სინოპტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ზამთარი კუდს აღარ მოიქნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საგაზაფხულო სამუშაოების აქტიურად დაწყება უკვე შეიძლება, მაგრამ, როგორც კი სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს ამის შესახებ დაუსვამ კითხვას, მაშინვე გეუბნებიან: აზრი?! რაც დრო გადის, სულ უფრო ცოტა ადამიანს აქვს იმის სურვილი, რომ დრო და ენერგია სოფლის მეურნეობას მოახმაროს. ეს იმიტომ, რომ მეზობელი ქვეყნები უიარაღოდ გვიპყრობენ. შორს არ არის ის დრო, როცა საკვები პროდუქტების მხრივ მთლიანად მათზე ვიქნებით დამოკიდებულნი. საკმარისი იქნება ერთი უთანხმოებაც კი, რომ მათ, უბრალოდ, სასუნთქი გზები გადაგვიკეტონ.
ორი წლის წინათ ერთი გორელი ფერმერი იხვეწებოდა, 40 ტონამდე კომბოსტო მაქვს, 15 თეთრად მოგცემთ და, თუ ადგილზე მოგიტანთ, 20 თეთრი გადამიხადეთო. ის კაცი მზად იყო, 40 ტონა კომბოსტო ადგილამდე 8 ათას ლარად მიეტანა, რაც ძალიან იაფია. მერე იყო, იმ გლეხმა რომ დაწერა, დალპა და გამიფუჭდა, არავინ იყიდაო…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილზე კომბოსტო იყო, რომლის ფასმაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 73,1%-ით მოიმატა. იმავე სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველომ უცხოეთიდან 494.8 ტონა კომბოსტო (ბროკოლი) შეიძინა, რომლის საერთო ღირებულებაც 272 ათასი დოლარია. მთლიანად კი შარშან 1.3 მილიონი დოლარის კომბოსტო გვიყიდია. საინტერესოა ის, რომ, თუ გასული წლის იანვარში 1 კილოგრამი კომბოსტოს ფასი 12 ცენტი იყო, წელს 55 ცენტად ვიყიდეთ, ანუ ოთხ-ნახევარჯერ უფრო ძვირად. შემოტანილი კომბოსტოს 99,8% თურქეთზე მოდის და მხოლოდ 0,2% შემოგვაქვს სხვა ქვეყნიდან.
რას ნიშნავს ეს? რატომ არის ფასის ასეთი სხვაობა და, რაც მთავარია, იმავე პერიოდში თურქეთში ფასი უბრალოდ არ შეცვლილა – რაც გასულ წელს ღირდა, ახლაც იგივე ღირს.
„თქვენთვის არაერთხელ მითქვამს, რომ მეზობელი ქვეყნები ამ მეთოდით უბრალოდ გვაზარმაცებენ და გვიპყრობენ. ეს არის მათი სახელმწიფოს ინტერესიც, სახელმწიფო ხელს უწყობს: იაფი კრედიტების გარდა, გადასახადებში სერიოზულ შეღავათს აძლევს, ჩვენთან კი ამ სფეროზე უბრალოდ არავინ ფიქრობს და თვითდინებაზეა მიშვებული. თავად განსაჯეთ, როცა ჩვენთან კომბოსტო 10 და 15 თეთრი ღირდა, თურქეთდან ამაზე იაფად შემოჰქონდათ და, რა თქმა უნდა, წაგებაში იყვნენ. ეს გაგრძელდა ორი წლის განმავლობაში და შემდეგ ჩვენთან კომბოსტოს მოყვანის მსურველთა რაოდენობა ძალიან შემცირდა. თურქებმაც ნელ-ნელა დაიწყეს ფასის ზრდა და მოვედით აქამდე – ახლა შემოტანილი კომბოსტოს ფასი 55 ცენტია, მაშინ, როცა იგივე პროდუქტი თურქეთის ბაზარზე 20 ცენტზე მეტი არ ღირს. სამაგიეროდ, საქართველოში აღარავის უნდა კომბოსტოს მოყვანა, აღარავის სჯერა, რომ აქ მოყვანილ პროდუქტს, 55 ცენტად კი არა, 55 თეთრად მაინც გაყიდის და ამიტომ იძულებულნი ვიქნებით, სწორედ თურქულ ბაზარს ჩამოვეკიდოთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა – გაისად კომბოსტოს ფასი ისევ მოიმატებს და საქართველოში ეს პროდუქტი რეგიონში ყველაზე ძვირი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ მთლიანად შემოტანილზე ვიქნებით დამოკიდებულნი და ადგილობრივი წარმოება კონკურენციას, უბრალოდ, ვერ გაუწევს“, – გვითხრა სოფლის მეურნეობის სფეროს მაღალჩინოსანმა.
