Home რუბრიკები პოლიტიკა მარგველაშვილი მიდის, სააკაშვილი დაბრუნებას აპირებს

მარგველაშვილი მიდის, სააკაშვილი დაბრუნებას აპირებს

2995
მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მის ნაბიჯს წინასაარჩევნო დრამატურგიაში არსებითი ცვლილებები არ შეუტანია, თუმცა გარკვეული მნიშვნელობა მას მაინც აქვს. სხვა კანდიდატების მზარდი აქტიურობა და თანამდევი სკანდალები იმაზე მიანიშნებს, რომ არჩევნებამდე დარჩენილი კვირები შეიძლება ფრიად დაძაბული გამოდგეს, თუმცა კომენტატორების უმრავლესობა კვლავ აღიქვამს პროცესს ისე, როგორც ჩაწყობილ საფეხბურთო მატჩს წინასწარ ცნობილი შედეგით.

შეფასებებში, რომლებიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, მთავარ ადგილს იკავებს მოსაზრება, რომლის თანახმად, მარგველაშვილმა რეალისტურად შეაფასა საკუთარი რეიტინგი და რესურსები. შესაძლოა, მას, უბრალოდ, არ სურდა ვიქტორ იუშჩენკოს შეცდომის გამეორება, რომელმაც 2010 წელს უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში 5,45%-ით მეხუთე ადგილი დაიკავა. ეს იყო ყველაზე ცუდი შედეგი მოქმედი პრეზიდენტისთვის კაცობრიობის ისტორიაში _ მან, ფაქტობრივად, გამორიცხა იუშჩენკოს შემდგომი მონაწილეობა უკრაინულ პოლიტიკაში.

თავის გახმაურებულ მიმართვაში პრეზიდენტისადმი დავით უსუფაშვილი მომავალ არჩევნებს განიხილავს, როგორც ერთგვარ ტრამპლინს 2020 წლის არჩევნებისთვის, და მოუწოდებდა მარგველაშვილს, გადაედგა ნაბიჯები, რომელიც მის გარშემო დაქსაქსული ოპოზიციის თუნდაც ნაწილის გაერთიანებას უზრუნველყოფდა. პრეზიდენტმა, შესაძლოა, ჩათვალა, რომ უსუფაშვილის გეგმა ავანტიურისტული იმპროვიზაციაა და იმ გზით წავიდა, რომელიც მისთვის კარგად ნაცნობია და, სავარაუდოდ, უფრო კომფორტულიც _ საზოგადოებრივმა აქტიურობამ 2020 წლისთვის თეორიულად შეიძლება გაცილებით მეტი საიმიჯო დივიდენდი მოუტანოს, ვიდრე ოპოზიციური ნამსხვრევების გაერთიანების მცდელობამ ფორსმაჟორულ ვითარებაში, რესურსების გარეშე და უსუფაშვილთან ერთად.

თავად უსუფაშვილი არენაზე დარჩა, თუმცა საეჭვოა, მან იმ ამომრჩევლების კონსოლიდირება მოახერხოს, რომელთათვის მიუღებელია ბიპოლარული მოდელის “ოცნება-ნაცმოძრაობა” ორივე მხარე. მარტივად რომ ვთქვათ, გააკეთოს ის, რაც, ავად თუ კარგად, მოახერხა თბილისის მერის არჩევნებში ალეკო ელისაშვილმა. უსუფაშვილს ამ მხრივ ხელს ორი გარემოება უშლის: ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მას არსებული პოლიტიკური ელიტის ნაწილად აღიქვამს და არა მის (თუნდაც ილუზორულ) ალტერნატივად, ამასთანავე, კონსერვატიული ამომრჩეველი მას ლიბერალების ინტერესების გამომხატველად თვლის.

განცხადებების შეტანა ცესკოში 8 სექტემბერს სრულდება და, ვინაიდან საქართველოში ტრადიციად იქცა ამის გადადება ბოლო დღისთვის, ჩვენ მხოლოდ შაბათს გავიგებთ, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას პოტენციურად ძლიერი დამოუკიდებელი კანდიდატი. სწორედ ეს განსაზღვრავს იმას, წარიმართება თუ არა არჩევნები 2016 წლის შაბლონის შესაბამისად _ “ქოცები ან ნაცები”.

მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა სწორედ ამას უწყობს ხელს _ ის ჰოლანდიიდან ივანიშვილის რეჟიმის დასრულებით იმუქრება და ფრიად რადიკალურ განცხადებებს აკეთებს ზუსტად ისე, როგორც 2016-ში. ეს გადაჭარბებულ მოლოდინებს ქმნის ნაციონალების რიგებში და მათი მოწინააღმდეგეების ნევროზულობას აღვივებს, რაც, პრინციპში, ხელს აძლევს ბიძინა ივანიშვილს, რადგან საარჩევნო უბნებზეანტიმიშისტებისმისვლის ალბათობას ზრდის.

