მთავარი საზოგადოება მესის ეშინია კარიერის დასრულების და ამბობს, რომ რონალდუ ძალიან დააკლდა

მესის ეშინია კარიერის დასრულების და ამბობს, რომ რონალდუ ძალიან დააკლდა

267
გააზიარეთ
ლიონელ მესი მეუღლე ანტონელასთან და შვილებთან ერთად

ლიონელ მესი, მიუხედავად იმისა, რომ, უკვე 16 წელიწადია, მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია, ძალიან იშვიათად იძლევა ინტერვიუს, ამიტომ მისი დიალოგი ჟურნალისტთან მოვლენაა. 2019 წლის ამერიკის თასის წინ, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება 14 ივნისი _ 7 ივლისის პერიოდში, მსოფლიოს ისტორიაში ერთერთ ბრწყინვალე ფეხბურთელს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ტელეარხ Fox Sport Argentina ჟურნალისტმა. ლიონელ მესი დიდხანს პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებზე. გთავაზობთ არგენტინელი ვარსკვლავის პასუხებს ძირითად კითხვებზე.

საყვარელი მწვრთნელი

* ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის პერიოდი, როდესაც არგენტინის ნაკრებს წვრთნიდა ალეხანდრო საბელია. ეს იყო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. დიახ, ჩვენ ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ შთამბეჭდავი გამარჯვებები მოვიპოვეთ. როდესაც იმარჯვებ, ცხოვრება იოლია. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე მივაღწიეთ. ალეხანდრო საბელია სრულყოფილი მწვრთნელი და გულითადი ადამიანია.

ნაკრებში მარადონასთან ერთად გამოსვლაზე

* იმ პერიოდში მატჩებში მონაწილეობით ისეთ სიამოვნებას ვერ ვიღებდი, როგორც საბელიას მწვრთნელობისას. როცა ნაკრებს დიეგო ხელმძღვანელობდა, ჩვენ ემოციურები და გამბედავები ვიყავით, მაგრამ დავმარცხდით. მას ჰქონდა უზარმაზარი სურვილი, ენთუზიაზმი, მაგრამ ეს ხშირად არ იყო საკმარისი გასამარჯვებლად.

2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი

* ჩვენ იღბალმა ზურგი გვაქცია. იმ ფინალს გერმანიის წინააღმდეგ შეეძლო, ყველაფერი შეეცვალა.

2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი

* ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდებოდა რუსეთში, დაუჯერებლად რთული იყო _ ყოველი წვრილმანი მზადების პროცესში და მატჩების მიმდინარეობისას. გამარჯვებით რომ დაგვეწყო, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა. ისლანდიის კარში პენალტი ვერ გავიტანე. გამარჯვება რომ მოგვეპოვებინა, მეორე თამაშს სხვაგვარად ჩავატარებდით. ხორვატიასთან მატჩში თავდაპირველად სახიფათო არაფერი ხდებოდა, მაგრამ შემდეგ დავუშვით შეცდომა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.

ლიონელ მესი
ლიონელ მესი

* ნიგერიასთან მატჩის მიმდინარეობისას, ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ თამაშს ფრედ ვერ დავასრულებდით. გვესმოდა, რომ ასეთი შედეგის შემთხვევაში არგენტინაში ჩასვლის შემდეგ სიცოცხლეს გამოგვასალმებდნენ.

* არ მიყვარს ლაპარაკი იმაზე, რა ხდება გასახდელში: მე მასწავლიდნენ, რომ ყველაფერი, რაც გუნდს ეხება, გარეთ არ უნდა გავიდეს, გუნდში უნდა დარჩეს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩემთვის ბევრი რამ უჩვეულო იყო.

* 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან მძიმედ გავიარეთ, ამიტომ საფინალო ეტაპზე ჩემპიონების პრეტენდენტთა შორის არ ვყოფილვართ. ახლაც კი ვითარება სხვანაირია: ახალი გუნდი, უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ეს, ფაქტობრივად, ახალბედების ნაკრებია. მათ არ აქვთ ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება.

