Home რუბრიკები საზოგადოება მანანა ნიკოლაიშვილი: ვეკითხები განათლების სამინისტროს _ როგორ უნდა ანაზღაურდეს გაცდენილი საათები?

მანანა ნიკოლაიშვილი: ვეკითხები განათლების სამინისტროს _ როგორ უნდა ანაზღაურდეს გაცდენილი საათები?

2853
მანანა ნიკოლაიშვილი

ამ დღეებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის საჭირო ცვლილებებზე ისაუბრა და დასძინა, რომ რეფორმების ძირითადი მიზანი ყოველდღიური ცხოვრების მაქსიმალურად დაახლოება უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან. მისი განმარტებით, განსაკუთრებულ მიდგომებსა და ეფექტიან ცვლილებებს დღეს განათლების სისტემა საჭიროებს. ეს ის სეგმენტია, რომელიც ყველაზე მეტადაა დაკავშირებული ადამიანური კაპიტალის ხარისხთან: “განათლების სისტემა პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანური კაპიტალის ხარისხთან. ადამიანური კაპიტალის ხარისხი პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკის შემდგომ განვითარებასთან, ისე ყველა სფეროს განვითარებასთან…”

პრემიერმა იქვე აღნიშნა, რომ ქვეყანა ასევე მზად უნდა იყოს ხანგრძლივი რეფორმებისთვის, ეს კი რთული და შრომატევადი პროცესია. მეტიც, მისი თქმით, მომდევნო 10-15 წელი, შესაძლოა, ცლილებებისა და გარდაქმნების წელიწადი იყოს, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდებით ევროპულ ოჯახს, ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებს.

ცნობისთვის: საქართველოში “გასატარებელი რეფორმების” აუცილებლობაზე (მათ შორის განათლების სფეროშიც) ევროპარლამენტის მიერ ამას წინათ მიღებულ რეზოლუციაშიც ვრცლად იყო საუბარი. კერძოდ, დოკუმენტში, რომელიც რეკომენდაციებთან ერთად ბევრ დირექტივასაც შეიცავდა, ხაზგასმით ეწერა, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სხვადასხვა პოლიტიკური ფონდის კიდევ უფრო გააქტიურებასა და “ეფექტიანი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას…”

თუმცა რეზოლუციაში არ იყო დაკონკრეტებული, რა ცვლილებები სჭირდება დღეს ამ სისტემას, რაზე უნდა იყოს ეს პროცესი საბოლოოდ გათვლილი და კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათ განსახორციელებლად.

რა მოუტანა საქართველოს განათლების სისტემას მოქმედი თუ წინა ხელისუფლებების მიერ დღემდე განხორციელებულმა ე.წ. რეფორმების ტალღებმა და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მომავალში პრემიერის განცხადების კვალდაკვალ, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ექსპერტი განათლების საკითხებში, “საქართველოს განათლების ლიგის” თავმჯდომარე მანანა ნიკოლაიშვილი.

 _ ქალბატონო მანანა, რამდენიმე დღის წინათ პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, რომ განათლების სისტემა ერთერთი ის სფეროა, რომელშიც რეფორმები აუცილებელია. მისი თქმით, სწორი და ეფექტიანი ცვლილებები კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპულ ფასეულობებთან, რომელიც თურმე ჩვენი არჩევანია. რა ცვლილებებზე საუბრობდა პრემიერი და რა შედეგები მოიტანა, როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების მიერ დღემდე ჩატარებულმა რეფორმებმა?

_ რეფორმები, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ამაზე, ალბათ, ყველა ვთანხმდებით, მაგრამ, როცა ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ესა თუ ის ცვლილება საფუძველშივე უნდა იყოს გათვლილი კონკრეტულ საჭიროებებსა და საგანმანათლებლო სისტემის დახვეწაზე, და უნდა გულისხმობდეს, როგორც ხარვეზების აღმოფხვრას, ისე სტუქტურულ რეორგანიზაციას განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება პრემიერის გამოსვლასა და განცხადებას, რომ რეფორმები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რომლებიც, თურმე, მოგვიტანს სერიოზულ წინსვლასა და წარმატებებს, დავიწყოთ იმით, რომ რეფორმა ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს გარდაქმნას, მაგრამ საკითხავია: ესენი რას გულისხმობენ გარდაქმნაში? იმას ხომ არა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად საშუალო განათლების სისტემაში უამრავი შეუსაბამობაა, მათ შორის პროგრამულ დონეზე, ან იმას ხომ არა, რომ სკოლებში მთელ რიგ საგნებზე, პრაქტიკულად, განახევრდა სასწავლო საათები, ზოგი საგანი თითქმის აღარ ისწავლება…

_ რა ცვლილებებს გულისხმობთ?

