწრფელი და პირდაპირი მიდგომის გამო რუსეთს მზარდ ამბიციებში ადანაშაულებენ. თითქოს იმას, ვინც ამაზე საუბრობს, საერთოდ, არანაირი ამბიცია არ აწუხებდეს. საქმე რუსეთის ამბიციებში როდია, საქმე ისაა, რომ მსოფლიოში შექმნილია სიტუაცია, რომლის მოთმენაც შეუძლებელია”.

ეს ის მტკიცე განცხადება იყო, რომელსაც ამერიკელები უყურადღებოდ ვერ დატოვებდნენ და არც დაუტოვებიათ. აშშ-ის სამხედრო დოქტრინის ახალ ვარიანტში მათ რუსეთი ამერიკისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ გამოაცხადეს და თითიდან გამოწურული მიზეზების მოშველიებით სანქციებზე სანქციებს უწესებენ.

ნაბიჯი მესამე

(დავოსი, 2021 .)

პუტინმა აშშ მსოფლიოზე ბატონობისკენ თავშეუკავებელი და აღვირახსნილი სწრაფვის გამოც ამხილა და სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ღია ჩარევისა და ძალმომრეობრივი პოლიტიკის გატარების გამოც. ერთადერთი, რასაც პუტინი არასოდეს შეხებია, ამერიკული სოციალურეკონომიკური სისტემა, ანუ კაპიტალიზმი იყო. ვერც შეეხებოდა. კაპიტალისტური რუსეთის პრეზიდენტი კაპიტალისტურ სისტემას როგორ დაუპირისპირდებოდა, ეს ხომ პოლიტიკური და იდეოლოგიური ნონსენსი გამოვიდოდა?! თუმცა ასეთი სასწაულიც მოხდა. მიუნხენის კონფერენციიდან თოთხმეტი წლის, ხოლო ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეიდან ექვსი წლის გასვლის შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინათ, პუტინმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა მიიღო და პირადად ჩემთვის გასაოცარი და სრულიად დაუჯერებელი დებულებები წამოაყენა: ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური განვითარების ძველი მოდელებისა და ინსტრუმენტების კრიზისს, სოციალური დიფერენცირების ზრდას, როგორც გლობალურ დონეზე, ასევე ცალკეულ სახელმწიფოებში”. სოციალური დიფერენცირების ზრდის ტენდენციების მიუღებლობაზე კაპიტალისტურ სახელმწიფოებშიც ლაპარაკობენ, რადგან იციან, რომ ამომრჩეველთა წინაშე ამის გარეშე ფონს ვერ გავლენ. ამიტომ ეს შეიძლებოდა იმ ზოგადი ხასიათის წინადადებად ჩაგვეთვალა, რომლის უკან რეალური შინაარსი არ იკითხება, მაგრამ შემდეგ ნათქვამმა დებულებებმა ეს ეჭვები შემირყია: აბსოლუტურად ნათელია, რომ მსოფლიო ვერ ივლის იმ ეკონომიკის მშენებლობის გზით, რომელიც მილიონ ადამიანზე ან თუნდაცოქროს მილიარდზემუშაობს. ეს დესტრუქციული პოზიციაა. ეს არ არის და ვერც იქნება მდგრადი მოდელი. ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის მიგრაციული კრიზისი, ამას ადასტურებს. დღეს მნიშვნელოვანია, რომ საერთო კონსტანტაციიდან საქმეზე გადავიდეთ. მთელი ძალისხმევა და რესურსები მივმართოთ იქით, რომ მივაღწიოთ სოციალური უთანასწორობის შემცირებას, როგორც ცალკეული სახელმწიფოების შიგნით, ასევე ეკონომიკური განვითარების დონის დაახლოებას სხვადასხვა სახელმწიფოსა და რეგიონებში”. შეუძლებელია ამ სიტყვებმა არ დაგვაფიქროს, ვინაიდან ეს არ ჰგავს კაპიტალისტური სახელმწიფოს პრეზიდენტის ნათქვამს, აქ სრულიად სხვა იდეოლოგიური ლოგიკა და ინტონაციები იკითხება. ცოტა ხნის შემდეგ პუტინმა კონკრეტული მიმართულებები დაასახელა იმისა, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს ეკონომიკა და როგორი უნდა იყოს სოციალური პრიორიტეტები: გამოვყოფ ოთხ საკვანძო პრიორიტეტს:

1.ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების კომფორტული პირობები, ესაა საცხოვრებელი და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომუნალური მომსახურება;

2.ადამიანი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ექნება გარანტირებული სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მას მუდმივად მზარდი შემოსავლებით და, შესაბამისად, ცხოვრების ღირსეული პირობებით;

3.ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას მიიღებს;

4.ოჯახის შემოსავლების ოდენობის მიუხედავად, ბავშვებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, მიიღონ ხარისხიანი განათლება, რათა მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება.

მხოლოდ ასე შეიძლება მივიღოთ თანამედროვე ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება, ეკონომიკისა, სადაც ხალხი საშუალება კი არ არის, მიზანია. სწორედ ეს მიდგომები უძევს საფუძვლად სტრატეგიას, რომლის რეალიზებასაც ჩემი ქვეყანა ახდენს”.

