მთავარი საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, რადგან ივანიშვილი უწმინდესს შეხვდა,...

მამა გიორგი (რაზმაძე): შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, რადგან ივანიშვილი უწმინდესს შეხვდა, ხვალიდან ხელისუფლება გაივსება ეროვნული სულისკვეთების ადამიანებით

2143
გააზიარეთ
მამა გიორგი (რაზმაძე)

11 აპრილსქართული ოცნებისთავმჯდომარე და სულის ჩამდგმელი ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მოახლოებასთან ერთად თავის ყველა რესურსს იყენებს, რათა პოლიტიკურად გაბანკროტებულ ხელისუფლებას საზოგადოების კეთილგანწყობა ხელახლა მოუპოვოს. “ქართული ოცნებისთავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ილია მეორეს შეხვდა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. როგორც შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს, უმუშევრობას, სიღარიბესა და სხვა სოციალურ საკითხებს.

“ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებსაც, სურვილის შემთხვევაში, უცხოეთშიც ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ”, _ აღნიშნულია განცხადებაში. იმავე განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ოჯახის სიმტკიცის დაცვასა და მომავალი თაობების სწორად აღზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს; რომ ამისთვის საჭიროა განათლების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება…

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინათ პარლამენტში საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელი ანტიქართული და ანტიეროვნული კანონპროექტის “ბავშვის უფლებათა კოდექსი” განხილვა დაიწყო. მიზეზი კი, რომლითაც ამ კანონპროექტის ავტორების მხრიდან მისი მიღების აუცილებლობა “აიხსნება”, “ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება”, “მომავალი თაობების სწორად აღზრდა” და “განვითარებაა”. არადა, კანონპროექტის შინაარსი და სულისკვეთება თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება ერის ტრადიციულ ფასეულობებს, მენტალობასა და ღირებულებებს. როგორც ჩანს, ოლიგარქი უწმინდესთან შეხვედრაზეც ზუსტად ამ შინაარსს გულისხმობდა, როცა ძლიერ ოჯახსა და “სწორად აღზრდილ თაობებზე” საუბრობდა, თუმცა შეხვედრაზე ეს ყველაფერი რა დეტალებში განიხილეს, უცნობია.

რა მიზანს ემსახურება ივანიშვილის შეხვედრა მის უწმინდესობასთან და როგორ შეიძლება ესმოდეს დღევანდელი ხელისუფლების მთავარ პოლიტიკურ მენტორს ძლიერი ოჯახის ცნება? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, რამდენიმე დღის წინათქართული ოცნებისთავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კათოლიკოსპატრიარქს შეხვდა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ოჯახის სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია. რას შეიძლება გულისხმობდეს ოჯახის სიმტკიცეში ივანიშვილი?

_ დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკურად გაკოტრებულია და კრიზისს განიცდის თვითონ პარტიასა და საზოგადოებაში არსებული უკიდურესად კრიტიკული განწყობების გამო. აქედან გამომდინარე, მისი ლიდერები ახლა ყველა ხერხს მიმართავენ, რათა წინასაარჩევნოდ მოსახლეობის კეთილგანწყობა მოიპოვონ და ამით თავიდან აიცილონ კარს მომდგარი პოლიტიკური კრახი, რომელიც მათი არასწორი ნაბიჯებისა და ზოგჯერ მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია. თუ ვინმე ხედავს, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი, დღიდან ხელისუფლების სათავეში მოსვლისა, გეომეტრიული პროგრესიით ეცემა და ამ რეიტინგით მას, ისევე, როგორც “ნაციონალურ მოძრაობას”, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, უწინარესად, არის ივანიშვილი. ამიტომ ის ახლა ყველა თავის შესაძლებლობას იყენებს, რომ როგორმე შეაჩეროს ეს რღვევის პროცესი. სხვათა შორის, აქ საყურადღებოა ერთი მომენტი: ყოველთვის, როცა ხელისუფლება დგამს საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელ ნაბიჯს, ვთქვათ, საკანონმდებლო ცვლილების სახით ან სხვა კუთხით, ჩნდება გულუბრყვილო შეკითხვა: მიზანმიმართულად კეთდება ეს ყველაფერი თუ რეალურად ვერ ხვდებიან საზოგადოების განწყობას? დღევანდელი მათი ქმედებები ყველაფერს ცხადყოფს. ის, რომ არჩევნების წინოცნებისლიდერი მიდის საზოგადოებისთვის ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებასთან და ესაუბრება ოჯახის სიმტკიცის აუცილებლობაზე, ნიშნავს, რომ სინამდვილეში მან ძალიან კარგად იცის, რა სურს საზოგადოებას _ როგორი სახელმწიფო, როგორი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და .. უბრალოდ, მოცემულობა არის ასეთი, რომ ერთ მხარეს არის საზოგადოება, მეორე მხარეს _ დასავლეთი, რომლის მოთხოვნები არათუ განსხავდება, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. ამ დროს ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად არჩევანს აკეთებს გარე ძალის დაკვეთებზე. მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, რადგან ივანიშვილი უწმინდესს შეხვდა, ხვალიდან ხელისუფლება გაივსება ეროვნული სულისკვეთების ადამიანებით. საერთოდ, აქ საკითხავია, რას გულისხმობენ ისინი ოჯახის სიმტკიცეში. ნებისმიერ “ლიბერალს” რომ ჰკითხო, ისიც გეტყვის, რომ ძლიერი სახელმწიფო უნდა, მაგრამ როგორ წარმოუდგენია ეს ძლიერება, მთავარი ხომ ეს არის… ჩემი აზრით, ივანიშვილის ნათქვამი სიტყვები, რომ სახელმწიფოს მტკიცე ოჯახი და ჯანსაღი მომავალი თაობა სჭირდება, იგივეა, რაცლიბერალებისმიერ დამკვიდრებული ყბადაღებულითეზა”, რომ თურმე ილია ლიბერალი იყო. იმედია, საზოგადოება კიდევ ერთხელ არ დაიჯერებს ამ ტყუილებს და კიდევ ერთხელ არ გახდება დიდი პოლიტიკური აფერის მხვერპლი, როგორც იყო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში…

_ გინდათ თქვათ, რომქართული ოცნებისთავმჯდომარის შეხვედრა უწმინდესთან პოლიტიკური პიარის ნაწილი იყო?

_ ცხადია, ამით ივანიშვილმა კოჭი გაუგორა საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომელიც თავის განწყობებითა და სულისკვეთებით კონსერვატორია. თუმცა, თავის მხრივ, უწმინდესი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად არის გაცნობიერებული მიმდინარე პროცესებში და, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შეხვედრაზე ის ყოველთვის პრინციპულად დააყენებს მთავარ საკითხებს. ვგულისხმობ ტრადიციული ოჯახის დაცვის თემას, მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას და ა.შ. ლიბერალურ პროპაგანდას რაც შეეხება, ბუნებრივია, ისინი ყოველთვის შეეცდებიან, სათავისოდ გამოიყენონ ეს ყველაფერი და ისე მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ თითქოს ტრადიციებს იცავენ. კიდევ ვიმეორებ: დღევანდელ ვითარებაში, როცა პროპაგანდის თითქმის ყველა საშუალება მათ ხელშია, უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს საზოგადოების ინფორმირება. უნდა ავუხსნათ ფართო საზოგადოებას, რას ნიშნავს დასავლეთის ნეოლიბერალური ძალების მიერ მართული ხელისუფლებისთვის მტკიცე ოჯახი და რას ნიშნავს ჩვენთვის, ჩვენი ტრადიციული კულტურისთვის. ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, აზრს დაკარგავს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ყველა მცდელობა, რომ ლამაზი სიტყვებით, დაპირებებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და მხარდაჭერა გამოსტყუოს

_ კოჭის გაგორება ახსენეთ. რამდენიმე დღის წინათ ივანიშვილი სამეგრელოში ჩავიდა და პირველი პრეზიდენტის დაღუპვის ადგილი მოინახულა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო ესეც ერთგვარი პოლიტიკური კოჭის გაგორება იმ რეგიონისთვის, რომლის მოსახლეობის კეთილგანწყობა ყოველთვის აკლდაქართულ ოცნებას”?

