Home რუბრიკები სპორტი მესის მეშვიდე “ოქროს ბურთი”

მესის მეშვიდე “ოქროს ბურთი”

81

არგენტინელმა ჯადოქარმა, “ბარსელონასლეგენდამ და ამჟამად პარიზული პსჟ თავდამსხმელმა მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, ოღონდ ამჯერად არც ისე იოლად, როგორც წინა 6 შემთხვევაში _ 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში. ფრანგული პოპულარული გამოცემაფრანს ფუტბოლისამ პრესტიჟული ჯილდოს კიდევ ერთხელ დაუფლებით მესიმ გააუმჯობესა თავისივე რეკორდი და ახლა 2 “ოქროს ბურთითუსწრებს პორტუგალიელ რონალდოს, რომელიც 2021 წელს საუკეთესოთა ხუთეულშიც ვერ მოხვდა.

კენჭისყრის საბოლოო შედეგები:

1. ლიონელ მესი, პსჟ _ 613 ხმა;

2. რობერტ ლევანდოვსკი, მიუნხენისბაიერნი” _ 580;

3. ჟორჟინიო, ლონდონისჩელსი” _ 460;

4. კარიმ ბენზემა, მადრიდისრეალი” _ 239;

5. გოლო კანტე, ლონდონისჩელსი” _ 186;

6. კრიშტიანუ რონალდუ, “მანჩესტერიუნაიტედი” _ 178;

7. მოჰამედ სალაჰი, “ლივეპრული” _ 121;

8. კევინ დე ბრიუნე, “მანჩესტერ სიტი” _ 73;

9. კილიან მბაპე, პსჟ _ 58;

10. ჯანლუიჯი დონარუმა, პსჟ _ 36.

პარიზის თეატრ “შატლში” გამოსვლისას, სადაც დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, მესიმ რობერტ ლევანდოვსკის ასე მიმართა: “მინდა ვუთხრა რობერტს, რომ ჩემთვის პატივი იყო მასთან ბრძოლა “ოქროს ბურთისთვის”. მან დაიმსახურა გამარჯვება 2020 წელს”.

2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო “ოქროს ბურთი” არავისთვის გადაუციათ, მაგრამ მესის სიტყვების შემდეგ “ფრანს ფუტბოლის” მესვეურებმა განაცხადეს, რომ იფიქრებენ ამ საკითხზე და არ არის გამორიცხული, 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო ლევანდოვსკის გადასცენ.

“ოქროს ბურთისთვის” ცხარე ბრძოლა ჯილდოს გადაცემის პირველივე ცერემონიაზე გაიმართა _ 1956 წელს ინგლისელმა სტენლი მეტიუზმა ხმების 47 ხმა მოაგროვა და 3 ხმით მოუგო არგენტინული წარმოშობის ესპანელ ალფრედო დი სტეფანოს (მადრიდის “რეალი”); 1966 წელს კი “მანჩესტერ იუნაიტედის” სიმბოლომ ბობი ჩარლტონმა 1 ხმით მოუგო “ბენფიკას” ფორვარდ ეუსებიოს.

ლიონელ მესი პარიზის პსჟ-ში მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა და ჯერჯერობით ისეთი ბრწყინვალე თამაშით ვერ გამოირჩევა, როგორითაც დაგვამახსოვრა თავი “ბარსელონაში”. საფრანგეთის დედაქალაქის კლუბის მაისურით მან 12 მატჩი ჩაატარა (8 საფრანგეთის ჩემპიონატში და 4 ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. სულ გაიტანა 4 გოლი (3 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 საფრანგეთის ჩემპიონატზე) და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა (საფრანგეთის ჩემპიონატში).

