მთავარი საზოგადოება მარიხუანის ლეგალიზაციის შედეგები უცხოეთის პრაქტიკის ფონზე

მარიხუანის ლეგალიზაციის შედეგები უცხოეთის პრაქტიკის ფონზე

731
გააზიარეთ
მარიხუანის ლეგალიზაციის შედეგები უცხოეთის პრაქტიკის ფონზე

მარიხუანის თემა თანდათან გაქრა ჩვენი დაუცხრომელი მედიის ყურადღების ცენტრიდან; გაიცრიცა და ამოირეცხა, როგორც აქტუალობადაკარგული პრობლემა. სამაგიეროდ, ყოფით დონეზე დამკვიდრდა, ყოველდღიურობაში ფესვი გაიდგა, გაგვიშინაურდა.

და ყოველგვარ მოულოდნელობას გადააბიჯა, როცა ერთ-ერთი უცნობილესი კლინიკის მედპერსონალის წარმომადგენელმა გოგონამ (მედდამ), რომელსაც ჩემთვის (როგორც პაციენტისთვის) დანიშნული სამედიცინო პრეპარატების მოტანა ევალებოდა, გულახდილად მითხრა: “როგორც ყველა, მეც ვეწევი მარიხუანას (!)”

აშკარად თავს იწონებდა.

ცალკეული შემთხვევა?!

გამონაკლისი?!

რა მოგახსენოთ.

რაღაც ძალიან ცუდის მიმანიშნებელი რომ არის, აშკარაა.

ახლახან ევროპაში ჩატარდა მასშტაბური გამოკვლევა, რომელშიც არაერთი სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობდა. შედეგები წლევანდელ 19 მარტს სამედიცინო ჟურნალმა Lancet PSY Psychiatry-მა გამოაქვეყნა.

საშიში და შემაშფოთებელი!

მედიცინის მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა (ნარკოლოგებმა, ფსიქიატრებმა) დაადგინეს, რომ იმ პირთა შორის, რომლებიც მეტნაკლები რეგულარულობით მოიხმარენ (ეწევიან) შედარებით მაღალკონცენტრირებული შემადგენლობის მარიხუანას, ფსიქიკური დაავადებების შემთხვევები კატასტროფულად მატულობს.

წარმოუდგენლად ხშირად ავადდებიან _ საშუალოდ ხუთჯერ და უფრო ხშირადაც. მაგალითად, ამსტერდამში (ჰოლანდია) _ 9,4-ჯერ, ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) _ 5,16-ჯერ.

აი, ასეთი პერსპექტივა (თუ რამე არ შეიცვალა) გველოდება ჩვენც, საქართველოში.

დრო დგება, რომ იმ ორ ლომს, საქართველოს გერბი რომ უჭირავს, შარავანდად დავადგათ მარიხუანის (კანაბისის) მწვანე და დაკბილული ფოთლებისგან დაწნული გვირგვინი, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გერბების უმეტესობა ხორბლის ძნით ან სხვა რომელიმე სასოფლო-სამეურნეო კულტურის სიმბოლოთი იყო დამშვენებული.

მარიხუანის რესპუბლიკა!

“გირჩის” _ კოლექტიური თესლის _ ქვეყანა.

პროვინციული ხამობის ნიმუში.

უნახავთა სახელმწიფო.

არ მითხრათ, არაო…

აი, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, რომლის მაგალითსაც ვირის პატრონის დაჟინებით ცხვირში გვტენიდნენ, მარიხუანის ლეგალიზაციას ტაშითა და საერთო სიხარულით არ შეხვედრიან.

ამერიკაშიც კი!

მიკერძოება რომ არ დაგვწამონ, თავი დავანებოთ ცინიკურ სიუჟეტს და ყოველკვირეულ “ვეჩერნი ნიუ-იორკში” გამოქვეყნებული წერილი “მარიხუანის ლეგალიზაცია გადაიდო” გადმოვაქართულოთ.

უმნიშვნელო შემოკლებით.

“ნიუ ჯერსის გუბერნატორ ფილ მერფისა და შტატის სენატში მისი მომხრეების გეგმა რეკრეაციული მიზნების განსახორციელებლად მარიხუანის ლეგალიზაციის კანონის მიღების შესახებ ჩავარდა.

…კენჭისყრის წინა დღეს ექიმების ჯგუფი ახალი ინგლისის ოთხი შტატიდან გამოვიდა მოთხოვნით, უარი ეთქვათ ამ ღონისძიებაზე, რადგან იგი, მათი აზრით, საშიშია შტატის მოსახლეობისთვის.

ბალახის მავნეობის შესახებ დაახლოებით იგივე დაასკვნეს მეცნიერებმა, რომლებმაც გამოიკვლიეს მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხი კოლორადოში.

ზურაბ ჯაფარიძე თავის ამპლუაში
ზურაბ ჯაფარიძე თავის ამპლუაში

პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ კოლორადოში სამჯერ გაიზარდა პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საავადმყოფოებში უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს ამმსუბუქინარკოტიკის ხანგრძლივი მიღების შედეგად. ამაზეა ლაპარაკი კოლორადოს უნივერსიტეტის სამედიცინო კლინიკის გამოკვლევაში.