ამასთანავე, სააკაშვილი ცდილობს, უმწვავეს თემებს შეეხოს, მიუხედავად იმისა, რომ ადრე მათ პრიორიტეტულად არ აღიქვამდა ან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ცოტა ხნის წინათ მან, ჭარბვალიანობის კონტექსტში, დაიწყო საუბარი ბანკების ნეგატიურ როლზე, ბოლოს კი განაცხადა, რომ “საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მთავრობის ცვლილების კვალდაკვალ, პირველი ნაბიჯი იქნება ბანკი “ქართუს” ჩამორთმევა”. ეს ფრაზა თავისთავად ძალზე საგულისხმოა, რადგან პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრობის შეცვლისთვის ან “ქართუს” ჩამორთმევისთვის აშკარად არასაკმარისია და ის ცხადყოფს, რომ სააკაშვილი ამ არჩევნებს განიხილავს მხოლოდ როგორც ერთ-ერთ ეტაპს, რომელსაც (სავარაუდოდ, დაუყონებლივ) სრული რევანში უნდა მოჰყვეს. ბანკების თემა ძალზე აქტუალურია და, ალბათ, სწორედ ამიტომ “ქართული ოცნება” შეეცადა, მამუკა ბახტაძისთვის ბანკირების გაუმაძღრობასთან მებრძოლის იმიჯი წინმსწრებად, თანამდებობაზე მის დანიშვნამდე შეექმნა.

ახლახან სააკაშვილი მიგრაციის თემას შეეხო და განაცხადა, რომუკონტროლოდ წავიდა მიგრაცია, შემოდის ხალხი, რომელიც ტრადიციას არ სცემს პატივს”. მათ, ვინც აქტიურად უპირისპირდებოდა სააკაშვილის რეჟიმს, ეს სასაცილოდ არ ჰყოფნით, რადგან უკონტროლო მიგრაცია 2012-ში ერთერთი მნიშვნელოვანი ბრალდება იყო, რომელსაც ხელისუფლებას უყენებდნენ. თუმცა არსებობს გარემოება, რომელიც “ქართულ ოცნებას” დამშვიდების საშუალებას არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მიგრანტების შემოსვლა “ნაცმოძრაობის” მმართველობის წლებში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გაამარტივა და მათ საკმაოდ ხელსაყრელი პირობები შეუქმნეს, სიტუაცია განსაკუთრებით უკვე სააკაშვილის გადადგომის შემდეგ გართულდა, როდესაც საბრძოლო მოქმედებებმა სირიასა და ერაყში ძალზე ინტენსიური ხასიათი შეიძინა და რეგიონი მილიონობით ლტოლვილმა დატოვა. ელექტორატი, განსაკუთრებით კი მისი კონსერვატიული ნაწილი, ამ თემის მიმართ “ქართულ ოცნებას” უდანაშაულოდ არ თვლის და, შესაძლოა, სწორედ ამან უბიძგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს საჯაროდ დაეანონსებინა მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ შემუშავებული ცვლილებების განხილვა კანონში “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”, რომელიც ბინადრობის ნებართვის მიღებას გაართულებს. ეს თბილისის მერის, კახი კალაძის, შემდეგ განცხადებას მოჰყვა: “კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ღებულობს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ, თუ ამ საკუთრებას ის გადასცემს სხვას, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ძალიან ბევრია შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას და შემდეგ ფიქტიურად გადააფორმებს სხვა პიროვნებებზე და ისინიც იღებენ ბინადრობის უფლებას, ატრიალებენ ე.წ. კარუსელს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის”.

აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ყველა პრობლემურ თემაზე ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოს, ამასთანავე, ბოლო წინასაარჩევნო დღეებს რამდენიმე ინფრასტრუქტურული (თანპიარული”) პროექტის დასრულება დაამთხვიოს, თუმცა ამ დროს შეცდომებსაც უშვებს. გასულ კვირას კახი კალაძის სახელი დაუკავშირდა ორ წამოწყებას, რომელმაც ხელი შეუწყო დედაქალაქის საზოგადოების პოლარიზებას (იგულისხმება ვარაზისხევის ქვაფენილის ჩანაცვლება ასფალტით და მთაწმინდის ფერდობზე წარწერა “თბილისის” განთავსება). ეს უკანასკნელი იდეა, მკვეთრად ნეგატიური რეაქციის გამო, დედაქალაქის ხელისუფლებამ უკვე უარყო, თუმცა აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ (წინასაარჩევნო კონტექსტში მნიშვნელობა არ აქვს, რა არის უკეთესი) _ ქვაფენილი თუ ასფალტი, მთავარია, რომ ამ თითქოს მეორეხარისხოვან თემასთან დაკავშირებულმა პოლარიზაციამ შეიძლება ხელისუფლებას ამომრჩევლები დააკარგვინოს იქ, სადაც ამის ალბათობა თითქოს დაბალი იყო.

