Home რუბრიკები საზოგადოება მეცნიერების რეალური წინსვლისთვის საზოგადოებისა და ხელისუფლების განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო

მეცნიერების რეალური წინსვლისთვის საზოგადოებისა და ხელისუფლების განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო

ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერების მდგომარეობის შესახებ

1336
ჟორეს ალფიოროვი

2014 წელს მოსკოვში გამომცემლობაალგორითმმაგამოსცა გამოჩენილი რუსი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის (ფიზიკაში), რუსეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის _ ჟორეს ალფიოროვის წიგნი სკანდალური სათაურითუტვინო ხელისუფლება (ვის უშლიან ხელს აკადემიკოსები)” _ Властъ без мозгов (Кому мещают академики).

ჟორეს ალფიოროვი რუსული მეცნიერების სიამაყედ ითვლება, იგი რამდენიმე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო და, იცოდა რა მეცნიერების მდგომარეობა, თავგამოდებით იცავდა მის ინტერესებს. მეცნიერის აზრით, ხელისუფლება (სახელმწიფო) მხოლოდ სიტყვით ზრუნავს სამეცნიერო პოტენციალზე, საქმით კი ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ მეცნიერების სამუშაო მხოლოდ შეუდრეკელი ოპტიმისტების ხვედრია.

ჟორეს ალფიოროვი თავის წიგნში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ და მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარებულ რეფორმებს. მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს რეფორმა ბევრ შეკითხვას აჩენს და დახვეწას მოითხოვს. მას მომავლის შესახებ გარკვეული პროგნოზი აქვს და ხელისუფლებასა და სამეცნიერო საზოგადოებას სთავაზობს კონრეტულ ზომებს რუსული მეცნიერების ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

უტვინო ხელისუფლება (ვის უშლიან ხელს აკადემიკოსები)” იწყება სახელმწიფო დუმის ექსპერტ ვლადიმერ ბაბკინის წინათქმით “უვიცების დიქტატურა”. მინიშნებულია, რომ ბოლო წლებში აღმასრულებელი ხელისუფლება ისწრაფვის, მეცნიერებისა და განათლების სახელმწიფო სექტორი გააუქმოს. ბევრი ლაპარაკია “ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე”, განვითარების ინოვაციურ ეტაპზე, კვლევების შედეგების ზრდაზე, რეალურად კი საწინააღმდეგო პროცესი მიდის.

სტრატეგიული კვლევების ცენტრის საგანგებო მასალაში პირდაპირი მოწოდებაა რუსეთის აკადემიის პრეზიდიუმის გაუქმების თაობაზე (ჟ. ალფიოროვი, “უტვინო ხელისუფლება (ვის უშლიან ხელს აკადემიკოსები)”, გვ.6 ), სანაცვლოდ სასურველადაა მიჩნეული მენეჯერული საბჭოს შექმნა მეცნიერული საქმიანობის მართვისთვის. აკადემიის მატერიალური ქონების უფრო მეტად გამოსაყენებლად უნდა შექმნილიყო ჰოლდინგი, რომელიც შეაფასებდა, რამდენად ეფექტიანად გამოიყენებოდა აკადემიური უძრავი ქონება და დანადგარების ბაზა. რუსეთის ფედერაციის სამთავრობო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციის შესახებ, სადაც პირდაპირ ჩაიწერა: “გათვალისწინებული იქნას კანონმდებლობიდან ამოღება დებულებისა მეცნიერებისთვის გამოსაყოფი ხარჯების შესახებ ფედერალური ბიუჯეტის საერთო ხარჯებიდან”. მიზნად დაისახა მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობიდან იმ კვლევითი დაწესებულებების გამოყვანა, რომლებიც, “სტრატეგთა” აზრით, არ არიან დაკავებული ფუნდამენტური კვლევებით. რუსეთის სახელმწიფო დუმის ექსპერტ ვლადიმერ ბაბკინს გამოაქვს დასკვნა, რომ თანამედროვე რუსეთის ხელისუფლების არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკა “საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სამამულო მეცნიერებას, არამედ თვით რუსეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს (გვ.7)”.