მისივე თქმით, თურქეთმა და ირანმა უკვე მოახერხეს და საქართველოში თითქმის გაანახევრეს საზამთროსა და ნესვის წარმოების მსურველთა რაოდენობა, რადგან ადგილობრივ ნაწარმზე გაცილებით იაფად შემოჰქონდათ, ზარალდებოდნენ, მაგრამ ასე განაგრძობდნენ 2-3 წლის განმავლობაში, შარშან კი ისეთი ფასი დაადეს, ერთი წლის ზარალი ამოიღეს, წელს კი უარეს შედეგს ველოდებით – სეზონზე საზამთროც და ნესვიც, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი კი არა, დელიკატესი იქნება.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ შარშანდელის, შარშანწინდელის, იმისწინდელისა და კიდევ იმისწინდელის მსგავსად ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ქართველ ფერმერებს უპირატესობა რომ მისცეს და მათ საკანონმდებლო დონეზე დაეხმაროს. მაგალითად, შემოტანილ პროდუქტზე გადასახადი რომ გაზარდოს, თურქი და ირანელი მწარმოებლები მიხვდებიან, რომ აქ პროდუქტის შემოტანას აზრი არ აქვს და ფერმერები შექმნილი დეფიციტის შევსებას ადგილობრივი ნაწარმით მოახერხებენ. სწორედ ასე იმუშავა საგადასახადო სისტემამ თურქეთში და ამიტომაც არის ეს ქვეყანა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ბაზარზეც კი მოწინავე პოზიციებზე. სულ რაღაც, 5 წლის წინათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა ევროპაში მარწყვის ყველაზე დიდი მწარმოებელი იქნებოდა და ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე პოზიციას დაიკავებდა. ჰო, ჩინელებს ეჭიდავებიან თურქები და ამას, მხოლოდ შრომისმოყვარეობით კი არა, საკანონმდებლო დონეზე დაწესებული შეღავათებით ახერხებენ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ქართულ მარკეტებში არ არის ქართული ბროწეული, მთლიანად თურქეთდან შემოტანილი გვაქვს და, თუ 3 წლის წინათ თურქები 1 კილოგრამ ბროწეულს 40 თეთრად ღიმილიანი სახით გვთავაზობდნენ, ახლა მისი ფასი 4 ლარია, ანუ ათჯერ მოუმატეს… თურქეთში კი ისევ იაფად იყიდება, იმიტომ, რომ ადგილობრივი ნაწარმია და ადგილობრივებს ხომ არ „გაწეწავენ“?!