სპეციალისტებმა გააანალიზეს 2012-2016 წლების განმავლობაში 500 ათასზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რომელთა შორის 2500-ზე მეტს დასჭირდა სასწრაფო დახმარება მარიხუანის დოზის გადამეტების გამო. ამ სამუშაოს შედეგები გამოქვეყნებულია ამერიკული კოლეჯის ექიმებისა და შინაგანი სამედიცინო მედიცინის საზოგადოების სპეციალიზებულ ჟურნალში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მარიხუანის მწეველთა რაოდენობა კოლორადოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში თითქმის გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2014 წელს საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანეს 250 ადამიანი, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, 2016 წელს მათმა რაოდენობამ 750- გადაამეტა.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ არაპროგნოზირებული მოწამვლის შემთხვევების მასშტაბურობა დამოკიდებულია მარიხუანის სხვადასხვა ფორმით გამოყენებასა და არამკაფიო დოზირებაზე. მათი აზრით, მწარმოებლები ცდილობენ, “დამალონ აქტიური ნივთიერება TCH, რომელსაც იყენებენ საკონდიტრო ნაწარმში, კანფეტებში, საღეჭ რეზინში, ნაყინში. ამ პროდუქტებში კანაბისის კონცენტრაცია არსად არის მითითებული. არადა, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ასეთი ტექნოლოგია არის მოწამვლის, პაციენტის შინაგანი ორგანოების ფუნქციების მოშლის მიზეზი.

გამოკვლევის ავტორებმა შეგვახსენეს, რომ ზოგიერთ შტატში ფართო სამედიცინო პრაქტიკისთვის ლეგალიზებული იყო წამლები, რომლებიც შეიცავდა ტეტრაჰიდროკანაბოლს. კერძოდ, ბრუნვაში მოხვდა ჰიფოტენზირული პრეპარატები მარიხუანით, საძილე და სხვა საშუალებანი, რომლებსაც გააჩნია თერაპევტული ეფექტი, მაგრამ მოქმედებს როგორც ნარკოტიკი.

“რაც უფრო მეტია ბაზარზე მარიხუანის შემცველი წამლები, მით უფრო ხშირად ვხვდებით პაციენტებს რეანიმაციაში”, _ განაცხადა გამოკვლევის ხელმძღვანელმა, მედიცინის პროფესორმა ენდრიუ მონტემ. “მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოებში მიყვანილთა 90 პროცენტი ძველებურად, მარიხუანის გადამეტებული დოზის მოწევით არის მოწამლული, “საკვები” მარიხუანის ზრდა ეჭვგარეშეა და ამჟამად შემთხვევების 10 პროცენტით არის წარმოდგენილი რეანიმაციის განყოფილებებში”, _ ასკვნის სპეციალისტი.

საიდუმლო არ არის, რომ საკვებ პროდუქტებში დამატებული მარიხუანის ფენომენი ბოლომდე შეუსწავლელია. “სამწუხაროდ, _ ხაზგასმით ამბობს პროფესორი, _ მსოფლიოში ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დამუშავებული პროდუქტებში დამატებული ტეტრაჰიდროკანაბოლის ზემოქმედების კვლევის პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ შეუძლებელია მისი კონცენტრაციის დადგენა და ისიც, რომ ადამიანის ორგანიზმზე ამ ნივთიერების ხანგრძლივი ზემოქმედების გათვლა პრაქტიკულად ვერ ხერხდება”.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ორგანიზმზე კანაბისის ზემოქმედების ვადის განსაზღვრა ფრიად მნიშვნელოვანია. მათი აზრით, სწორედ ეს იწვევს დოზის უძლიერეს გადამეტებას, რომელსაც ლეტალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს”.

ასე ფიქრობენ ამერიკაში, ასე აფრთხილებენ ამერიკელი ნარკოლოგები მარიხუანისტებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, და მათ სიტყვას ფასი აქვს.

ჩვენთან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს სხვა მიდგომა აქვთ, სხვა თვალსაზრისი მეცნიერებზე, თანამოქალაქეების ჯანმრთელობის კანონით დაცვაზე, თორემ როგორ გაბედავდნენ მარიხუანის ლეგალიზაციის მხარდაჭერას?!

ის, რაც მარიხუანის ლეგალიზაციით ჯერჯერობით მივიღეთ საქართველოში, მხოლოდ ყვავილებია.

მოსავალი იქნება საშინელი, თუ რამე არ შეიცვალა.

არმაზ სანებლიძე

P.S. ერთხელ ვთქვი. კვლავ გავიმეორებ, გარკვეული ოპტიმიზმითაც კი, რომელიც გაგვიჩინა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვამ, საქართველოს თავდაცვის მინისტრად მისი კანდიდატურის პარლამენტში განხილვისას რომ წარმოთქვა.

როგორც იქნა, კანონშემოქმედების ამ ტაძარში ენის მოუჩლექავად და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაზე დაფიცების გარეშე მარიხუანიზმის ადეპტებს _ “გირჩელებსუწოდეს ის, რაც დაიმსახურეს _ უღირსი ადამიანები.

ღარიბაშვილმა შეგვახსენა ის ორი პრინციპი, რომლებზე დაყრდნობითაც ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა დღემდე მოვიდა: “პირველი _ ეს არის ჩვენი სარწმუნოება და, მეორე _ ჩვენი ჯარი, ჩვენი უკვდავი მეომრები. ის უღირსი ადამიანები კი ამ ორ მთავარ ფუნდამენტს ურტყამენ და ანგრევენ. მცდელობა აქვთ, რა თქმა უნდა”, _ თქვა და დასძინა, რომ გირჩელებივით და მარიხუანისტებივით აზროვნებს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით მხოლოდ 0,1 პროცენტი.

პროვოკაციული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული უწოდა მათ (“გირჩის”) ქმედებას და დაგვაიმედა, რომ პარლამენტთან ერთად მინისტრად დამტკიცების პირველი დღიდანვე დაიწყებს მუშაობას შესაბამის კანონპროექტზე, რომელიც დაარეგულირებს ამ გაუგებრობას ერთხელ და სამუდამოდ.

იქნებ, რამე შეიცვალოს

..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here