ეს წინათქმა პრელუდიაა ჟ. ალფიოროვის ავტორობით გამოსული წიგნისა, რომელშიც დაბეჭდილია ნობელიანტის სტატიები და ინტერვიუები. აქ გამოხატულია მეცნიერის გულისტკივილი რუსეთში შექმნილი ვითარების გამო საზოგადოდ და კონკრეტულად ხაზგასმულია მეცნიერების სავალალო მდგომარეობა. წიგნი რამდენიმე ნაწილისგან შედგება: 1. “საბჭოთა კავშირის დანგრევა. როგორი ხელისუფლება მივიღეთ”; 2. “მეცნიერება და ხელისუფლება დღევანდელ რუსეთში”; 3. “აქვს კი მომავალი რუსულ მეცნიერებას?”; 4. . ალფიოროვისგამოსვლები, საუბრები, მონოგრაფიები”. ჩვენ, ძირითადად, შევეხებით ჟ. ალფიოროვის მოსაზრებებს თანამედროვე მეცნიერების შესახებ, თუმცა შეუძლებელია არ შევჩერდეთ ზოგიერთ საკითხზე, რომლებიც საფანელია წიგნში წარმოქმნილი და განვითარებული ვითარებისა. “რა დაგვემართა ჩვენ?” _ სვამს კითხვას ჟ. ალფიოროვი. პასუხად მოჰყავს ამონარიდი ინგლისელი ჟურნალისტის, პოლ ხლებნიკოვის, წიგნიდან “კრემლის ნათლია ბორის ბერეზოვსკი, ანუ რუსეთის ძარცვის ისტორია”: რუსეთის გადაქცევა მსოფლიოს ზესახელმწიფოდან ღატაკ ქვეყნად ერთერთი საინტერესო მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. ეს ნგრევა მოხდა მშვიდობიან პერიოდში რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ კრახს ტემპითა და მასშტაბით პრეცედენტი არ მოეძებნება მსოფლიოს ისტორიაში (დასახ. ნაშრ. გვ. 8). ჟ. ალფიოროვი მართებულად მიიჩნევს ინგლისელი ჟურნალისტის შეფასებას რუსეთში შექმნილი ვითარების შესახებ. იგი განიხილავს 1989-1991 წლებს, როცა სწრაფად შეიჭრა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი. ასეთი გაჭირვება მოსკოვსა და ლენინგრადში არ ყოფილა ომის შემდგომ წლებშიც კი. მეცნიერი გულისტკივილით ამბობს, რომ რუსეთში შექმნილი იყო ძლიერი ინდუსტრია, არსებობდა რიგი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლებისა, გამოგონებები, იყო უდიდესი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალი, განსაკურთებით _ საბუნებისმეტყველო დარგებში. ქვეყანაში არსებობდა საშუალო ფენა: მეცნიერი მუშაკები, მასწავლებლები, ინჟინრები, კვალიფიციური მუშები, ექიმები, აგრონომები. ეს ის კლასია, რომელიც რეალურად ქმნის ქვეყნის სიმდიდრეს. ჟ. ალფიოროვი მითს უწოდებს მოსაზრებას, რომ საკუთრების ფორმა ბადებს ეფექტიან ეკონომიკას. დღეს მოსახლეობის უმრავლესობა დაქირავებული მუშები არიან. რაც შეეხება მსხვილი მესაკუთრეების, ე.წ. ოლიგარქების გამოჩენას, მათი ასპარეზზე გამოსვლით ეკონომიკა არ განვითარებულა. მეცნიერი სვამს შეკითხვას: განა ის კომპანიები, რომლებსაც დაეუფლნენ ბერეზოვსკი, პოტანინი, ხოდორკოვსკი და სხვები, ახლა უფრო აქტიურად მუშაობენ, ვიდრე მაშინ, როცა ისინი სახელმწიფოს ეკუთვნოდა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა. ჟ. ალფიოროვის აზრით, ახალგაზრდა რეფორმატორებმა, ნებსით თუ უნებლიეთ, უწინარესად, გადაწყვიტეს პოლიტიკური საკითხი _ საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია. ამან კი ქვეყანა ეკონომიკურად ათეული წლებით უკან დასწია: “ეს არის რეალობა, დანარჩენი _ მითი… ჩვენ გვარწმუნებდნენ: უნდა გავიაროთ კაპიტალის დაგროვების სტადია. მწარეა და სასაცილო, რომ XX საუკუნის ბოლოს, რაღაც მითების გამო, რუსეთი უნდა ჩაძირულიყო ველური, ბანდიტური კაპიტალიზმის მორევში” (დასახ. ნაშრ. გვ. 11).