ის თუ იცით, ლამის მთელი სომხეთი ხილ-ბოსტნეულის შესანახი მაცივრების მშენებლობაზე რომ არის გადართული და მთავარ პრიორიტეტად სახელმწიფოს სწორედ ეს აქვს დასახული? ჰო, აშენებენ ხილის შესანახ მაცივრებს და მერე რა, რომ თავად იმდენი მიწა არ აქვთ, ის მაცივრები რომ შეავსონ! აგერ არის საქართველო, საიდანაც სეზონზე ლამის უფასოდ მიაქვთ ყურძენი, ვაშლატამა, ვაშლი, ატამი და ზამთარში ოთხმაგ ფასში… ისევ საქართველოს უბრუნებენ. სამაცივრე მეურნეობა თითქოს ჩვენთანაც ვითარდება, მაგრამ ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზე ეხმარება მოსახლეობას, ისე კი არაფერს აკეთებს. აგერ, მეგობარი აშენებს 80 ტონიან მაცივარს, რომელშიც საკუთარ მიწაზე მოყვანილი ხილი უნდა დააბინაოს და მაცივრისთვის ფული რომ მოეძიებინა, ბანკში მიწაც ჩადო, სახლიც, კარიც, უძრავ-მოძრავიც და ეს ყველაფერი 200 ათასი ევრო დაუჯდა. ახლა დაფიქრდით და თქვით: რამდენი ადამიანი გეგულებათ საქართველოში, რომელსაც მაცივრის აშენების სურვილი ექნება და რომლის ქონებასაც ბანკი 200 ათას ევროდ შეაფასებს?! აი, სომხეთში კი ეს ყველაფერი სახელმწიფო დონეზეა აყვანილი და აუცილებელი არ არის, მილიონი გქონდეს, საკუთარი მაცივარი რომ ააშენო, სახელმწიფო გეხმარება, მხარში გიდგას და არ გახრჩობს. ჰო, სომხეთში არც ბანკებს აქვთ წლის ბოლოს მილიარდიანი მოგება და არც ყოველ მეორე ადამიანს იმხელა კრედიტი, შვილიშვილებმაც რომ უნდა გააგრძელონ მისი გადახდა. ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფო დონეზე რეგულირდება და გვერწმუნეთ, მუშაობს. სამწუხაროდ, ჩვენზე ადრე გაიღვიძეს თურქებმა, ირანელებმა, ახლა სომხებმა და ვეჭვობთ, ჩვენ რომ გაგვეღვიძება, უკვე დაგვიანებული იქნება, რადგან რეგიონში სწორედ მათ ექნებათ დაკავებული ყველაფერი. ერთი შეხედვით, კომბოსტო თითქოს პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ მანამდე „მოგუდული“ ნესვისა და საზამთროს პარალელურად თავზე გადაგვახიეს მწვანილის ბიზნესი, ისე მარტივად ჩაგვანაცვლეს რუსულ ბაზარზე, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. არადა, იმერეთიდან რუსეთში ტონობით მწვანილი გადიოდა, მერე თურქებმა იაფად შეიტანეს, ისე იაფად, რომ ქართული ექსპორტი მოკლეს და ახლა იმაზე ძვირად ყიდიან, ვიდრე ოდესმე შეუტანიათ ქართველებს, მაგრამ, როცა ალტერნატივა არ არის, მყიდველი იძულებულია, ძვირი გადაიხადოს. სწორედ ამ დროს უნდა სახელმწიფოს მხარში დგომა ხალხს, სწორედ ამ დროს უნდა შემოტანილზე გადასახადის გაზრდა, ადგილობრივ ნაწარმზე – განულება, ჰო, განულება, რადგან იმავე თურქეთში ადგილობრივი მეწარმე ბიუჯეტში მოგების 0,1%-ს იხდის, 18%-ს კი არა, 0,1%-ს და დღე და ღამე მუშაობს, ზუსტად იცის, მოგება მთლიანად მას რომ დარჩება და ფინანსურად ძლიერი მოქალაქე ძლიერ სახელმწიფოს რომ ნიშნავს. ეს თურქებმა არათუ გაიგეს, დაიზეპირეს და გრძნობენ კიდეც.
ბესო ბარბაქაძე
P.S. სასაცილოც აღარ არის, რომ საქართველოს ზღვისპირეთში დასვენება ორჯერ ძვირი ჯდება, ვიდრე თურქეთში და ვაი, რომ იქ სერვისიც გაცილებით დახვეწილი და მიმზიდველია. უცხოელი კი არა, ქართველი დამსვენებლები აღარ აპირებენ აქ უზარმაზარი თანხების ხარჯვას, ერთ ჭიქა ყავაში 20 ლარის გადახდას მაშინ, როცა თურქეთის ლამის ყველა სასტუმროში ყავა უფასოა…