ნაკრებში კარიერის შესახებ

* მსურს, ეროვნულ ნაკრებში კარიერა მაშინ დავასრულო, როცა მასთან ერთად რაღაცას მოვიგებ ან, როდესაც მივხვდები, რომ ამოვწურე მცდელობები, რომლებიც კარიერის განმავლობაში მომეცა.

დიახ, არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ ახარებთ. მათ არ სურთ ეს და ყოველთვის მაკრიტიკებენ, მაგრამ მინდა, რომ კიდევ და კიდევ ვცადო. წაბორძიკებისა და დაცემის შემდეგ კვლავ ფეხზე უნდა დადგე. ეს ცხოვრებაა, საბოლოო ჯამში მხოლოდ უფალმა იცის, დავიმსახურებთ თუ არა რამეს. ბოლო სიტყვა ყოველთვის მას ეკუთვნის.

მარადონა და მესი
მარადონა და მესი

დამარცხებების შესახებ

* დამარცხების შემდეგ ყოველთვის განვიცდი ტკივილს, მაგრამ ჩემი პირველი ვაჟის დაბადების შემდეგ დამარცხების მიმართ დამოკიდებულება შევცვალე. მივხვდი, რომ დროა, შევცვალო პრიორიტეტები და მატჩის შედეგი სულაც არ არის მთავარი ჩემს ცხოვრებაში. წაგება მტკივნეულია, მაგრამ, როდესაც შინ მივდივარ და ვხედავ ჩემს ვაჟებსა და ცოლს, ტკივილი ქრება. ადრე ოთახში ვიკეტებოდი, არც ტელევიზორს ვუყურებდი და არც ვჭამდი. ახლა კი ვალდებული ვარ, მაგიდას მივუჯდე ოჯახთან ერთად. მე ახლაც ძალიან განვიცდი დამარცხებას, მაგრამ სხვაგვარად აღვიქვამ.

ვაჟები

* ტიაგო გიჟურად არის გატაცებული ფეხბურთით. ის ფეხბურთით ცხოვრობს. ძალიან განიცადა “ბარსელონას” მარცხი “ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ვალენსიასთან” _ სამეფო თასზე. მატეო უმცროსია და მარცხსა და გამარჯვებას სერიოზულად ვერ აღიქვამს. მეტიც _ მას მოსწონს, როცა უფროს ძმას აბრაზებს. მაგალითად, როცა ვუყურებთ “რეალის” მატჩს, მატეოს უხარია მათი გოლები. ის “რეალს” გულშემატკივრობს.

ცოტა ხნის წინათ კი მატეომ მითხრა, რომ გულშემატკივრობს “ლივერპულს”, რომელმაც დამამარცხა. ანალოგიურად მოიქცა, როცა “ვალერსიამ” მოგვიგო.

უფეხბურთოდ ცხოვრებაზე

* ჩვენ შეგვიძლია ნორმალური ადამიანებივით ვიცხოვროთ. ცოლთან ერთად ბავშვები სკოლაში დაგვყავს, სადაც მათ უამრავი მეგობარი ჰყავთ. კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენი შვილების კლასელების მშობლებთან. ჩემი ცოლი მათთან გაერთიანებულია WhatsApp-ის ჯგუფში. ამასთანავე, ჩემი შვილები მეცადინეობენ კლუბის აკადემიაში, არის ცალკე კატეგორია ფეხბურთელთა შვილებისთვის, ტიაგო, უკვე ორი წელიწადია, იქ არის, მატეო _ პირველი წელი.