. ალფიოროვს მიაჩნია, რომიმპერიალიზმის აგენტებმა” (ასახელებს გაიდარსა და ჩუბაისს) და მათმა მხარდამჭერებმა დაანგრიეს რუსეთის ეკონომიკა და, შესაბამისად, საბჭოთა კავშირი, რომ ეს აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან მიღებული ინსტრუქციებით გაკეთდა. მათ არც ცოდნა, არც გამოცდილება არ ჰქონდათ, შინაგანი რწმენით მოქმედებდნენ. მათ თანდათან ანგარებიანი მიზნებიც გაუჩნდათ და გამდიდრდნენ კიდეც (გვ. 12). გამდიდრების პირობები მხოლოდ ერთეულებს, რჩეულებს ჰქონდათ. რაც შეეხება ყოფილ საშუალო ფენას (კლასს) _ მილიონობით ინჟინერს, მეცნიერებს, ქარხნების სპეციალისტებს _ სამოქმედო სფერო გაუქრა. მათ სხვადასხვა სამუშაოს მოჰკიდეს ხელი (ზოგჯერ მცირე ბიზნესს), რათა როგორმე თავი გამოეკვებათ. მილიონობით ადამიანისთვის სწორედ თავის გადარჩენა იქცა ძირითად პრობლემად. ჟ. ალფიოროვი აღშფოთებით წერს, რომ რეფორმატორებმა ისროლეს ლოზუნგი, _ ფუნდამენტურმა მეცნიერებამ თვითონ უნდა შეინახოს თავიო. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ კატასტროფულად დაეცა მეცნიერების დაფინანსება, რამაც განაპირობა მრეწველობის მეცნიერებატევადი დარგების დანგრევა, რაც მთავარია, არ გამოიყენება მეცნიერების მიღწევები (ამის შესახებ ჟ. ალფიოროვი სხვაგანაც არაერთგზის აღნიშნავს), მეცნიერებაზე აღარ არის მოთხოვნა. ნობელიანტი ხაზს უსვამს, რომ “სამეცნიერო დარგების წარმომადგენლები, საერთოდ, ინტელიგენცია, შინაგანად ყოველთვის დისიდენტები არიან. ბევრი რამ არ იყო მოსაწონი საბჭოთა სისტემაში. პარტიული მეთაურები არ იყვნენ სიახლის მომხრენი _ მათ მიიყვანეს საბჭოთა კავშირი კრიტიკულ ზღვრამდე. სწორედ მათ გაუტეხეს სახელი არსობრივად მშვენიერ სოციალისტურ იდეას” (დასახ. ნაშრ. გვ: 17). რისთვის ვიბრძოდით _ დემოკრატიიზაციისათვის? ჟ. ალფიოროვის აზრით, სტალინის პერიოდს თუ ავიღებთ, თანდათან ხდებოდა დემოკრატიის მიმართულებით სახელმწიფოს ევოლუცია. თუნდაც ბიუროკრატიული სოციალისტური წყობა, სადაც შესაძლოა დეფექტებით, მაგრამ მაინც ხდებოდა ჰუმანისტური პრინციპების რეალიზება, გაცვლილიყო ველური კაპიტალიზმის პირობებში საეჭვო თავისუფლებაზე, ეს ნიშნავდა უაზრო იდეისთვის არაზომიერი, კატასტროფული ფასის გაღებას. სწორედ ამგვარმა ნაბიჯებმა დააქვეითა რუსეთი ეკონომიკურად. როცა იგი მეორე-მესამე ადგილზე იმყოფებოდა თავისი შემოსავლებით, ამჯერად იგი 67-ე ადგილზეა. გაუარესებულია სხვა მაჩვენებლებიც.