ამას რომ ისმენ, აშკარად იბნევი ადამიანი. ეს ხომ სოციალისტური პრინციპების ღია დეკლარირებაა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? საით მიდის კაპიტალისტური რუსეთი და რა არის მისი განვითარების სტრატეგია, რომელიც პუტინმა ამ გამოსვლაში ასე თამამად ახსენა? ნუთუ პუტინი საბჭოთა კავშირსა და რუსეთში განხორციელებული კონტრრევოლუციის ტყვედ გრძნობს თავს, რომლიდანაც გამოსვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, მაგრამ მომავალში გეგმავს? იქნებ მას კაპიტალისტური განვითარების მაღალი სისწრაფის გამო ჯერ არ შეუძლია მკვეთრად მოხვევა, თუმცა საბოლოოდ ამისთვის ამზადებს საკუთარ ხალხსაც და სახელმწიფოსაც? ან არაფერსაც არ გეგმავს, მაგრამ ახლა, როცა ამერიკაში მისმა დაუძინებელმა მტრებმა გაიმარჯვეს, ხოლო გერმანელებმა მოურიდებლად დაიწყეს რუსეთის საშინაო საქმეებში ხელების ფათური, რასაც მოწმობს ვინმე ნავალნის გახმაურებული “მკურნალობის” ისტორია, როცა მას ანტიპუტინური ფილმი მოამზადებინეს, რომლის მნახველთა რაოდენობამ სოციალურ ქსელებში 100 მილიონს გადააჭარბა, რუსეთის პრეზიდენტს იქნებ ისე გაუჭირდა, რომ იძულებული შეიქნა, ეს სოციალისტური კოზირი გადმოეგდო, ისე, ყასიდად და ხალხის მოსატყუებლად. არაფრის მტკიცებას არ მოვყვები. რუსეთის პრეზიდენტის სამ ისტორიულ განცხადებაზე მე ჩემი გაკვირვება და ძალიან ფრთხილი ვარაუდები გამოვთქვი. რუს ხალხს კი მათი ბელადის დანაბარებიც შევახსენე, არც ერთ პოლიტიკურ დაპირებას არ ენდოთ, სანამ მასში კლასობრივ ინტერესს არ ამოიცნობთ, თორემ მოტყუებული დარჩებითო. რომელ კლასს ეკუთვნის პუტინი _ პროლეტარიატს თუ ოლიგარქიას, თავად განსაჯეთ.

ვალერი კვარაცხელია

P.S. მსოფლიოში გლობალური ცვლილებები დაიწყო. ბევრი ისეთი რამ, რაც საქართველოს ეხება, აშკარაა, რომ დიამეტრულად იცვლება. საქართველოს ხელისუფლებას კი თავი სირაქლემასავით ქვიშაში ჩაურგავს და კვლავაც ძველი იდეოლოგიური შტამპების ტყვეობაში რჩება.

შემოგთავაზებთ აშშის კონგრესში ახალი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, დამტკიცებისას სენატორ რენდ პოლთან გამართული საუბრის ფრაგმენტს, რომელმაც საქართველოსთან დამოკიდებულებაში მთელი ამერიკული სამზარეულო თვალწინ გადაგვიშალა:

რენდ პოლი
რენდ პოლი

რენდ პოლი: _ თქვენ ისევ უჭერთ მხარს საქართველოს შესვლას ნატოს შემადგენლობაში?

ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

ენტონი ბლინკენი: _ თუკი საქართველო მზადაა, დააკმაყოფილოს ნატოს წევრისთვის წაყენებული მოთხოვნები და წვლილი შეიტანოს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში (.. მათ კი არ უნდა იზრუნონ ჩვენს უსაფრთხოებაზე, პირიქით, ჩვენ უნდა შევიტანოთ წვლილი მათ უსაფრთხოებაში! გესმით? საზარბაზნე ხორცია ჩვენი ფუნქცია ნატოსთვის, ამაზე მეტი გულახდილობა რაღა გინდათ? რედ.), მისთვის კარი ღია უნდა დარჩეს.

რენდ პოლი: _ თუ ნატოს შემადგენლობაში საქართველოს შეყვანას მიაღწევთ, ამის გამო ჩვენ რუსეთთან უნდა ვიომოთ?

ენტონი ბლინკენი: _ პირიქით მგონია. ვფიქრობ, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის ძალიან სერიოზული მიზეზია რუსეთის მიერ იმ ქვეყნების წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესია, რომლებიც არ არიან ნატოს შემადგენლობაში და არ იმყოფებიან ნატოს ქოლგის ქვეშ.

რენდ პოლი: _ ამ ქვეყნების შეყვანა ნატოს შემადგენლობაში პროვოკაციაა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება მოჰყვეს იმას, რომ ჩვენ ვალდებული ვიქნებით, დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ომს რუსეთთან. მე არ შევწირავდი არც საკუთარ თავს და არც თქვენს სიცოცხლეს საქართველოს ნატოში შეყვანას. მე არ ვარ მზად, ჩემი და თქვენი შვილების საომრად გასაგზავნად საქართველოში. თქვენ ხომ გესმით, ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს რთული პროცესები. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ შესაძლებელია, ჩვენი მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას მოჰყვეს უმძიმესი პასუხი.

ქართველებო, ამერიკელი პოლიტიკოსების ჩვენთვის ამ უაღრესად საყურადღებო დიალოგის ფონზე კიდევ ერთხელ უნდა შემოგკადროთ: დასავლეთისა და ნატოს გზა ჩვენთვის საბედისწეროა. ეს გზა უარსაყოფია, მაგრამ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამის გაკეთებას გაბედავს, ამიტომ ეს ჩვენი, ქართველი ხალხის, გასაკეთებელია!

..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here