_ თავისთავად, ძალიან კარგია, თუ ზვიად გამსახურდიას მუზეუმი გაკეთდება, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით ვკითხო ბატონ ბიძინა ივანიშვილს: დღეს პარტიაში რამდენი ზვიადის მტერი ჰყავს? რამდენია ისეთი, ვინც თავის დროზე ქუჩაში იარაღით დასდევდა ზვიადის მხარდამჭერებს? შეიძლება, ერთი მხრივ, ადამიანს პატივს მიაგებდე და მეორე მხრივ, მის მტრებს იფარებდე? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პიარი, მაგრამ ხელისუფლება უნდა ხედავდეს, რომ მას მხოლოდ სამეგრელოში არ უჭირს, მას სრულიად საქართველოში უჭირს. რატომ? _ იმიტომ, რომ შვიდი წელია, საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან, ატყუებენ, აბითურებენ და ბოლოს პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებენ. ისე, მაინტერესებს, ასე ძალიან თუ ადარდებთ ოჯახის სიმტკიცე და მომავალი თაობების ჯანსაღად აღზრდა, რატომ არ გაუჩნდათ პროტესტი, როცა ქალბატონმა ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ბატონ ემზარ კვიციანს მიკროფონი გაუთიშა პატრიარქის სიტყვების ციტირებისას? თვითონ როცა სჭირდება, ხომ იბარებს და ტუქსავს ხოლმე ივანიშვილი თავის პოლიტიკურ გარემოცვას, რატომ არ ჰქონდა ამაზე რეაქცია? ან რატომ იმაზე არ ლაპარაკობენ, რომ ეკლესია-მონასტრებს, ისევ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, კომუნალური გადასახადები გაუძვირეს და დღეს ისე იბეგრებიან, როგორც რესტორნები? აქვე მინდა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხო: ამას წინათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მას ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს წელს, 17 მაისს ხელისუფლება ლგბტ პირების “გამოხატვის თავისუფლების” დაცვას. ბახტაძემ უპასუხა, რომ ამისთვის საქართველოში არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის. თუმცა ეს კიდევ არაფერი, იმავე გამოსვლაში მან ის ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგება მამათმავლობის პროპაგანდას და აპროტესტებს მას, მარგინალურ ექსტრემისტულ ჯგუფებად მოიხსენია. ამით ბახტაძემ პრაქტიკულად სრულიად მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მათ შორის, ტრადიციული ქრისტიანული მორალის მქონე ეკლესია, პატრიარქი და საპატრიარქო მარგინალი ექსტრემისტები არიან. აი, ასეთი ნამუსგარეცხილი ადამიანები მერე ხან სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვას ესწრებიან უწმინდესთან ერთად, ხან საპატრიარქოში მიდიან და იქ საუბრობენ ოჯახის სიმტკიცეზე ვფიქრობ, წავიდა ის დრო, როცა ასეთი იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკებით ახერხებდნენ ძალაუფლების შენარჩუნებას. არ გამოვა ასეთი ორმაგი თამაშით ფონს გასვლა, იმიტომ, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაიგო ხალხმა, ვინც არიან ისინი. 17 მაისს რაც შეეხება, რა ანგარიშიც უნდა აბაროს ბახტაძემ სტრასბურგს, დარწმუნებული ვარ, ხალხი გამოვა და სამღვდელოების საღად მოაზროვნე ნაწილთან ერთად დაიცავს თავის ჯანსაღ მომავალს…

_ როგორც თქვენ ამბობთ, თუ ხალხმა უკვე გაიგო, რეალურად რა ძალაა ქვეყნის სათავეში, მაშინ როგორ ახერხებს ის ძალაუფლების შენარჩუნებას?

_ დარწმუნებული ვარ, როგორც კი გამოჩნდება ქვეყანაში რეალური მესამე ძალა, რომელიც მართლა იქნება საზოგადოების ინტერესების გამომხატველი, არა მხოლოდ ხელისუფლება, მთლიანად პოლიტიკური სპექტრი აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში. სამწუხაროდ, ასეთი ძალა ჯერ არ ჩამოყალიბებულა და ვფიქრობ, ეს არის ზუსტად ის ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის შენარჩუნებას. ღმერთმა ქნას, ჩვენი საზოგადოება მალე გაერთიანდეს და ერთობლივი ძალისხმევით, როგორც 1990-იან წლებში, შეცვალოს ქვეყნის მიმართულება. იმის იმედი, რომ ვიღაც ერთი ლიდერი მოვა და ძირეულ გარდაქმნებს განახორციელებს, არ მაქვს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ჩემი აზრით, ეს არ უნდა გეთქვათ მამაო “იმედია, საზოგადოება კიდევ ერთხელ არ დაიჯერებს ამ ტყუილებს და კიდევ ერთხელ არ გახდება დიდი პოლიტიკური აფერის მხვერპლი, როგორც იყო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში…” ე.ი 2012 წლის არჩევნები პოლიტიკური აფიორა იყო????

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here