ჟ. ალფიოროვის წიგნში შეტანილია ინტერვიუები გამოჩენილ საზოგადო მოღვაწე ვლადიმერ პოზნერთან. ორი დიდი მოღვაწის ეს საუბრები მეტად საინტერესოა. შეკითხვაზე _ როგორ ცხოვრობს იგი, მეცნიერმა ლაკონურად უპასუხა: “დღეს ამ ქვეყანაში ცხოვრება იოლი არ არის. საერთოდ, მატერიალურად სრულიად ნორმალურად ვცხოვრობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცხოვრება მძიმეა. მე ოპტიმისტებს მივეკუთვნები, ამიტომ მიმაჩნია, რომ რუსეთს მომავალი აქვს და საჭიროა ამ მომავლისთვის ბრძოლა” (დასახ. ნაშრ. გვ. 27). როცა ვლადიმერ პოზნერი ეკითხება ჟორეს ალფიოროვს _ რა აზრის არის ფასიანი სასკოლო განათლების შესახებ, აკადემიკოსი უპასუხებს, რომ ეს პრინციპულად არ მიაჩნია მართებულად. მეცნიერის აზრით, სასკოლო განათლების მიღება მშობლების ჯიბეზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ მოსწავლის უნარზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ჟ. ალფიოროვი ამბობს: “წინააღმდეგი ვარ. ამგვარი წესით (პრინციპით) საგზაო მოძრაობის წესების ჩაბარება უფრო შეიძლება”. მას მიაჩნია, რომ აუცილებელია გამოსაცდელთან პირადი კონტაქტი. მაგალითად მოჰყავს ის პერიოდი, როცა უმაღლეს სასწავლებლებში ოქროს მედალიც არ იძლეოდა ჩარიცხვის გარანტიას გასაუბრების გარეშე. წიგნში დაბეჭდილია ჟორეს ალფიოროვის სტატია “მეცნიერება ბიუჯეტიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, რომელიც თავის დროზე “როსიისკაია გაზეტა”-ში გამოქვეყნდა. მთავარი დებულება არის ის, რომ მეცნიერის დაბეჯითებული და დასაბუთებული მოთხოვნით ჯანმრთელობის დაცვა, განათლება და მეცნიერება ქვეყნის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. ჟ. ალფიოროვი მიიჩნევს, რომ მეცნიერის ხელფასი დღეს საკმარისი არ არის. დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლება არ ასრულებს მეცნიერისთვის მატერიალური ანაზღაურების მომატების პირობას (“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მიიღონ, არ ვამბობ ღირსეული, უბრალოდ, საკადრისი ხელფასი, რომლითაც შეიძლება იცხოვრონ”). ალფიოროვი მიუთითებს, რომ მეცნიერებაზე მოთხოვნის მომატებისთვის საჭიროა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა. ქვეყანას სჭირდება მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებების ფორმირება და არა რესურსების გაყიდვის ეკონომიკა. აკადემიკოსი მიიჩნევს, რომ ქვეყანას არ აქვს მეცნიერების განვითარების რეალური პროგრამა. ყოველივე ამას, მისი აზრით, სჭირდება სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის (“გოსპლანის” მსგავსი დაწესებულება (თანამედროვე პირობებში ამ ამოცანის გადაჭრა მთავრობას არ ძალუძს). მიაჩნია, რომ ადრე არსებული მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტი ართმევდა თავს ამ საქმეს. ჟორეს ალფიოროვი 2006 წლის 10 მარტს გამოვიდა სატელევიზიო ეთერში ე.წ. “სამთავრობო საათზე” (დასახ. ნაშრ. გვ. 53-58), სადაც მან განავითარა დებულება _ ეკონომიკის აღორძინება სამეცნიერო დაწესებულებების გარეშე არ შეიძლება. აკადემიკოსს რამდენადმე ხელოვნურად მიაჩნია მეცნიერების დაყოფა გამოყენებით და ფუნდამენტურ დარგებად. მას მოჰყავს ბრიტანეთის ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტის ჯორჯ პორტერის სიტყვები, რომ მეცნიერება გამოყენებითია.