ჩვენ დავდივართ მათი ვარჯიშების საყურებლად, ხშირად ჩვენთან ერთად მოდის ლუის სუარესი, რომლის ვაჟიც ტიაგოს თანატოლია. ლუისთან ერთად ხშირად ვაწყობთ საღამოებს მატეთი (მატე _ არგენტინული, საერთოდ, სამხრეთ ამერიკელი მატონიზებელი სასმელი _ ნ.კ.). მოწყენილობის ჟამს კი შევდივარ ინტერნეტში და რაღაცებს ვყიდულობ.

2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობაზე

* ვიმედოვნებ, რომ თავიდან ავიცილებ სერიოზულ ტრავმებს და შევძლებ თამაშს იმ პერიოდში. ჩემპიონატი შორს არის, ამიტომ ჯერ არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა იქ. მსურს, განვაგრძო კარიერა, რაც შეიძლება, ხანგრძლივი დროით. ცოტა მეშინია იმაზე ფიქრის, რა იქნება ფეხბურთის შემდეგ. არა, განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ბავშვივით მიყვარს ფეხბურთი, ყოველთვის ვოცნებობდი მასზე, მთელი ცხოვრება ფეხბურთს დავუკავშირე… იჯდე შინ და არ იცოდე, რით დაკავდე, ძნელია.

მწვრთნელობის შესახებ

* ვფიქრობ, ასე არ მოხდება. თავს ვერ ვხედავ მწვრთნელის როლში.

არგენტინაში დაბრუნებაზე

* ბავშვობაში “ნიუელს ოლდ ბოისში” თამაშზე ვოცნებობდი. ამ გუნდს აქამდე ვგულშემატკივრობ. დაბრუნების სურვილი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება, იმდენი რამ არის ჩემ გარშემო. მყავს ოჯახი, შვილები _ ტიაგო ბევრ კლასელთან მეგობრობს და არ მინდა, მათ დავაშორო. ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ.

ნეიმარსა და ლუის სუარესთან მეგობრობაზე

* ნეიმარი ფენომენია. ჩვენ ახლაც გვაქვს ურთიერთობა. შექმნილი გვაქვს ჩათი სამისთვის, რომელშიც ვართ ნეიმარი, ლუის სუარესი და მე. ამ ჩათის სახელწოდებაა თრეს შუდაცას-ი.

კრიშტიანუ რონალდუზე

* რა თქმა უნდა, ძალიან მაკლია! მასთან ერთად მადრიდის “რეალი” გაცილებით ძლიერი იყო, ვამბობდი, რომ ისინი იგრძნობენ მის არყოფნას-მეთქი. არ არსებობს გუნდი, რომელიც მის არყოფნას ვერ იგრძნობდა. ვიღაც შეიძლება გაბრაზდეს ამ სიტყვების გამო, მაგრამ ეს სიმართლეა. მას სეზონში 50 ბურთი გააქვს და ეს საკვანძო მომენტია. რონალდუ სრულიად ლიგას დააკლდა. მაღალი დონის მოთამაშეებთან კონკურენცია საინტერესოა.

ლივერპულში დამარცხებაზე

* ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა მწარე გამოცდილება რომში და ვერც კი წარმოგვედგინა, რომ დავუშვებდით ასეთი რამის განმეორებას. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. პირველი შეხვედრა შედეგის მიხედვით არ იყო მთლად ობიექტური. თანაბარი თამაში იყო. ისინი ძალიან კარგად იყვნენ მომზადებული ფიზიკურად. და ეს კვლავ ვიგრძენით მეორე შეხვედრაში. მათ ფიზიკურად დაგვჯაბნეს.

* ჩვენ ვერ შევძელით სწრაფი ბურთის გატანა, შემდეგ კი გავუშვით და იმწამს თავში გამიელვა იმან, რაც რომში მოხდა. ჩვენ ეს არ უნდა დაგვეშვა. ჩვენ დავთმეთ ინიციატივა. ისინი უკეთესი იყვნენ ინიციატივითა და ენთუზიაზმით, ჩვენ კი უხეში შეცდომები დავუშვით. ეს ჩვენი სამარცხვინო თამაში იყო.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here