ვარდისფერი ოქროსგან დამზადებული საათი, რომელიც მესის გადასცეს

ფრანგული კლუბის რიგებში არგენტინელმა გენიოსმა კარში დარტყმებსაც მოუკლო (“ბარსელონაში” _ 4,2, პსჟ-ში _ 3,4) და აქტიურობასაც, (“ბარსელონაში” მატჩში ბურთს საშუალოდ 95,9-ჯერ ეხებოდა, პსჟ-ში _ 85,8), არადა, საფრანგეთის ლიგა შედარებით სუსტია ესპანეთის ლა ლიგაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ კლუბში მესის გვერდით ყოფილი “ბარსელონელი”, ბრაზილიელი ნეიმარი, არგენტინის ნაკრების წევრები _ ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესი, აგრეთვე, მსოფლიოს ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი კილიან მბაპე თამაშობენ, არგენტინელი ისე მოტივირებული არ არის, როგორც “ბარსელონაში” იყო და მისი თამაში გაფერმკრთალდა. როგორც ჩანს, მესი კვლავ ადაპტაციის პროცესშია და ნოსტალგიას განიცდის _ ის ძალიან არის მიჯაჭვული “ბარსელონაზე”, რომლის კლუბშიც 13 წლიდან თამაშობდა და 21 წელი გაატარა.

არგენტინელი ვარსკვლავის მეშვიდე “ოქროს ბურთს” სხვადასხვანაირად შეხვდნენ ცნობილი ფეხბურთელები და გულშემატკივრები. მაგალითად, იტალიელი ფრანჩესკო ტოტის განცხადებით, მისი ნება რომ ყოფილიყო, 2021 წლის “ოქროს ბურთს” რობერტ ლევანდოვსკის გადასცემდა.

“ამ არჩევანის შემდეგ უკვე აღარ მესმის საფეხბურთო სამყაროსი. ლიონელ მესისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, “ოქროს ბურთს” ლევანდოვსკი იმსახურებდა”, _ განაცხადა მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა 34 წლის ლიონელ მესისთვის მეშვიდე “ოქროს ბურთის” გადაცემის შემდეგ. მას მხარი აუბა ფრანგმა პატრიკ ევრამ, რომელიც ძალიან გამწარებული ჰყავს მესის _ ევრას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონასთან” 3-ჯერ დამარცხდა: 2-ჯერ, როცა “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა (2008-2009 და 2010-2011 წლებში) და ერთხელ, როცა ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას იცავდა (2014-2015).

ევრას მიბაძა პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმაც, რომელსაც მესისთვის მეშვიდე “ოქროს ბურთის” გადაცემა ძალიან ეწყინა და რომელზეც ამ ჯილდოს დამწესებელ გაზეთ ფრანს ფუტბოლისმთავარმა რედაქტორმა პასკალ ფერემ განაცხადა: “რონალდუს მითხრა, რომ მხოლოდ ერთი მიზანი აქვს _ კარიერა ისე დაასრულოს, რომ მესიზე მეტიოქროს ბურთი ჰქონდეს”.

ისე, სჯობს, რონალდუმ 2013 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოება გაიხსენოს, როცა თვითონ მას მართლა ძალიან უსამართლოდ გადასცეს ეს პრესტიჟული ჯილდო და მწარედ იმედგაცრუებული დატოვეს მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი თავდამსხმელი ფრანკ რიბერი, რომელმაც იმ სეზონში 5 პრესტიჟული შეჯიბრება მოიგო _ გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი…

ამ გამოხდომების მიუხედავად, ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა და გამოცემამ გულწრფელად მიულოცა მესის ეს წარმატება, მათ შორის ურუგვაელმა ლუის სუარესმა, ბრაზილიელმა ნეიმარმა, ინგლისელმა გერი ლინეკერმა, რომელმაც მესის გამარჯვებას “შესანიშნავი შვიდეული” უწოდა, კამერუნელმა ეტო’ომ, ესპანელებმა _ ინიესტამ, ხავიმ, სერხიო რამოსმა, პეპ გვარდიოლამ და სხვებმა, აგრეთვე გამოცემებმა _ მადრიდის “რეალის” ფანატიკოსი ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა ესპანურმა “მარკამ”, ბრიტანულმა Sky Sports-მა, ფრანგულმა Lequipe-მ, ბრიტანულმა The Times-მა, გერმანულმა kicker-მა და სხვ.

2020-2021 წლების სეზონში მესიმ ორი მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა _ ესპანეთის თასი “ბარსელონასთან” ერთად და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი არგენტინის ნაკრების მაისურით. შედეგად, მეშვიდედ დაიმსახურა “ოქროს ბურთი” და მასთან ერთად Purnel-ის ფირმის 18-კარატიანი ვარდისფერი ოქროსგან დამზადებული უნიკალური საათიც.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here