ჟ. ალფიოროვს უმართებულოდ მიაჩნია უმაღლესი სკოლებისა (უნივერსიტეტების) და აკადემიური მეცნიერების დაპირისპირება. საუნივერსიტეტო მეცნიერება მხოლოდ მაშინ განვითარდება წარმატებით, თუ მოხერხებულად გამოიყენებს მეცნიერებათა აკადემიის პოტენციალს. ბოლო პერიოდში საუბარია იმის შესახებ, რომ აკადემიური მეცნიერების რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე საუნივერსიტეტო მეცნიერებისა. ჟ. ალფიოროვი არ ეთანხმება ამგვარ მტკიცებულებას. მიაჩნია, რომ რეიტინგის განმსაზღვრელი არსებული მოდელი მისაღები არ არის. მეცნიერთა რეიტინგი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუროკრატიულმა წარმომადგენლებმა კი არ უნდა განსაზღვრონ, არამედ სამეცნიერო საზოგადოებამ. რეიტინგის განსაზღვრის არსებული სისტემა მეცნიერთა მიღწევებს არ განსაზღვრავს რეალურად. ჟ. ალფიოროვის სტატია “რეფორმები რეფორმებისათვის”, რომელიც “სოვეტსკაია როსიაში” დაიბეჭდა, აფასებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას, აღნიშნავს, რომ მას ძალიან რთული პერიოდი აქვს. იმის ნაცვლად, რომ მეცნიერება რეალურად ვაქციოთ ძლიერ ძალად, რომელიც განაპირობებს ეკონომიკის ეფექტიანად განვითარებას, 1991-1992 წლების რეფორმები უეფექტოდ გატარდა: რეფორმები _ რეფორმებისათვის. მას შეცდომად მიაჩნია მთავრობის მიერ წამოყენებული არაწამგებიანი მეცნიერებისთვის ბრძოლის თეზისი. ჟ. ალფიოროვი მიუთითებს, რომ ეს აბსურდული თეზისია. გამომდინარე აქედან, ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, შემცირდა მეცნიერთა რაოდენობა. სინამდვილეში რუსეთის სამეცნიერო პოტენციალის მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ქვეყნის ფინანსური საშუალებების ზრდა. ჟორეს ალფიოროვს აქსიომად მიაჩნია მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაცია. განათლება და მეცნიერება ერთიანი სისტემაა. არ არსებობს განათლება მეცნიერების გარეშე და პირიქით _ მეცნიერება განათლების გარეშე. იგი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაციის პროგრამა, რომელიც არსებობდა და შესაძლებლობის ფარგლებში ცხოვრებაშიც ტარდებოდა, აღარ ფუნქციობს. არადა, ამ პროგრამის შესაბამისად ბევრი სასარგებლო რამ გაკეთდა _ ხელი შეეწყო უმაღლესი სკოლისა და აკადემიური დაწესებულებების ურთიერთობის განვითარებას, შეიქმნა აკადემიური საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრები. ამგვარი პროგრამის აღდგენა _ ეს არის გზა მეცნიერებისა და განათლების რეალური ინტეგრაციისკენ.

მეტად საინტერესოა ჟორეს ალფიოროვის პოზიცია რუსეთის მეცნიერების “მოდერნიზაციის სტრატეგიის” შესახებ. ამ პრობლემის გადასაჭრელად საგანგებო პროგრამაა რუსეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული. სწორედ ამ პროგრამის შესახებ აღნიშნავს მეცნიერი, რომ იგი გაუმართავია. ედავება პირველივე ფრაზას, სადაც აღნიშნულია, რომ “მეცნიერების აკადემიური სექტორის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ცოდნის აღდგენის გაფართოება”. ჟ. ალფიოროვი საგანგებოდ მიმართავს დალის ლექსიკონს, სადაც ეს ტერმინი ასეა განმარტებულია: “აღდგენა _ ეს არის ხელახალი წარმოება იმისა, რაც ადრე იყო გაკეთებული”. აქ კი გარკვევით პასუხობს, რომ მიღწეული ცოდნის გასამეორებლად მეცნიერებათა აკადემია საჭირო არ არის. მითითებაზე, რომ პროგრამაში “წარმოების გაფართოება” წერია, ჟ. ალფიოროვი პასუხობს: “დიახ, ტერმინი აღებულია მარქსის პოლიტეკონომიიდან” (დასახ. ნაშრ. გვ. 59). შთაბეჭდილება ისეთია, რომ პროგრამა ეკონომისტების დაწერილია, თუმცა მასზე ხელმოწერა ორი მათემატიკოსისააო (მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი). არც ის მიაჩნია მართებულად, რომ აკადემიის პრეზიდენტს ამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი. ფიქრობს, რომ ასეთი პროცედურის არსებობა უთუოდ განაპირობებს არჩევნების პროცედურით მანიპულაციას; შეახსენებს საზოგადოებას, რომ საბჭოთა პერიოდშიც კი არ ხდებოდა ამგვარი რამ. მეცნიერი გამოთქვამს ეჭვს, რომ პროგრამაში აკადემიური ინსტიტუტების როლი დაკნინებულია და სვამს კითხვას: “ეს ის ფორმაა, რომელმაც არ გაამართლა?” მეცნიერი ეწინააღმდეგება აკადემიური ინსტიტუტებისათვის სააქციონერო საზოგადოების ფორმას. წინააღმდეგია მეცნიერების არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანისა. აკადემიკოსის აზრით, აღნიშნული პროგრამა ყველაზე მეტად დარგობრივ მეცნიერებას აზარალებს. ჟორეს ალფიოროვი კმაყოფილებით ამბობს, რომ ამ რთულ ვითარებაში ბევრი სამეცნიერო სკოლა იქნა შენარჩუნებული. სანამ ქვეყანაში არცთუ ცუდი განათლება არსებობს, შესაძლებელია, აღდგეს კვლევების ის მიმართულებები, რომლებითაც ამჟამად არავინაა დაკავებული. მეცნიერი კმაყოფილებას გამოხატავს პროვინციული ტექნიკური უნივერსიტეტების შემოქმედებითი ზრდის გამო. მიაჩნია, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოღვაწეობს მეცნიერებაში, რაც მომავლის იმედს იძლევა.