_ პირველი და მთავარი: როცა საგამოცდო სისტემაში ცვლილებები განხორციელდა, საშუალო განათლების სისტემა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავდაყირა დადგა. გაუქმდა საატესტატო გამოცდები და შემოვიდა ახალი მოდელი, რომელიც ატესტატების გაცემას მოსწავლის აკადემიური მოსწრების დონის მიხედვით გულისხმობდა…

რაც შეეხება დანარჩენ ცვლილებებს, სააკაშვილის პერიოდში გაცდენების ზღვარი 25% იყო. ეს ნიშნავდა, რომ ნებისმიერ მოსწავლეს, ასეთ შემთხვევაში, კლასიდან კლასში გადასასვლელად ექსტერნი გამოცდები უნდა ჩაებარებინა. ეს ზღვარი 30-მდე ასწიეს და ბავშვს, ასე ვთქვათ, მეტი “ფუფუნება” მისცეს. იცით, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ, როდესაც ბავშვს 30%-იანი გაცდენა აქვს, სასწავლო პროცესის მესამედს არ არის დასწრებული და არათუ განათლებას ვერ იღებს, საერთოდ მოწყვეტილია პროგრამას. აი, ეს ცვლილებები გატარდა თავის დროზე ხელის ერთი მოსმით და არა მხოლოდ ეს. ასევე ძალიან დიდი შეცდომა იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რომელმაც პედაგოგები, უბრალოდ, გააგიჟა.

_ ეს ყველაფერი განათლების ხარისხზე როგორ აისახა? თუ არსებობს რამე სტატისტიკა, რომელიც ამ სურათს ციფრებში აჩვენებს?

_ ნებისმიერი პედაგოგი, რომელსაც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იცის, რა დონე გვქონდა წლების წინათ, როცა ბავშვები 9 და 12 გამოცდას აბარებდნენ ატესტატის მისაღებად, გეტყვით, რომ განათლების ამჟამინდელი დონე კრიტიკას ვერ უძლებს. ან რა განათლებაზეა საუბარი, როცა წლების წინათ, ვთქვათ, მათემატიკას 12 საათი ეთმობოდა კვირაში, ქართულ ენასა და ლიტერატურას _ 12-14 და ახლა ეს ყველაფერი სასაცილო მინიმუმამდეა დაყვანილი. საუბარია 4-5 საათზე.

რაც შეეხება კონკრეტულად საშუალო განათლების სისტემას, აქ პრაქტიკულად სასიკვდილო დარტყმა იყო ის, რომ საატესტატო გამოცდები გააუქმეს და ბავშვებს, რომლებსაც ისედაც არ ჰქონდათ აკადემიური მოსწრების მაღალი დონე, ფაქტობრივად, დაუკარგეს სკოლაში სიარულის ყველანაირი მოტივაცია. მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული, რომლის უკანაც დგანან წინა ხელისუფლებისდროინდელი კადრები და, თუ საქართველოს ოდესმე ეყოლება ნორმალური ხელისუფლება, ამ ადამიანებს პასუხი უნდა მოეთხოვოს

_ გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების ძირითადი მიზანი ქვეყნის დაახლოება უნდა იყოს ევროპულ ფასეულობებთანო. განათლების სისტემაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები ხომ არ არის გარედან ნაკარნახევი იმ ცვლილებების ნაწილი, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კვალდაკვალ სხვადასხვალიბერალურგარდაქმნას გულისხმობს?

_ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პრემიერს მხედველობაში არ ჰქონდა ის უარყოფითი მხარეები, რომლებიც თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას და, შესაძლოა, განათლების სისტემასაც ნეოლიბერალური იდეოლოგიის სახით აქვს. მაგრამ ის, რომ წლების წინათ სააკაშვილის გუნდს ე.წ. საგანმანათლებლო რეფორმებს გარკვეული გარე ძალები კარნახობდნენ და მხარს უჭერდნენ, ცხადზე ცხადია. ეს იყო მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, სოროსის ფონდი, რომელიც ერთ-ერთი დიდი ფინანსური კონტრიბუტორი იყო ამ პროცესის და ა.შ. რაც შეეხება განათლების ხარისხსა და შედეგებს, როდესაც სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდა, სკოლა, როგორც საშუალო განათლების საფუძველი, პრაქტიკულად, სტრუქტურულად მოიშალა. გარდა ამისა, მთელი რიგი საგნებისა ამოიღეს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებიდან და დატოვეს მხოლოდ ოთხი _ ქართული, ისტორია, მათემატიკა და უცხო ენაამ საგნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რატომ უნდა აბარებდეს ბავშვი მხოლოდ მათემატიკას, როცა ქიმიის განხრით მიდის და რატომ არ უნდა აბარებდეს ქიმიას _ უშუალოდ სპეციალობას?! ან რატომ უნდა აბარებდეს ინგლისურს, როცა გეოგრაფიულზე ირიცხება და არა გეოგრაფიას… ეს ყველაფერი არის მავნებლობა, რომელიც ანგრევს განათლების სისტემას და, როგორც გითხარით, ამაზე ადრე თუ გვიან აუცილებლად პასუხი უნდა მოეთხოვოთ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდნენ ამ ყველაფერს…

_ როგორ უნდა აღმოიფხვრას განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები?

_ უწინარესად, საჭიროა განათლების ეროვნული დოქტრინა, რომელიც კანონის დონეზე იქნება დამტკიცებული და რომელიც საფუძვლად დაედება ყველა პროცესს, ყველა ცვლილებასა და რეფორმას ამ სფეროში. დღეს ჩვენ ეს არ გვაქვს და, შესაბამისად, ყველაფერი, რაც კეთდება, კანონგარეშეა. მეორე _ ნორმატიული აქტის სახით უნდა არსებობდეს დოკუმენტი, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული თანამდებობის პირი, მაგალითად, მინისტრი, მინიტრის მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარე ან თუნდაც სკოლის დირექტორი და ა.შ. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ არ შეიძლება, უწყების ხელმძღვანელად ინიშნებოდეს ადამიანი, რომელმაც არ იცის არც განათლება, არც კულტურა და წარმოდგენა არ აქვს ამ სფეროზე. სხვათა შორის, აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხს, რომ პანდემიის ფონზე განათლების სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, ბავშვები შინ დარჩნენ და სწავლება გაგრძელდეს დისტანციურად, რომლითაც ამაყობენ კიდეც, რომ თურმე ამ პრაქტიკამ გაამართლა. მინდა, გითხრათ, რომ სწავლების ეს ფორმა აბსოლუტურად უვარგისია, სკოლების შემთხვევაში მაინც. და მოგახსენებთ, რატომ: ჩემს თანამოაზრეებთან ერთად გამოვიანგარიშე, გაკვეთილების რამდენი საათი ჩატარდა დისტანციურად მას შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი შეწყდა და რამდენი დარჩა ჩაუტარებელი. მოკლედ გეტყვით (შემდეგ ამაზე უფრო ვრცლადაც შეიძლება საუბარი): იმიტომ, რომ ძალიან დიდი თემაა. ერთი სიტყვით, რამდენიმე ციფრს მოვიყვან კლასების მიხედვით. მაგალითად, პირველ კლასში ქართულში ჩასატარებელი იყო 70 საათი, ჩატარდა 16, დარჩა 54 საათი ჩაუტარებელი. მათემატიკაში ჩასატარებელი იყო 40 საათი, ჩატარდა 16; სახვითი ხელოვნებაში ჩასატარებელი იყო 20 საათი, ჩატარდა 8, ბუნებისმეტყველებაში ჩასატარებელი იყო 20 საათი, ჩატარდა მხოლოდ 8. წლიურად სულ იყო 704 საათი ჩასატარებელი, ჩატარდა 220. კარანტინის შემდეგ ჩატარდა 80 და გაცდა 140 საათი. კიდევ ვიმეორებ, აქ საუბარია პირველ კლასზე და, ციფრებში რომ ავიღოთ ეს ყველაფერი, რეალობა ასეთია: ჩატარდა გაკვეთილების მხოლოდ 36%, არ ჩატარდა 64… ახლა ვეკითხები განათლების სამინისტროს: გამობრძანდით და გვიპასუხეთ, როგორ უნდა შეივსოს ეს გაცდენილი საათები?! სხვა კლასებზე არაფერს ვამბობ, მაგალითად, მეორე კლასში, სადაც ქართულში 90 საათი უნდა ჩატარებულიყო და ჩატარდა მხოლოდ 20 საათი? პრაქტიკულად ხომ ჩავარდა სასწავლო წელი?! აი, ეს არისწარმატებული რეფორმებიდა დისტანციური სწავლება, რომლითაც ასე ამაყობს დღევანდელი ხელისუფლება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here