ბოლო წლების საარჩევნო გამოცდილება ადასტურებს, რომ, როდესაც მეორე ტურში პირისპირ რჩებიანქართული ოცნებისადანაცმოძრაობისწარმომადგენლები, “დამოუკიდებელი ამომრჩევლებისუმრავლესობა ნაციონალის წინააღმდეგ ერთიანდება. შესაბამისად, ხელისუფლება იოლად იგებს. 2016-ში, მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურის წინ, შეიმჩნეოდა კამპანიის აგორების მცდელობა, რომლის ორგანიზატორები ამტკიცებდნენ, რომ საჭიროა ხმის მიცემა “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ (შესაბამისად, ნაციონალი კანდიდატების მხარდაჭერა). ეს მცდელობა უშედეგო გამოდგა და ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ “ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობა ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე პარლამენტში თუნდაც ერთი ნაციონალი მაჟორიტარის მოხვედრა. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ოქტომბერში მოვლენები ანალოგიური სცენარით არ განვითარდება (“ყველა ნაციონალების წინააღმდეგ”) და ამ კონტექსტში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ “ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი მისი ფორმალური წევრი არ იქნება. ძალები არათანაბარია, თუმცა სააკაშვილის პარტიას არ სურს, საზოგადოებაში დამკვიდრდეს მოსაზრება, რომ მას არჩევნების მოგების შანსი არ აქვს და, ისევე როგორც 2016-ში, წინასწარ ადანაშაულებს ხელისუფლებას გაყალბებაში.

გასულ კვირას ნაციონალებმა ამ მხრივ გარკვეული წარმატება მოიპოვეს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საარჩევნო კომისიაში განხორციელდა ზარები სახელისუფლო პარტიის სახელით. ამის შემდეგ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, რადგან ჩანაწერი, რომელშიც მისი ხმა ისმის, ნამდვილად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კომისიის მუშაობას მმართველი პარტია აკონტროლებს (დავით ფეტვიაშვილი ირწმუნება, რომ მისი სიტყვები ამოგლეჯილია კონტექსტიდან). ამ ეპიზოდის კომენტირებისას პოლიტოლოგმა ზაალ ანჯაფარიძემ “პირველთან” საუბარში განაცხადა: “ჩანაწერების სკანდალის” აგორება მკაფიოდ წარმოაჩენს ოპოზიციის ამ ნაწილის მიზანს, ერთეული დარღვევები წარმოაჩინონ სისტემურად, მოახდინონ ცესკოსა და მთელი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია; საერთაშორისო წრეებში, ასევე საზოგადოებაში, მოახდინონ არჩევნების დელეგიტიმაცია და შესაბამისად დათესონ მისდამი უნდობლობა, ხოლო შემდეგ უკვე ამის საფუძველზე ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ამის ფონზე შეეცადონ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ასეთი მეთოდებით მუშაობა მათი ხელწერაა, რომელსაც საზოგადოება უკვე შეეჩვია კიდეც”.

ამავე დროს ხელისუფლებას კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა _ მსხვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი თქვეს ცესკო-სთან ტრადიციული წინასაარჩევნო მემორანდუმის გაფორმებაზე და მოითხოვეს:

“1. სოციალურ ქსელებში აგიტაციის თაობაზე მოხდეს კანონის პროგრესული განმარტება;

  1. საარჩევნო დავების განხილვა წარიმართოს სრულყოფილად და ობიექტურად; 3. საარჩევნო ადმინისტრაციამ პატივი სცეს ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და აიღოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფს მათი საქმიანობისთვის სათანადო პირობების შექმნას”.

შესაბამის განცხადებას ხელს აწერენ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო”, “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. ცალკე აღებული ეს ეპიზოდი ხელისუფლებას განსაკუთრებულ პრობლემას, სავარაუდოდ, არ შეუქმნიდა, იქიდან გამომდინარე, რომ კონსენსუსი მოგვიანებით შედგებოდა, მაგრამ ფეტვიაშვილთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე ნებისმიერი მსგავსი ფაქტი ხელს უწყობს სააკაშვილისთვის სასურველი მოსაზრების გავრცელებას _ “ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება”.

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალებმა ამ მიმართულებით ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი 2003 წლის სცენარის გამეორებას და, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, ხელისუფლების დაუფლებას შეძლებენ. ამას გაცილებით დიდი რესურსი და საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე არ გააჩნიათ. თუმცა სააკაშვილი, როგორც ჩანს, კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ ცდა ბედის მონახევრეა.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ე. წ. სააკაშვილი(სააკოვი) ქართველების მტერია. ის არასოდეს არ გახდება ჩვენი მოკეთე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here