აქვს თუ არა მომავალი რუსეთის მეცნიერებას? _ ეს ფრონტალური კითხვაა ჟ. ალფიოროვის მიმართ დასმული. ჟ. ალფიოროვი ოპტიმისტია, მომავლის სჯერა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ “საჭიროა, ერთობლივი ძალებით გადავარჩინოთ მეცნიერება”. იგი განიხილავს სამეცნიერო დარგების მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ მომავალი ნანოტექნოლოგიებს ეკუთვნის. საზოგადოდ კი ამბობს: ჩვენი დამსახურება არის ის, რომ მიუხედავად რთული წლებისა, შევინარჩუნეთ ისეთი ორგანიზაცია, როგორიც არის მეცნიერებათა აკადემია _ უმაღლესი და უნიკალური! _ რუსეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სტრუქტურა” (დასახ. ნაშრ. გვ.114). გასული საუკუნის 90-იან წლებში, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, სურდათ მეცნიერების, როგორც “ტოტალიტარული რეჟიმის მემკვიდრეობის” მოსპობა. სწორედ აკადემიის შესანარჩუნებლად ბრძოლის მიზნით დათანხმებულა ჟ. ალფიოროვი სახელმწიფო დუმის დეპუტატობას: “მეცნიერებათა აკადემიის შესანარჩუნებლად ჩვენ ზოგჯერ მივდიოდით ხელისუფლებასთან კომპრომისზე, მაგრამ არასოდეს _ სინდისთან”.

ჩვენ გვაქვს მომავალი”, _ ამბობს ჟორეს ალფიოროვი. ამასთანავე, მიიჩნევს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური თუ სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, ჟურნალისტი, მწერალი ივიწყებს ჭეშმარიტებას: იმისათვის, რომ დარწმუნებული იყო ხვალინდელ დღეში, მომავალში, არ შეიძლება აუგად მოიხსენიო წარსული, მას დაფასება უნდა; წარსული საფუძველია, ჩვენი ფესვებია. მხოლოდ აქედან მოდის რეალური მომავალი. საჭიროა დაუდგრომელი, შემოქმედებითი, გმირული შრომა, ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის.

ჟორეს ალფიოროვის წიგნში დაბეჭდილია მეცნიერის გამოსვლები, საუბრები. ამაზე ჩვენ არ შევჩერდებით. ვიტყვით, რომ წიგნი “უტვინო ხელისუფლება (ვის უშლიან ხელს აკადემიკოსები)” მნიშვნელოვანია, თამამია, კრიტიკული, ამასთანავე, ისიც აღსანიშნავია, რომ მასში რუსეთის მეცნიერების რეალური (ძალიან მძიმე) სურათია მოცემული. წიგნში ნაკლოვანებათა ჩვენების ფონზე მეცნიერების განვითარების კარდინალური საკითხებია დაყენებული. ვფიქრობთ, ანალოგიური პრობლემები (იქნებ უფრო მწარეც) ქართულ მეცნიერებას, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასაც აქვს. მეცნიერების რეალური წინსვლისთვის საზოგადოებისა და ხელისუფლების განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მათი აქტიურობის შემთხვევაში ქართულ მეცნიერებასა და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ჭეშმარიტად წარმატებული მომავალი ექნება. ნობელის პრემიის ლაურეატის, რუსეთის აკადემიის აკადემიკოს ჟორეს ალფიოროვის წიგნი არ არის ლოკალური მნიშვნელობის. მასში დასმული პრობლემების გათვალისწინება წაადგება მსოფლიო მეცნიერების განვითარებას.

როინ მეტრეველი,

აკადემიკოსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here